Category: არქივი

  • “უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ – ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონის შესახებ

    ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა სოციალური ქსელის გვერდზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა.

    „საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის „დურუჯის“ სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!“ – წერს გამოცემა.

    საფეხბურთო მოედანმა ბრიტანელთა ყურადღება იმით მიიპყრო, რომ უძველესი გალავნის შიგნით მდებარეობს.

  • ზუგდიდის მერიამ 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთ ჩასხმაზე, 160 ლიტრი ჩაატია – აუდიტის ანგარიში

    აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლის მონაცემების შესწავლის შედეგად, ზუგდიდის მერიაში არსებული დარღვევები გამოავლინა. ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა 70 ლიტრი ავზის მქონე მანქანაში, ერთი ჩასხმით, 160 ლიტრი საწვავი ჩაატია – ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის დასკვნაში.აუდიტის სამსახურს აქვს ეჭვი, რომ მერიის თანამშრომლების მიერ საწვავის გამოყენება ხდებოდა პირადი მიზნებისთვის არაიდენტიფიცირებული ავტომანქანებისათვის.

    გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება.
    “ცხრილში ასახული მონაცემები მიუთითებს, რომ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, “აგაი” სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისათვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

  • ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა.

    ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები აქამდე იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში დაფიქსირდა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 450-ს გადააჭარბა.

    კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

    ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა.

  • გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! – ვაშაძე

    გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?! – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას მოლაპარაკება არ სურს და მათი ერთადერთი მიზანი ნებისმიერი ძალით ხელისუფლების შენარჩუნებაა.

    „გავიგეთ, რომ ნიკა მელიას საქმე აპელაციაში წაიღეს. ყველას გვიჭერენ. გვიჭერენ და თან მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ?!- აბსურდია. მათ არანაირი მოლაპარაკება არ უნდათ. მათ უნდათ, რომ ნებისმიერი ძალით შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ ეს არ გამოუვათ! ამის გარანტიას ვაძლევ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციაში გადასვლა. 25%-ით გადავა, 20%-ით თუ 30%-ით, ეს უკვე მათ ქმედებებზეა დამოკიდებული არჩევნებამდე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • ოკუპირებულ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარედ, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა – სუსი

    ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

    „14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირებულ იქნა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუს-ში.

  • კახიძე: ივანიშვილს აქვს ფული ამერიკაში, რომელიც აღარ ექნება თუ ის გადაკვეთს წითელ ხაზებს

    „ივანიშვილს აქვს სერიოზული ფული დასავლეთში, რომელიც ერთ წამში აღარ იქნება, თუკი ის გადალახავს წითელ ხაზებს“,-ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ გადაცემაში ფორმულას ეთერში გააკეთა.

    კახიძის თქმით იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი წითელ ხაზებს გადაკვეთს ის შესაძლოა სანქციების სიაში მოხვდეს.

    „ივანიშვილს აქვს სერიოზული ფული დასავლეთში, რომელსაც მართავს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალური უცხოური დეპარტამენტი. ერთ წამში აღარ იქნება ეს მისი ანგარიშები თუკი გადალახავს იმ წითელ ხაზებს. ამ ეტაპზე ესე ჩანს, რომ ის მიდის იმ წითელი ხაზისკენ, რომელსაც, რომ გადაკვეთს მერე უკანაც ვეღარ დაბრუნდება“,-განაცხადა ოთო კახიძემ.

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

    ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

    ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 – დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში – კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

    ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

  • “ფულს მხოლოდ ის გამოცემა მიხდის, სადაც ვმუშაობ“–Bloomberg-ის ჟურნალისტი თალაკვაძის ბრალდებას პასუხობს

    გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ავტორი, ილაი ლეიკი შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტების დაქირავებაზე საუბრობს, საქართველოს მთავრობის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლეიკი სტატიაში ფულს იღებს. ლეიკი ბრალდებას უარყოფს.

    „Bloomberg-ის სტატია დასპონსორებული რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… დღეს აქვეყნებს მასალას, რომ თითქოს 77 მილიონს ხარჯავს”, – თქვა თალაკვაძემ.

    ლეიკი თალაკვაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მის სტატიაში ფულს იხდის, ეს თავად ის გამოცემაა, სადაც მუშაობს.

    „ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, “ფრიდომ ჰაუსი” და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, – უთხრა ლეიკმა „ამერიკის ხმას“.

    სტატიაში ლეიკი „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანია „ჰოგან ლოველსის“ დაქირავებაზე წერს, რომლის მომსახურებაც პარტიას თვეში 75,000 დოლარი დაუჯდება. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) აჩვენებს, რომ კონტრაქტი კომპანიას 2021 წლის იანვრამდე განესაზღვრა და მთლიანობაში ის ამ მომსახურებაში 900,000 დოლარს მიიღებს.

    „ქართულმა ოცნებამ“ ამ კომპანიის გარდა, კიდევ ერთი კომპანია „DCI ჯგუფი“ იქირავა, რომლის კონტრაქტის ვადაც 2020 წლის 31 ოქტომბრამდეა და რომლის მომსახურებაშიც პარტია 300,000 დოლარს გადაიხდის. ეს კონტრაქტები სწორედ პარტიის მიერაა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“, ყოველ საარჩევნო წელს ლობისტურ კომპანიებზე გაწეულ ხარჯებს მკვეთრად ზრდის.

    ცალკეულ კომპანიებს ქირაობს ასევე საქართველოს მთავრობაც. გასულ წელს, მათ „ჩართველ სტრატეგი ჯგუფს“ დაახლოებით 780,000 დოლარი გადაუხადეს. ამ კომპანიის ერთ-ერთი მიზანი აშშ-ის კონგრესისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” განცხადებით, კონგრესში ინფორმაცია არასწორად მისდით, ამ კომპანიას საქართველოს მთავრობამ კონტაქტი განუახლა.

    ილაი ლეიკი საქართველოს შესახებ ათეული სტატიის ავტორია. ცოტა ხნის წინ, მან კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამერიკელი სენატორების მხრიდან საქართველოს მიმართ კრიტიკაზე საუბრობს, და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, გაზარდოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე.

    „სენატორი რიში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, საქართველოსთვის საგარეო დახმარება იქნება თუ სამხედრო, ყველაფერი მის კომიტეტში გადის. ამ პოზიციაზე მას ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ მე სენატის საგარეო კომიტეტის მნიშვნელობას არ დავაკნინებდი“, – ამბობს ლეიკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

    კონგრესის მნიშვნელობის ხაზგასასმელად ლეიკს საუდის არაბეთის მაგალითი მოჰყავს, როგორც შეერთებული შტატების მოკავშირის, რომლის წინააღმდეგაც კონგრესმა სანქციები მიიღო.

    „დემოკრატიის დაღმასვლა გაზრდის ზეწოლას კონგრესში ორივე პარტიიდან, რომ რაიმე მოიმოქმედონ საქართველოს შემთხვევაში“, – აცხადებს ის. „მე მოვუწოდებდი ივანიშვილს, ყურადღება მიაპყროს რა მოხდა საუდის არაბეთის [ტახტის მემკვიდრის] მუჰამედ ბინ სალმანის შემთხვევაში. შეერთებულ შტატებს საუდის არაბეთთან უფრო მტკიცე ურთიერთობა აქვს წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოსთან და ეს ადმინისტრაცია საუდის არაბეთს მტკიცედ უჭერს მხარს. თუმცა, კონგრესში შეშფოთების ზრდის გამო, ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ „მაგნიცკის აქტის“ გავლით საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციები, არამედ საუდის არაბეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, და ეს მოხდა ირანთან ცხელი ომის ფონზე“, – ამბობს ლეიკი.

  • მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა – ომბუდსმენი

    სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა.

    „გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

    როგორც ომბუდსმენი განმარტავს, უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვება ეშინიათ.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება” – ანიტას დედა შვილთან თამაშის ვიდეოს აქვეყნებს

    ანიტას დედა მარიკო სადრაძე, სოციალურ ქსელში  ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ანიტა მშობლებს ეთამაშება. მშობლები სთხოვენ ანიტას, რომ დედას აკოცოს ლოყაზე, ანიტა კი დედას ეთამაშება და სახეზე ეფერება.

    „შენი თითები ჩემს სახეზე როგორ მჭირდება, დედიკო.3 ძალიან მიყვარხარ“,- წერს მარიკო სადრაძე.

    ორი წლის ანიტა ფაცაცია დილატაციური კარდიომიოპათიის (გულის უკმარისობა) დიაგნოზით სამი თვის წინ სამკურნალოდ ჯერ ავსტრიაში ჩაიყვანეს. გოგონას გულის ტრანსპლანტაცია ესაჭიროვებოდა. ბავშვს ამ ოპერაციაზე ავსტრიის შემდეგ იტალიის და ბელარუსის კლინიკებმა უარი უთხრეს. დეკემბერში გოგონა ინდოეთში გადააფრინეს და ქალაქ ჩენაიში გადიოდა მკურნალობას. ანიტას პნევმონია განუვითარდა. ინდოელმა ქირურგმა სასწრაფოდ მიიღო ეკმოს აპარატის ჩანერგვის გადაწყვეტილება. ბავშვის ორგანიზმმა ვერ მიიღო ეკმოს აპარატი და ის მალევე მეორე აპარატით შეუცვალეს. ანიტას ორგანიზმში ფარული სისხლისდენა დაეწყო. იანვრის ბოლოს კი გოგონა გარდაიცვალა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.