Category: არქივი

  • თუ ოპოზიცია ამბობს, რომ ნებისმიერი სისტემით მოიგებს, გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება 100/50-ს – არჩილ თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება ოპოზიცია ,,დღევანდელზე უკეთეს”, 100/50 საარჩენო სისტემის მოდელს, თუ ამბობს, რომ ნებისმიერი სისტემით მოიგებს.

    მისი თქმით, პარტნიორების დიალოგი პოზიტიურად დასრულდება.

    ,,ძალიან ცოტა დაგვჭირდება ლოდინი იმისთვის, რომ ამ რიტორიკას, რომელიც იყო წინა თვეების განმავლობაში და დისკუსია, რომელსაც ვხედავთ, ძალიან მალე დასრულდება ძალიან პოზიტიურად.

    ჩვენ ამერიკელ კოლეგებთან პირდაპირ გვქონდა საუბარი ჩვენს გეგმებსა და გადაწყვეტილებებზე, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ. პირდაპირ გეტყვით, მათი დახმარებით ჩვენ შევძლებთ ამ პროცესების ბოლომდე მიყვანას და შევძლებთ გადაწყვეტილების განხორციელებას, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას და დამიჯერეთ, ოპოზიცია, რომელიც ამ დღეებში ერთის მხრივ, აცხადებს, ნებისმიერი სისტემით მოვიგებთო და მეორეს მხრივ, არ ვეთანხმებით 100/50-ზეო/თუ ნებისმიერი სისტემით იგებენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ეთანხმებიან უკეთეს სისტემას, ვიდრე არის დღევანდელი”,- ამბობს თალაკვაძე.

    პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, პროცესში დაბრუნდება.

    ,,დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, რომელიც სწრაფად გავიდა დიალოგიდან, დაბრუნდება ამ პროცესში. თქვენ დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში და ისინი დაიწყებენ არჩევნებისთვის მომზადებას. ამის საფუძველი იქნება ის, რომ მოქალაქეები, შემდეგ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული მიდგომა და ჩვენი მოტივაცია არის, შევთანხმდეთ თამაშის წესებზე”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები 10 თებერვალს, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყვიტა. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებენ.

  • როგორ გამოიყურება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტაციის დაწყებიდან 25 დღის შემდეგ

    თბილისის მერიამ 22 იანვარს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

    მაშინ მერმა განაცხადა, რომ ტერიტორია ,,მძიმე მდგომარეობაშია”, ამიტომ შეიცვლება ფილები, შადრევნები და გამწვანება.

    ტერიტორია მწვანე ჯებირებით მას შემდეგ შემოღობეს, რაც 2019 წლის 30 დეკემბერს დამონტაჟებული ატრაქცოონები და საშობაო ბაზრობა აიღეს.

    ატრაქციონების დამონტაჟებას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ზაზა სარალიძIს და სხვა კარვების დაშლა, რასაც სამოქალაქო მოძრაობებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა.

  • მაშველები კობი-გუდაურის გზაზე ზვავში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

    კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა.

    ტურისტები აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ. 

    „რუსი ტურისტების ჯგუფი გუდაურში, “საძელეს” მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში შესაბამისი დამცავი აღჭურვილობის გარეშე სრიალებდნენ, რის შედეგადაც მოწყდა ზვავი. გუდაურის სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და 3 ადამიანი უვნებლად გამოიყვანა. ერთი ტურისტის სამძებრო – სამაშველო ოპერაცია ამ დრომდეც მიმდინარეობს. მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“, – აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.

  • მიუნხენში სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ერთობლივ განცხადებას მოეწერა ხელი

    მიუნხენში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს.

    „განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, სამი ასოცირებული ქვეყანისთვის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული რთული ვალდებულებების ეფექტინი შესრულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება დამატებითი ფინანსური რესურსი.

    სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში სტაბილურობისა და განვითარების პროცესის მთავარ მოთამაშედ რჩება, რაც განსაკუთრებით ეხება აღმოსავლეთ სამეზობლოს ასოცირებულ ქვეყნებს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, რომელთათვისაც ევროკავშირი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უპირობო მხარდამჭერი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

    ერთობლივ განცხადებაში ასოცირებული ქვეყნების მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება ასოცირების შეთანხმების შესაბამისად რეფორმების პროცესის განხორციელებისადმი.

    აღსანიშნავია, რომ ეს არის ევროკავშირის ე.წ. ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის – საგარეო საქმეთა მინისტრების მეორე ერთობლივი განცხადება. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ერთობლივი დოკუმენტით მინისტრებმა ევროკავშირს წარუდგინეს წინადადებები მათი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

    გორში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან მოხდა.

    როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა.

    დაღუპულია ქალი. მამაკაცი, რომელიც ავტომობილს მართავდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკა “გორმედში” არიან მოთავსებულები ბავშვებიც, რომლებიც ავარიის დროს მანქანაში იმყოფებოდნენ.

    როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით დაიწყო.

  • უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

    თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.

    როგორც მან განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ და საქართველოში დღეს გამოემგზავრებიან.

    ცნობისთვის, უხანიდან ანკარაში საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია პირველ თებერვალს განხორციელდა. ისინი 14 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებოდათ.

  • დიდ დიღომში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

    თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

    „აუდის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი სავარაუდოდ ძრავში გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო ბრიგადა და სამართალდამცველები გამოიძახეს.

    მომხდარის მიზეზს შესაბამისი სამსახურები არკვევენ.

  • მაიკ პომპეომ მიუნხენში გამოსვლისას საქართველოზე ისაუბრა

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომეო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა დაიკავა ყირიმი, უკრაინის აღმოსავლეთი და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

    მისი თქმით, დასავლეთი იმარჯვებს, მაგრამ რუსეთის იმპერიული ამბიციები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

    “დასავლეთი იმარჯვებს, მაგრამ ბერლინის კედლის დაცემიდან 3 ათეული წლის შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტი მძლავრი საფრთხის ქვეშ იმყოფება. ზოგიერთი ქვეყნის იმპერიული ამბიციები საფრთხის შემცველი მეზობლების სუვერენიტეტისთვის. რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, იკავებს უკრაინის აღმოსავლეთსა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილს”,- თქვა პომპეომ.

    სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთიდან მომავალი მზარდი დეზინფორმაციული კამპანია ხალხთა შორის დაპირისპირებების გაღვივებისკენ არის მიმართული.

  • ღვთის განგებაა, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის- ილია II

    სამების ტაძარში მირქმის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ მირქმა მიულოცა და საქართველოში კორონავირუსის არგავრცელება ღვთისმშობლის წილხვედრობით ახსნა.

    „გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

    საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ინება საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის. მადლობა და დიდება უფალს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

    კორონავირუსის შემთხვევები ამ დროისათვის მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 65 ათასამდეა.

  • წყალი თბილისის 100-ზე მეტ ქუჩას არ მიეწოდება – GWP-ს სპეციალური განცხადება

    „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, თბილისის მასშტაბით წყლის შეწყვეტის მიზეზი ქსელზე არსებული დაზიანებებია. კომპანია ბოდიშს იხდის შეფერხების გამო და აცხადებს, რომ მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები.

    „ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ დაზიანების აღსადგენად. ამ დროისთვის დასრულების ეტაპზეა შედუღებითი სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენილი წყალსადენის რეცხვა, ლაბორატურიული შემოწმება და წყლით შევსება“, – აცხადებენ კომპანიაში.

    რომელ ქუჩებს არ მიეწოდებათ წყალი:

    საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარი. თოფურიძის ქ. N 7 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 13:30-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ვაშლიჯვრის 2, 2ა და 3 ზონებს

    ნაძალადევის რაიონში, ს.თოდრიას ქუჩა N2 N 2/15 თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 13:00-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

    გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამრეღეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლათურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, , კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზენის ქუჩებს; თბილისის ზღვის მიმდებარედ კადეტთა კორპუსს უცნობ გმირთა ქუჩას და ლტოლვილთა დასახლებას,ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ქუჩას შესახვევებით, ახალ მოწამეთა, კეხვის, ხეხილსანერგე მეურნეობა მთლიანად, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, მუხრანის ქ. შესახვევებით და ჩიხებით, გლინკას, გარეჯელის, შენგელაიას, ნაგომარის ქ. რატევანის, ბოგვის.

    გლდანის რაიონში, გლდანის 8 მ/რ N 23-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 12:30-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მე-8 მკ/რაიონის 7-დან 34-ის ჩათვლით.

    სამგორის რაიონში, აეროდრომის მე-8 ქუჩა N 10-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 12:30-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: აეროდრომის დასახლების მე-8 და მე-10 ქუჩებს.

    გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N 108-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 12:30-დან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მე-5 მკ.რაიონის 12-დან26-ის ჩათვლით, 6 მკ.რაიონის 1-დან 13-ის ჩათვლით და მე-7 მკ. რაიონის 10,11,12 ნომრებს

    მთაწმინდის რაიონში, კიკეთი, ტაძრის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 12:00-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: დაბა კიკეთს და სოფელ დიდებას.

    ვაკის რაიონში, სოფ.დიღომი, კვირაცხოვლის ქ მე-2 შეს. N11 -თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 01:00-დან 15/02-ის 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

    ვაჟა-ფშაველას გამზირს N23-ს 41-დან N93-ჩთ; 48-დან 102-ჩთ, ჩიხებით და კვარტლებით, ყაზბეგის გამზ. N30-დან 46-ჩთ (შანხაის დასახლება), ნუცუბიძის პლატოს მიკრო რაიონებს და კვარტლებს, სითი მოლი, ქუთათელაძის, ბუდაპეშტის მე-2 შესახვევი, გაზაფხულის, ჩიქოვანის, გამრეკელის, ზალდასტანიშვილის ასათიანის, ქავთარაძის, უნივერსიტეტის და ნუცუბიძის ქუჩები. გურიელის, დელისის 1,2,3 ქუჩებს, ზაქარაიძის, თავაძის, თავხელიძის, ჩახავას, სხირტლაძის, მაღალაშვილს, გეგეჭკორს, ბარათაშვილს, მარგიანს, ფერმწერთა ქ, ვარაზის ქ, ბანძელაძის და ქვემო აჭარის ქუჩებს, ბესო ჟღენტის, შავგულიძის ქ. N7 და 7ა კორუსებს, მინდელის N3-5, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის ქუჩებს, მხატვართა, კაპანელის, ძოწის, სოფ. თხინვალას, აგარაკებს, რაგბის სტადიონს.

    კრწანისის რაიონში, ოქროყანაში, ტექნოპარკის შესასვლელთანნ, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02-ის 03:30-დან 15/02-ის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ოქროყანას

    ისნის რაიონში, კ. ერისთავის ქ N5 -თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14/02 17:30სთ-დან 15/02 02:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

    მარტყოფის ქ და შესახ,მთავარ ანგელოზი, მახათის, ვახტანგ მე-6 ის, დმანისის, ნასაკირალის, ობსერვატორიის, სევანის, ალადაშვილის, ფაბრიციუსის ქ და შესახვევი

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15/02-ის 09:00 საათამდე.

    საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, კვირაცხოვლის ქ. მე-2 შეს. N11 -თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15/02 -ის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

    სოფ დიღომში: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მ. მესხის, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს და ზაჰესში ხანძთელის ქუჩაზე მდებარე საპატიმროს. აგრეთვე გუდვილს, ისიდორე დოლიძის ქუჩა.

    წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15/02-ის 18:00 საათამდე.

    წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.