Category: არქივი

  • საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე გადაიდო

    საქართველოში სასწავლო პროცესი კიდევ ერთხელ, ამჯერად 21 აპრილამდე გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 23 მარტს გამოცემულ 181-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

    დადგენილების თანახმად, შეზღუდვა ეხება ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებს.

    „საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა). იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე” , – წერია დადგენილებში.

    გარდა ამისა, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.

    „იკრძალება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა“, – ნათქვამია დადგენილებაში.

  • “ვისაც არ გაქვთ აიღეთ” – ხობში სავაჭრო ობიექტის მეპატრონე

    „ვისაც გაქვთ დადევით, ვისაც არ გაქვთ აიღეთ“.- ხობში, ავტოსადგურთან მდებარე სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ ბანერი ამ წარწერით განათავსა.ობიექტის მეპატრონე, აგრო-პროდუქტებით ვაჭრობს და აცხადებს რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო მიიღო. 

    „სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა! ბრავო!ხობში, ავტოსადგურის მიმდებარე ამ პატარა სავაჭრო ობიექტში ძირითადათ აგრო საქონელი იყიდება.მეპატრონის განცხადებით, სანამ არ დავძლებთ ამჟამინდელ მდგომარეობას აქ ფასები არა თუ მოიმატებს, არამედ დაბალი იქნებაო.გარდა ამისა, მოქალაქეებს ცალკე განთავსებულ მაგიდაზე, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია აიღოს საქონელი, ან შესწიროს მათთვის ვისაც უფრო ესაჭიროება“, – წერს სოციალურ ქსელში გვერდი – „სენაკის ქრონიკა“.

  • ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაევალათ, აიღონ პასუხისმგებლობა მარნეულისა და ბოლნისის სრულ უზრუნველყოფაზე

    საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალებული აქვთ, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ამ ორივე მუნიციპალიტეტის სრულ უზრუნველყოფაზე. აბსოლუტურად ყველა საჭიროება იქნება მიწოდებული , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

    ირაკლი ჩიქოვანის თქმით, უკვე ძალაშია შესული გადაწყვეტილება, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გადადიან მკაცრი კარანტინის რეჟიმზე და იქ იკრძალება შესვლაც და გამოსვლაც.

    „ამ ეტაპისთვის, ადგილზე ვითარება არის დამაკმაყოფილებელი. როგორც იცით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა და ასევე, თავდაცვის ძალებმა მოახდინეს შესაბამისი ობიექტების მოწყობა, რომელიც აკონტროლებს მუნიციპალიტეტში შესვლას და გამოსვლას. რა თქმა უნდა, ვითარება არის კონტროლის ქვეშ და დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ვისურვებდით, რომ საერთოდ არ მიგვემართა ასეთი ზომებისთვის, მაგრამ ექსტრაორდინალური ვითარება მოითხოვს ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებებს.

    დღეისათვის, ამ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ის ობიექტები, რომელიც აუცილებელია და არის კრიტიკული იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა, როგორც სურსათზე, ასევე სამედიცინო, სააფთიაქო სერვისებზე და რა თქმა უნდა, საბანკო სერვისებზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გადაწყვეტას, მაგრამ დღის განმავლობაში ეს საკითხები მოგვარდება.

    ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვთ იმ საწარმოთა ჩამონათვალის გაკეთება, ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც განაგრძობენ მუშაობას.

    „თუმცა, ეს მუშაობა გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით და მკაცრად იქნება დაცული ყველა რეგულაცია, რომელიც საჭიროა იმ ობიექტებისთვის, რომელიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას, ვგულისხმობ, ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულ ობიექტებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სპეციალური ზომების უზრუნველყოფის კოორდინაცია დაევალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ბატონ სოზარ სუბარს.

    „ის არის ყოველდღიურ და ყოველწუთიერ კონტაქტში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ჩვენ სრულად ვფლობთ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინიც სრულად იღებენ დავალებებსა და გადაწყვეტილებებს.

    ჯანდაცვის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობას იმისთვის, რომ მოხდეს სრულად ინფორმირება მთლიანად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების, იმ ვითარების შესახებ, რა ვითარებაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ასევე, ისინი შეისწავლიან იქ არსებულ, ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

    ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება ყველა იმ ობიექტის, იმ ადამიანის, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე წუხილები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ყველაფერი იყოს დროზე გამოკვლეული. თქვენ იცით, რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ჰოსპიტალური შესაძლებლობები.

    ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტში არ გადაადგილდება შიგნით არანაირი ტრანსპორტი, არანაირი მუნიციპალური ტრანსპორტი და ჩვენ უკვე ვართ მაქსიმალური კონტროლის რეჟიმში და შესაბამისად, კიდევ დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

  • “დარჩით სახლში, ჩვენ ვიდგებით ტაძარში ეს არის უდიდესი მისია”- დეკანოზი გურამ ჭარელაშვილის მიმართვა საზოგადოებას

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსის პრევენციაზე, საეკლესიო მსახურების, მრევლის ტაძრში მისვლისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს.

    “ვფიქრობ აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი…!

    რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა.
    გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო… ფრთხილად!

    გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“,საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფლთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა… ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება…)

    ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო!
    ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი.

    მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს… ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს – დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის)

    უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს – ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული)

    წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ
    არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე,
    არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს,
    არ ვიზრუნო მასზე
    და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი;
    ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ – მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე…

    აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო…
    დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა!

    სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლისვ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ)

    ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!

    „და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!“(იოანე 20.19) – ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის!

    ეს არის ჩემი როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შემეძლო არ დამეფიქსირებინა.

    ესაც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგეხარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია!

    გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! <3

    დ. გურამ ჭარელაშვილი”- წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

  • მძღოლს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს – ახალი რეგულაციები ტაქსით მგზავრობისას

    თბილისის მერიის განცხადებით, მგზავრების გადაყვანის დროს ტაქსებში ფანჯრები ჩაწეული უნდა იყოს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

    გარდა ამისა, მგზავრი ტაქსის მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს, ხოლო უკანა სავარძელზე მაქსიმუმ ორი ადამიანი უნდა მოთავსდნენ, ერთმანეთის დისტანციით.

    “მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას –  დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

  • საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

    საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იზღუდება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშრებით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

    როგორც საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მოითხოვს ამ პროცესის მაქსიმალურ შეჩერებას.

    „ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე, ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    მისი თქმით, ეს შეზღუდვა დღეს, დღის ბოლოს, 24:00 საათზე ამოქმედდება

  • ” გაუფრთხილებლობით შეიძლება სხვა ადამიანი მოვკლათ და ეს ადამიანი ჩვენი ახლობელიც აღმოჩნდეს”- ნიკოლოზ გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საზოგადოებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინონ, განურჩევილად სტატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. როგორც გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ამ გამოწვევის დაძლევა.

    “ჩვენი, როგორც საზოგადოების, ვალდებულებაა ამ შემთხვევაში გავუფთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. გაუფრთხილებლობით შეიძლება უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი). ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის, მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მხოლოდ ასე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას”, – წერს გამყრელიძე.

    ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა.

  • საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის ქუჩებში (ფოტოები)

    საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად გააკონტროლებენ.

    “მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყო.

    საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა. მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო გამშვები პუნქტი 5 ლოკაციაზე მოაწყო. გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად გააკონტროლებენ.” – ნათქვამია განცხადებაში. 

  • “თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება ჩვენს ცენტრს დღეს 3 პაციენტი დატოვებს “- მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგაცნ 5 უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. ეზუგბაია ამბობს, რომ ექიმები ახლა უკვე 3 პაციენტის კვლევის საბოლოო პასუხს ელოდებიან და არ არის გამორიცხული, მათაც დატოვონ სამედიცინო დაწესულება.

    “დღესდღეობით, საქართველოში დადასტურებლია 54 შემთხვევა, ამ 54 შემთხვევიდან, 35 შემთხვევა ჩვენ ცენტრზე მოდის, დანარჩენი 19 შემთხვევა არის სხვა 5 დაწესებულებაში. როგორც ცნობილია, სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. მონიტორინგი გრძელდება. გამოჯანმრთელების კრიტერიუმში, როგორც იცით, როდესაც ხდება ტესტირება და ერთი უარყოფითი პასუხის შემდეგ, 24 საათში განმეორებითი პასუხი კვლავ უარყოფითია, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ გამოჯანმრთელება დამდგარია. ასეთი 5 პაციენტი შემოგვემატა კიდევ და აქედან 2-მა გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჯამში უკვე 5-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი და სამი პაციენტი მართალია გამოჯანმრთელებულია, მაგრამ მათთან პარალელურად გვქონდა პნევმონიები, ამიტომ დღეს გარკვეულწილად მოხდება კლინიკურ შეფასება სხვა მონაცემების და თუ ყველაფერი წესრიგში გვექნება ეს სამი პაციენტიც, დღის განმავლობაში დატოვებს ჩვენს ცენტრს. ეს უკვე შემდგომისთვის კლინიკური მონაცემების და ლაბორატორიული შეფასების შემდგომში,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    მარინა ეზუგბაია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 4 მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რომელთაც თანმხლები მძიმე დაავადებები აღენიშნებათ.

    “ჩვენს ცენტრში, ამ ეტაპზე დარჩენილი პაციენტებიდან, გუშინ 32 გვყავდა, ორმა დატოვა და 30 პაციენტი გვყავს ამ ეტაპზე, ამ 30 პაციენტიდან ოთხი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით პროგნოზულად სერიოზულია. ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურია განპირობებულია ასაკობრივი ზღვარით და პარალელურ რეჟიმში, თითოეულ პაციენტთან არის თან არსებული მძიმე დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემდებარებიან და ასეთი მზარდი პროგრესირება არ შეიმჩნევა. თუცა არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის შესაძლებელია, რომ არ იყოს კარგი,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  • “ივანიშვილი ყველაზე მშიშარა ადამიანია. ვერც ჩნდება“–ნიკა გვარამია

    “სანამ კორონაა ვარ კეთილი და მზრუნველი“–აცხადებს მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც მის დღევანდელ გადაცემაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყო და ძირითადად კორონავირუსთან ბრძოლაზე საუბრობდა. ის ამბობს, რომ სანამ პანდემიის პრობლემა არსებობს, სხვა საკითხები, მათ შორის ხელისუფლებასთან ბრძოლა მეორეხარისხვანია, თუმცა მთავრობას სთავაზობს იფიქროს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის ექსპროპრიაციაზე, რომელიც საკარანტინო ღონისძიებებისთვის კარგი იქნებოდა:

    “მე ვარ ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი. მე გავყვები საქართველოს მთვრობას, იმიტომ რომ ის არის დღეს მთავარსარდალი. მის გადარჩევაზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც ყველაფერი ჩაივლის. და ეჭვი არ მეპარება მისი გადარჩევის. ახლა ამაზე ფიქრი მეც კი არ შემიძლია.

    რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არასდროს არ მტოვებს აზრი, რომ ყველაზე მშიშარა ადამიანია ამ ქვეყანაზე. როგორც კი აი ამ თავისი დაცვის ჯებირიდან გადის მოშიშვლებული, ხდება საშინლად დაუცველი, მშიშარა, სლიკინა, გაურკვეველი. და ეს კორონავირუსი ზუსტად ვიცი რომ მისი სრული ისტერიის საწყისი იქნებოდა. და არ მჯერა რომ რამეზე ფიქრობს საერთოდ, მგონია რომ ვერ. ვერც ჩნდება. ხო მართლა, საქართველოს მთავრობას ვეტყვი, რომ კი , სწორია ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების ექსპროპრიაციის უფლება რომ მოიპოვეთ. ეს ძალიან საშიში უფლებაა, მაგრამ შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს და ამ დროს უნდა გამოიყენოთ. მე მოგცემთ ერთ “ნაკოლს“. ერთი შენობა ვიცი, არაჩვეულებრივი, ისეთი სანიტარიაა, რომ იქ ადამიანების იზოლაციას და კარანტინს არაფერი არ ჯობია. თან მთის წვერზეა და არაჩვეულებრივი ჰაერი უბერავს. ბიძინა ივანიშვილის ე.წ. რეზიდენციაზე იფიქრეთ საქართველოს მთავრობა. თქვენ იფიქრეთ, სანამ შემდეგ მთავრობას დაუწყია ამაზე ფიქრი და შემდეგი მთავრობა აუცილებლად მოვა, მაგრამ დღეს ეს აქტუალური არ არის. ყველანი ვეხმარებით დღევანდელ მთავრობას.“– განაცხადა გვარამიამ.