Category: არქივი

  • შოთა არველაძე აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატია

    რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. თანამდებობა გურბან გურბანოვმა დატოვა, რონელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთადერთი ადგილობრივი სპეციალისტი იყო, ვინც ჩვენი მეზობლების მთავარ გუნდს სათავეში ედგა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ნაკრებს კვლავაც უცხოელს ჩააბარებენ, ადგილობრივი მედია კი კანდიდატებს განიხილავს და იმ სპეციალისტებს ასახელებს, რომლებსაც გურბანოვის თანამდებობის დაკავება შეუძლიათ.

    azerisport.com წერს, რომ აზერბაიჯანის მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი შოთა არველაძეა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის.

    “ქართველი სპეციალისტი ამ დროისთვის სათავეში უზბეკურ ფახთაქორს უდგას, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ ის სამუშაოდ შეიძლება აზერბაიჯანში მოვიდეს, დიდი ხანია ისმის. მას ჯერ ეროვნულ გუნდს ბერტი ფოგთსის წასვლის შემდეგ უკავშირებდნენ, შემდეგ კი ნეფთჩის, თარლან ახმედოვის შემცვლელად. ამის მიზეზი მისი ბრწყინვალე ურთიერთობაა აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ ჩამოყალიბდა. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ არველაძე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი იყოს გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე”, – წერს აზერბაიჯანში პოპულარული სპორტული საიტი.

    შოთა არველაძის გარდა, აზერბაიჯანის მთავარი მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდარებად ასევე სახელდებიან: რობერტო დი მატეო, ჯანი დე ბიაზი, პოლ ლე გუენი და მასიმო კარერა.

  • გრიგოლ ვაშაძე მისი შტაბის ხელმძღვანელის მდგომარეობის დამძიმების გამო ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ონში 22 ნოემბერს დაჭრილი ნოდარ ბურდილაძის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, უზრუნველყოს მისი მკურნალობა, რადგან პაციენტს ისეთი მედიკამენტები გამოუწერეს, რაც “უკიდურესად ძვირია”, საქართველოში არ იყიდება და ოჯახს მისი შეძენის საშუალება არ აქვს. ღუდუშაურის კლინიკის ექიმი მარინა გელანტია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც იგი გუშინ ონიდან თბილისში გადმოიყვანეს.

    “უმორჩილესი თხოვნა გვაქვს, დაეხმარეთ ოჯახს, რომელიც შესაძლოა, დარჩეს მამისა და მეუღლის გარეშე. ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ და იცით, ჩვენი მდგომარეობა”,თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

    ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ნოემბერს, ონში მომხდარი კონფლიქტი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.

    “გამოძიებით დადგენილია, რომ 1965 წელს დაბადებული ბრალდებული 22 ნოემბერს, ღამის საათებში მივიდა მეგობართან გასაღების გამოსართმევად. ბრალდებული ქუჩიდან ხმამაღლა ეძახდა მეგობარს. აღნიშნულ ხმაურზე იქვე მეზობლად მცხოვრებმა ნოდარ ბურდილაძემ საკუთარი სახლის აივნიდან გადმოიხედა და ხმაურის გამო შენიშვნა მისცა ბრალდებულს, რაზეც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გაღიზიანდა. მათ შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნოდარ ბურდილაძეს ბრალდებულმა კ.ი.-მ დანით ჭრილობა მიაყენა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დაზიანების ხარისხის და მიყენების მექანიზმის დასადგენად”, წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნოდარ ბურდილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ კ.ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით გრძელდება. ბრალდების დადასტურების შემთხვევაში კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • გალტ ენდ თაგარტი სოფელ ყანობის სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს

    {{ARTICLEIMAGE}}

    თბილისი (GBჩ) – “გალტ ენდ თაგარტის” ფინანსური მხარდაჭერით ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის ერთადერთ სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყობა.


    მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში კი “გალტ ენდ თაგარტმა” სოფელ ყანობის პედაგოგი და მოსწავლეები დაასაჩუქრა.

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის პედაგოგს, რომელიც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებ 8 ბავშვს ასწავლის და ამასათანავე, უძღვება სკოლას, მთის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო გადაეცა.


    “გალტ ენდ თაგარტის” ფინანსური მხარდაჭერით, სპეციალურად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის მოსწავლეებისა და პედაგოგისთვის, მოეწყო ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტური თბილისში. მოსწავლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.


    “მოხარულები ვართ, რომ როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა მთის საერთაშორისო დღის აღვნიშვნაში. ასევე, გვსურდა მადლობა გვეთქვა იმ პედაგოგისთვის, რომელიც არ ტოვებს სოფელ ყანობს და ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდაზე. გვინდოდა დასამახსოვრებელი გაგვეხადა მოსწავლეებისთვის ეს დღე და გაგვეკეთებინა მათთვის საჩუქარი. გადავწყვიტეთ, მოსწავლეებისთვის სკოლაში კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა მოვაწყოთ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება”,- განაცხადა “გალტ ენდ თაგარტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

  • საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკა გაძვირდა

    რა გაძვირდა ყველაზე მეტად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას forbes.ge, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 6 წელიწადში ანუ 2012 წლის ნოემბრის ბოლოსთან შეადრებით, 2018 წლის ნოემბრის ბოლოს ინფლაციამ 20% შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონელი და მომახურება 20%-ით გაძვირდა.

    აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტად ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი გაძვირდა – 186%-ით, ანუ ფასი თითქმის გასამმაგდა. მე-2 ადგილზე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტია, რომლის ფასი 156%-ით გაიზარდა. შემდეგ იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტი მოდის, რომლის ფასი გაორმაგდა.

    საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად წიწაკაა გაძვირებული – 84%-ით.

    ყველაზე მეტად გაძვირებული 20 პროდუქტიდან 6 სამკურნალო საშუალებაა. მათ შორის, ყველაზე მეტად საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები გაძვირდა – 82%-ით.
    სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია, რომ კარტოფილი გაძვირებულია 37%-ით, ხმელი ლობიო – 32%-ით, ლუდი – 29%-ით, კომბოსტო – 27%-ით, ხახვი – 22%-ით, მაკარონი – 19%-ით, ხორბლის ფქვილი – 12%-ით, კვერცხი – 10%-ით, ბენზინი – 17%-ით, ავტომობილის შეკეთება – 15%-ით.

  • მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად მთავრობა პრევენციულ ღონისძიებებს აანონსებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს “ექსპო ჯორჯიაში” მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას.

    მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებები გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებას, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას.

    პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

    “ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვავს და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ – კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ის კატასტროფები, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტების გაკეთება. ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად”, თქვა მამუკა ბახტაძემ.

  • პრემიერი: მთის სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, ძალიან მოკლე ვადაში აღმოვფხვრათ ყველა ძირეული პრობლემა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს “ექსპო ჯორჯიაში” მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება მთის სტაბილური და შეუქცევადად განვითარებისთვის გახდა საჭირო.

    პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს სტრატეგია საშუალებას იძლევა, ძალიან მოკლე ვადაში აღმოიფხვრას ყველა ის ძირეული პრობლემა, რაც დღეს დგას მთის წინაშე. 

    პრემიერ-მინისტრის თქმით, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით ქვეყანას აქვს სამოქმედო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

    მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,730 დასახლებას და ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ.

    “სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება და ამ მიზნით მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის ხელშეწყობა, ფერმერული მეურნეობის და კოოპერაციის განვითარება, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების ხელშეწყობა და მათი წარმოების მხარდაჭერა. გაგრძელდება სატრანსპორტო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად არსებული გზების რეაბილიტაცია და დაიგება ახალი გზები, რაც მოგვცემს საშუალებას, სრულად გამოვიყენოთ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი. საამისოდ განვითარდება ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, ეკოტურიზმის პროგრამები, გაგრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. მთაში განთავსებული საწარმოებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის მოხდება მეწარმეთა საჭიროებებზე ორიენტირებული საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გაძლიერება”, თქვა მამუკა ბახტაძემ.

  • პრემიერი: 2019 წელს ყველა უშუქო სოფელში, 400-მდე ოჯახი ალტერნატიული ენერგიის წყაროთი იქნება უზრუნველყოფილი

    {{ARTICLEIMAGE}}

    მთის მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ექსპო-ჯორჯიაში.

    ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გაგრძელდება მუშაობა, რისთვისაც მოიმატებს სოფლის ექიმების რაოდენობა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო ტრანსპორტი, აშენდება ამბულატორიები და სასწრაფო დახმარების შენობები,განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზრდება კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, კანალიზაციის, ნარჩენების გატანის სერვისების მიწოდებისათვის.

    “იქ, სადაც ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიწოდება სადენებით, მოხდება მისი ალტერნატიული წყაროებით მომარაგება. 2019 წელს ყველა უშუქო სოფელში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დაახლოებით 400-მდე ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, ხოლო 2020 წლისთვის კი ყველა მაღალმთიანი დასახლება უზრუნველყოფილი იქნება მობილური კავშირგაბმულობითა და ინტერნეტით. უკვე იწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაცია. 2019 წელსვე დაიწყება წყალმომარაგების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის სტეფანწმინდასა და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა წაღვერში, ვალეში, მესტიაში, აბასთუმანში, ბაკურიანსა და გუდაურში”, თქვა მამუკა ბახტაძემ.

  • წყნეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის უწყების თანამშრომლები ფიგურირებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,წერია შსს-ს ინფორმაციაში. 


    10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი. როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.