Category: არქივი

  • გენერალურ პროკურორად შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

    პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მას დეპუტატები 14:00-დან უსმენდნენ. მოსმენა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

    შოთაძემ უმრავლესობის 8 ხმა მიიღო. 

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დამოკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციამ.

    შოთაძის კანდიდატურას კენჭს ხვალ, 18 თებერვალს, სესიაზე უყრიან. მას პარლამენტის დეპუტატთა 76-ხმიანი მხარდაჭერა სჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

  • თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი- შოთაძე

    გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ის ზრდასრული ადამიანია და ყველა გადაწყვეტილებას თვითონ, დამოუკიდებლად იღებს. როგორც შოთაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილთან კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით არ უსაუბრია.

    ,,რა თქმა უნდა, თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი და შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად. რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს ცნობილი არის მხოლოდ მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას თუ მაშინ როგორ მივიღე გადაწყვეტილება ეს გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად და არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი მაშინ”,- ამბობს შოთაძე და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ოპოზიციის პერფორმანი შეუსაბამო იყო საკომიტეტო მოსმენისთის.

    ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

  • თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

    თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს და ეკონომიკის თემებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებთან 2019 წელი შეაჯამა და ჟურნალისტებს გასული წლის განმავლობაში თიბისის მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეხვედრაზე თიბისის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

    შეხვედრის ძირითად თემებს 2019 წელს თიბისის ფინანსური მაჩვენებლები, საერთაშორისო ექსპანსია – აზერბაიჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე გასვლა, ეკოსისტემები, კომპანიის ეჯაილ ტრანსფორმაცია და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს თიბისის ახალი სტრატეგიის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რაც მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას გულისხმობს.

    შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ვახტანგ ბუცხრიკიძისგან პასუხების მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიებას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანიც ესწრებოდა.

    მსგავსი ფორმატის შეხვედრებს თიბისი მედიის წარმომადგენლებთან ყოველწლიურად მართავს და მის მიზანს ჟურნალისტებისთვის ანგარიშის ჩაბარება და მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს.

  • მინსკში თბილოსობაზე საკრებულოს წევრებისა და ხელოვანების წასაყვანად მერიამ 70 ათასი ლარი დახარჯა

    2019 წლის 23 აგვისტოს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში ,,თბილისობა” გაიმართა, რომლის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები მერიას 70 ათასი ლარი დაუჯდა. ინფორმაციას ,,ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    კონცერტებსა და სხვადასხვა დადგმებში მონაწილეობის მისაღებად მერიამ მინსკში ხელოვანები წაიყვანა, რაშიც სარეზერვო ფონდიდან 42,935 ლარი დახარჯა. წაყვანილ ხელოვანებში მოხვდნენ: დათო გომართელი, გიორგი ფუტკარაძე, ჯგუფი მგზავრები, ბენდი ირაო, ანსამბლი შვიდკაცა და სხვები.

    გარდა ხელოვანებისა, მინსკში საკრებულოს თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ. მათ შორის, ირაკლი ზარქუა, თამარ შურღაია, ვლადიმერ ძნელაძე, ბექა დავითულიანი, ლევან არველაძე, ავთანდილ ცინცაძე და გიორგი დოხტურიშვილი – მათი წაყვანა მთლიანობაში 24,332 ლარი დაჯდა.

    ფლანგვის დეტექტორის ცნობით, თბილისის მერიამ სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში უნდა დახარჯოს, თუმცა,  მიუხედავად იმისა, რომ თბილისობა გაუთვალისწინებელი ღონისძიება არ არის, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

    ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს” – ეს არის განმარტება, თუ რისთვის შეიქმნა და რა არის სარეზერვო ფონდის მოვალეობა და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მინსკში “თბილისობა” მეხუთედ ჩატარდა და ის გაუთვალისწინებელი ხარჯი სულაც არ ყოფილა, ხელოვანების წაყვანა მაინც სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა”,- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

    გარდა მინსკისა, თბილისობა 2019 თბილისშიც ჩატარდა და ეს 2-დღიანი ღონისძიება მთლიანობაში 923,550 ლარი დაჯდა.

  • პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ, კარგად გამოგივათ ეს საქმე- სიმონ ნოზაძე შოთაძეს

    ,,თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე”,- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების” წევრმა, სიმონ ნოზაძემ ირაკლი შოთაძეს.

    მისი თქმით, შოთაძეს ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, მის გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.

    ,,შესანიშნავი ბიოგრაფია გაქვთ საიმისოდ, რომ მაღალ თანამდებობებზე იმუშაოთ სამართალდამცავ სისტემაში. მე სამართალდამცავი სისტემიდან მოსული კაცი ვარ. აქ რამდენიმე კოლეგა არის, და მინდა გითხრათ, რომ პროფესიამ გაჟღენთვა იცის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე. თქვენ გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული, რამდენიმე ადამიანმა მე ეს მითხრა, როდესაც თქვენი აქტიური ჩარევით სამართალმა იზეიმა. მე დარწმუნებული ვარ თქვენ თავს გაართმევთ ამ ყველაფერს”,- მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა შოთაძეს.

    14:00 საათიდან პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძის უსმენენ. მის კანდიდატურას კენჭი ხვალ ეყრება.

  • ქართველმა მომღერალმა უკრაინულ “ვოისში” ჟიური ააცეკვა (ვიდეო)

    ქართველმა მომღერალმა, მარიამ ჟორდანიამ უკრაინულ „ვოისში“ ჟიურის აცეკვება  და აუდიტორიის სიმპათიის მოპოვება მოახერხა.

    „თქვენთვის სპეციალურად ჩამოვედი, რომ გიმღეროთ. ამ პროექტში იმის საჩვენებლად მოვედი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ჩვენგანს შეგვიძლია ამ სცენაზე თუნდაც იმისთვის გამოსვლა, რომ უბრალოდ ვიხტუნოთ. ჩემთვის აქ თქვენ წინაშე დგომა ოცნება იყო. გახარებული ვარ, რომ ისეთი ადამიანები საუბრობენ ახლა ჩემ შესახებ, როგორებიც თქვენ ხართ. ამ მომენტით დავტკბები“, განაცხადა მარიამ ჟორდანიამ მას შემდეგ როცა ჟიური დაინტერესდა თუ ვინ იყო.  მარიამმა ცნობილი სიმღერა Son Of A Preacher Man შეასრულა.

  • “გირჩევნია შენს თავზე იფიქრო როცა გადაგაშენებთ, რა სასჯელი გელის”-მაჩალიკაშვილი გოგაშვილს

    “გირჩევნია  შენს  თავზე იფიქრო როცა გადაგაშენებთ,  რა სასჯელი გელის”-თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის ყოფილ ამღალჩინოსანს სოსო  გოგაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.

    “გოგაშვილო !!!!!!!!! საქართველოს პირველი პრეზიდენტი , ჩვენი ზვიადი შენნაირმა ვითომ ქართველებმა , სულით და ხორცით გახრწნილმა არარაობებმა ჯერ გააგდეს საქართველოდან და მერე მზაკვრულად მოგვიკლეს !!!!! სწორედ იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო ცოცხალიც და მკვდარიც და გულში ჩაიხუტა , რომელ ერსაც ასე აგდებით მოიხსენიებ…..ვინ გდიხარ და რა უფლებით მიუთითებ ვინ რა გვარი ატაროს და სად იცხოვროს…..გირჩევნია შენს თავზე იფიქრო როცა გადაგაშენებთ, რა სასჯელი გელის!!!
    მადლობა ყველა იმ ქართველს ვინაც სწორად ააზროვნებს მიმდინარე სიტუააციებს მადლობა ამ ადამიანს ვინც ეს კომენტარი დადო მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს
    დიდი პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი მშვიდობა გქონდეთ”-წერს მაჩალიკაშვილი.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8678 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8678 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0040 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1104 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • პოლიტიკურ პლასტელინს, არა მგონია, სხვა პარტიებთან მიკედლების პრობლემა ჰქონდეს- კალაძე მარგველაშვილზე

    თბილისის მერი, კახა კალაძე მარგველაშვილის განცხადებას, რომ შესაძლოა სააკაშვილთან ითანამშრომლოს, ეხმიანება და ამბობს, რომ ,,პოლიტიკურ პლასტელინს”[გიორგი მარგველაშვილს] არ გაუჭირდება პარტიებთან მიკედლება.

    ,,რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკაში, მივესალმები ამას. პოლიტიკურ პლასტელინს [გიორგი მარგველაშვილი] არ მგონია, რამე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიკედლების, მათ შორის, სააკაშვილთანაც. ჩვენ მისი განცხადება მოვისმინეთ და დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”,- აცხადებს კალაძე.

    გუშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ როცა საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას ეხება, მზად არის ელაპარაკოს ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს. მისი თქმით, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

  • მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ზრდილობასთან, ზნეობასთან მიმართებით- მათიკაშვილი ოპოზიციაზე

    ,,ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა ხოშტარია-ბოკუჩავას პერფორმანსი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნისას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა ჰქონდათ დანაშაულის მიმართ, ახლა კი ზნეობისა და ზრდილობის მიმართ აქვთ.

    ,,არ შემიძლია ჩემი პოზიცია არ დავაფიქსირო დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ნულოვან ზღვარზე როა ,,ნაციონალური მოძრაობა” დასული ჩანს და დღევანდელი დღე არის ამის დასტური. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ჰქონდათ ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დანაშულთან მიმართებით, თუმცა ყველაზე დიდი დამნაშავეები თვითონ იყვნენ. ამ საფარქვეშ მათ მთელი საქართველო საპყრობილედ აქციეს. დღეს ეს რესურსი მათ არ გააჩნია და ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა უკვე რამდენჯერმე, საკადრისი. ამიტომ მათ აქვთ ნულოვანი ტოლერანტობი პოლიტიკა ელემენტარულად ზრდილობასთან მიმართებით, ზნეობასთან მიმართებით, რაც ძალიან კარგად დაინახა სრულიად საქართველომ”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

    დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბით შევიდნენ. მათ თან ჰქონდათ “პოლიტიკური პატიმრების” ფოტოები და პლაკატი წარწერით “მონა”.