Category: არქივი

  • 200 “ნაცის” სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს – ირაკლი კობახიძე

    200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში არანაირი კრიზისი არ არის, არამედ კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“.

    „ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე ხოლმე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე, ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, „ნაცმოძრაობას“ უნდა, რაღაცნაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. ხედავთ, არანაირი რესურსი არ აქვთ და ეს მიანიშნებს, რომ არანაირი კრიზისი არ არის, კრიზისი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილი კი, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავს.

  • ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი-გახარია პარლამენტში მივიდა

    პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდა. მან ჟურნალისტებთან ,მოკლე კომენტარი გააკეთა.

    “ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელმაც შეძლო მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება”-განაცხადა გახარიამ.

    გახარიას პარლამენტის ეზოში შესვლას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მას შეძახილებით შეხვდნენ.

    “მონა,მონა”-ისმოდა შეძახილები.

  • რამე „ნარუშილოვკა“ აქვს პარლამენტში არსიარულზე? – ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძეზე

    „რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით“,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ არჩილ თალაკვაძეს ჯანდაცვის მინისტრზე საუბრისას.

    მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრებს უნდა მოუწოდოს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ.

    „ძალიან სამწუხაროა, თქვენ ახლა იმის მაგივრად, რომ მინისტრისთვის მოგეწოდებინათ, რომ რეგლამენტი არ დაარღვიოს, ახლა თქვენ ხელს აფარებთ. ხუმრობით ვიტყვი – რამე „ნარუშილოვკა“ თუ აქვს პარლამენტში არსიარულზე, ესეც გვითხარით. მე მაინც მოგიწოდებთ დაფიქრდეთ და მოუწოდოთ მინისტრებს, რომ რეგლამენტი არ დაარღვიონ“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

  • “ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში დემოკრატიაა”- თალაკვაძე

    ნებისმიერი პროტესტი მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და საქართველოში ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს, – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, პროტესტი არის დემოკრატიის ნაწილი.

    “რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, ჩემი პატივისცემის მიუხედავად ოპოზიცის მიმართ, პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ოპოზიციის წინაშე, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოვალეობა, თანამდებობაზე დავამტკიცოთ პროკურორი და გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ინსტიტუტებს და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია კანდიდატურას არ ეთანხმება, ნორმალურია და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, რაც არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარდამჭერებთან ერთად “სირცხვილის კორიდორი” მოაწყვეს.

  • პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

    პარლამენტის შენობასთან ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

    „ლეიბორისტული პარტიის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ გამოიწვია”.

    ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.

  • ყარაჯალარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

    სოფელ ყარაჯალარში მომხდარი სასტიკი მკვლელობის  ფატქზე 1 პირი დააკავეს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

    შეგახსენებთ, რომ ყარაჯალაში გუშინ დამწვარ მანქანაში ცხედარი  იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილია ტაქსის მძღოლი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

  • ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს

    ოპოზიცია პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. საპროტესტო აქცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის მოსმენის პარალელურად ჩატარდება.

    „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქცია დილით 10 საათზე დაიწყება.

    „გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

    ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურად მხარი დაუჭირა.

  • ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.

    „უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    18 თებერვალს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

    ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, დვირის, ედისის, ჟველაურის, ზვარეთის, იფნევის, კვერნაულის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IIIა მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, მიხეილ გახოკიძის, სესილია თაყაიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის და ჭირნახულის ქუჩების ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გელა ჭედიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

  • საქართველოს ისტორიაში ალბათ უდიდესი კორუფციული ფაქტია – შოთაძე უგულავას საქმეზე

    “ეს იყო და არის, ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი, საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა,” – ასე ეხმაურება გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე  დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავას დაკავების საქმეს.

    „როდესაც საუბარია 50 მილიონამდე ლარის გაფლანგვაზე, 14 მილიონი გაიფლანგა ხელფასებზე, ხოლო დანარჩენი – პარტიას მოხმარდა. ს ფაქტი, რომ ვიღაცეებზე დამზადდა პლასტიკური ბარათები, სადაც ჩაირიცხა ეს 14 მილიონი, უბრალოდ იყო ამ გაფლანგვის ჩადენის ხერხი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს იყო და არის, ალბათ, უდიდესი კორუფციული ფაქტი, საქართველოს ისტორიაში რაც ყოფილა და რაზეც დღესდღეობით უკვე განაჩენია დამდგარი“, – ამბობს შოთაძე.

    შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააპატიმრეს. ის დამნაშავედ  „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ცნეს.