Category: არქივი

  • “ბიძინაური” – ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე

    ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე – მოძრაობა 20/30-იანელებმა  დღეს მათ მიერ ჩამოსხმული ღვინის, „ბიძინაურის“, პრეზენტაცია გამართეს.

    რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრეებს მოძრაობის წევრებმა განუმარტეს, რომ ახალი პროდუქტი ივანიშვილის საპატივცემულოდ შეიქმნა.

    „ბატონ ბიძინას ქართული ვაზი და ღვინო ძალიან უყვარს. ამაზე არაერთ სატელევიზიო გამოსვლაშიც უსაუბრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ მის გატაცებას და ქართულ საზოგადოებას სწორედ ივანიშვილის სახელობის უგემრიელესი ღვინო შევუქმენით. ჩვენი აზრით, ეს ღვინო თითოეული ქართველის ოჯახში უნდა ინახებოდეს და „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად პატარძალს მზითვებშიც უნდა მიყვებოდეს“ – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, საბა ყაველაშვილი.

  • ოკუპანტის ჰიმნით პარლამენტში შესვლა, არის თუ არა ჩვენი გმირების საფლავების შეურაცხყოფა?!- რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

    რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი არჩილ თალაკვაძის მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას ეხმიანება.

    სოციალურ ქსელში ის ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილს და ,,შუაშისტებს” სიტყვიერ შერაცხყოფას აყენებს.

    ,,ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაწყოფა… მაპატიეთ მაგრამ ყველას დედას შე#### მე ხოშტარიათი დაწყებული , შუაში “შუაშიშტების” და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და დედის ტ#### სურვილებით”,- წერს საკრებულოს თავმჯდომარე.

    დღეს დილით, ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო.

    ელენე ხოშტარიას განმარტებით, პარლამენტში მიმდინარე პროცესი საბჭოთა კავშირისა და მისი ჰიმნის სიმბოლოა.

  • ბექა დავითულიანმა ოპოზიციას 50 მილიონის ბიუჯეტში დაბრუნება მოსთხოვა

    საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა  ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე, გიგი უგულავას დაკავებაზე ისაუბრა და ოპოზიციას ბიუჯეტში 50 მილიონის დაბრუნება მოსთხოვა.

    “როდესაც ოპონენტები, ფაქტობრივად, იგონებენ კორუფციულ ფაქტებს ჩვენთან მიმართებაში და მერე ამის პროპაგანდირებას ახდენენ, საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ 50 მილიონზე. დასაბრუნებელი არ აქვთ? ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, საუბრობენ პოლიტიკურ კონტექსტზე ამ დაკავების. მომავალ სხდომაზე, იმედი მაქვს, იქნებიან კოლეგები და ამ კითხვით მინდა მივმართოთ, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ? რავიცი, გაყიდონ ოფისები, დააბრუნონ და მორალურად წელში გამართულად გვესაუბრონ მერე,”-განაცხადა ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე.

    დღეს დედაქალაქის საკრებულომ თბილისის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტი 219 მილიონი ლარით გაიზარდა.

  • “ჭიათურაში მაღაროელები არ გაფიცულან-„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი საცხოვრებელი სახლების შეკეთება/აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიაში გაფიცვას აქვს ადგილი, რაც კომპანიის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

    ჯორჯიან მანგანეზში აცხადებენ, რომ ამჟამად ყველა თანამშრომელი საწარმოო პროცესშია ჩართული.

    “მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია).

    კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი – „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული.

    კვლევის დასრულებისას „საინჟინრო კვლევების ცენტრი“ დასკვნაში კონკრეტულ მიზეზებსაც ასახავს და იმასაც, თუ რამდენად ექვემდებარება დაზიანებული სახლები შეკეთებას. აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სოფელი შუქრუთი მიწისძვრამაც დააზარალა და მაშინ მოსახლეებზე შესაბამისი კომპენსაციები სახელმწიფომაც გასცა. კომპენსაციები იმ დათქმით გაიცა, რომ მიღებული თანხით მოსახლეები ალტერნატიულ საცხოვრებელს ალტერნატიულ ტერიტორიაზე შეიძენდნენ, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, მაგრამ ტერიტორია არ დაუტოვებია.

    აღნიშნული კვლევის მიუხედავად, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები გაითვალისწინა, რაც მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს უკავშირდება. კომპანიის სამუშაო ჯგუფმა ადგილობრივებს სხვადასხვა ინიციატივა შესთავაზა. კერძოდ: – ალტერნატიული საცხოვრებლის შეძენა და გადაცემა საკუთრებაში რაიონის ფარგლებში, მათ შორის ქალაქ ჭიათურაში, ან არსებული სახლ-კარის გამოსყიდვა და თანხის მათი შეხედულებით გამოყენება.

    სწორედ ამიტომ, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოსახლოებას შესთავაზა, კერძო აუდიტორული კომპანიები თავად მოეძიებინა, დაეკვეთა მათთვის ქონების შეფასება და აღნიშნულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაც დამოუკიდებლად ეწარმოებინა, ხოლო მომსახურების საფასურს „ჯორჯიან მანგანეზი“ დაფარავდა. „ჯორჯიან მანგანეზმა“, შუქრუთის მცხოვრებლებისთვის კომპენსაციების გაცემის თაობაზე ამ სააუდიტო კომპანიების დასკვნის საფუძველზე მზაობა გამოთქვა.

    ადგილობრივებმა ეს წინადადება მიიღეს და თავად დაიქირავეს ორი სხვადასხვა აუდიტორული კომპანია, თუმცა შეუთანხმებლობის გამო, ერთ-ერთთან მოლაპარაკება თავიდანვე შეწყვიტეს, მეორემ კი მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა თითქმის სრულად შეისწავლა, თუმცა, სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე, შუქრუთის მოსახლეობას უთანხმოება აღნიშნულ აუდიტორულ კომპანიასთანაც მოუხდა და ურთიერთობა მასთანაც გაწყვიტეს.

    კომპანია კვლავ მზად არის, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მოსახლეობასთან დაწყებული მოლაპარაკება კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძოს, რაც მათ მიერვე გაჟღერებული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას ეხება.

    ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას მოუწოდებს, მოლაპარაკების ფორმატს დაუბრუნდნენ და საწარმოს შესაძლებლობა მისცენ, თავისი საქმიანობა შეუფერხებლად განახორციელოს.

    „ჯორჯიან მანგანეზს“ სამეწარმეო საქმიანობის და კომერციული მიზნების გარდა, სახელმწიფოს და მესამე პირების წინაშე არაერთი ვალდებულება გააჩნია, რომელთაგან ნებისმიერის შეუსრულებლობა კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს, ეს კი როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტზე, ასევე კომპანიაში დასაქმებული და კონტრაქტორი არაერთი პირის შემოსავლებზე უარყოფითად აისახება.

    დღეს კომპანია მე-3 ადგილზეა ქვეყნიდან ექსპორტის მხრივ და შესაბამისი წილი უკავია სავალუტო მასის შემოდინებაში და ეკონომიკის განმტკიცებაში.

    ამას გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ უშუალოდ ჭიათურაში 3.8 ათას ადგილობრივს ასაქმებს, ხოლო კონტრაქტორ კომპანიებში დამატებით 1.8 ათასი ადამიანია დასაქმებული და ცხადია, კომპანიის გაჩერება მათ ოჯახებს ფინანსური დარტყმის ქვეშ მოაქცევს.

    შუქრუთის მოვლენების გარდა, კომპანიის საქმიანობას სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც აქვს, კერძოდ შსს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურები რაიონში მიწების უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით რეგისტრაციის ფაქტებს იძიებენ.

    ამჟამად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები და დაკავებულები არიან ცალკეული პირები, რომლებიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

    მნიშვნელოვანია ამ პროცესის დასრულება, ისევე როგორც კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიებზე მიწების დატაცების ფაქტების გამოძიება, რაც კომპანიის ოპერირებას აფერხებს”-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8631 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8631 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8678 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0047 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1010 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1104 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა-რას წერს გუდაურის ტრაგედიაზე ბრალდებულის ცოლი

    საშვილიშვილი ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის,- ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის ცოლმა ნატა ქიტესაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „თაზოს ფოტოები ვნახე და…მოვკვდი… საშვილიშვილი ცოდვა დაადებინს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

    თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

    ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი…

    ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

    ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს…

    არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!“ – წერს ნატა ქიტესაშვილი.

    შეგახსენებთ, გუდაურში 28 წლის ახალგაზრდა 2 დღის წინ მოკლეს. როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.

    შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

    82 მომხრე-არცერთი წინააღმდეგი-გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

    ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

    საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

    საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

  • “რუსი შემკვეთები ჰიმნის გაჟღერებისთვის მადლობასაც კი ეტყვიან”- მამუკა მდინარაძე

    „თავისი რუსი შემკვეთები ჰიმნის გაჟღერებისთვის, ალბათ, მადლობასაც კი ეტყვიან“,- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ოპოზიციის პერფორმანსთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდნენ.

    „თავისი რუსი შემკვეთები ჰიმნის გაჟღერებისთვის ალბათ მადლობასაც კი ეტყვიან. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პროდასავლურები. დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღაბის მორგება. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად ხდება იმ მთავარი საქმეების გადასაფარად, რასაც საქართველოს პარლამენტი ახორციელებს. დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ამ ფონზე კიდევ უფრო მძიმეა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მდინარაძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის  სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სხდომაზე საბჭოთა ჰიმნის თანხლებით შევიდნენ, რასაც უმრავლესობის დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

    ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო (ვიდეო)

    “ყოველთვის შეექმნებათ დისკომფორტი” – ხოშტარია პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვაზე

  • თიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს

    თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის კვლევა წარადგინა და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და მეწარმეებს საშუალება მისცა ბაზრის მიმდინარე მდგომარეობაზე, უახლეს მონაცემებსა და სექტორის განვითარების პოტენციალზე მიეღოთ ინფორმაცია.

    „თბილისის ღვინის მუზეუმის“ კარი პირველად სწორედ თიბისისა და მეიდან ჯგუფის პარტნიორობისთვის გაიღო და ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე თიბისი კაპიტალის ღონისძიებას უმასპინძლა.

    თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2019 წლის მანძილზე, ღვინის ჯამური ექსპორტის მოცულობა 2018 წელთან შედარებით დოლარში 13.2%-ით გაიზარდა და 222.9 მილიონი დოლარი შეადგინა. კვლევის თანახმად, ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება, თუმცა დამოკიდებულება ერთეულ ბაზრებზე ჯერ კიდევ დიდია. ქართული ღვინისთვის საინტერესო საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, პოლონეთი.

    კვლევის თანახმად, ამჟამად საქართველოში 1 ჰექტარ ვენახზე საშუალოდ 5.2 ტონა ყურძენი მოდის, მსხვილი კომპანიების მოსავლიანობა 8-9 ტონას შეადგენს, ღვინის წარმოების მესამედი კი ოჯახურ მეღვინეობებს უკავიათ. თუმცა, ურბანიზაციის და ფორმალური წარმოების ზრდის პარალელურად, ოჯახური მეღვინეობების წილის კლებაა მოსალოდნელი. სექტორის წინსვლის ერთ-ერთი გზა ორგანიზებული მევენახეობების ზრდა და ვენახების გამსხვილებაა, რაც ქვეყანაში ვენახების საშუალო პროდუქტიულობას გაზრდის.

    „თიბისი ლიდერია ღვინის ინდუსტრიის დაფინანსების მხრივ და ბრუნვის მიხედვით ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან და სახელმწიფო პროგრამებთან იმისთვის, რომ სექტორის მონაწილეებს დაფინანსების საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. სტანდარტულ საბანკო პროდუქტებთან ერთად, სავაჭრო ოპერაციების გამარტივებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, თიბისი მეღვინეებს გარანტიებს, აკრედიტივებსა და საერთაშორისო ფაქტორინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ადგილობრივ ბაზარზე იხვეწება ღვინის მოხმარების კულტურა და ტურიზმის ზრდასთან ერთად ადგილობრივი გაყიდვების პოტენციალიც უმჯობესდება.“ – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, სექტორული კვლევები და საბროკერო საქმიანობა.

  • “ყოველთვის შეექმნებათ დისკომფორტი” – ხოშტარია პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვაზე

    ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ყოველთვის შეუქმნის დისკომფორტს. დეპუტატმა ეს კომენტარი, პარლამენტში არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის შემდეგ გააკეთა.

    “ერთადერთი რისი სიმბოლოც ეს ყველაფერი არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი. ეს არის ხელოვნური რეალობა, რომელიც უნდათ, რომ შექმნან. რეალობა ქვეყანაში არის სხვა, ადამიანები აპროტესტებენ, ადამიანები ითხოვენ თავისუფალ მართლმსაჯულებას, არჩევნების თავისუფლებას, რომ ხალხი წყვეტდეს ვინ იქნება ამ დარბაზში და არა ბიძინა ივანიშვილი. ყველა შემთხვევაში, როდესაც ეგონებათ, რომ კომფორტულად ჩაიკეტებიან დარბაზში და ხელოვნური, გულისამრევი, არაფრისმთქმელი გამოსვლებით შეიქმნიან კომფორტს, ყოველთვის ექნებათ ეს დისკომფორტი”, – თქვა ელენე ხოშტარიამ. 

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. 

    ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო (ვიდეო)