Category: არქივი

  • ვახტანგ გომელაური უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

    ვახტანგ გომელაური უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    მან ვახტანგ გომელაურს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

    „უშიშროების საბჭო არის მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს და ფუნქციონირებდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ უშიშროების ახალ მდივანს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევაც, იქნება უფრო ეფექტური“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ამჟამად ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრია, იგი უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციას პარალელურად შეასრულებს.

  • ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან

    ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    ნატო-ს პრესსპიკერმა ოანა ლუნჯესკუმ განცხადება გაავრცელა, სადაც  ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    “შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და რეალური ძალისხმევა განახორციელოს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად,” – აღნიშნულია ოანა ლუნჯესკუს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის დასახლების, დიდი ხეივნის 2 ქუჩის, დიდი ხეივნის, ხეივნის, გორგასლის, დიმიტრი გულიას, ორთაჭალის, ვლადიმერ წითლანაძის, შავიშვილის, გულუას, უსახელოურის და ახალი რეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის Vკვარტლის, ავეტიკ ისაკიანის და გია რომელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მკიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ილია ვეკუას, შეშელიძის და ხევძმარის ქუებჩის მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, რამაზ შენგელიას, დუმბაძის, ალეკო გობრონიძის, ხევძმარის, შეშელიძის, ონის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და აჩაბეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • მაქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოების ზურგს უკან ,,ოცნება” და ,,ნაცმოძრაობა” მაჟორიტარებზე საუბრობენ- ლევან კობერიძე

    ფრაქცია ,,დამოკიდებელი დეპუტატების” წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოების ზურგს უკან ,,ქართული ოცნება და ,,ნაციონალური მოძრაობა” მაჟორიტარ დეპუტატებზე საუბრობენ.

    კობერიძე არ გამორიცხავს, რომ როგორც ოცნებამ გადააგდო საზოგადოება, ისევე გადააგდებს ,,ნაცმოძრაობა” სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

    ,,ჩვენ ვერ დაველოდებით, ერთმანეთში როდის მოილაპარაკებენ ,,ქართული ოცნება” და ,,ნაციონალური მოძრაობა. მერე რომ დალაგდებიან ერთმანეთში… სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ მაჟორიტარ დეპუტატებზე მიდის ზურგს უკან საზოგადოების ,,ქართულ ოცნებასა” და ,,ნაცმოძრაობას შორის საუბარი. ისევე როგორც ქართულმა ოცნებამ გადააგდო საზოგადოება, მე არ გამოვრიცხავ, რომ ზუსტად ისე გადააგდებს ნაცმოძრაობა იმ დიდ რაოდენობა სხვა ოპოზიციონერებს”,- აცხადებს კობერიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ფრაქცია ,,დამოკიდებელი დეპუტატები” არც ერთ შემთხვევაში ,,ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გამართავს. ფრაქციამ მმართველ გუნდს 3 პირობა წაუყენა, რისი შესრულების შემთხვევაში ისინი 100/50-ზე მოდელს მხარს დაუჭერენ. 

  • სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო განცხადება გაავრცელა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

    „უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით. ვწუხვარ მოვლენების ტრაგიკული განვითარებით და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის ემოციებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

    ცნობისთვის, დღეს, დონბასში პრორუსული შეიარაღებული ფორმირებები უკრაინის არმიას დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 უკრაინელი სამხედრო.

  • ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ

    ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვის გამო, ელენე ხოშტარიასგან საპარლამენტო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

    აქციის დაწყებამდე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოთხოვნა ფეისბუქზე დაწერა. 

    ,,ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში, რუსეთის ჰიმნის გაჟღერება იუნკერების ხსოვნისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა!!!”,- წერს ჩაკვეტაძე და ითხოვს, ,,დატოვონ მანდატი პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გამჟღერებლებმა”. 

    დღეს დილით, ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო.

    ელენე ხოშტარიას განმარტებით, პარლამენტში მიმდინარე პროცესი საბჭოთა კავშირისა და მისი ჰიმნის სიმბოლოა.

  • აღარ გვინდა ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები – ნათელაშვილი რაგბის კავშირზე

    „ამ სპორტული მხედრიონის გამო, ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „ცოდვილი ვარ და შემრისხეთ. ამ სპორტული მხედრიონის გამო ქართული პროფესიული სპორტის გაგონება არ მინდა. აღარ გვინდა ბატონო ასეთი კუნთიანი და სულამოცლილი ჩემპიონები. მილიონები რასაც ისინი შეექცევიან უნდა გადავისროლოთ მასობრივი სპორტის დასაფინანსებლად. ჯანმრთელი მომავალი თაობა მაინც გვეყოლება“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

    შეგახსენებთ დღეს, საქართველოს რაგბის კავშირმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

    „საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს“ ,-წერია  რაგბის კავშირის მილოცვის ტექსტში.

  • მეცნიერებათა აკადემიამ ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვა მომხმარებლების გინების გამო წაშალა

    საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ,,ფეისბუქგვერდიდან” ივანიშვილის დაბადების დღის მილოცვა წაშალა. პოსტი დირექტორის დავალებით, ,,უკანასკნელი დედის გინებების” გამო წაიშალა.

    ,,ეს ტექსტი რომ დავდე, აკადემიაში უცებ გაითიშა ინტერნეტი. მე რა მექნა, მითხრეს დადეო და დავდე, მერე წავედი სახლში… საიტის ადმინისტრატორმა დამირეკა, დირექტორმა [გიორგი კვესიტაძემ] თქვა, სასწრაფოდ წაშალეთო. მიზეზი ისაა, რომ უკანასკნელი დედის გინებები იყო”, – განაცხადა On.ge-სთან აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნათია ვადაჭკორიამ.

    ბიძინა ივანიშვილს მილოცვაში ეწერა, რომ ,,თავად მეცნიერს”, ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. პოსტს ,,ფეისბუქ” მომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

  • არ ვიცი, ვინ მოიფიქრა ავტორიტეტდაკარგული ადამიანებით ხელისუფლების ყველა შტოს დაკომპლექტება- მარგველაშვილი შოთაძეზე

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ირაკლი შოთაძის მეორედ არჩევას ეხმიანება და აბობს, რომ ივანიშვილი ,,ქართულ ოცნებას” ავტორიტეტდაკაგული, კავშირებდაკარგული ადამიანებით აკომპლექტებს და თუ ცოტა მაინც აქვს ღირსება და ავტორიტეტი ადამიანს, გუნდიდან დევნის.

    ,,არსებობს ასეთი ტერმინი – მერიტოკრატია, როდესაც დაწინაურება ხდება გამორჩეული და უნარის მქონე ადამიანებით. ოცნებაში დაიწყო მერიტოფობიის პერიოდი. თუ ცოტა მაინც რაღაც ავტორიტეტი გაქვს, თუ ცოტა მაინც ღირსება გაქვს, თუ ცოტა მაინც ხალხის ნდობის მოპოვება შეგიძლია, პროფესიონალურ წრეებში ხარ ცნობილი, ავტორიტეტი გაქვს, იმ წუთშივე ხდები დევნის ობიექტი და ასეთ ადამიანებს აქრობენ.

    გასაგებია, რომ ივანიშვილი თავმჯდომარეა, მაგრამ არ ვიცი, ვის მოუვიდა თავში ასეთი სქემა – ავტორიტეტდაკაგული, კავშირებდაკარგული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც ვერ აყალიბებენ ურთიერთობას საზოგადოებასთან, მხოლოდ ასეთი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლების ყველა შტო, ამის თქმა მიჭირს,”- ამბობს მარგველაშვილი.

    დღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩია.

  • რა ქონებას ფლობს გენერალურ პროკურორად მეორედ არჩეული ირაკლი შოთაძე

    დღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მეორედ აირჩია.

    ის პირველად მთავარი პროკურორის პოსტს 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

    2019 წლის 2 თებერვალს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია:

    • 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, დიღომში;
    • ,,თი ბი სი ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 10 000 ლარი;
    • ,,თი ბი სი ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 1750 ლარი;
    • დანაზოგი – 14 000 ლარი; 
    • მთავარი პროკურორობის თანამდებობაზე მუშაობისას ხელფასის სახით აიღო 38 400 ლარი; 
    • მისი მეუღლის, ნინო გოტიაშვილის სახელზეა გაფორმებული 2016 წელს, 100 000 დოლარად შეძენილი ბინა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე. 
    • მის ცოლის საკუთრებაშია 10 ათას ლარად შეძენილი საცხოვრებელი სახლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და 1092 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 

    შოთაძე თანამდებობიდან ხორავას ქუჩის საქმეზე საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გადადგა, დღეს კი ის 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე მეორედ დანიშნა.