Category: არქივი

  • ოკუპაცია: სამოქალაქო პატრულირების ერთი დღე ატოცში

    {{ARTICLEIMAGE}}
    მათ მიმართ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ და მხოლოდ გულმხურვალე პატრიოტები არიან, ზოგი მიიჩნევს, რომ პოპულისტობენ და იმ ქმედებებით, რასაც მათი პატარა ჯგუფი აკეთებს, უბრალოდ, „ქულების დაწერა სურთ“, ზოგი მიიჩნევს, რომ საკუთარი ბიზნესის წარმატებისთვის მუშაობენ… ასე მარტივიც არაა, ადგე და უბრალოდ დაიჯერო, რომ საკუთარი ქვეყნის ყოველი გოჯი ვინმესთვის ასეთი ძვირფასი შეიძლება იყოს. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეჭვი მათ მიმართ დიდია. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ყველაზე მარტივია, უბრალოდ, ფაქტებს მივყვეთ

    ერთ წელზე მეტია, დავით ქაცარავა და მოძრაობა “ძალა ერთობაშია” სამოქალაქო აქტივიზმს ახორციელებს და ისინი ჯერ არ დაღლილან. ერთი შეხედვით სრულიად უტოპიური იდეა რუსი მესაზღვრეების შეჩერების შესახებ არ ჩამკვდარა. დიდი სირთულითა და წვალებით, მაგრამ ის ხორცს ისხამს. გასული წლის ივლისში ქაცარავას ჯგუფი ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე გამოჩნდა. მათ განაცხადეს, რომ სურთ მეთვალყურეობის დაწესება ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად და რუსი მესაზღვრეებისგან თვითნებური ბორდერიზაციის პროცესის აღსაკვეთად. თავიდან ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ერჯერად აქტივობას. ისეთს, როგორსაც ორგანიზაციები ან აქტივისტთა ჯგუფები პერიოდულად მიმართავენ, მიემგზავრებიან ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან/ზოლთან და ანტისაოკუპაციო გზავნილებს ავრცელებენ. “ძალა ერთობაშიას” ზაფხულის პატრულირება ერთჯერადი აქტი არ ყოფილა. ჯგუფის წევრები პატრულირებდნენ იქ, სადაც ვითარება ყველაზე მეტად იძაბებოდა. პარალელურად საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე პერიოდულად ჩნდებოდნენ იმისთვის, რომ რუსი ტურისტების ყურადღება მიეპყროთ და მათი სამშობლოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შეეხსენებინათ. დღეს “ძალა ერთობაშია” ატოცშია. იქ, სადაც მავთულხლართის გასავლებად 48 ბოძი უკვე გაამზადეს რუსმა მესაზღვრეებმა. მოძრაობის წევრები საველე პირობებში აღამებენ და ათენებენ იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი არ გაგრძელდეს.

    ამერიკის ხმამ “ძალა ერთობაშია” ატოცში მოინახულა. ის პირობები, ის რეალობა, რაც ადგილზეა აქარწყლებს ყოველგვარ “მოსაზრებას” პოპულიზმით მოტივირებულობის შესახებ. ვერანაირი პოპულარობის სურვილი ვერ აიძულებს ადამიანს ნებაყოფლობით გაჩერდეს ყინვასა და ქარში, წვიმასა და ტალახში ღია ცის ქვეშ დანთებული კოცონის ამარა. ადგილზე, რომელიც სოფლიდან საკმაოდ მოშორებითაა და მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მისვლაა შესაძლებელი ზამთრის პირობებში, ორიოდე საათსაც კი ფიზიკურად გაჩერება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ატოცში, ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან დგომა რომ საკმაოდ რთულია, ისიც მოწმობს, რომ მოძრაობის სამი წევრი გუშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, გრიპის ვირუსით (ერთ-ერთს H1ნ1 დაუდგინდა) ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, მოძრაობა პატრულირებას არ წყვეტს.

    რა ხდება ატოცში?

    ატოცში იმ დროს წავედით, როდესაც იქ არანაირი მასობრივი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი. როგორია არაფრით გამორჩეული, სამოქალაქო პატრულირების ერთი ჩვეულებრივი დღე – აი, ეს გვინდოდა გვენახა. სადაა სახლი ატოცში, რომელსაც მოძრაობის წევრები მოსასვენებლად იყენებენ, ყველამ იცის. საველე ბანაკი კი სოფლიდან მოშორებითაა. “იარეთ, სანამ გზა არ დასრულდება, შემდეგ კი ანტისაოკუპაციო ტაქსს დაინახავთ, ჩვენი წარმომადგენელიც მანდ დაგხვდებათ და ჩვენამდე მოგიყვანთ,”- გვეუბნება დავით ქაცარავა ტელეფონზე საუბრისას. ანტისაოკუპაციო ტაქსი, რითაც აქტივისტები ბენზინისა და კვების ფულის შეგროვებას აორგანიზებენ, ტალახიანი გზის ბოლოს, ეულად დგას. შემდგომ უკვე ფეხით უნდა წახვიდე. დაახლოებით, ნახევარი საათი და ადმინისტრაციულ საზღვართან მოხვდები. სანამ ბანაკი გამოჩნდება, უკაცრიელი ჩანს ყველაფერი. რუსი მესაზღვრეების მიერ დასმულ ბოძზე, შორს საქართველოსა და უკრაინის დროშები ერთად ფრიალებს. ბანაკიც აქაა. ორი, ერთმანეთს მართი კუთხით მიდგმული ძელსკამი და კოცონი მათ შორის – ესაა აქაური კომფორტი. სტუმრების გამოჩენისთანავე მოძრაობის წევრები ფუსფუსს იწყებენ, გათბობასა და ასკილის ცხელ ჩაის გვთავაზობენ. ეს ნამდვილი შვებაა. ისეთი გემრიელი ასკილის ჩაი როგორიც აქაა, ალბათ, არსად არ იქნება. “ირგვლივ სულ ასკილის ბუჩქებია, ვკრეფთ და ჩაის ვამზადებთ, ჩვენც ძალიან მოგვწონს. ადგილობრივები 80 თეთრად ყიდდნენ, ჩვენ კიდევ, თბილისში რამდენიმე კაფეს დავაკავშირეთ, რომლებიც აქაურებისგან ასკილს სამ ლარად იბარებენ. ასე, რომ ბიზნესის განვითარებაშიც ვეხმარებით,”- გვეუბნება დავით ქაცარავა. ასკილი პაზლის უმნიშვნელო დეტალია, თუმცა ადამიანის სულისკვეთებასა და ხასიათზე მიანიშნებს. სამი ლარი ასკილში და შემდგომ ეს ორი დეტალი რეპორტაჟში, მრავლისმთქმელი ქვეტექსტის მატარებელია და ამიტომაც ილექება მეხსიერებაში. სწორედ ეს პატარა დეტალი შეგახსენებს იმას, რომ ვიღაც არა მხოლოდ, უბრალოდ წავიდა, დადგა ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან და ინტერვიუების მიცემა დაიწყო, არამედ, იფიქრა აქაურ ასკილზეც, აქ მაცხოვრებელ უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზეც და ათას ნაცნობთან გადარეკა თბილისში იმისთვის, რომ რომელიმე კაფე ან მაღაზია ეპოვა, ვინც იყიდიდა ასკილს საოკუპაციო ხაზიდან.

    მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საინტერესო ფენომენია. იმ “ლაივებიდან”, ცოცხალი ვიდეოებიდან, რასაც დავით ქაცარავა სოციალური ქსელით ავრცელებს, ატოცში ბევრი ადამიანი ჩამოდის. ბევრს არც სურს საკუთარი თავის აფიშირება. გვეუბნება, რომ სამსახურს შეუთავსა ასეთი გრაფიკი და კვირაში სამი დღე ჩამოდის. ამგვარი პრინციპით გუნდს ბევრი მოხალისე უერთდება. მოძრაობის წევრები კი ამასობაში ახალი წლის ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აღნიშვნის გეგმებს აწყობენ.

    რამდენად შესაძლებელია აქტივიზმი ასეთ რთულ პირობებში? – ამ კითხვაზე დავით ქაცარავას შესაშურად ოპტიმისტური პასუხი აქვს. ის ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს და იდგება მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო. ამბობს, რომ ამ ენთუზიაზმის შედეგს ხედავს, რადგან მათი აქტივიზმის გამო მესაზღვრეებმა ლითონის ბადე ჩასმულ ბოძებზე ვეღარ გაავლეს. ამბობს, რომ არ მისცემს საშუალებას პროცესი გააგრძელონ და სწამს, რომ თანამოაზრეთა გაზრდის შემთხვევაში, როგორც ადგილზე, ისე ხელისუფლებაში, რუსეთის პოლიტიკა შეიცვლება.

    18 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ერგნეთში ოსურმა მხარემ მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” საკითხი დააყენა და განაცხადა, რომ ისინი ქმნიან რისკს ადგილზე. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ანთაძემ, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს უფლება გადაადგილდეს და დადგეს იქ, სადაც მას სურს და რომ პოლიცია ამას ვერ აკრძალავს. ქაცარავასთვის ოსური მხარის შეშფოთებანიშნავს იმას, რომ მათი ყოფნა ატოცში რუსებისთვის დისკომფორტია. ეს კიდევ ერთი მიზეზია სამოქალაქო აქტივისტებისთვის საქმიანობის გასაგრძელებლად.

    “ამერიკის ხმა”

  • კალაძე:თოვლის ბაბუას “სკაიპით” ვესაუბრე, გზაშია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას სახალწლო ღონისძიებების ფარგლებში საინტერესო დღეებს პირდება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა და აქვე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის კონცერტები ნინო ქათამაძისა და ჯგუფ “ლაუდსფიქერის” მონაწილეობით. კალაძემ ასევე განაცხადა, რომ 31 დეკემბრის ღამეს ოჯახთან ერთად სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე იქნება და მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად შეხვდნენ ახალ წელს. თბილისის მერმა ასევე თქვა, რომ “თოვლის ბაბუას ესაუბრა “სკაიპით” და ის უკვე გზაშია”.

    “28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 დეკემბერს 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუაც მოდის, გზაშია. დღეს მქონდა კომუნიკაცია და “სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას“,განაცხადა კახა კალაძემ. როგორც სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის. მისი შეფასებით, სანახაობა ზღაპრული იქნება.

    მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, რომ ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის. მისი შეფასებით, სანახაობა ზღაპრული იქნება.

     

  • სააკაშვილი: ემიგრანტების მიერ აზვირთებულ ტალღებს საქართველომდე მე გავყვები

    {{ARTICLEIMAGE}}
    #ერთადსახლში – საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ მოძრაობას იწყებს.

    სააკაშვილი  საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ქართველი ემიგრანტებისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი “დიდი ტალღა უნდა ააზვირთონ, რომლებმაც გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე და მიხეილ სააკაშვილი პირდება, რომ საქართველოში მათ გაყვება.

    “ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელის არის საქართველოში თავისი გადარიცხვებით, რადგან საქართველოში სხვა ეკონომიკა უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა.

    არადა, ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

    ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და მისი მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა, თავისი შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, თავის შვილებს დაუბრუნდეს და არსად ქონდეს გასაქცევი”, ამბობს სააკაშვილი.

    მისივე თქმით, ახალი მოძრაობის იდეა ქართველი პატრიოტების ჯგუფს ეკუთვნის.

    “ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ – ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს.

    მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად, საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ, გვქონდეს მაგარი სამშობლო, აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო – ერთად სახლში, აბა თქვენ იცით”.

    როგორც ცნობილია, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპაში ცხოვრობს. მის წინააღმდე საქართველოში რამდენიმე საქმეზეა დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა. სააკაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას უცხოეთიდან უჭერს მხარს და მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზეც “სკაიპის” საშუალებით ერთვებოდა. ყოფილ პრეზიდენტს სწორედ ასეთი ჩართვებისას და არამხოლოდ ინტერნეტით ჩართვისას არაერთელ დაუანონსებია, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

  • ამერიკის მთავრობის დიდი ნაწილი არ მუშაობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    აშშ-ის პრეზიდენტს და კონგრესს შორის არსებული საბიუჯეტო უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დიდი ნაწილი მეოთხე დღეა, დახურულია.

    800 000 ფედერალური თანამშრომელი სამსახურში აღარ დადის და ჯერჯერობით არავინ იცის, სადამდე შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელდეს, იუწყება ამერიკის ხმა.

    ამავე წყაროს ცნობით, მუშაობას აგრძელებს მხოლოდ საგანგებო სამსახურები, ეროვნულ და საჯარო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები. თუმცა, ამ უწყებების თანამშრომლებს ხელფასს არ გადაუხდიან, ვიდრე ბიუჯეტი არ დამტკიცდება და შესაბამისად, მთავრობა დახურული იქნება.

    “პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კონგრესის დემოკრატები ერთმანეთისკენ თითის გაშვერას აგრძელებენ და მთავრობის დახურვის მეოთხე დღესაც კი საბიუჯეტო რეზოლუციასთან ახლოს არ არიან. დემოკრატები პრეზიდენტს “ქვეყნის ქაოსში ჩაფლობას” აბრალებენ. ტრამპი კი ამბობს, რომ დემოკრატთა წინააღმდეგობა “უნდა დასრულდეს”.

    “პრეზიდენტს [მთავრობის] დახურვა უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს, აღარ იცის, როგორ გამოვიდეს შექმნილი ვითარებიდან”, დაწერეს ერთობლივ განცხადებაში ჩაკ შუმერმა, სენატის უმცირესობის ლიდერმა და ნენსი პელოსიმ, კონგრესის უმრავლესობის სავარაუდო მომავალმა ლიდერმა. განცხადებაში ისინი საფონდო ბირჟაზე მომხდარ მკვეთრ ვარდნას პრეზიდენტ ტრამპს აბრალებენ, ასევე საუბრობენ მის მიერ “გაჩაღებულ” ომზე ამერიკის ცენტრალურ ბანკთან (ფედერალური რეზერვის საბჭოსთან), თავდაცვის მდივნის, გენერალ ჯიმ მატისის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და სხვა მიმდინარე მოვლენებზე, რამაც მათი თქმით, ქვეყანას “ქაოსისკენ” უბიძგა.

    პრეზიდენტი ტრამპი ბიუჯეტის დამტკიცების პირობად, 5 მილიარდი დოლარით მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვს, რაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. “დემოკრატები” კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის 1.3 მილიარდი დოლარის გამოყოფას უჭერენ მხარს. ტრამპს მთავრობის დახურვის გამო, ფლორიდაში საშობაო მოგზაურობის და შვებულების გაუქმება მოუწია. “სულ მარტო ვარ (მე საწყალი) თეთრ სახლში, ველოდები დემოკრატების დაბრუნებას და შეთანხმებას”, დაწერა პრეზიდენტმა გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. მისი თქმით, “რაღაც მომენტში, დემოკრატების მხრიდან შეთანხმებაზე უარის სურვილი ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე სასაზღვრო კედელი. სიგიჟეა”, წერია ამერიკის ხმის სტატიაში.

    დღის ბოლოს კი ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე “დემოკრატები” კონგრესში მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებისთვის დაფინანსებას არ გამოყოფენ.

    “ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ გავანახლებთ”, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

  • დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დამტკიცებულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკრებულოს ოპოზიცია სხდომას პოტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

    “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა დასაწყისშივე დატოვა, “ევროპული საქართველო” კი დარბაზიდან წლიური ანგარიშისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, სხდომის მიწურულს, შეფასებითი ნაწილის დასრულების შემდეგ გავიდა. 

    მერიის ინფორმაციით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927, 6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 10, 8 მლნ ლარით.

    მათივე ცნობით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 357 მლნ ლარი, რაც 2018 წლის დამტკიცებულ მაჩვენებლებთან შედარებით 18,3 მლნ-თი მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 25,2 მლნ-თი ნაკლებია, რაც ძირითადად ავტობუსებისთვის განკუთვნილ თანხას შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში 38,5%-ს შეადგენს.

    ამასთან, მერიის ცნობით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 327,9 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 20.8 მლნ ლარით მეტია, ხოლო დაზუსტებულ ბიუჯეტთან 21,8 მლნ ლარით მეტი.

    როგორც მერიაში აცხადებენ, წელს გათვალისწინებულია საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სუბსიდიის ზრდა 20 მლნ ლარით. სოციალური და ჯანდაცვის წილი ბიუჯეტის მთლიან მოცულობაში შეადგენს 35,4%-ს.

    “2019 წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატება მინიმუმ 75 მლნ, ასევე, გარდამავალი ნაშთი. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წილი ბიუჯეტის მოცულობაში გაიზდება 43,1%-ით (432 მლნ ლარი), ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების წილი 32,7%-მდე შემცირდება.

    საკრებულოში წარდგენილია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 170 მლნ ლარით და შეადგენს 1 მილიარდ 86,9 მლნ ლარს. აქედან ავტობუსების შესაძენად გამოყოფილია 79,6 მლნ ლარი; ავტობაზების, გაზგასამართების და სხვა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად – 24,7 მლნ ლარი; მეტროს სადგურების რეკონსტრუქციისთვის 5,1 მლნ ლარი; მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განსაზღვრულია 20,4 მლნ ლარი; “თბილსერვის ჯგუფის” სპეცტექნიკის შესაძენად გამოყოფილია 7 მლნ ლარი; საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად – 15 მლნ ლარი”,აცხადებენ მერიაში.

  • ზვიად გამსახურდიას შვილებს დღეს გენერალური პროკურორი შეხვდება

    ზვიად გამსახურდიას შვილებს გენერალური პროკურორი შეხვდება. შალვა თადუმაძესთან შეხვედრას დღეს, კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად, ადვოკატი ამირან გიგუაშვილიც დაესწრება.

    შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 15:00 საათზე გაიმართება. 

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილების ადვოკატმა შალვა თადუმაძესთან შეხვედრის თხოვნით პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა.

    პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცოტნე გამსახურდია.