Category: არქივი

  • კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული მოსამართლეების საკითხის განხილვა პარლამენტმა გადადო

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ სიას
    საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.  

    “უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა  დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას”.

    ამავე თემაზე:

    ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს

    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს

    პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია

  • გუგული მაღრაძე ფილანტროპიის შესახებ კანონზე მუშაობას გეგმავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ქართული ოცნების” დეპუტატი, გუგული მაღრაძე მომავალ წელს ფილანტროპიის კანონზე იმუშავებს. მაღრაძე ამბობს, რომ მისი ინიციატივით მიღებულმა კანონმა თამბაქოსთან დაკავშირებულ აკძალვებზე, გაამართლა და მას თითქმის არავინ, მათ შორის არც დეპუტატები, არღვევენ.


    “დღეს ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება არამარტო ქველმოქმედება და გაჭირვებულის დახმარება, არამედ სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ განათლება, კულტურა, სპორტი ფეხზე დადგეს. მარტო სახელმწიფოს ბიუჯეტი არ უნდა იყოს ერთადერთი წყარო. ადამიანებს ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ, უფრო თამამად გასწიონ ფილანტროპია, განაცხადა დეპუტატმა გადაცემაში “პირისპირ”.

  • პასუხი “ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს”:ქალს მუშაობის უფლებას ქმარი არ აძლევს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ დიასახლისების ნაწილს მუშაობა არ სურს, “ქალთა მოძრაობა” საგანგებო განცხადებით პასუხობს. ტექსტში წერია, რომ საქართველოში ქალების დიდი ნაწილი ანაზღაურებად შრომაში არ არის ჩაბმული, მაგრამ ამ რეალობის მიზეზი, სიზარმაცე არ არის. “ქალთა მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ამის მიზეზები “იმაზე მეტად კომპლექსური და მძიმეა, ვიდრე ეს ღატაკი ქვეყნის მინისტრს წარმოუდგენია”.

    განცხადებაში თანდართულია უახლესი მონაცემები, რომლის თანახმად, ქალები, რომლებსაც მინისტრის აზრით, “მუშაობა არ უნდათ”, კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ აუნაზღაურებელ საოჯახო საქმიანობას იმისდა მიუხედავად, დასაქმებულნი არიან თუ არა:

    “ქალები საქართველოში კვირაში 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება. დასაქმებული ქალები, საშუალოდ, 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას – რაც მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ატარებენ. იმ ქალების 49%, რომელიც აცხადებს, რომ არ მუშაობს, ამის მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს. ყველაზე მაღალი განსხვავება ქალისა და კაცის დასაქმების დონეებს შორის შეინიშნება 25-44 წლის ასაკში, რაც მიუთითებს, რომ საქართველოში ქალებს უჭირთ ბავშვის აღზრდისა და დასაქმების შეთავსება. 44 წლის შემდეგ ქალების დასაქმების დონე მატულობს. საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და დეკრეტული შვებულება მთავარი საკითხებია გადასაწყვეტ პრობლემათა შორის”.

    ქალთა მოძრაობა ასევე წერს, რომ საქართველოში, ყოველ მეხუთე ქალს, რომელიც არ მუშაობს, მუშაობის უფლებას ქმარი არ აძლევს.

    “გიორგი ქობულიას ასევე შევახსენებთ, რომ საქართველოში ანაზღაურებადი სამსახური ქალებისათვის, ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციული და მტრულია. ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია (ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა, 2017), ხოლო დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები. სინამდვილეში ამ ქალების ერთ-ერთი ძირითადი დემოტივატორი არასაკმარისი ანაზღაურებაა”,.

    მოძრაობის წევრები ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებენ, იმუშაოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო სტრატეგიაზე და იზრუნოს იმაზე, რომ ქალების არაანაზღაურებადი შრომა სახელმწიფომ გადაინაწილოს.

    ეკონომიკის მინისტრი:დიასახლისები ამბობენ, რომ მუშაობა არ უნდათ

  • ცოტნე გამსახურდიამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

    {{ARTICLEIMAGE}}

    პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულმა გამსახურდიამ თქვა, რომ შიმშილობას წყვეტს. 

    “მე და ჩვენი ადვოკატი ამირან გიგუაშვილი შევხვდით შალვა თადუმაძეს, ვესაუბრეთ მას საქმეში არსებული ვითარების შესახებ და ამ საქმის გახსნის შესაძლო სტრატეგიებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენს მთავარ მოთხოვნაზე – შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც ექნება უფლებამოსილება და კვალიფიკაცია, განახორციელოს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები. იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებული. თადუმაძე შეგვპირდა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს ჯგუფი შეიქმნას. ის პირადად უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს. შემდეგი სამუშაო შეხვედრა იანვრის ბოლოს დავგეგმეთ. ჩემთვის მთავარი პროკურორის ის დამოკიდებულება და სიტყვები, რომლებიც დღეს მოვისმინე, არის იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი შესრულდება და შესაბამისად, მე ვწყვეტ შიმშილობას”,განაცხადა გამსახურდიამ.
  • ერთი წელი პანკისის სპეცოპერაციიდან:”ბოლო იმედიც ამომეწურა”

    {{ARTICLEIMAGE}}თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან ერთად დღეს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რადგან ფიქრობენ, რომ მიმდინარე გამოძიება არაეფექტურია. განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სუს-მა და მისმა თანამშრომლებმა ამოიღეს და ამიტომ აქვთ ეჭვი, რომ მტკიცებულებების ნაწილის ფაბრიკაცია, ან საერთოდ განადგურება მოხდა.

    ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ უკვე 5 თვეა, ელოდებიან კომპლექსური ექსპერტიზის პასუხს იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლან მაჩალიკაშვილი გასროლის მომენტში, ადგილზე ამოღებული ნივთები კი მათი თქმით, აჩვენებს, რომ ამ დროს თემირლანი იწვა, სავარაუდოდ, ყურსასმენი ეკეთა და ეძინა.

    კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი რამდენიმეთვიანი მოთხოვნის შემდეგ ოჯახმა დღეს მიიღო. მისი შინაარსი ხვალ გასაჯაროვდება, თუმცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დოკუმკენტს უკვე გაეცნენ ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი და ადვოკატი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს დასკვნა განსხვავდება მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნისგან და სამხარაულის ბიურომ სიმართლის თქმა ვერ გაბედა.

    მაჩალიკაშვილების ოჯახს საქმის მასალებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვს. სწორედ ამის თაობაზე მიმართა დღეს პროკურატურას სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წელი გავიდა და არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, ან შედეგების შესახებ, არც ოჯახს და არც მოთხოვნის მიუხედავად, ომბუდსმენს არ აქვს.

    “ამ ხელისუფლებისგან არ ყოფილა, არც გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესენი არ იტყვიან რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, ან სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა,”ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავზე.

    “გავიდა ერთი წელი ოპერაციის ჩატარების დღიდან კი არა, თემირლანის დახვრეტის დღიდან. იმ დღეს თემირლანის ცხედარი იქნა გატაცებული ჩემი ოჯახიდან, რომ მისი თავიდან კვალი წაეშალათ. ერთი წელია, ველოდები ამ არშემდგარი ხელისუფლებისგან, ბოროტით სავსე შექუჩებული ხროვისგან, თუნდაც პატარა რამით მიანც ეღიარებინათ ის შეცდომა, რაც სახელმწიფომ, ამ ხელისუფლებამ დაუშვა, მაგრამ ამაოდ”, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე გამართულ მდუმარე აქციაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად შეკრებილმა ადამიანებმა, მათ შორის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძემ; ჟურნალისტმა ელისო კილაძემ კიდევ ერთხელ მოითხოვეს პასუხი ხელისუფლებისგან – ვინ და რატომ ესროლა 19 წლის თემირლანს და რატომ არ ისჯებიან დამნაშავეები.თემირლან მაჩალიკაშვილის ითხოვს, რომ დამნაშავეების დასჯასთან ერთად, მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

    “ვიდრე ჩემი შვილის უდანაშაულობა არ დადგინდება და ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ. ვფიცავ დღევანდელ დღეს, ჩემი შვილის სულს ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ”, განაცხადა მედეა მარგოშვილმა. მანვე განაცხადა, რომ “მისი შვილის მკვლელობიდან ერთი წლისთავზე სიმართლის დადგენის ბოლო იმედი ამოეწურა”.

    როგორც ცნობილია, გამოძიების მიმართ ეჭვები და კითხვები არ აქვს ხელისუფლებას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გამოძიებს შედეგებს უნდა დაელოდონ და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნაც, გამოძიების დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეთანხმებიან საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას, რადგან არცერთ კითხვაზე – რა იყო პანკისის სპეცოპერაციის მიზანი, რას ედავებოდნენ თემირლანს და ჰქონდა თუ არა მას აკრძალული ნივთი – პასუხი არ არსებობს.

  • დედაენა სკოლებში: “გოგებაშვილი რომ ცოცხალი იყოს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იქნებოდა”

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ქვეყანა, რომელიც ვერ ახერხებს თანამედროვე რესურსის შექმნას თავისი მომავალი თაობისათვის წერა-კითხვის სასწავლებლად და მეცხრამეტე საუკუნის სამუზეუმო ექსპონატებს უბრუნდება, ძალიან ბუნდოვანი მომავლის წინაშე დგას!”, მიიჩნევს განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა, რომელიც სკოლებში გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული “დედაენის” შეტანის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე საუბრობს. 

    აფხაზავა ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა თავად გოგებაშვილისეულ სამ ძირითად პრინციპს არღვევს:

    “ჩემი ღრმა რწმენით, გოგებაშვილის სახელმძღვანელოს წარმატების მთავარი განმაპირობებელი იყო სამი ძირითადი პრინციპის ერთობლიობა: I. გოგებაშვილი დაეყრდნო, ი მ დ რ ო ი ს თ ვ ი ს ინოვაციურ და თანამედროვე დასავლურ მეთოდოლოგიას (რომელიც რუსეთის გავლით მოხვდა საქართველოში); II. მან მოარგო სახელმძღვანელოს ტექსტები მოსწავლეთა, ი მ დ რ ო ი ს თ ვ ი ს არსებულ ინტერესებს და III. მან გაითვალისწინა კოლეგების კრიტიკული მოსაზრებები და მრავალჯერ ძირფესვიანად გადაამუშავა და შეცვალა თავისივე სახელმძღვანელო (მათ შორის მეთოდიც).

    დღეს, სამწუხაროდ, თითქოსდა პატრიოტიზმში შეფუთული ამ სრულიად გაუგებარი ინიციატივით ხდება მისი ამ სამივე ძირეული პრინციპის უგულებელყოფა!

    თან ამაზე დროის და კალორიების ხარჯვა ხდება მაშინ, როდესაც სახელმძღვანელოების შექმნის არსებული სისტემა (გრიფირება) სრულიად არაადეკვატური და არაეფექტურია (ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ). ეს სისტემა ავტორებს ს ა მ თ ვ ე შ ი სთხოვს სახელმძღვანელოს შემუშავებას (!!!), ექვსი თვე ანდომებს მათ შეფასებას და მაინც ვერ ახერხებს ამ შეფასების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზების თავიდან აცილებას.

    იმის ნაცვლად, რომ ახლა კანონმდებლები, აღმასრულებლები და საზოგადოება იმით ვიყოთ დაკავებული, როგორ შევქმნათ სახელმძღვანელოების მოქნილი მოდელი, რომელშიც ჩართული იქნებიან უნივერსიტეტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, ჩვენ რას ვაკეთებთ? ვებრძვით ქარის წისქვილებს!

    დარწმუნებული ვარ, დღეს რომ იაკობ გოგებაშვილი ცოცხალი იყოს, ამ ინიციატივის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე თავად იქნებოდა!

    P.შ. სულმოუთქმელად ველი, როდის გახდის ჯანდაცვის კომიტეტი სავალდებულოს კარაბადნით მკურნალობას ჩვენს საავადმყოფოებში”, ამბობს რევაზ აფხაზავა.


    პარლამენტის წევრებმა ზაზა გაბუნიამ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, “დედაენა” – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს მოამზადებს და დაბეჭდავს სასწავლო პროცესისთვის.

    საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, “დედაენა”, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან და სკოლის მოსწავლეები შეუფერხებლად სწავლობდნენ ამ წიგნით”.

    პარლამენტის განათლების კომიტეტმა ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

  • საახალწლო აქტივობების ფარგლებში 1 778 800 ლარის ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო აქტივობებისთვის გამოყოფილი 1 777 800 ლარიდან ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ “ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა ტენდერით ვერ მოხდებოდა”, ამიტომ ჩატარდა “გამარტივებული შესყიდვა”.

    დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს თანხა დაიხარჯება 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის, 270 მომსახურე პერსონალის ხელფასზე, ასევე, საახალწლო ატრიბუტიკის, 50-მდე კონცერტისა და გალაკონცერტის მოსამზადებელ სამუშაოებზე.

    საახალწლო სოფელი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 28 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიხსნება და ღონისძიებები 13 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო გალაკონცერტი თბილისში 31 დეკემბერს გაიმართება.

  • ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი, – ასე ეხმაურება ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის დასახელებას.

    ომბუდსმენი პარლამენტს ასევე მოუწოდოს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭირვალე პროცედურა.

    “24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს კონსტი ტუციით არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შევიდა ძალაში. კონსტიტუციური რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის განსაზღვრა.

    კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული, საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს.

    იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის არის შექმნილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში მისი ჩართულობის მიზანი (ნაცვლად პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) პროცესის გაჯანსაღება უნდა იყოს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით.

    საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით. ბუნებრივია, აღნიშნული მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არა ერთადერთი. აუცილებელია გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნას მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე და არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებას, მოსამართლეთა კორპუსს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი პროფესიული გამოცდილებით და კვალიფიკაციით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს.

    საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლეს საკასაციო ინსტანციას წარმოადგენს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს სასამართლო სისტემაში და ბუნებრივია მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე უმნიშვნელოვანესია. პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ უფლების რეალიზაცია თანასწორ საწყისებზე უნდა წარიმართოს.

    საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა. ასევე უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არც ერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს.
    საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი (პლენარულ სხდომაზე საკითხის მხარის არ დაჭერით), დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭვირვალე პროცედურა”, წერია ომბუდსმენის განცხადებაში.