Category: არქივი

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამების კანონზე კონსულტაციებს დაიწყებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ  “უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს”. მოისწრაფიშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია, თუმცა “უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული უნდა იყოს შეურაცხყოფისგან”.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება ცილისწამებას, თუმცა მოიცავს “ფეიკნიუსებსაც”. მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან.

    “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე სწავლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება რომელიმე თუნდაც საუკეთესო გამოცდილების ქვეყნის მქონე დოკუმენტის კოპირება. ეს უნდა იყოს ქართული დოკუმენტი დაფუძნებული სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსზე.
    საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება”, აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა, რომლის კომენტარს გამცოემა “ლიბერალი” ავრცელებს.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებით გამოვლენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს ხვალ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

    მოსამართლეთა ღია კონკურსით შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი, შერჩევის ფილტრი და კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება – სწორედ ამ პრინციპებს ითვალისწინებს ინიციატივა, რომლის მიზანიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმის შეცვლაა. იუსტუიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ამბობენ, რომ კანდიდატებთან გასაუბრება საჯარო უნდა იყო და ის ყველა მოქალაქემ უნდა ნახოს.

    უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ღია კონკურისის წესით შერჩევის აუცილებლობაზე საუბრობენ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ინტერესთა კონფლიქტის წესები აუცილებლად დარეგულირებული უნდა იყოს. თუმცა მათივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ღირსეული კანდიდატების შერჩევა იუსტიციის საბჭოს სრული განახლების შემდეგ არის შესაძლებელი.

    იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე საუბრობენ. გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ კრიტერიუმებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და მას საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილვებზე წარადგენენ. მისივე თქმით, კრიტერიუმების შემუშავება კონკრეტული სახელების და გვარების მიხედვით არ უნდა მოხდეს.

    საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბოერბენ ოპოზიციაში. რომან გოცირიძის თქმით, უკვე არსებული სიის შეცვლა შედეგს ვერ მოიტანს, რადგან ეს ადამიანები სასამართლო სისტემაში ტანამდებობებზე მაინც რჩებიან. მისი განცხადებით, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო დიალოგისთვის მუდამ მზადაა და პროცესი გამჭირვალედ უნდა წარიმართოს

    უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწსებელ მოსამართლეთა სიაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება. თუმცა ჯერ კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს – როდის დაიწყება ამ კრიტერიუმებზე მუშაობა და როდის შეიკრიბება სასამართლო რეფორმირების ჯგუფი – ჯერ უცნობია.

  • შს მინისტრი ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მან განმუხურის საგუშაგოზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მინისტრი განმუხურის გარდა, საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე, ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

  • ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული წითელაშვილი პრემიერს მისალოცი ბარათისთვის მადლობას უხდის

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ევროპული საქართველო” პრემიერ-მინისტრისგან, ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ტრისტან წითელაშვილისთვის გაგზავნილ საახალწლო მისალოც ბარათთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ გუნდს პრორუსული ძალების ღია მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ტრისტან წითელაშვილმა პრემიერის საახალწლო მისალოცი ბარათი საკუთარ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა.

    წითელაშვილისთვის პრემიერის მიერ საახალწლო ბარათის გაგზავნას სამარცხვინო ნაბიჯს უწოდებს  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ ეს ტექნიკური შეცდომა იყო, მამუკა ბახტაძემ ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს.

    რა ნიშნით, ან ვის მიულოცა პრემიერმა ახალი წელი – ამის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ანრი ოხანაშვილს. თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძე სწორ არჩევანს გააკეთებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ, თავად წითელაშვილს კი თავისი ვერსია აქვს იმაზე, თუ რატომ მიულოცა მას პრემიერმა ახალი წელი.

    “ალბათ, გადახედა ჩემს წარსულს, ჩემს დამსახურებებს ჩემი ქვეყნის წინაშე. აფხაზეთი-სამაჩაბლოს ბრძოლასთან დაკავშირებით და ის, რაც შეიარაღებულ ძალებში გამიკეთებია და დამინერგია”, თქვა წითელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ცნობით. მანვე აღნიშნა,  რომ მას ახალ წელს გიორგი კვირიკაშვილიც ულოცავდა როგორც ვეტერანს. წითელაშვილის თქმით, მას კვირიკაშვილისგან სასაჩუქრე ამანათიც აქვს მიღებული ღვინისა და კონიაკის სახით.

    ტრისტან წითელაშვილს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა ბრალად.

    ტრისტან წითელაშვილი “ქართულმა ოცნების” ხელისუფლებამ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ამასთან, გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე აცხადებდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ტრისტან წითელაშვილმა ფირზე გადაიღო, რომელიც შემდეგ საქართველოს მტერი ქვეყნის ხელში აღმოჩნდა. საიდუმლო ბაზაზე შესვლა კი სამსახურებრივი საშვით შეძლო. თავად პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით “ჩვეულებრივ ბაზაზე” იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო/ვიდეო არ გადაუღია.

  • საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განცხადება მოსამართლეობის კანდიდატებზე

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ  მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესი პარლამენტში უნდა შეჩერდეს, ხოლო შერჩევის მკაფიო და მაღალი კრიტერიუმები კანონით უნდა განისაზღვროს.

    როგორც ეროვნული პლატფორმის განცხადებაშია ნათქვამი,  იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ სიაში არიან მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია, უდავოდ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ,  ეროვნული პლატფორმა თავად იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასაც მოითხოვს- საბჭოში ამა თუ იმ ჯგუფის კლანური თუ პოლიტიკური დომინირების რისკების შესამცირებლად. განცახდებას 30-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს

    შემუშავდეს ახალი სამართლებრივი მიდგომები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლიბერალური აკადემია თბილისი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი, თავისუფალი არჩევანი, ასოციაცია „მერკური“, ადამიანის უფლებების დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურს ცენტრი, ენერგოეფექტურობის ფონდი, ახალგაზრდული ალტერნატივა, მეწარმე ქალთა ფონდი, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ფონდი კავკასიის ეკოლოგია, ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“, კავშირი ეკოტეკი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, “ციხის საერთაშორისო რეფორმა”, ასოციაცია “გადავარჩინოთ მომავალი თაობა”, “ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, საქართველოს პრესის ასოციაცია, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ტოლერანტი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრი, ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის, პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”, ასოციაცია “სკოლა-ოჯახი-საზოგადოება” და ასოციაცია “ტოლერანტი”.

  • ალექსანდრე ბარამიძე: მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა მფარველობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, რომელსაც სასამართლო ხელში აქვს ჩაგდებული, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა მფარველობს – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით,  ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეები არა უკანონო ბრძანებების შემსრულებლებად, არამედ რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა,

    “ისინი ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმებით იღებენ საზოგადოების ინტერესებისა და წუხილების გაუთვალისწინებლად და საზიანოდ, რაც მთავარია, თავად მართლმსაჯულების საზიანოდ. მათ აქვთ მიზანი, შეასრულონ პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთები და ამით მოახდინონ საკუთარი თავის ლეგიტიმაცია და შემდეგ იზრუნონ საკუთარი თავის სამუდამოდ დასამკვიდრებლად სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან. ეს პროცესები დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა ლევან მურუსიძის თანდასწრებით, რომ ის მოსამართლეები, მათ შორის პირადად მურუსიძე, რომლებიც წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდნენ და მისი მთლიანად კონტროლის ქვეშ იყვნენ, სინამდვილეში დანაშაულებრივი და უკანონო ბრძანებების შემსრულებლები კი არა, იმ წინა რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ადამიანები როგორც წინა, ასევე ახალი რეჟიმის სამსახურში სრულიად მარტივად ჩადგნენ. ეს ხალხი მთლიანად დაეპატრონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოებში პირველი ინსტანციის სასამართლოებსა და სააპელაციო ინსტანციას. შეხედეთ იმას, რომ ისინი გამუდმებით დევნიან სასამართლოდან მათ, ვინც მათი კლანის წევრები არ არიან და ნიშნავენ უვადოდ მოსამართლის თანამდებობებზე თავისი კლანის წევრებს. ახლა მათი ამოცანაა, თავისი თავი და თავიანთი ხალხი გაიყვანონ უზენაეს სასამართლოშიც, რითაც მთელი ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ “ჩაიხურება”, – განაცხადა ბარამიძემ.
    “თავისუფალი დემოკრატების” წევრის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების 10-კაციანი სია მთლიანად უნდა “ჩააგდოს” და უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი.

    ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით “პარლამენტმა უნდა “ჩააგდოს” მოსამართლეთა სიის თითოეული კანდიდატურა, რადგან იუსტიციის საბჭომ ისინი თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე წარმოადგინა. ასევე, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დემონტაჟი, საიდანაც პირველ რიგში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან ალიანსში მყოფი ქადაგიძე, ძგირიშვილი და ხარებავა უნდა გაიწვიონ, რომლებიც ალიანსში იმყოფებიან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანთან.

    “ამის გაკეთება შესაძლებელია პარლამენტის რეგლამენტითა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით დადგენილი წესით. მათი გაწვევის საფუძველი იქნება ის, რომ ისინი არაჯეროვნად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. კარგი იქნება, თუ მოსამართლეთა კორპუსი იმავეს გააკეთებს – მთლიანად ეს კორპუსი არ შედგება კლანის წევრებისგან, იქ ძალიან ბევრი წესიერი მოსამართლეა, მიუხედავად იმისა, რომ კორპუსის თავში კლანია. მათი 1/5 თუ შეგროვდება, შეუძლიათ მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევა და საკითხის დაყენება იმ მოსამართლე წევრების გაწვევის შესახებ, რომლებიც იუსტიციის საბჭოში ასე მიდიან საზოგადოებისა და მართლმსაჯულების ინტერესების წინააღმდეგ. ამას გარდა, უნდა გაიწეროს პროცედურა და მოთხოვნები, როგორ უნდა შეირჩნენ კანდიდატურები პარლამენტში უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოში მოქმედი კანონითაც ვერ განაწესებ მოსამართლეს, თუ მას პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება არ აქვს. გარდა ამისა, უნდა გაიწეროს, თუ როგორ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესში არამოსამართლე იურისტები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შიეძლება იყოს ის, ვინც მოსამართლე მანამდე არ ყოფილა, ანუ საზოგადოების წარმომადგენელი. ამ 10-კაციან სიაში ასეთი არც ერთი არ არის, ყველა სასამართლოს წიაღიდანაა. ამ ხალხს უბრალოდ არ უნდა, საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. ხოლო პროცესი უნდა იყოს ღია, საკონკურსო და ბევრი სხვა პიროებბი შეიძლება იყოს გათვალისწინებული”, აღნიშნა ბარამიძემ.