Category: არქივი

  • ჯვრის მონასტრის დაკეტვის ზუსტი მიზეზი ცნობილია

    {{ARTICLEIMAGE}}
    მონასტრის დაკეტვის მიზეზებზე ჯვრის მონასტრის საძმო განცხადებას ავრცელებს. ტექსტიდან ირკვევა, რომ მონასტრის დაკეტვა მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა.

    “მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროსთვის და განსაკუთრებით ყოველი ქართველისთვის, წარმოადგენს წმინდა ადგილს. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული მორწმუნეთათვის ის სათაყვანებელი ადგილია და მისდამი პატივისცემით მოპყრობა ათეისტურ პერიოდშიც კი ვლინდებოდა. იგი იუნესკომ-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა და მისდამი ზრუნვა ითავა სახელმწიფომ და წლების განმავლობაში სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებდა.

    მრავალი წელია, ტაძრის მოსალოცად და მოსანახულებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან მორწმუნეები და ტურისტები. მცხეთის ჯვრის მონასტრის მონახულება საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების პროგრამის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ, გასულ წლებში სახელმწიფომ მოაწყო ავტოსადგომი და ცივილური ფორმა შესძინა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას, ხოლო მცხეთის საკრებულომ გამოსცა დადგენილება გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ. ამის მიუხედავად, 2017 წლიდან მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, კანონის დარღვევითა და დადგენილი წესების უგულებელყოფით მოვაჭრეებმა დაიკავეს ავტოსადგომის ტერიტორია და დაიწყეს უკანონო საქმიანობა, რამაც ადგილზე წარმოშვა ანტისანიტარია და განუკითხაობა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით ამ პრობლემის მოგვარებას, ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა. დაუშვებლად მიგვაჩნია ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ანტისანიტარიასა და უწესრიგობაზე ასეთი უმოქმედობა.

    გუშინდელი ქმედება წარმოადგენდა ჩვენი გამოხატვის უკიდურეს ფორმას და მიზნად ისახავდა ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რათა მომხდარიყო პრობლემის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია და საკითხის ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტა”,წერია განცხადებაში, რომელშიც მითითებული არ არის, როდის აპირებს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მონასტრის გახსნას.

    ჯვრის მონასტერი 14 იანვარს დილით, მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით დაიკეტა.

  • გამოძიება დაიწყო: ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები, კურთხევა მაქვს მეუფე იობისაგან

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული პოსტის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმება, რაც შსს-ში გამოიკითხება პოსტის ავტორი. როდის გეგმავს უწყება ა.ჯ-ს გამოკითხვას, ჯერჯერობით უცნობია.

    მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები: “ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას. ეს არის 21-ე საუკუნის კიბო, რომელიც ფესვებიდან უნდა აღმოვფხვრათ”. როგორც ა.ჯ. ფეისბუქში წერს, დაჯგუფებების შექმნის “კურთხევა” მას მიღებული აქვს რუის ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობისაგან.

  • გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია, ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდეა შემცირებული. შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

    ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპის გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობის კურსს.

    როგორც ცნობილია, ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. სააფთიაქო ქსელებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს ექიმის დანიშნულებით უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათ ანტივირუსული მედიკამენტი ქვეყანაში შემოტანილი ახალი მარაგიდან მიიღეს. 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა. დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.

    ყველა პირი პრეპარატ “ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. მედიკამენტების სააფთიაქო ქსელებში განაწილების შესახებ ინფორმაცია კი, სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) იქნება ხელმისაწვდომი.

    ანტივირუსული მედიკამენტის ქვეყნის ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაცემის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გახდა ცნობილი. ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ეკუთვნის. 

  • “ვიყავი მათ რიგებში ვინც სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა – ასეთი გენიალური, უწყინარი, წესიერი და პატრიოტი ჯერ არ შემხვედრია”

    {{ARTICLEIMAGE}}
    მუსიკალური ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. აღწერაში კი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს პირსისხლიან დიქტატორად თვლიდა, დღეს დარწმუნდა, რომ ასეთი გენიალური, უწყინარი, წესიერი და პატრიოტი ჯერ არ შეხვედრია”.

  • რას ამბობს პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის გარდაცვალებაზე

    {{ARTICLEIMAGE}}
    სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, ბიძინა ცხადაძე N14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს მოათავსეს და ამ დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.

    “სასჯელის მოხდის პერიოდში ბიძინა ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია. მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა. 13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80. ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, იგი მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე. 18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

  • ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი: ვმუშაობთ, რომ არ დაგემართოთ ციებ-ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია

    ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი ლელა ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს:

    “მე ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ, ადრე მას შავი ჭირის სადგური ერქვა, პოლიომიელიტის განყოფილებაში. ანი გრიპზე მუშაობს, თეკო ეშერიხიაზე, გვანცა ტულარემიაზე, ჟღენტა შავ ჭირზე, ქეთო ბრუცელაზე და ხმალიკა ჯილეხზე.

    ჩვენ, ასეთი ჩვეულებრივი სახელებით ვმუშაობთ გრიპზე და ზემოთ ჩამოთვლილ ბევრად საშიშ ინფექციურ დაავადებებზე, უსაფრთხო გარემოში ვდგამთ ანალიზს და მათ ვარქმევთ სახელებს რომ ექიმებს გაუადვილდეთ თქვენთვის დიაგნოზის დასმა და დანიშნულების მოცემა, რომ თქვენ მშვიდად იმუშაოთ ფერმებში, წამოწვეთ მწვანე მინდორზე, იმოგზაუროთ ეგზოტიკურ ან არააეგზოტიკურ ქვეყნებში და არ დაგემართოთ კიდევ უფრო ხმაურიანი ყირიმ კონგოს ციებ-ცხელება, ებოლა, ზიკას ვირუსი ან მალარია.

    უფრო მეტიც როცა თქვენ მშვიდად გძინავთ ან ისვენებთ, იგივე დაავადებებს ვაკონტროლებთ, ნახმარ წყლებში, ნიადაგში, მღრღნელებში, ტკიპებსა და კოღოებში, მე ჩემს შვილს ამაზე ვუყვები და ამაყი ვარ რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში ლუგარის ლაბორატორიაში ვმუშაობ , რომელსაც ადრე შავი ჭირის სადგური ერქვა”, – წერს ლელა ურუშაძე.

    ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება, სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გამოყენება და ხალხის მოწამვლა – ამ ყველაფერს, უკვე წლებია, რუსეთის ხელისუფლება და მისი მედია თბილისში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას აბრალებს.

  • ტურისტები ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე შესვლას ღობეზე გადასვლით ცდილობენ

    {{ARTICLEIMAGE}}
    მცხეთაში, ჯვრის მონასტერი ტურისტებისა და მომლოცველებისთვის კვლავ დაკეტილია. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ჩართვიდან ირკვევა, რომ ტურისტები ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე მოხვედრას შემოვლითი გზით, ღობეზე გადასვლით ცდილობენ. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარემოვაჭრეებიც და როგორც ისინი ამბობენ, არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონასტერი არ გაიხსნება.

    ჯვრის მონასტერი 14 იანვარს, დილით, მონასტრის წინამძღვრის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიხურა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მონასტრის ჩაკეტვის მიზეზი გახდა ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება. მისი სიტყვებით, ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი ვითარებაა, რაც ამახინჯებს გარემოს და ქმნის მონასტრისთვის შეუსაბამო მდგომარეობას.

  • ცნობილი ქართველი დიპლომატის ხსოვნის საღამო ვენაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ცნობილი ქართველი დიპლომატი, 2013-2017 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გაიხსენეს ვენაში, წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში გამართულ ღონისძიებაზე. საღამო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მოეწყო და ის კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება, რომელსაც კონსტანტინე ზალდასტანიშვილის ოჯახის წევრები, ავსტრიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    “გამოვხატავთ მადლიერებას კონსტანტინე ზალდასტანიშვილის – ჩვენთვის უბრალოდ კოტეს მიმართ, მის მიერ ქვეყნის განვითარებასა და ავსტრია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ის მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. მისი სახელი ავსტრიას არ დაავიწყდება”, განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა კარლჰაინც კოფვმა.

    “ჩვენ ძველი ქვეყანა ვართ, მაგრამ ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც მიისწრაფვის ევროპაში დამკვიდრებისთვის, სწორედ ასეთი ქვეყნისთვის შესაფერისი საუკეთესო დიპლომატიური თვისებებით იყო დაჯილდოებული კონსტანტინე ზალდასტანიშვილი. ის აკეთებდა ყველაფერს ქვეყნის განვითარებისთვის და არა მხოლოდ თავისი პროფესიონალიზმით, არამედ პიროვნული თვისებებით იზიდავდა ხალხს თავისკენ, მაშასადამე საქართველოსკენ. მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ის ჩვენს გულებში მუდამ დარჩება”, განაცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რეზო გაჩეჩილაძემ.

    სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა დავით დონდუამ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა, ეუთო-ში კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატაშა კაერმა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორმა კატარინა ვიზერმა.

    საკუთარ გამოსვლებში ღონისძიების საპატიო სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კონსტანტინე ზალდასტანიშვილის წვლილს ქართული დიპლომატიის განვითარებისა და ქვეყნის მნიშვნელოვანი საგარეო წარმატებების მიღწევის საქმეში, განსაკუთრებით აღინიშნა ელჩის დამსახურება ბოლო პერიოდში საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.

    კოტე ზალდასტანიშვილის ხსოვნის საღამოზე, ვენის წმინდა სამების ბერძნულ ტაძარში ასევე გაიმართა მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.