Category: არქივი

  • პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბიშვილმა ამჯერად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან გამართა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. 

    “შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ”,იუწყება პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესსამსახური. 

    აღსანიშნავია, რომ  საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, შეხვდა, მანამდე კი ვიცე-პრემიერს, შს მინისტრს გიორგი გახარიასთან გამართა მოლაპარაკებები.

  • რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა

    MMA-ს ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ სპორტსმენმა ფანებს სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოთი ამცნო.

    იგი მესამე ქართველი იქნება, ვისაც UFC-მ კონტრაქტი შესთავაზა.

  • პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი 21 იანვარს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

    როგორც ცნობილია, ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა და პრეზიდენტი პირველივე სამუშაო დღეების დროს ამბობდა, რომ მისი პირველი ვიზიტი ევროპაში, მათ შორის ბრიუსელში შედგებოდა.

  • “სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს”- განაცხადა დავით სერგეენკომ

    {{ARTICLEIMAGE}}
    იაშვილის კლინიკაში 16 იანვარს 7 დაშავებული ბავშვი შევიდა, რომელთა მკურნალობისთვის 1 ერთეული სისხლის პროდუქტი დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტაა – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო “სისხლის ბანკის” მოწოდებას, ჩააბარონ სისხლი, რადგან სისხლის მარაგის რაოდენობა შემცირებულია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

    “საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს შეფასების უფლებას, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ ეს უბედური შემთხვევა გამოიყენონ თავისი მარკეტინგისთვის, მოიზიდოს უფასო დონორები, დაამზადოს პროდუქტი, რომელსაც შემდეგ კომერციულად გაყიდის, ამის შეფასებას უბრალოდ საზოგადოებას მივანდობ. ამის შეფასების უნარი ჩემ შესაძლებლობებს აღემატება, საზოგადოებამ განსაჯოს ეს”, განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

    იაშვილის საავადმყოფოს ეზოში მდებარე შპს “სისხლის ბანკი” მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასვე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც, როგორც დაწესებულების ხელმზღვანელი ამბობს, ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა შემცირებულია. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი კი აცხადებს, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია სისხლის დეფიციტს ვერ გამოიწვევდა. მისი თქმით, სისხლის გადასხმა, ისიც მინიმალური რაოდენობით მხოლოდ ერთ პაციენტს დასჭირდა.

     

  • ეპიდაფეთქება:სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად იმატებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელა არ არის სახუმარო დაავადება. ის სერიოზულ გართულებებს იწვევს და შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი.

    წითელასთან დაკავშირებით მივმართავ მოსახლეობას – პირველი ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად იმატებს წითელას რაოდენობა. პირველი იანვრიდან სულ 312 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 2000-2200 შემთხვევა იყო. სამწუხაროდ სამი გარდაცვალებით დასრულდა.

    წითელა ევროპაში

    “გასულ წელს 41 000 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 35 გარდაცვალებით დასრულდა.

    ვის ემართება წითელა

    წითელა მხოლოდ იმუნიზაციას ემორჩილება. წითელა ემართება იმ ადამიანებს, ვისაც არ გადაუტანიათ ეს დაავადება ან არ გაუკეთებიათ აცრა. აცრის ან დაავადების გადატანის შემდეგ, რჩება მყარი იმუნიტეტი და დიდი ალბათობით 97-98 პროცენტს წითელა მეორედ არ ემართება. საქართველოში ​დაავადებულების ყველაზე დიდი კონცენტრაცია, 56 პროცენტი 20-40 წლის ადამიანებზე მოდის, რვა პროცენტი 0-1 წლამდე ასაკის ბავშვებზე. სავარაუდოდ მათ დედებს აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, სერიოზულად იზრდება წითელას შემთხვევების რაოდენობა და იმუნიზაციის გარეშე მისი შეჩერება ვერ მოხერხდება.

    “ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიმართოს პოლიკლინიკას და აიცრას სრულიად უფასოდ. მოვუწოდებ მშობლებს, გაიხსენონ აქვთ თუ არა მათ შვილებს წითელას საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. თუ არ აქვთ, აცრან ბავშვები. ასევე, 20-40 წლის მოქალაქეებს თუ არ გადაუტანიათ წითელა ან თუ არ აქვთ აცრა გაკეთებული, მიმართონ პოლიკლინიკებს“.

    განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კახეთსა და იმერეთს, სადაც განსაკუთრებით მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი.

    “დაავადება სერიოზულად იზრდება. გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება. გუშინ მომზადდა მთავრობის განკარგულება წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ღონისძიებების შესახებ, სადაც სერიოზულად მკაცრდება ნორმები და ეძლევათ მითითება შესაბამის უწყებებს აუცილებელ აცრებთან დაკავშირებით“.

  • პოლიციის და სუს-ის გადაცდომები HUMAN RIGHTS WATCH –ის ანგარიშში

    {{ARTICLEIMAGE}}Human Right Watch–ის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ქართული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ გადაცდომებს. ამ თავში ყველა ის გახმაურებული შემთხვევაა მოყვანილი, რომელსაც გასულ წელს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და პროტესტი მოჰყვა. ანგარიშში წერია:

    პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ ძალადობაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა

    “პრობლემად რჩებოდა სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებისთვის. გამოძიებები, მათი დაწყების შემთხვევაშიც კი, ისეთი მუხლებით მიმდინარეობდა, რომლებიც მსუბუქ, შეუსაბამო სანქციებს ითვალისწინებდა. იშვიათად დგებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც. შესაბამისი ორგანოები მომჩივნებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითიც შესაძლებლობას ართმევდნენ, გასცნობოდნენ გამოძიების მასალებს.

    წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 149 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა რვა შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ გამოძიებებს შედეგად არც ერთი სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია.

    ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. კანონი პროკურატურას ანიჭებს ამ ორგანოს მიერ გამოძიების ჩატარებაზე ზედამხედველობას, მათ შორის ნებისმიერ საგამოძიებო პროცედურაზე სავალდებულო მითითებების მიცემის ან საგამოძიებო გადაწყვეტილებების შეცვლის უფლებამოსილებას, რაც ამ ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს ზღუდავს.

    მაისში სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 2017 წლის დეკემბერში 15 უფროსკლასელის ჩხუბში 16 წლის ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ეჭვმიტანილები ნაწილობრივ გამართლდნენ, მასობრივი პროტესტი მოჰყვა სამართალდამცავთა მიკერძოების წინააღმდეგ. გარდაცვლილთა ოჯახების მტკიცებით, პროკურატურამ განზრახ დამალა და გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტის შედეგად გადადგა მთავარი პროკურორი და შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრთა უმრავლესობას ოპოზიციონერი პარლამენტარები წარმოადგენდნენ.

    კომისიის მიერ სექტემბერში მომზადებული დასკვნის მიხედვით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ჩხუბის ორი მონაწილის ნათესავია, ხელი შეუწყო დანაშაულის ზოგიერთი ელემენტის დაფარვას. ალტერნატიული დასკვნა მოამზადეს კომისიის წევრებმა მმართველი პარტიიდან, რომლის თანახმადაც გამოძიების ხარვეზები არ უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იყო „არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის“ შედეგი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ, ზაზა სარალიძემ, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა როგორც გამოძიების გამყალბებელთა დაცვის მცდელობა და საპროტესტო აქციები განაახლა. ოქტომბერში სამართალდამცავებმა სარალიძე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლაში უშლიდა ხელს, ჯოხი ჩაარტყა. სარალიძეს, რომელიც გირაოთია გამოშვებული, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილი 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, დაკავების დროს მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის აფეთქება სცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ამ დაუდასტურებელი ბრალდებას. ისინი ამტკიცებენ, რომ თემირლანს ეძინა, როდესაც ოფიცრები მის ოთახში შევიდნენ და სროლა დაიწყეს. ხელისუფლებამ დაიწყო მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელიც კვლავ მიმდინარეობდა წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროს. მაჩალიკაშვილების ოჯახს უარი ეთქვა მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე, რითაც ხელისუფლებამ მათი გამოძიების მასალებზე წვდომა შეზღუდა.

    მაისში სამდღიანი საპროტესტო აქცია მოჰყვა პოლიციის სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებს დედაქალაქის ორ ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდების ჩატარების დროს. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, კერძოდ, ხალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, მოამზადეს ანგარიში, სადაც საუბარია პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე იმ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ამ კლუბებთან რეიდების გასაპროტესტებლად სპონტანურად შეიკრებნენ და აგრეთვე, მრავალი დემონსტრანტის თვითნებური დაკავების შემთხვევებზე.

    დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ახორციელებს.



  • ევროკავშირი საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონ ლარს გადმორიცხავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველომ ევროკავშირისგან 36,8 მილიონი ევროს(110 მილიონი ლარი) გრანტი მიიღო. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.

    ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება. ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი: “ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოაქლაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება.”

  • სააკაშვილი: დამნაშავეა “ყაზტრანსგაზი”, რომელიც ივანიშვილმა კალაძეს გადაუფორმა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ყოფილი პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის მადლობას უხდის. სააკაშვილის ამბობს, რომ ეს უბედურება კორუფციის, განუკითხაობის და ყველაფრის ჩამოშლის პირდაპირი შედეგია, ხოლო დამნაშავეა “ყაზტრანსგაზი”, რომელიც სააკაშვილის თმით, ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირად საკუთრებაში გადაუფორმა.

    “სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ. საჭიროა ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს! ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას…დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის… ამავე დროს,ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, “ყაზტრანსგაზის”, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ”…