Category: არქივი

  • ყოფილი “თავისუფალი დემოკრატი” ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლის რანგში განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და პროექტების ეფექტურობას ცხადყოფს.

    “გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რაც წარმოადგენს მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დისკრედიტებულ იქნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე. 

    2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს. ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნით. დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს ჩვენი რეფორმების და პროექტების ეფექტურობას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. 2019 წლის 18 იანვარს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მიესალმა ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის ნოემბერში ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფი დელეგაციის მიერ ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შედეგი”, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა კომუნიკაციის ახალი ფორმატი.

    “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. რაც შეეხება დეტალებს, დამტკიცებულ საინვესტიციო პორტფელში გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობის და დაფინანსების წყაროების შესახებ, აღნიშნული განმარტებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • “კორუმპირებული უგულავა მიამიტი სახით და კალაძე წინამორბედის ჩრდილში”: კალაძე-უგულავას დაპირისპირება

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი, კახა კალაძე მის წინამორბედს, გიგი უგულავას ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის თემასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა. მთავრობის დღევანდელი სხდომა კალაძემ ამ თემით დაიწყო:   

    “მინდა, დავიწყო თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემით. ეს არის ვაკის პარკში, გიგი უგულავას მიერ, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი – უვადო სპეცნებართვა და ამ კომპანიას მიეცა უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა ააშენოს, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულია.

    ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან მძიმეა. ამ მშენებლობას აქტივისტების ჯგუფი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია – ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული.

    რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი, მინაბული სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა, რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი”,განაცხადა კახა კალაძემ.

    რაც შეეხება ინვესტორს, კალაძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა: “ეს ცალკე ისტორიაა – ის პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში – ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ”.

    თბილისის მერის საპასუხოდ, გიგი უგულავამ პრესკონფერენცია გამართა და კახა კალაძეს ურჩია, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს: ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება – როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია.

    რაც შეეხება სასტუმროს აშენების თემას, დედაქალაქის ყოფილი მერი ასეთ განმარტებას აკეთებს: 2013 წლამდე “ბუდაპეშტის” ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება, აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. ამ კონტექსტში უგულავა ფონდის ჩამოყალიბებისა და თანხების შეგროვების მიზანშეწონილობაზეც საუბრობს.

    დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად და კანონის შესაბამისად არ არის სწორი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა კიდეც, რომ მერიის გადაწყვეტილბა სამართლებრივად სწორი იყო. აქ დგას საკითხი მიზანშეწონილობის შესახებ. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია. იმას, რასაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ხალხს ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. კალაძე გვეუბნება, რომ ის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს, მაშინ როდესაც თუნდაც ატენის ქუჩასთან დაკავშირებით ამბობდა: რა ვქნა, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მშენებლობაზე ნებართვა უნდა მივცე. საზოგადოებამ სრული სურათი უნდა იცოდეს. ეს ისტორია 2013 წელს არ დაწყებულა. ისტორია 90-იან წლებში იწყება. როცა 90-იან წლებში რესტორანი “ბუდაპეშტი” დაიწვა, მაშინვე შევარდნაძის ახლო ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, კარგად ცნობილმა რიჟამ – გიორგი კაპანაძემ შეისყიდეს. მთელი საგა, ზღაპრები და სისულელეები, რომ მე რაიმე ინტერესი მქონდა, აქვე მთავრდება. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ ვერ დამბრალდება რაიმე კავშირი რიჟასთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ოცნება აუსრულა და ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ნახევრად სიმართლეა იმის თქმა, რომ “ბუდაპეშტის” პროექტში ზაქაიძეა, რადგან მის მიღმა კვლავ არის შევარდნაძე და კაპანაძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”. კალაძე და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი.

  • დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

    ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. ევროპელა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად, წერია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

    ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა და ეს ვიზიტი ივლისში შედგება. კერძოდ, ევროპელი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება”.

    თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: “მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ, დაესწროთ კონფერენციას ბათუმში. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის”.

  • პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N6 განკარგულების თანახმად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდებათ. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

    პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებს მოიცავს. თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს, ასევე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს, მათ შორის სხვა ასაკობრივ ჯგუფებსაც, ინფორმაცია მიეწოდებათ დაავადების გავრცელების რისკებისა და ვაქცინაციის აუცილებლობაზე, და ყველა პირს, ვინც ამის სურვილს გამოთქვამს, წითელას საწინააღმდეგო აცრა გაუკეთდება.

    ვაქცინაცია შეეხება იმ ადამიანებსაც, ვისაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ჩატარებულ გეგმიურ ვაქცინაციასა, ან მცირეწლოვან ასაკში წითელას შესაძლო გადატანასთან დაკავშირებით. მართალია, თანამედროვე ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ არცერთ მათგანზე არ შეიძლება აბსოლუტურად გამოირიცხოს გვერდითი რეაქციების, ან იმუნიზაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკი. იმუნიზაციის მართვის წესების შესაბამისად, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ანტიშოკური საშუალებები და ბენეფიციარების პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები სათანადო სამედიცინო სერვისებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, როგორც პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილში, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების გზით. პენიტენციურ დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. 

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტაგტუნაშვილის სიას მხარი დაუჭირა. სია სხდომაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა წარადგინა. შესწორება მაგნიტსკის სიის შესახებ რეზოლუციაში შევიდა. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, სიას მხარდაჭერა ევროპარლამენტსა და აშშ-ს კონგრესშიც გამოუცხადეს. დოკუმენტი სანქციებს უწესებს იმ დამნაშავეებსა და პერსონებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევებს ხელს აფარებენ. რეზოლუციის თანახმად, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში დამნაშავე პირები- ევროპაში თავისუფლად გადაადგილებას ვეღარ მოახერხებენ. საქართველოს მთავრობამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ასეთი 33 პირი შეიყვანა.

    “ეს რეზოლუცია ეხმიანება წარსულს, რადგან ეხება სერგეი მაგნიტსკის საქმეს, და ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა მსხვერპლებს; ეს არის ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევა და დამნაშავე ადამიანებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. ეს არის სერიოზული მორალური განაცხადი და ჩვენ ერთხმად უნდა მივიღოთ ის. ბატონი მაგნიტსკის საქმე გახდა ადამიანის უფლებათა დაცვის სიმბოლო. და ამ სულისკვეთებით, ჩვენ მოგვყავს საქართველოში მომხდარი მაგალითი. როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთი) ტერიტორია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთი, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელია ტერიტორიაზე განვითარებულ სამართლებრივ საკითხებზე, მაგრამ ის სრულიად უმოქმედოა. მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება, მათი მძევლად ყოფნა, მათი ოჯახებისთვის გამოსასყიდლის მოთხოვნა ყოველდღიურ ბიზნესად იქცა. უდანაშულო ადამიანების მკვლელობა და წამება ყოველ კვირას ხდება ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყოველგვარი გამოძიების, სამართლისა და საფასურის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეზოლუციას და გვჯერა, რომ ის ემსახურება ამ რეზოლუციის სულისკვეთებას, დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიცვას ადამიანის უფლებები და მოახდინოს ამგვარი დანაშაულის პრევენცია მომავალში. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია-ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი მსხვერპლის სახელს ატარებს. ეს არის სია მიზნობრივი სანქციებისთვის მათ წინააღმდეგ ვინც კლავს, აწამებს და იტაცებს ადამიანებს ყოველგვარი სამართლებრივი პასუხისგების გარეშე”,განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

  • სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    სავარაუდოდ გრიპის ვირუსით, ორი ადამიანი გარდაიცვალა აჭარაში. 48 წლის ქალი კლინიკაში 12 იანვარს შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

    კიდევ ერთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ოჯახის მოთხოვნით, 33 წლის ახალგაზრდა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან თურქეთში, ტრაპიზონის კლინიკაში გადაიყვანეს. თავდაპირველად კი, ახალგაზრდა მაღალი სიცხით ინფექციურ კლინიკაში შეიყვანეს. 

  • წითელას ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით უფასოა – კლინიკების ჩამონათვალი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ამ დრომდე ვაქცინაცია 4 300-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. კვლავ ნარჩუნდება გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართული ტაქტიკური ღონისძიებები. უახლოეს დღეებში კი, ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა.

    სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც წითელას ვაქცინაციის ჩატარება უფასოდ შეგიძლიათ:


    თბილისი
    გლდანი

    ევექსი — I მიკრორაიონი კარტოგრაფიული ფაბრიკის მიმდებარედ;
    მედკაპიტალი-გლდანი — ვეკუას ქ. #18;
    სამედიცინო ჰოლდინგი 23 (იგივე 23-ე პოლიკლინიკა) — გლდანი, ხიზანიშვილის ქ.28.
    ვარკეთილი
    ევექსი — ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა N30.
    მთაწმინდა
    პოლიკლინიკა ვერე — ქიაჩელის ქ #18-20.
    საბურთალო
    რეგიონული ჰოსპიტალი საბურთალოს პოლიკლინიკა — დავით თავხელიძის ქ. #1;
    მედკაპიტალი-საბურთალო — გამრეკელის ქ. #19;
    მედისონი — ვაჟა-ფშაველას #83/11.
    ჩუღურეთი
    საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი — წინამძღვრიშვილის ქ. #57.
    ძველი თბილისი
    პოლიკლინიკა ვერე (იგივე მედსი/ვერე-21) — ქიაჩელის ქ. #18.
    სამგორი
    მედკაპიტალი-სამგორი — მოსკოვის გამზ. მე-4 კვარტალი, კორპუსი #3.
    აჭარა
    ბათუმი
    ევექსი — ს. ხიმშიაშვილის ქუჩა #20;
    ბათუმის N1 პოლიკლინიკა — ტბელ აბუსერიძის ქ.#2;
    საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი — ბარათაშვილის ქ.#30.
    ხელვაჩაური
    ფრ.ხალვაშის გამზირი, მე–7 შესახვევი #3.
    ქედა
    ევექსი — რუსთაველის ქ. #14.
    შუახევი
    ევექსი — რუსთაველის #32.
    ქობულეთი
    ევექსი — მ.აბაშიძის ქ. #18.
    ხულო
    ევექსი — აღმაშენებლის ქ. #1. აღმაშენებლის ქ. #3.
    იმერეთი
    ქუთაისი
    ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი — ქუთაისი, ტ. ტაბიძის ქ. #23;
    ქუთაისი ბავშვთა N 3 პოლიკლინიკა — ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. #85;
    ქუთაისის N 4 შერეული პოლიკლინიკა — ქუთაისი, ნიკეას ქ. #46-ბ.
    წყალტუბო
    რაიონული საავადმყოფო — ერისთავის ქ. #16.
    თერჯოლა
    ევექსი — თერჯოლა, რუსთაველის ქ. #69.
    ტყიბული
    ევექსი – ტყიბულის ჰოსპიტალი; თაბუკაშვილის ქ. #10, მიმდებარედ.
    ხონი
    ევექსი — ხონის ჰოსპიტალი; სოლომონ მეორის ქუჩა, #21.
    სხვა რეგიონები
    კახეთი
    ევექსი — ახმეტა, რუსთაველის ქუჩა (სპორტდარბაზის ტერიტორია);
    ევექსი — ყვარელი, ჭავჭავაძის ქუჩა, “ნაბაღრები”.
    სამეგრელო
    ევექსი — ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. #206;
    ევექსი — აბაშა, თავისუფლების ქ. #143;
    ევექსი — წალენჯიხა, ჭურღულიას ქ. #6;
    ევექსი — ჩხოროწყუ, აღმაშენებლის ქ. #19;
    ევექსი — მარტვილი, მშვიდობის ქ. #111;
    ევექსი — ხობი, ჭყონდიდელის ქ. #2.
    სამცხე-ჯავახეთი
    ევექსი — ადიგენი, ბალახაშვილის ქ. #11. დაბა ადიგენი, სახანძროსთან;
    ევექსი —ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. #31;
    ევექსი — ასპინძა, შალვა ახალციხელის ქუჩა #1ა;
    ევექსი — ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. #48;
    ევექსი — ახალციხე, რუსთაველის ქ. #105ა.
    შიდა ქართლი
    ალიანს მედი — ქარელი, ფანასკერტელის #30.