Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • “სარგებელი ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს“– ჯანმო–მ Pfizer-BioNTech –ის ვაქცინა აღიარა

    “სარგებელი ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს“– ჯანმო–მ Pfizer-BioNTech –ის ვაქცინა აღიარა

    Pfizer-BioNTech–ის ვაქცინა პირველი პრეპარატია მსოფლიოში, რომელმაც დაჩქარებული წესით გამოყენებაზე ჯანმოს საგანგებო ნებართვა მიიღო.

    ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ C0vid19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა ორგანიზაციის ექსპერტებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეაფასეს და დაასკვნეს, რომ ვაქცინა ეფექტურობის და უსაფრთხოების ყველა აუცილებელ პარამეტრებს შეესაბამება.

    “Covid19-თან ბრძოლაში მისი სარგებელი ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც ტვიტერზე გამოქვეყნდა.

    საგანგებო გამოყენების ნებართვას ის პრეპარატები იღებენ, რომლებიცთან დაკავშირებითაც ყველა აუცილებელი ცდის შედეგები  ჯერ კიდევ მზად არ არის, თუმცა ისინი ეპიდემიებთან საბრძოლველად აუცილებელია.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ასეთი ნებართვა ხსნის ბევრ ბარიერს ვაქცინის მისაწოდებლად მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში.

  • “ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

    “ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

    აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სიკვდილიანობას ვერ ამცირებს და მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომური დღეების რაოდენობას:

    “ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც რემდესევირზე დაიწყო.

    ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი.

    ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს… რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც…
    საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგან იგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.

    ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე…

    14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიკურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე.

    ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არამწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერიოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა. მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქვენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა. ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი მიაქცევდა ყურადღებას რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.

    მოკლედ… რატომ გიყვებით ამას…

    მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურნალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.

    ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგაწყდეთ ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლუტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრთვნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსონალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.

    სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში.
    ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“– წერს ნანა გეგეჭკორი.

    რემდესივირთან დაკავშირებით დავა საქართველოში დიდი ხანია გრძელდება. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამ პრეპარატის თაყვანისმცემელია, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობას მსოფლიოში არავინ ადასტურებს. ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ თენგიზ ცერცვაძეს სამკურნალოდ რემდესივირი უცხოეთიდან გამოუგზავნეს. 

    ასევე ცნობილი გახდა რომ პრეპარატს, რომლის ეფექტიანობა საეჭვოა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრი 104 ათას დოლარად შეიძენს.  ცერცვაძის კლინიკამ რემდესივირის შესყიდვაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგან უკვე მიიღო.

  • დაავადება გადატანილი პაციენტები 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განმეორებითი ინფიცირებისგან – ბიძინა კულუმბეგოვი

    ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი  აცხადებს, რომ ინფექცია გადატანილი ადამიანების იმუნური სისტემა 6-დან 8-თვემდე დაცულები არიან განემორებითი ინფიცირებისგან.

    “ძალიან კარგი ავტორიტეტული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანს ორი მახსოვრობის სისტემა აქვს. ერთი არის ანტისხეულები და მეორე – მახსოვრობის უჯრედები. ორივე ყალიბდება, როდესაც კორონავირუსს ან სხვა ვირუსს შეხვდება ადამიანი. ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც გადატანის შემდგომ აქვთ მსუბუქი ტიტრი ან არ აქვთ ანტისხეულები არ ნიშნავს, იმას, რომ მათ მუდმივი მახსოვრობა არ აქვთ.

    6-დან 8-თვემდე მსუბუქ დაავადება გადატანილი პაციენტები მინიმუმ დაცულები არიან განმეორებითი ინფექციისგან,”- თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა რუსთავი2-ის ეთერში.

  • “ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

    “ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“–ჯანმოს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება და პანდემიის დასრულების იმედი გაჩნდა.

    ”ვაქცინების კვლევებთან დაკავშირებით უახლესი პოზიტიური სიახლეებით, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება.

    ახლა უკვე რეალური იმედი არსებობს, რომ ვაქცინა – სხვა ჯანდაცვის ღონისძიებებთან ერთად, ხელს შეუწყობს COVID 19 -ის პანდემიის დასრულებას “,- განაცხადა გებრეიესუსმა.

  • თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ექიმებს ტყუილში ადანაშაულებს და დებატებში იწვევს

    თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ექიმებს ტყუილში ადანაშაულებს და დებატებში იწვევს

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტს ავრცელებს და  საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ექიმებს აკრიტიკებს.

    ცერცვაძე მათ კრიტიკის გამო, ტენდენციურობასა და ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავად საქართველოს ევროპაში ბევრ ქვეყანაზე უკეთესი კლინიკური მაჩვენებლები აქვს, მათ შორის, ცერცვაძის აზრით, ქვეყანაში დაბალია სიკვდილობის მაჩვენებელი:

    საქართველო, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივა ეკონომიკური რესურსებით და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის სიძლიერით ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებთან, მაგრამ მით უფრო დასაფასებელია, რომ სწორედ COVID პაციენტების კლინიკური მართვის სეგმენტში, ბოლო დროს COVID შემთხვევების დრამატული ზრდის მიუხედავადაც კი საქართველო, ერთეული გამონაკლისის გარდა, დებს ევროპის და ამერიკის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაზე უკეთეს კლინიკურ მაჩვენებლებს – ეს არის ყველა დადასტურებულ COVID შემთხვევებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0.92%) და1 მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რაოდენობა (233). საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროპისა და ამერიკის წამყვანი ქვეყნების COVID-19-ის დარგის ლიდერები, თვით პროფესორ Anthony Fauci-ის ჩათვლით პრაქტიკულად ერთხმად მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის პროცესს. მაშინ, როდესაც იმავე ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ექიმები მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავენ. ხომ ვერ ხვდებით რატომ? ვფიქრობ, ძნელი მისახვედრი არ არის – ნათქვამია ცერცვაძის განცხადებაში.

    ინფექციურის დირექტორი ექიმ ირმა კვიცარიძეს პასუხობს, რომელმავ “მთავარი არხის” ეთერში მკურნალობის მოძველებულ პროტოკოლზე ისაუბრა. ცერცვაძე არ ეთანხმება კვიცარიძეს და​ ტელედებატებში იწვევს.

    ა.წ. 21 ნოემბერს ქ-ნმა ირმა კვიცარიძემ, რომელიც ავსტრიაში. ქ. ინსბრუკში საქმიანობს „მთავარი არხის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში COVID-19-ს „მოძველებული პროტოკოლებით მკურნალობენ“. ქ-ნო ირმა, ავსტრია – ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, შეიძლება ითქვას ამქვეყნიური სამოთხეა, COVID-ის მართვაშიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხო და, თუ საქართველოში COVID-ს მოძველებული პროტოკოლებით ვმკურნალობთ, როგორ მოხდა, რომ საქართველოს აქვს, მართალია მცირედით, მაგრამ მაინც ავსტრიაზე დაბალი COVID სიკვდილობის მაჩვენებელი (საქართველოს 0,93%, ავსტრიას – 0,97%, რაც COVID19-ის კლინიკური მართვის ეფექტიანობის პირდაპირი კრიტერიუმია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით COVID-19-ით გარდაცვლილთა ნაკლები რაოდენობა (233), ვიდრე ავსტრიას (258). ვიმეორებ, სხვაობა დიდი არ არის, მაგრამ მაინც საქართველოს სასარგებლოდაა, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო თავისი „მოძველებული პროტოკოლებით“, როგორც მინიმუმ ტოლს არ უდებს ავსტრიას. სინამდვილეში და ამას მსოფლიოს ყველა ობიექტური ექსპერტი ადასტურებს, საქართველოში COVID პაციენტების კლინიკური მართვა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტებით და თან, უახლესი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით. მნიშვნელოვანი კომპონენტია ე.წ. კოვიდ სასტუმროების ფართოდ გამოყენება, რომლებიც შუალედურ როლს ასრულებენ კლინიკებსა და ბინაზე მყოფ პაციენტებს შორის და სადაც შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მქონე ავადმყოფები იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ქ-ნი ირმა სურვილს გამოთქვამს, მე სიამოვნებით შევხვდები მას ტელედებატებში (ცხადია, ჩემი განკურნების შემდეგ) და შევეცდები ავუხსნა მას, რომ „ჩვენთან საქართველოში“ COVID-19-ს უკეთესად, ყოველ შემთხვევაში არაუარესად მკურნალობენ, ვიდრე „მათთან ავსტრიაში“ – წერს ცერცვაძე.

  • 3 ლიდერი ვაქცინა, რომლებმაც პანდემია უნდა დაასრულონ. ნახეთ მათი შედარება, ეფექტურობა და სხვა დეტალები

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელი სამი კომპანია უკვე კლინიკური კვლევების ბოლო სტადიაზეა და ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს მათი პრეპარატის საოცაერი ეფექტურობის შესახებ.

    ერთმანეთის მიყოლებით ერთი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული განცხადებები ერთგვარ მარათონს დაემსგავსა. რეკორდები ერთმანეთის მიყოლებით მოიხსნა.

    და მართალია სამივე კომპანიის განცხადება წინასწარი შედეგების საფუძველზე კეთდება, როგორც ჩანს ვაქცინის შექმნის მარათონში ჩართული ათეულობით კომპანიიდან სამი ფინალისტი მართლაც გამოვლინდა. სამი კანდიდატი ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული განცხადებები ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი აჭარბებს.

    ჯანმოს ექსპერტები წარსულში ამბობდნენ, რომ ეფექტურად ჩათვლიდნენ ნებისმიერ ვაქცინას, რომლის ეფექტურობა 70%–ს გადააჭარბებდა. ამერიკის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მზად იყო შეესყიდა პრეპარატები, რომლებიც კორონავირუსისგან 50%–იან დაცვას მაინც უზრუნველყოფდნენ (სწორედ ასეთი ეფექტურობა აქვს გრიპის ვაქცინას). ევროპის სამედიცინო სააგენტოში კი მიანიშნებდნენ, რომ მზად იყვნენ უფრო ნაკლებეფექტური პრეპარატებიც განეხილათ.

    ოპტიმიზმს აღვივებს ის ფაქტიც, რომ სამ ვაქცინას შორის საერთო ბევრი არაფერია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან კორკურენციის ნაცვლად ერთმანეთს შეავსებენ.

    მოდით ვნახოთ, პოტენციური ვაქცინების და მათი მწარმოებლების ძლიერი და სუსტი მხარეები და  შედარება:

    ეფექტურობა:

    ლიდერების სამეული, რომლებიც პანდემიის დასრულებას გვპირდებიან საკმაოდ მრავალფეროვანია.

    პირველმა წარმატების შესახებ ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანმა Pfizer–მა განაცხადა, რომელსაც 150 წლიანი ისტორია აქვს. მან მილიონობით დოლარი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს პენიცილინის წარმოებით გამოიმუშავა.

    ერთი კვირის შემდეგ კომპანიამ კლინიკური კვლევების დეტალური შუალედური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის შედეგებით შეიძლება დავასკვნათ, რომ Pfizer–ის ვაქცინა (BNT162b2) Covid19-ისგან  95%–იან დაცვას უზრუნველყოფს.

    ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 95–ს მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აცრა ინფექციის რისკს 20–ჯერ ამცირებს.

    ლიდერს ფეხდაფეხ მიჰყვება ინოვაციური კომპანია Moderna, რომელიც ბიოტექნოლოგიების ბაზარზე სულ 10 წელია მუშაობს და ჯერ არცერთი პრეპარატი არ დაურეგისტრირებია.

    ერთის მხრივ, ეს გასაოცარი არ არის: ამ ფირმის მიერ შემუშავებული პროდუქტები ძირითადად მატრიცული რნმ–ს გამოყენებაზეა დაფუძნებული, ადამიანების ვაქცინაციისთვის კი ამ ტექნოლოგიით შექმნილი არცერთი პრეპარატის დაშვება ჯერჯერობით არ მომხდარა.

    მეორეს მხრივ, Pfizer–ის ვაქცინაც იგივე პრინციპით მოქმედებს. ასე რომ, საკმაოდ შთამბეჭდავია ორივე ინოვაციური პრეპარატის ასეთი მაღალი ეფექტურობა. წინასწარი მონაცემებით მოდერნას ვაქცინა ვირუსისგან 94.5%–იან  დაცვას უზრუნველყოფს.

    ამ ორი პრეპარატის გარდა, საკუთარი ვაქცინის ეფექტურობაზე ოფიციალურად განაცხადეს რუსეთის ჰამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, მათი თქმით, “Спутник V” კორონავირუსისგან 92%–იან დაცვას უზრუნველყოფს.

    Pfizer–ის მსგავსად რუს გამომგონებლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვთ, თუმცა Pfizer–ის ვაქცინისგან განსხვავებით რუსული ვაქცინა ბიუჯეტის ფულით შეიქმნა. სამეცნიერო ცენტრი რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

    ამერიკული პრეპარატებისგან რუსულ ვაქცინას ის განასხვავებს, რომ მის შემქმნელებს არ სურთ ჩატარებული კლინიკური კვლევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც ექსპერტებს აიძულებს ეჭვი შეეპაროთ “სპუტნიკის“ ეფექტურობის შესახებ განცხადებებში.

    არის თუ არა ციფრები საბოლოო?

    სამივე პრეპარატი კვლავ გადის მაშტაბურ კლინიკურ კვლევებს, რომლებიც მომავალი წლის მაისზე ადრე არ დამთავრდება. ასე რომ, ვაქცინების ეფექტურობის შესახებ დასკვნები მხოლოდ მონაცემთა წინასწარი ანალიზის საფუძველზე გაკეთდა. თუმცა, ყველა კომპანიას შერჩევის განსხვავებული მეთოდი აქვს.

    იმის გასარკვევად, იცავს თუ არა აცრა ახალი კორონავირუსისგან დრო უნდა გავიდეს, სანამ ვირუსით აცრილი მოხალისეების საკმარისი რაოდენობა დაინფიცირდება, რათა შედარდეს, რომელმა მათგანმა მიიღო სინამდვილეში ნამდვილი აცრა და რომელს გაუკეთეს პლაცებო. ასე რომ, გასაკვირი არ არის, კომპანიების განცხადებების დროში დამთხვევა გრიპის სეზონის პიკზე.

    ვაქცინების კლინიკური ცდის შედეგები:

    პირველი ინფორმაცია კლინიკური კვლევების შესახებ მოდერნამ გამოაქვეყნა:

    30 000 მოხალისიდან, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ Covid19 დაუდგინდა 95 მონაწილეს. 90 დაინფიცირებული საკონტროლო ჯგუფიდან არის, ანუ ისინი, ვინც პლაცებო მიიღო. დანარჩენი ხუთი კი ექსპერიმენტული ჯგუფიდან.

    მეცნიერებს განსაკუთრებით ახარებს ის ფაქტი, რომ მათ შორის, ვისაც ნამდვილი ვაქცინა გაუკეთეს, არცერთი მძიმე პაციენტი არ არის: დაავადების თეთრმეტივე სერიოზული შემთხვევა იმ მოხალისეებში აღინიშნა, ვისაც პლაცებო გაუკეთეს.

    Pfizer–ის განცხადება 95 პროცენტიანი ეფექტურობის შესახებ 170 დაინფიცირებულის საფუძველზე გაკეთდა, რომელთაგან ნამდვილი ვაქცინა მხოლოდ რვა ადამიანმა მიიღო. სულ კვლევაში 40 000 ადამიანი მონაწილეობდა.

    რაც შეეხება რუსული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ დასკვნას, მისი შემქმნელების განცხადებით ის დაინფიცირების 20 შემთხვევის შედეგებით გაკეთდა. რამდენმა მათგანმა მიიღო ნამდვილი პრეპარატი უცნობია. დეტალური ინფორმაცია, თუ რის შედეგად გაკეთდა დასკვნა რუსული ვაქცინის 92%–იანი ეფექტურობის შესახებ არ ხმაურდება.

    გარდა ამისა, რუსული სპუქტნიკის ექსპერიმენტით დაგეგმილი 40 000 მოხალისიდან ჯერჯერობით ექსპერიმენტში მხოლოდ 20 000–მა მიიღო მონაწილეობა. განცხადება კი მხოლოდ 16 000 აცრილის მონაცემების საფუძველზე გაკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლევის ბოლომდე რუსული ვაქცინის მაჩვენებლები შეიძლება სერიოზულად შეიცვალოს.

    როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას?

    Pfizer–მა განაცხადა, რომ მზად არის 50 მილიონი დოზა ახალ წლამდე გამოუშვას. ეს საკმარისია 25 მილიონი ადამიანისთვის, რადგან ერთი ადამიანის ვაქცინაციას ორი დოზა ჭირდება, სამი კვირის შუალედით.

    იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი გამოცდას ექვს ქვეყანაში – არგენტინაში, ბრაზილიაში, გერმანიაში, აშშ–ში, თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემროებში გადის, ყოველ ქვეყანაში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი აიცრება.

    ვის შეხვდება ვაქცინა პრველ რიგში, ქვეყნების ხელისუფლებები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემებს ამ შემთხვევაში ლოგისტიკა ქმნის. საქმე იმაშია, რომ  Pfizer–ის ვაქცინა აუცილებლად ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, -80გრადუსზე უნდა ინახებოდეს.

    პრეპარატის გადასაზიდად კომპანიამ უკვე დაჯავშნა რამდენიმე სატრანსპორტო ფირმის თვითმფრინავები, თუმცა ამ მომენტისთვის ვაქცინა 4 000 დოზისგან შემდგარი ყუთებით გამოდის, თანაც ამ ყუთების გახსნა დღეში მხოლოდ ორჯერ შეიძლება.

    ეს ნიშნავს, რომ პირველი პარტიის გაგზავნა მხოლდო დიდი ქალაქ–მეგაპოლისების მსხვილ კლინიკებში ღირს. როგორ მოხდება ტრანსპორტირების ორგანიზება პატარა დასახლებებში და სამედიცინო დაწესებულებებში ჯერჯერობით უცნობია.

    ამ მიზნებისათვის ყველაზე უკეთ რუსული “Спутник V” გამოდგება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მისი შემქმნელები მათ მიერ გაცხადებულ ეფექტურობას დაამტკიცებენ. რუსული ვაქცინა მშრალი – ლიოფილიზირებული სახით გამოდის, ასე რომ, მისი გადატანა ადვილია როგორც ჩრდილოეთის, ასევე ცხელ ტროპიკულ ქვეყნებში.

    პრეპარატის ამ თავისებურების გათვალისწინებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მისი ძირითადი გასაღების ბაზარი აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნები იქნება.

    რუსული ვაქცინის შემქმნელები აცხადებენ, რომ უკვე მიიღეს შეკვეთები 50 ქვეყნიან, ჯამში 1.2 მილიარდ დოზაზე. ამ ვაქცინით აცრისთვის ასევე აუცილებელია ორი დოზა, რაც ნიშნავს რომ შეკვეთილი რაოდენობა 600 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

    რუსული ვაქცინის წარმოება საზღვარგარეთაც იგეგმება: მაგალითად, უკვე დეკემბერში მისი წარმოება სამხრეთ კორეაში დაიწყება. დაგეგმილი სიმძლავრე წელიწადში 150 მილიონი დოზაა.

    საკუთარი ვაქცინის მასობრივ წარმოებას უკვე დეკემბრის შუა რიცხვებიდან გეგმავს ამერიკული მოდერნაც. წლის ბოლომდე კი ის პრეპარატის 20 მილიონ დოზას გამოუშვებს. თითო ადამიანს ამ შემთხვევაშიც ორი დოზა ჭირდება, შესაბამისად 20 მილიონი დოზა 10 მილიონ ადამიანს ეყოფა.

    მოდერნას ვაქცინას შენახვის განსაკუთრებული პირობები არ ესაჭიროება: ჩვეულებრივ მაცივარში ის ერთ თვეს თავისუფლად ძლებს, საყინულეში კი 6 თვე. 2021 წლის ბოლომდე კომპანია 500 მილიონი დოზის გამოშვებას გეგმავს და აცხადებს, რომ მზად არის წლიური წარმოება 1 მილიარდ დოზამდეც გაზარდოს შესაბამისი მასალების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

    ჯერჯერობით საზვარგარეთულ შეკვეთებზე საუბარი არ არის. Pfizer–ისგან განსხვავებით, რომელიც ვაქცინის გამოცდას საკუთარი ხარჯებით ახორციელებს, Moderna ამერიკის ხელისუფლების შეკვეთით  მუშაობს. ვაქცინის შესაქმნელად ფული ამერიკის ბიუჯეტიდან დაიხარჯა. ასე რომ, ვაქცინა პირველ რიგში აშშ–ს მოქალაქეებს შეხვდებათ.

    პრეპარატის ერთ–ერთი ძირითადი შემქმნელი ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტია. ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ უკვე განაცხადა, რომ პირველ რიგში ვაქცინა ექიმებს და ჯანდაცვის სისტემის სხვა თანამშრომლებს შეხვდებათ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კორონავირუსით დაავადებულებთან.

    ფაუჩის თქმით, ყველაზე დაუცველი ჯგუფების ვაქცინაციას დაახლოებით 4 თვე დაჭირდება. მარტ–აპრილში კი უნდა განისაზღვროს, ვინ იქნება შემდეგი.

    და ბოლოს, უახლოეს კვირებში შეიძლება ფავორიტი ვაქცინების სია გაიზარდოს.

    კომპანია AstraZeneca–მ მისი კვლევის პირველადი შედეგები უნდა გამოაქვეყნოს. ის ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებულ ვაქცინას ტესტავდა, თუმცა მეცნიერებს ორჯერ მოუწიათ კლინიკური კვლევების შეჩერება მოხალისეთა ავადობის გამო, თუმცა გაციების და გრიპის სეზონი დაინფიცირებას სიხშირეს გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფი გაცდენილ დროს შედარებით სწრაფად აანაზღაურებს.

    ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ ერთობლივად შექმნილ კორონავირუსის ვაქცინას დამაიმედებელი შედეგები აქვს. კლინიკური გამოცდების შედეგები აჩვენებს, რომ მოხუცებში ვაქცინა ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. კომპანია სრულ და უფრო დეტალურ შედეგებს, საშობაოდ გამოაქვეყნებს.

    მონაცემები გასულ თვეს ნაწილობრივ, ახლა კი სრულად გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“. მათ აჩვენეს, რომ 70 წელს ზემოთ მყოფმა მოხუცებმა, ვინც კორონავირუსით გარდაცვალების, ან სერიოზულად დაავადების უფრო მაღალ რისკ ჯგუფში არიან, შესაძლოა ამ ვაქცინის მეშვეობით, ძლიერი იმუნური პასუხი გამოიმუშაონ.

    ვაქცინის გამოცდის ბოლო, იგივე მესამე ეტაპი ახლა აქტიურ ფაზაშია და მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, დაიცავს თუ არა ვაქცინა მოსახლეობას SARS-CoV-2 ვირუსისგან.

    კვლევა მესამე ფაზის შედეგების შესახებ, 2020 წლის დეკემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს ცნობილი. ამ ინფორმაციას ენდრიუ პოლარდი, ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფის დირექტორი ავრცელებს. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის განხილვა, თუ როგორ და რამდენად ეფექტური იქნება ეს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ.

    ოქსფორდისა და “ასტრაზენეკას” ერთობლივი ვაქცინა, რომელსაც AZD1222, ან ChAdOx1 nCoV-19 უწოდებენ, ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე იყო, თუმცა ამ მომენტისთვის სხვა ფარმაცევტული კომპანიები დაწინაურდნენ.

    „ჩვენ არ გვეჩქარება. ეს არაა შეჯიბრი სხვა მწარმოებლებთან“, აცხადებენ ოქსფორდში.

  • გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ – თენგიზ ცერცვაძის ღია წერილი

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ღია წერილს ავრცელებს, სადაც ექიმ მანანა ჯებაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობს.

    ცერცვაძე არ იზიარებს ჯებაშვილის მოსაზრებას, რომ საქართველო კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ყველას გადააჭარბა. ცერცვაძე ასევე წერს, რომ მკრეხელობაა იმის თქმა, თითქოს პაციენტების გადარჩევა ხდება:

    “ქალბატონო მანანა,
    რიგ საკითხებში ჩვენი განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ ჩემს გულწრფელ და ღრმა პატივისცემაში თქვენი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის მიმართ. ისიც კარგად მესმის, რომ ოპონირების დროს გადაჭარბებებიც მოსულა, მაგრამ დღეს თქვენს ფეისბუქ გვერდზე ისეთი რამ დაწერეთ, რაც ჩვენთან დამკვიდრებულ სტანდარტებშიც კი არ ჯდება. თქვენ ბრძანეთ „45 გარდაცვლილი (იგულისხმება COVID-19-ით პაციენტები, თ.ც.)“ ….. სიკვდილობის %-ით ყველას გადავაჭარბეთ! რას ფიქრობს სახელმწიფო, სანამდე უნდა გაგრძელდეს ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ისედაც მცირერიცხოვან ერში!“.
    ამას წინათ ერთ ჩემს კოლეგას შევახსენე სიტყვები, რომლებსაც ჰიტლერს და ჰებელსს მიაწერენ „თუ იტყვი დიდ ტყუილს და ხშირად გაიმეორებ, ბოლოს და ბოლოს ხალხი მას დაიჯერებს“. მესმის, რომ გინდათ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატოთ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამისთვის სხვა უფრო შესაფერისი მაგალითი მოგეძებნათ. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ გაეცნობით ევროპის CDC-ის (ECDC), ჯანმო-ს და Worldometer -ის ოფიციალურ მონაცემებს ა.წ. 17 ნოემბრისთვის, რომ COVID-19-ის ყველა დადასტურებულ შემთხვევათა შორის (CFR) საქართველოზე დაბალი სიკვდილობის პროცენტი ევროპის 56 სახელმწიფოს შორის აქვს მხოლოდ სლოვაკეთს, ლიეტუვას და კიდევ რამოდენიმე ჯუჯა სახელმწიფოს, ხოლო 46 (ორმოცდა ექვს) სახელმწიფოს სიკვდილობის საქართველოზე მაღალი პროცენტი აქვს. რაც შეეხება „ბუნებრივ გადარჩევას“ ამის ჩვენი სახელმწიფოსთვის დაბრალება უბრალოდ მკრეხელობაა. აი, ევროპის და ამერიკის მთელ რიგ სახელმწიფოებში კი ასეთ რამ მართლა ხდებოდა და ზოგან ახლაც ხდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ბევრისთვის სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყანა შვედეთში არსებობდა ოფიციალური მითითება-რეკომენდაცია, რომ 65 წელზე მეტი ასაკის COVID-19-ით ავადმყოფები საავადმყოფოებში არ გადაეყვანათ, რადგან მათთვის იქ ადგილი არ იყო. წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა, ეს რომ საქართველოში მომხდარიყო.
    აი, ასეთია სინამდვილე, მოგწონთ ეს, თუ არა”,-ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

  • პანდემიის დასრულების ახალი იმედი: მოდერნას ვაქცინამ 95%–იანი ეფექტიანობა აჩვენა

    ფარმაცევტული კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ მისმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ, კვლევის ბოლო ეტაპზე, კოვიდ-19-ის პრევენციაში, თითქმის, 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მონაცემებს კომპანია შუალედურ ანგარიშზე დაყრდნობით ასაჯაროვებს.

    „ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომელიც კოვიდ-19-ის შეჩერებას შეძლებს“ – აცხადებს „როიტერთან“ სატელეფონო ინტერვიუსას “მოდერნას” პრეზიდენტი სტივენ ჰოგი. კომპანია მოელის, რომ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაციას მომდევნო კვირებში მიიღებს.

    ამ მონაცემებით, „მოდერნა“ წამლის მწარმოებელი მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის კანდიდატ ვაქცინის ეფექტიანობამ მოლოდინს გადააჭარბა.

    „ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინა, რომელმაც კომპანიის განცხადებით 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, მარეგულირებელი ორგანოების შემოწმებას ელოდება. ამრიგად, აშშ-ს დეკემბერში, შესაძლოა, გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ორი ვაქცინა ჰქონდეს – 60 მილიონი დოზა მიმდინარე წლის ბოლომდე.

    მომდევნო წელს, აშშ-ის მთავრობას წვდომა ექნება ორი მწარმოებლის ვაქცინის 1 მილიარდზე მეტ დოზაზე.

    ორივე ვაქცინა ახალი ტექნოლოგიებითაა შემუშავებული და პანდემიასთან საბრძოლველად ძლიერ იარაღს წარმოადგენს. პანდემიის განმავლობაში ახალი კორონავირუსით, ამ დრომდე, 54 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 1,3 მილიონი გარდაიცვალა. მსოფლიოს მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირების შემთხვევები კვლავ მატულობს, მათ შორის, აშშ-ში, რომელიც ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებით მსოფლიოს მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა. ინფიცირების მომატებული შემთხვევების ფონზე, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები მკაცრდება.

    „ეფექტიანი ვაქცინის ერთზე მეტი წყარი გლობალურ მიწოდებას გაზრდის, რაც საბედნიეროდ დაგვეხმარება იმაში, რომ 2021 წელში, ნორმალური ცხოვრების მსგავსს დავუბრუნდეთ“ – ამბობს ელეონორ რაილი, ედინბურგის უნივერსიტეტის იმუნლოგიისა და ინფექციური დაავადებების პროფესორი.

    „მოდერნას“ ვაქცინის უპირატესობა

    „მოდერნას“ კანდიდატი ვაქცინის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ არ საჭიროებს ულტრა ცივ პირობებში შენახვას, როგორც ეს „ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინის შემთხვევაშია საჭირო. ამტომ, „მოდერნას“ წარმოებული ვაქცინის ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია. კომპანია ელოდება, რომ ვაქცინის შენახავა, 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივარში 2-დან 8 გრადუსამდე პირობებში შესაძლებელი იქნება. 6 თვის განმავლობაში მის შესანახად, -20 გრადუსი იქნება საჭირო.

    „ფაიზერის“ კანდიდატი ვაქცინა, შენახვისა და გადატანისთვის -70 გრადუსს ითხოვს, ტემპერატურას, რომელიც მაგალითად არქტიკული ზამთრისთვისაა დამახასიათებელი.

    „მოდერნა“ ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს, ამერიკისთვის 20 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებს. მათგან, მილიონობით დოზა უკვე დამზადებულია და დისტრიბუციისთვის მხოლოდ ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ეროვნული ინსტიტუტის მიერ დამტკიცებაა საჭიროს. მოდერნას პრეზიდენტი ამბობს, რომ მარეგულირებლის მიერ ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, მისი მყისიერი დისტრიბუცია დაიწყება.

    გვერდითი მოვლენები

    „მოდერნა“ განმარტავს, რომ გვერდითი ეფექტების უმეტესობა იყო მსუბქი და საშუალო სიმძიმის. ამასთან, მოხალისეთა მნიშვნელოვანი ნაწილის შემთხვევაში, მეორე დოზის მიღებამ ძლიერი ტკივილი გამოწვია. მოხალისეთა 10%-ში გამოვლინდა იმგვარი დაღლილობა, რაც ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი შეიძლება იყო. 9%-ის შემთხვევაში, სხეული ძლიერი ტკივილი გამოვლინდა. „მოდერნა“ ამბობს, რომ ზოგადად, გვერდითი ეფექტის მიერ გამოწვეული ეს მოვლენები ხანმოკლე იყო.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გერმანია Covid19–ის საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადება. 100 მილიონი დოზა პირველ ეტაპზე

    Covid19-ის პირველი ვაქცინა შეიძლება ითქვას, რომ მზად არის. მიუხედავად მის მიმართ არსებული გარკვეული სკეპტიციზმისა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები საყოველთაო ვაქცინაციისთვის ემზადებიან. მათ შორის არის გერმანია, რომელიც ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ–ერთი წარმატებული ქვეყანაა და  ვაქცინაციის პროცესის უმოკლეს ვადებში დასაწყებად ემზადება. როგორ იგეგმება ვაქცინაციის პროცესი გერმანიაში, ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ირინა დანელია solostudio.agency/-სთვის მომზადებულ სტატიაში გვიამბობს.ირინა დანელია მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და გერმანიის მოქალაქეა, ამჟამად ცხოვრობს ქალაქ შვეცინგენში,  არის სოციოლოგი, მაინცის უნივერსიტეტის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს კერძო კომპანიაში, ენერგეტიკის სფეროში.

    გერმანია Covid19–ის ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს

    უკვე რამდენი თვეა კაცობრიობა მოუთმენლად ელის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინას და მართლაც რამდენიმე კვირის წინ სანდო საინფორმაციო საშუალებებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს სასიხარულო ამბავი იმის შესახებ, რომ Biontech & Pfizer-ის ვაქცინამ წარმატებით გაიარა გამოცდის მორიგი ეტაპი და 2021 წლის დასაწყისში იგი უკვე ხელმისაწვდომი გახდება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მეცნიერი ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი ამ ვაქცინის მიმართ და საყოველთაო ოპტიმიზმს არ იზიარებს. ამჟამინდელი მონაცემებით ვაქცინას 90% ეფექტურობა ახასიათებს. დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტი მონაცემები იქნება დამუშავებული, შეიძლება ეს რიცხვი შეიცვალოს და 70% –მდე ჩამოვიდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გერმანიის წამყვან ვირუსოლოგს, კრისტიან დროსტენს, ეს მონაცემები საკმარისად მიაჩნია ოპტიმისტური პროგნოზების გასაკეთებლად. ფაქტია, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა ინტენსიურად ემზადება უდიდესი ლოგისტიკური პრობლემის გადაჭრისათვის, რასაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვაქცინის სამართლიანი და ეფექტური გადანაწილება ქვია. პროცესში ჩართულია 16-ვე ფედერალური მიწის ჯანდაცვის სახელმწიფო ორგანო და ასევე გერმანიის ეთიკური საბჭო. დღეისათვის უკვე დაგეგმილია მთელი ქვეყნის  მაშტაბით 300 -ზე მეტი სპეციალურად აღჭურვილი მუდმივი და მობილური ცენტრების შექმნა. ვაქცინის გადანაწილების ლოგისტიკური უზრუნველყოფა კი პაულ ერლიხის სახელობის ფედერალურ ინსტიტუტს დაევალა (Paul-Ehrlich-Institut), რომელიც უკვე მუდმივ კონტაქტშია  ვაქცინის მწარმოებელ ფირმასთან, რათა ზუსტად მოხდეს ვაქცინაციის მეთოდების შემუშავება და პროცესების შეუფერხებლად წარმართვა.  გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას უკვე აქვს მიღებული გარანტია ვაქცინის 100 მილიონ დოზაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინის ეფექტურობისათვის ორი აცრაა საჭირო, 3 კვირის შუალედით. პირველ ეტაპზე გერმანია გეგმავს რისკ-ჯგუფების, კერძოდ ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების აცრას, შემდეგ სამედიცინო პერსონალის და სისტემისთვის მნიშვნელოვანი სხვა პროფესიული ჯგუფების ვაქცინაციას. სავარაუდოდ 2021 წლის აგვისტოდან კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება  დანარჩენ მსურველთათვის. ამასთან ფედერალური რესპუბლიკის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ყველასათვის ნებაყოფლობითი იქნება. ევროგაერთიანების გადაწყვეტილებით, რომლის მრავალმილიონიანი დაფინანსებითაც იქნა შესაძლებელი ამ ვაქცინის შექმნა, ვაქცინა თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვეყნისათვის, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. პანდემიის შესაჩერებლად 15 მილიარდი ერთეული ვაქცინაა საჭირო, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 75 % უზრუნველყოფს. ლოგისტიკური კონცერნის Kühne+Nagel (კუნე + ნაგელ)-ის ცნობით ეს 60 ათას ტონას შეადგენ. აქედან ტვირთის 52% გადაზიდვა სპეციალური სატვირთო თვითფრინავებით მოხდება, რაც 700 ცალი სრულად დატვირთული ბოინგ-747 -ია. ტვირთის დანარჩენი ნაწილის გადაზიდვა სახმელეთო გზითაა დაგეგმილი.

    ირინა დანელია

  • დეტალური ინსტრუქცია Covid19-ით ინფიცირებულთათვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება

    დეტალური ინსტრუქცია Covid19-ით ინფიცირებულთათვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება

    მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს კიდევ ერთ ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, რომელშიც დეტალურ ინფორმაციას აწვდიან საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექციის თავიდან აცილებისა და ინფიცირების შემთხვევაში დაავადებასკან გამკლავების გზების შესახებ. სტატიას, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა ფეისბუქზე გამოაქვეყნეს სრულად გთავაზობთ:

    “რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი ფეისბუკზე რათა მცირედით შევწეოდი იმ ადამიანებს ვისაც სახლში მოუწევს კოვიდთან ბრძოლა. მე და ზურაბ გურულმა ვცადეთ სხვადასხვა ფორმით მიგვეწვდინა ხმა მათთვის, ვისაც ექიმის კონსულტაციაზე ხელი არ მიუწვდება. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ჩვენმა პოსტებმა, ვირტუალურმა ლექციებმა, ტელევიზიებისა და ჟურნალების მიერ ანიმაციებად თუ სტატიებად აკინძულმა რეკომენდაციებმა ნახვებით და გაზიარებებით თითქმის ნახევარი მილიონი მნახველი მოიცვა. უწყვეტად ვპასუხობთ პირად ფოსტაში გამოგზავნილ შეკითხვებს ყოველდღიურად, მაგრამ წერილები არ წყდება… სამწუხაროდ არც ერთს არ გვაქვს იმის ფიზიკური შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გავუწიოთ კონსულტაცია ყველა მსურველს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ განვაახლოთ პირველი ინსტრუქცია იმ კითხვებზე დაყრდნობით, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამთ.


    ვრცელი პოსტი გამოვა, მაგრამ შევეცდებით მოვიცვათ თითქმის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ სახლში დარჩენილებმა, კოვიდის მშვიდად და ადექვატურად სამართავად. უამრავი წერილი მოგვდის ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. დახმარების გარეშე დარჩენილნი შველას ითხოვენ ყველგან სადაც ხელი მიუწვდებათ. სამწუხაროდ, არ წყდება ღვარძლიანი, ბოროტი თავდასხმები და პირადი შეურაცხყოფები პოლიტიკური და პირადი მიზეზებით ანგაჟირებული ადამიანებისაგან, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთული დიასპორებიდან, მაგრამ მათი დაუღალავი ძალისხმევის მიუხედავად ჩვენ გავაგრძელებთ პროფესიული და ადამიანური მოვალეობის შესრულებას.


    ყველაფერი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ეყრდნობა ამ დროისათვის ხელმისაწვდომი, მეცნიერული კვლევებით გამყარებულ ფაქტებს და ჩვენს პირად გამოცდილებას როგორც ექიმებისას და როგორც კოვიდ გადატანილი პაციენტებისას (მათ შორის ნიღბის ტარების აუცილებლობაც სამეცნიერო კვლევებით არის გამყარებული). მეც და ზურაც ვიყავით ინფიცირებული და ორივემ გადავიტანეთ კოვიდი საკმაოდ რთული ფორმით.
    ჩვენი ძალისხმევა, დავეხმაროთ სახლში დარჩენილ ადამიანებს, არანაირად არ აკნინებს ქართველი ექიმების თავდადებულ მუშაობას; მხოლოდ მცდელობაა უმძიმეს დატვირთვაში ხელის შეშველებისა. საქართველოს ჰყავს არაჩვეულებრივი ინტელექტუალური პოტენციალი გამოცდილი ექიმების სახით. საკუთარი ოჯახის წევრები მათ იმედად გვეგულება საქართველოში.
    ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის.


    თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!

    1. პრევენცია

    ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა.

    კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. თუ თქვენ სწორად ხმარობთ ნიღაბს, დაიცავთ თავს ვირუსიანი აეროზოლების შესუნთქვისგან ან სასუნთქ გზებში მათი პირდაპირი მოხვედრისგან. კრიტიკულად აუცილებელია ( სავალდებულოა! ) ნიღაბის ტარება ინფიცირებული ადამიანისთვის. მხოლოდ ამ გზით და დისტანციის შეგნებული შენარჩუნებით დაიცავთ გარშემომყოფებს თქვენს მიერ გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვისაგან.
    კრიტიკულად აუცილებელია ნიღაბის სწორი ტარება; იგი უნდა ფარავდეს ცხვირსაც და პირის ღრუსაც; მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის იყოს სუფთა. ნიღაბი შეგიძლიათ დაამზადოთ სახლის პირობებში, რამდენიმე ფენად გაკეცილი მარლის ან მიტკლისგან. იქონიეთ რამდენიმე ნიღაბი და ყოველდღე რეცხეთ საპნით ან სხვა სარეცხი საშუალებით . თუ ნიღაბს ჩანთაში ან ჯიბეში ინახავთ, მასთან ერთად ინახავთ ვირუსებსაც. დაინფიცირებული ნიღაბის მრავალჯერადად, გაურეცხავად ტარება აზრს მოკლებულია. მეტიც, ის შეიძლება გახდეს კიდეც თქვენი დაინფიცირების წყარო. სასურველია ქაღალდის პარკში იქონიოთ რამდენიმე ნიღაბი და იცვალოთ დღის განმავლობაში, საღამოს კი გარეცხოთ და მეორე დღისთვის მოამზადოთ.
    დისტანცია – მხოლოდ ნიღაბი ვერ დაგიცავთ დავირუსებული წვეთების სახეზე ან თვალში მოხვედრისგან; ამიტომ ნიღაბის ტარებასთან ერთად აუცილებლად უნდა იქნეს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია.
    ჰიგიენა – დაავადების გადატანა შესაძლებელია დაბინძურებული ზედაპირებიდანაც. ვირუსის ამ გზით თვალში ან სასუნთქ გზებში მოხვედრისგან დაგიცავთ ხელების ხშირი ბანა საპნით და გამდინარე წყლით, ან გასტერილება სპირტის ბაზაზე დამზადებული საშუალებებით.
    პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასევე დროის მაქსიმალურად გატარება ღია სივრცეებში. დახურულ სივრცეში ვირუსის შემცველი ნაწილაკები რამდენიმე საათი რჩებიან აეროზოლების მდგომარეობაში და ზრდიან გადაცემის შანსს. თუ არ გაქვთ საშუალება ღია სივრცეში გაატაროთ დღის უმეტესი ნაწილი, სახლი მუდმივად ანიავეთ. ასევე გაითვალისწინეთ რომ კონდიცირებულ, მშრალ გარემოში წვეთები ადვილად შრება რაც აადვილებს მათ აეროზოლიზაციას. ტენიანი გარემო წვეთებს ასველებს, ამძიმებს და ისინი უფრო ნაკლებ დისტანციაზე გაიტყორცნებიან.
    თუ ოჯახში ან გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, გიწევთ სარისკო ჯგუფების ადამიანებთან კონტაქტი, ეცადეთ მკაცრად დაიცვათ ზემოთ მოყვანილი ყველა წესი. სამწუხაროდ, დროებით ოჯახის წევრებთანაც დისტანციის დაცვა მოგვიწევს.

    მოკლედ, თავის დასაცავად აუცილებელია სწორად მორგებული, სუფთა ნიღაბი, დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი, პირადი ჰიგიენა, დროის მაქსიმალური ნაწილის ღია სივრცეში გატარება, დახურული სივრცის ხშირად განიავება და ადექვატური დატენიანება.

    2. როგორ ამოვიცნოთ კოვიდ-ინფექცია?

    კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან. უმეტეს შემთხვევებში პაციენტი სიმპტომატური ხდება მეხუთე, მეექვსე დღეს.
    ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ორმხრივი ინფილტრატები რენტგენსა თუ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში, ყელის ტკივილი, უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე; დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, იშვიათად სურდო და ცრემლდენა, თავბრუსხვევა, წონასწორობის მოშლა სიარულისას, ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, შფოთვა და გამოხატული შიშები, გონების დაბინდვა, პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე), ზოგადი სისუსტე, კონიუქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება), კანის დაზიანებები; კერძოდ სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე. ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით, ან მათი სიმძიმის ხარისხით.
    დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება.
    კოვიდ ინფექციისთვის დამახასიათებელია სწრაფი დინამიკა, მძიმდება ძალიან მოკლე ვადებში და მკვეთრად. შედარებით მსუბუქი მიმდინარეობისას, ხშირად კრიტიკულია მეშვიდე-მეათე დღეების შუალედი. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ვადები გასაშუალოებულია, ანუ, არიან პაციენტები ვისაც პირდაპირ მძიმე ფორმით გამოუვლინდება დაავადება ან დაუმძიმდება მეათე დღეზე გვიან.

    3. გრიპი თუ კოვიდი?

    სეზონური ვირუსული ინფექციების პერიოდი დაიწყო. ხშირად გაგიჭირდებათ გარჩევა რომელ ვირუსულ დაავადებასთან გაქვთ საქმე. თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომები აღგენიშნებათ, ოქროს წესია მოიქცეთ ისე, თითქოს საქმე გაქვთ კოვიდ-ინფექციასთან, სანამ კვლევებით გამორიცხავთ. ტესტირებით ამის დამტკიცების აუცილებლობა არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაში. არც ამის მატერიალური საშუალება აქვს ყველას. ასეთ დროს იზოლაციის წესების სრულად დაცვა კრიტიკულად აუცილებელია. მხოლოდ ასე დაიცავთ გარშემომყოფებს ინფიცირებისგან.

    4. როგორ ვიქცევით, თუ კოვიდ-ინფექციის სიმპტომები გამოგვივლინდა?

    პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს! ტესტირება კრიტიკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის არსებითად ცვლის მკურნალობის ან ქცევის ტაქტიკას. მსუბუქად მიმდინარე დაავადებას სახლის პირობებში სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდება. შესაბამისად, სახლში დარჩენილების ტესტირება მხოლოდ გამცნობთ, რომ თქვენ ნამდვილად კოვიდ-ინფიცირებული ხართ და მეტს არაფერს ცვლის.
    კიდევ ერთხელ, მსუბუქად ან სულაც ასიმპტომატურად დაავადებული არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან სპეციფიურ მკურნალობას! ასე დაიცავთ თავს ახალი ინფექციისგან და დაიცავთ ჯანდაცვის სისტემას გადატვირთვისგან! ჯანდაცვის სისტემის არამიზნობრივი გადატვირთვა გაზრდის სიკვდილიანობას კრიტიკულ პაციენტებში, გამოიწვევს სამედიცინო პერსონალის გამოფიტვას და დაინფიცირების მაღალ მაჩვენებელს.
    ცხადია ეს არ გულისხმობს, რომ თავი უნდა მოარიდოთ სამედიცინო დაწესებულებებებს და არ ითხოვოთ დახმარება მაშინ, როცა ის აუცილებელია!
    თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. კრიტიკულად აუცილებელია გვესმოდეს, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება სერიოზულად დაგაზიანოთ. უსიმპტომო და მსუბუქ ფორმებს, რისკების არქონის შემთხვევაში არ სჭირდება არც ანტიბიოტიკი და არც ეგრეთ წოდებული ‘’სისხლის გამათხელებლები“.
    აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით, ან მანამ, სანამ ტემპერატურა ნორმალურს აღემატება. ამერიკული სტანდარტების მიხედვით ნორმალურ ტემპერატურად კოვიდ-ინფიცირებულისთვის ითვლება <37 C.
    მკურნალობა კი მხოლოდ სიმპტომატიური გჭირდებათ. რას გულისხმობს სიმპტომატიური მკურნალობა? სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი (ასეთად შეიძლება პარაცეტამოლის, ტალინოლის, იბუპროფენის, ნუროფენის ან ამ ჯგუფებიდან სხვა დასახელების პრეპარატების გამოყენება), საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი, არატკბილი სითხე (თბილი, ცივი ორივე სასარგებლოა; არ არის საჭირო ქაფქაფა ცხელი).

    დაიწყეთ სიმპტომების აღრიცხვა. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე, თუ საშუალება გაქვთ არტერიული წნევა, გულისცემის და სუნთქვის სიხშირე. სასურველია იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. უმარტივესია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება. ვარჯიშის მთავარი პრინციპია მაქსიმალურად დიდი მოცულობის ჰაერის ჩასუნთქვა და და ნელი, გახანგრძლივებული ამოსუნთქვა, მოკუმული ტუჩებით წინააღმდეგობის შექმნით. ეს დაეხმარება თქვენს ფილტვებს, რომ ყველა ალვეოლა საკმარისად გაიშალოს და მაქსიმალური რაოდენობის ჟანგბადი გაიცვალოს კაპილარულ ქსელში. თუ დაავადება სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, სასარგებლოა პირჩაღმა (მუცელზე) ძილი/წოლა. ცხადია, ეს წესი არ ეხებათ ჭარბწონიან ადამიანებს, რადგან მათში პირჩაღმა წოლა დიაფრაგმის (მნიშვნელოვანი სასუნთქი კუნთის) მაღლა დგომას უწყობს ხელს და ამცირებს გულმკერდის ღრუს მოცულობას; შესაბამისად აუარესებს ფოლტვების გაშლის შესაძლებლობას.
    იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული. გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან, ასევე გააუმჯობესებს სუნთქვას და ზოგად განწყობას. მოძრაობა დაგიცავთ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში დეკონდიცირებისგან, რაც კუნთების ზედმეტი მოდუნებით ხასიათდება და ისედაც მძიმე ზოგადი სისუსტე უფრო გამოხატული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანებს ხშირად უჭირთ მოძრაობა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების გამო, ასეთ შემთხვევაში უბრალოდ სავარძელში ჯდომაც კი სასარგებლოა. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
    იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.
    ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. სრულფასოვანი კვება გულისხმობს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვების გამოყენებას. კვების რაციონიდან ამოიღეთ ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით მათ ვისაც დიაბეტი გაქვთ.
    ნუ შეგეშინდებათ ინფიცირებული ადამიანების. პრევენციის წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში დაავადება ოჯახის შიგნითაც კი არ გადადის. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ კართან დაუტოვოთ ერთმანეთს.
    ვინც არ ხართ ინფიცირებული, ზედმიწევნით კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი ნორმალური მდგომარეობა. იგულისხმება ყოველდღიური, ჩვეული მდგომარეობა. ეს დაგეხმარებათ დაავდების სიმპტომების ადვილად ამოცნობაში.
    ყურადღებით დააკვირდით ზოგადი მდგომარეობის მინიმალურ ცვლილებასაც კი. დაავადების შემთხვევაში, საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება საშუალებას მოგცემთ სწორად ამოიცნოთ კრიტიკული პერიოდები და დროულად ითხოვოთ სამედიცინო დახმარება. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

    რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

    • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას
    • გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა, უჩვეულო აგზნება, გამოხატული მოუსვენრობა სხვა სიმპტომებთან ერთად.
    • მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას
    • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა
    • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. (ტკივილის ხასიათი არ იცვლება სუნთქვის ფაზებთან მიმართებაში, მოძრაობისას. ტკივილის გამოწვევა ან დაყუჩება ან ხასიათის ცვლილება შეუძლებელია შეხებით. ტკივილი გადაეცემა ყვედა ყბას, კისერს, ზემო კიდურებს, ბეჭის მიმდებარე ტერიტორიას ან მუცლის ზედა კვადრანტს)
    • უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას
    • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო
    • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს
    • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს)
    • სუნთქვის გამოხატული უკმარისობა

    როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

    • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი სუნთქვის გაძნელების გამო
    • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში)
    • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
    • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია
    • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
    • ქოშინი მინიმალური დატვირთვისას

    სუნთქვის უკმარისობის (დისპნეა) ხარისხები:

    მსუბუქი დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა არ იწვევს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვას და ის გამოხატულია მხოლოდ უჩვეულო დატვირთვისას, მაგალითად სწრაფი სიარულის ან ერთი ან ორი სართულით კიბეზე ასვლისას.

    საშუალო სიმძიმის დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გიზღუდავთ ჩვეულებრივ აქტივობებს (გამოხატულია საკვების მომზადებისას, ვერ ადიხართ კიბეებზე შესვენების გარეშე, ვერ ალაგებთ სახლს)
    მძიმე დისპნეა – სუნთქვის უკმარისობა გამოხატულია დასვენების დროსაც, ვერ ახერხებთ მარტივ მოძრაობებს, მაგალითად ტანსაცმლის ჩაცმას.

    დაავადების დინამიკის შეფასებას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, გავიგოთ შეგვიძლია თუ არა მკურნალობის სახლში გაგრძელება, თუ დროა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.

    5. ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

    • პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება (ზემოთ აღწერილია);
    • პაციენტებმა, რომლებსაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება;
    • პაციენტებმა, რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს);
    • პაციენტებმა მაღალი რისკის ფაქტორებით.

    6. ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს („ემერჯენსი“)?
    • პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა, დეტალები იხილეთ ზემოთ)
    • ლეთარგია, ძილად მივარდნა, გონების ნაწილობრივი ან სრული დაბინდვა
    • გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას

    სასურველია მიმართოთ თქვენს პირად ექიმს. მას, ვინც პაციენტის ზოგად მდგომარეობას კარგად იცნობს, საშუალება აქვს ადვილად ამოიცნოს საშიში სიმპტომები. სამწუხაროდ, ვინაიდან დაავადებისგან სამედიცინო პერსონალის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის ეფექტური მართვისათვისთვის, ვირტუალური ან სატელეფონო კონსულტაციები ასეთ დროს მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია.

    7. მედიკამენტოზური მკურნალობა:

    ანტიკოაგულაცია და ანტითრომბოტული თერაპია:
    არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!! ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარაუდო დასახელებებია: კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი… სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს). გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით სახლში დარჩენილები. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ-ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან, განსაკუთრებით ხშირია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის სისტემიდან. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება. თუ თქვენ ექიმის დანიშნულებით უკვე იღებთ რომელიმე ამ ჯგუფის პრეპარატს, მათი შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება! კოვიდ-ინფექციისას მათი შეწყვეტა არ შეიძლება, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობს სისხლდენის რისკის გამო. კოვიდ-ინფექცია თავისთავად არ ზრდის სისხლდენის რისკს, თუ თქვენ ქრონიკულად არ განეკუთვნებით რაიმე სპეციფიკურ ჯგუფს. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის თრომბომბოფილიებსა თუ სისხლის შედედების თანდაყოლილ ან შეძენილ პრობლემებს, სამწუხაროდ არ არსებობს სერიოზული კვლევები ამ რისკ-ჯგუფებში და შესაბამისად ზუსტი რეკომენდაციებიც. ყოველ ამგვარ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ის უნდა გადაწყდეს ექიმის და პაციენტის ერთობლივი ძალისხმევით.
    სტეროიდები: ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად, მითუმეტეს სახლის პირობებში. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭნაწლავის სისხლდენის განვითარებას.
    ანტიბიოტიკები: ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე! კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით. მსგავსი გართულებების დიაგნოსტირებას კლინიკურთან ერთად ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები სჭირდება. იშვიათ შემთხვევებში, ექიმს შეუძლია მიიღოს ანტიბიოტიკების ჩართვის გადაწყვეტილება სპეციალური კვლევების გარეშე, კლინიკურ სურათზე და პაციენტის წარსული სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით. თქვენით მსგავსი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ! ასევე მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებით მკურნალობისას დაცული იყოს ადექვატური დოზები და მედიკამენტის მიღების სწორი ხანგრძლივობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს შეუწობთ ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიული შტამების ჩამოყალიბებას. ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის საზოგადოებას მოგვიანებით. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები ზოგ შემთხვევაში მაღალი ალერგიული პოტენციალით გამოირჩევიან. არასწორად შერჩეული ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს თანდართული ბაქტერიული პროცესების მართვაზე; მეტიც, შეუძლია დაამძიმოს ზოგადი მდგომარეობა გვერდითი ეფექტებით.
    რემდესევირი, პლაზმა, მონოკლონალური ანტისხეულები: არც ერთი მათგანი არაჰოსპიტალიზირებულ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტების სამკურნალოდ არ გამოიყენება.
    ვიტამინები: არ არსებობს კვლევა რომელიც ადასტურებს ‘’ც’’ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ-ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება ‘’დ’’ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. კვლევების თანახმად, ჰოსპიტალიზირებული კოვიდ-ინფიცირებულების დაახლოებით 80%-ს აღენიშნებოდა ‘’დ’’ ვიტამინის დეფიციტი. თუმცა, ამ პრეპარატის მიღების კავშირზე გამოჯანმრთელებასთან ან სიკვდილიანობასთან ამჟამადაც არაფერი ვიცით. ცხადია, თუ თქვენ უკვე იღებთ „დ“ ვიტამინს ექიმის დანიშნულებისამებრ, უნდა გააგრძელოთ. იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ვიტამინსაც.
    მიკროელემენტები: არ არსებობს მტკიცებულება თუთიის განსაკუთრებულ როლზე კოვიდ ინფექციის მართვაში. ამდენად, თუთიის მიღებას თქვენთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური სარგებლობის მოტანა შეუძლია.
    მარიხუანა: არ არსებობს დამაჯერებელი სამეცნიერო მტკიცებულება მარიხუანის ეფექტურობაზე კოვიდ ინფექციისას. ექსპერიმენტებს ნუ ჩაიტარებთ საკუთარ თავზე. მეტიც, ფსიქიკური სტატუსის ზუსტი, ყოველდღიური შეფასება აბსოლიტურად აუცილებელია, მარიხუანას მოხმარებამ კი შეიძლება ეს გაართულოს.

    8. რისკის ჯგუფების შეფასება.
    მაღალი რისკი არ გულისხმობს რომ თქვენ უფრო ადვილად მიმღები ხართ კოვიდ-ინფექციის მიმართ. ის მხოლოდ დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის პროგნოზულ ფაქტორად ითვლება.
    მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

    რისკის კრიტერიუმებია:
    • ასაკი >65 წელზე
    • მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები
    • იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები
    • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი
    • კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით
    • ონკოლოგიური დაავადებები
    • სიმსუქნე (სიმსუქნის ხარისხი სპეციალური ფორმულით იანგარიშება სხეულის მასის ინდექსი=წონა კილოგრამებში/სიმაღლე სანტიმეტრებში აყვანილი კვადრატში. ნორმალური წონის ინდექსი მერყეობს 18.5 – 24.9, 25 – 29.9 ითველება ზედმეტ წონად, 30 – 34.9 პირველი ხარისხის სიმსუქნე, 35 – 39.9 მეორე ხარისხის სიმსუქნე, >40 მესამე ხარისხის სიმსუქნე)
    • შაქრიანი დიაბეტი
    • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
    • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
    • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები
    • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია.
    • სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია (up-to-date ყველაზე პოპულარული ამერიკული სამედიცინო პლატფორმაზე დაყრდნობით ის ითვლება რისკის ფაქტორად), ნამგლისებური ანემია

    9. ვის სჭირდება გუმკერდის რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა?

    სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, თვით ასიმპტომატური პაციენტებიც რომ გამოვიკვლიოთ კომპიუტერული ტომოგრაფიით, აღმოვაჩენთ რომ მათ ნახევარზე მეტს ფილტვების სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. თუმცა, ეს რაიმე ტიპის სპეციფიურ მკურნალობას არ საჭიროებს. მკურნალობის აუცილებლობას კლინიკური, ლაბორატორიული და კვლევებით მიღებული მონაცემების დაჯამების შედეგად განვსაზღვრავთ. რადიოლოგიური კვლევა საწყის ეტაპზე, მსუბუქად დაავადებულებს არ სჭირდებათ! თუ დაავადება მძიმდება და სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს, მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო განისაზღვროს დაზიანების ხარისხი. რადიოლოგიური კვლევა სრულიად უსაფრთხო არ არის; ის მცირედ დასხივებას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება სპეციალური დანიშნულების გარეშე.

    10. ვის სჭირდება ლაბორატორიული კვლევების ბინაზე ჩატარება?

    ასეთი კვლევების აუცილებლობა მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. პაციენტმა თუნდაც ჩაიტაროს აუცილებელი ტესტები, პროფესიონალის მიერ შედეგების სწორი ინტერპრეტაციის გარეშე მათ კლინიკური ღირებულება ვერ ექნებათ. არამიზნობრივი კვლევების ჩატარებით მხოლოდ გაართულებთ იმ ადამინების მდგომარეობას, ვისაც მართლა სჭირდება მათი დროული ჩატარება და ვერ ახერხებენ რიგების გამო.

    11. პოსტ-კოვიდ პერიოდის სირთულეები

    გვახსოვდეს, კოვიდი ხანგძლივად მიმდინარე დაავადებაა და სრულ გამოჯანმრთელებას კვირები, ზოგჯერ თვეებიც სჭირდება.
    პოსტ-კოვიდ პერიოდისთვის დამახასიათებელია ძლიერი სისუსტე, დეპრესია, შიშები, განსაკუთრებით რეინფიცირების შიში; სუნთქვის უკმარისობა (იმის მიხედვით რა სიმძიმის დაავადებასთან გვქონდა საქმე), მსუბუქი ტკივილები გულმკერდის არეში. თუ ეს სიმპტომები პოსტ-კოვიდ პერიოდში არ ღრმავდება და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნით, არ უნდა გახდნენ პანიკის საფუძველი. ჩვეული ცხოვრების რიტმში დაბრუნება ძალისხმევას მოითხოვს. გაატარეთ მეტი დრო მზეზე, ღია სივრცეში (აივანი, პარკი, სოფელი, უბრალოდ ქუჩაში სეირნობა). ეცადეთ იმოძრაოთ შეძლებისდაგვარად. მოძრაობა, ვარჯიში, სეირნობა აუცილებელია ზომიერად, ისე, რომ განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ. თანდათან გაზარდეთ დატვირთვა და საბოლოოდ აუცილებლად შეძლებთ ძალების სრულ აღდგენას. პოსტ-კოვიდ სინდრომის სამართავად სპეციფიური მკურნალობა საჭირო არ არის, თუ სიმპტომები განსაკუთრებულ დისკომფორტს არ შეიცავს. მსუბუქი ხარისხის დეპრესია მალევე გაივლის, როგორც კი ფიზიკურად გაჯანსაღდებით. მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში ან იოგა ამის საუკეთესო საშუალებაა.

    12. ამავე დროს, გახსოვდეთ კოვიდს ახასიათებს სხვადასხვა მძიმე გართულებები და არ აგერიოთ ისინი პოსტ-კოვიდ სინდრომში. მათი ამოცნობა ხშირად ადვილი არ არის და მცირედი გაუარესების შემთხვევაშიც კი მიმართეთ პირად ექიმს. გამოჯანმრთელებიდან 4 კვირის ვადაში სასურველია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. ვირტუალური კონტაქტი სრულიად საკმარისია გაურთულებელ შემთხვევებში. მძიმედ მიმდინარე დაავადებისას ექიმთან ვიზიტი სავალდებულოა გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის ფარგლებში.

    13. იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

    • მინიმუმ 10 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში.
    • იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე. იგულისხმება მეათე დღემდე ბოლო 48 საათი. თუ ცხელება უფრო ხანგრძლივად გრძელდება, იზოლაციაში რჩებით მანამ, სანამ უსიცხო 48 საათიან პერიოდს არ გადალახავთ.

    • განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ. განმეორებით ტესტირებას საჭიროებენ მხოლოდ ის პაციენტები, ვინც ჰოსპიტლიდან სპეციალურ დაწესებულებეში ეწერებიან, მაგალითად მოხუცთა სახლებში ან სარეაბილიტაციო ცენტრებში.

    14. იმუნური მეხსიერების შესახებ ჯერაც არ ვფლობთ ამომწურავ ინფორმაციას. ანტისხეულები უმეტეს შემთხვევაში 3-6 თვე ნარჩუნდება. ანტისხეულები, გაურკვეველი მიზეზით ყველა პაციენტში არც გამომუშავდება. თუმცა იმუნიტეტს ამ შემთხვევაში სხვა კომპონენტიც განაპირობებს ”T” ლიმფოციტების სახით. ამგვარი იმუნიტეტიც პირველადი მონაცემებით იგივე ხანგძლივობისაა. უკვე გვქოდა რეინპიცირების შემთხვევებიც. ხელახალი ინფიცირება აღწერილია ლიტერატურაშიც და ის დაფიქსირდა მაიმონიდის ჰოსპიტალშიც. ამდენად, დაავადების გადატანა, სამწუხაროდ, არ ნიშნავს უსაფრთხოებას.

    15. ყველაზე მთავარი:

    მნიშვნელოვანია არ მიეცეთ სასოწარკვეთას. კოვიდი რთული, კომპლექსური დაავადებაა, ადვილად გავრცელების პოტენციალით, თუმცა სწორი მართვის პირობებში გამოსავალი საიმედოა. ინფიცირებულთა დაახლოებით 80%-ს დაავადება უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქ ფორმაში გადააქვს. დანარჩენი 20%-დან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მცირე ნაწილს სჭირდება და იმ მცირე ნაწილის მხოლოდ 5%-ში მიმდინარეობს კოვიდი კრიტიკულად. უმძიმესი პაციენტის გადარჩენაც ხშირად შესაძლებელია. წარმატებისთვის ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ და ზედმიწევნით ზუსტად მივსდიოთ პროფესიონალთა რჩევებს. მხოლოდ ექიმები პანდემიას ვერ მართავენ. პანდემიის მართვის მთავარი ბერკეტები თქვენს ხელშია, ჩვენო ძვირფასო ადამიანებო. მაქსიმალურად გაეცანით პროფესიული წყაროებით მოწოდებულ რეკომენდაციებს. ეცადეთ არ ენდოთ შეთქმულების თეორიებს. ცოდნა ყველაზე მძლავრი იარაღია ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავებისთვის. იყავით მშვიდად. სულ რამდენიმე თვით ყველას ერთად მოგვიწევს ახალ რეალობაში ცხოვრება. თუ ყველანი დავიცავთ პრევენციის წესებს, აღარ დაგვჭირდება ცხოვრების გაჩერება. წესების დაცვით სამსახურებშიც ვივლით, სკოლაშიც და ერთმანეთთანაც.
    ჯანმრთელობას და სიმშვიდეს გისურვებთ.
    გვიგულეთ თქვენს გვერდით ამ რთულ დროს.

    პატივისცემით,

    ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული