Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს

    ახალ კვლევაში, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარს-კოვ-2, დაავადება კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი, ადამიანის კანზე 9 საათი ძლებს. და ეს მაშინ, როცა ინფლუენზას (გრიპის) ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა კანზე საშუალოდ 2 საათი იყო. კვლევაში „ა“ ტიპის ინფლუენზას ვირუსს (IAV) აკვირდებოდნენ.

    აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი მეტალი, ან პლასტმასა, 8-ჯერ მეტი გამძლეობით გამოირჩეოდა, ვიდრე გრიპის ვირუსი. ადამიანის კანზე კი მისი სტაბილურობა ჯერ დაზუსტებული არ იყო.

    ამგვარი გამძლეობა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებს კონტაქტით კიდევ უფრო ზრდის, რაც პანდემიასთან ბრძოლას ართულებს. თუმცა, ყველაზე კარგი სიახლე ამ ყველაფერში ის არის, რომ იაპონელი მეცნიერების თქმით, ვირუსის სარს-კოვ-2 განეიტრალება ადამიანის კანზე, სულ 15 წამში ხდება, 80%-იანი ეთილის სპირტით.

    შესაბამისად, ადეკვატური ჰიგიენა გავრცელების რისკებს სწრაფად და ეფექტურად ამცირებს. საუბარია ხელის ხშირი დაბანაზე და სადეზინფექციო საშუალებების რაციონალურ მოხმარებაზე.

    იაპონელ მეცნიერთა ნაშრომი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების ჟურნალში „კლინიკური ინფექციური დაავადებები“. მისი დეტალურად გაცნობა შეიძლება „ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის“ მეშვეობით. კვლევის წამყვანი ავტორები არიან რიოჰი ჰიროში და ჰიროში იკეგაია.

  • COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს– ჯანმო

    COVID-19–ის ვაქცინა შესაძლოა წლის ბოლოსთვის მზად იყოს– ჯანმო

    შეიძლება, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წლის ბოლოს მზად იყოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედოს გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს ვაქცინის თანაბარი განაწილებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

    “ჩვენ ძალიან დაგვჭირდება ვაქცინები და არის იმედი, რომ ამ წლის ბოლომდე შეიძლება ვაქცინა გვქონდეს. გვაქვს იმედი“– თქვა ჯანმოს ხელმძღვანელმა ჯანმოს აღმასრულებელ კომიტეტზე დასკვნით სიტყვაში, რომელზეც პანდემიაზე რეაგირების გლობალური ზომები განიხილებოდა.

    ევროკავშირის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ რეალურ დროში დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის მიმოხილვა , რომელიც ამერიკულმა წამლების მწარმოებელმა კომპანია     Pfizer–მა        და გერმანულმა  BioNTech–მა  შეიმუშავეს. მანამდე ანალოგიური განცხადება გაკეთდა მათი კონკურენტის,  AstraZeneca’s–ს ვაქცინასთან დაკავშირებით.

     

  • “შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას“–როგორ გადაიტანა ზურაბ გურულმა Covid19

    “შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას“–როგორ გადაიტანა ზურაბ გურულმა Covid19

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსის დიაგნოზს და ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიებს ფეისბუქზე ეხმაურება. ამავე დროს იხსენებს დეტალებს, როგორ გადაიტანა თავად კორონავირუსი ზაფხულში:

    “ვუსმენ CNN-ზე დოქტორ ფაუსტს და ვფიქრობ …

    დოქტორი ფაუსტი ჰარვარდიდანაა. საოცრად აღშფოთებულია, რომ თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ დაწვრილებით არ მოახსენა „ამერიკელ ხალხს“ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; კერძოდ, როდის დაეწყო სიმპტომები, როდის და როგორ დაუმძიმდა, რა აჩვენა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ლაბორატორიულმა ტესტებმა და ა.შ. ცხადია, დოქტორ ფაუსტს წამითაც არ უფიქრია, რომ ამერიკელი ხალხის გარდა ამ ყველაფერს უსმენს და აანალიზებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ათასი სხვა „ძაღლისა და მამაძაღლის“ სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც ამის მიხედვით აწყობენ ათასნაირ მავნებლურ გეგმებს, რომ დრო იხელთონ და პლანეტარული მასშტაბის ქაოსი შექმნან. მე კიდევ ქართულ მედიაზე მეღიმებოდა, როცა დაწვრილებით, პირდაპირ ეთერში აცნობდნენ ყველას ქართული ჯარის გადაადგილებებს საომარი მდგომარეობის დროს. მავნებელია თუ იდიოტი დოქტორი ფაუსტი? თუ ორივე ერთად? აცნობიერებს კი CNN, რას აკეთებს?

    რიტორიკული კითხვებია. ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით გასცეს პასუხი. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დოქტორ კონლის გამოსვლა უაღრესად არაპროფესიონალური იყო; იმდენად ჰარიფული, რომ ალალია მასზე CNN-ის ეთერის „ტალახში თრევა“.

    შეუძლია თუ არა ნებისმიერ განათლებულ ექიმს პათეტიკის გარეშე, მშვიდად ისაუბროს კოვიდზე? ცხადია შეუძლია. ოღონდ, აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში. ნებისმიერი ექიმი სხაპასხუპით ჩამოგიყალიბებთ პროცენტებს, თუ რა შანსები ექნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, თუნდაც ძირითადი კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დროს პაციენტს, მაგრამ აბა სცადოს ვინმემ იგივე სიზუსტით კოვიდის მიმდინარეობის წინასწარმეტყველება. ჰო! ჯერ არ შეუძლია ეს მსოფლიო მედიცინას.

    და რომ არ შეუძლია, ეს იწვევს მღელვარებას, შიშს, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში. შიში კი საოცრად ურტყამს იმუნურ სისტემას, დაუნდობლად.

    …. 12 ივნისი … დილიდან მტკივა მთელი სხეული და ყველა სახსარი. უსიამო წინათგრძნობამ შემიპყრო. შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას. ძალიან ბევრ სარისკო სიტუაციაში მომიხდა ყოფნა და თანაც არავინ იცის ზუსტად ჩვენი ნიღბების დაცვის სრული პოტენციალი.

    შუადღეზე საშინლად შემამცივნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა ძვალი გაყინული მიდევს სხეულში, არადა, გარეთ 35 გრადუსიანი სიცხეა. დაყოვნება აღარ ღირს. სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებ რომ იქნებ გავცივდი, მაგრამ …

    ტესტი გამიკეთეს, მაგრამ პასუხი მხოლოდ 48 საათის შემდეგ იქნება. სამსახურიდან ბრძანება მივიღე რომ მკაცრ თვითიზოლაციაში წავიდე. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და ჩავწექი. სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. ვცდილობ თავი დავიმშვიდო და არ ვიფიქრო შესაძლო გართულებებზე; არადა, გონებამ თავისით ამოაგდო ყველა მძიმე შემთხვევა. ნეტავ ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მაინც შემეძლოს სახლში, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ველოდო. მივხვდი რომ კოლეგისა და მეგობრის გონება მჭირდებოდა დასამშვიდებლად. ჩემი სიცხიანი გონება ვეღარ ქაჩავდა რაციონალურ აზროვნებას. მოვიკრიბე ძალა და ნანა გეგეჭკორს დავურეკე, ძალიან მაგარ ექიმს და კარგ მეგობარს. საოცარი სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. უცებ ჩამოაყალიბა ჩემი მკურნალობის გეგმა და დამაწყნარა. საუბრის მერე უკეთ ვიგრძენი თავი. -ბოლოსდაბოლოს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, რატომ უნდა გამირთულდეს, ვცდილობ დამშვიდებას და პრაგმატულად ფიქრს.

    18 ივნისი … 48 საათმა გაიარა, რაც სიცხე არ მქონია. მგონი ვრჩები. მიხარია. – ჯერ ნუ იჩქარებ – მაფრთხილებს ნანა და მაიძულებს რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო ფიზიკურად. მიჭირს სიარული, სისუსტისაგან თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ მინდა თრომბის მსხვერპლი გავხდე და ვცდილობ ეზოში ვისეირნო, ყველასაგან მოშორებით.

    შუადღეზე უცებ ამივარდა სიცხე და საშინლად შემამცივნა. ძალიან ცუდად ვარ. ვრძნობ რომ საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის.

    – ველოდი ამ გართულებას – მაინც ოპტიმისტურად არის ნანა. რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს; პირჩაღმა დავწექი და ცოტა შვება ვიგრძენი.

    – საავადმყოფოში უნდა წახვიდე – მტკიცე ტონით მეუბნება ჩემი ექიმი.

    ტაქსის გამოძახება არ მსურს. არ მინდა უცნობი ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩავაყენო, ველოდები სიცხის დაკლებას და მერე თავად ვჯდები საჭესთან.

    -ორმხრივი კოვიდ პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები; უნდა დაგაწვინოთ – ოდნავ შეშფოთებას ვამჩნევ ხმაში ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ჩემი ყოფილი რეზიდენტი აღმოჩნდა.
    საავადმყოფოს დერეფანში არავინაა. ვერავის სახეს ვერ ვხედავ. ყველა შეფუთულია და ორმაგი ნიღაბი უკეთია. არაფრის თავი არ მაქვს, პალატაში შემიყვანეს თუ არა, მაშინვე ჩავწექი. საშინლად მცივა. ექთანს ვთხოვე რამდენიმე საბანი მოეტანა. ყველა საოცრად თბილად მეპყრობა. ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. უსიზმროდ ჩამეძინა.

    ღამის 3 საათზე გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირს. მეცოდება ექთანი გამოსაძახებლად. მთელი აღჭურვილობა უნდა აისხას ჩემთან შემოსასვლელად. სიცხე გავიზომე, 40-ს გადასცილდა. მე კი ძალიან, ძალიან მცივა. პარაცეტამოლს ვიღებ მაგიდიდან და ვსვამ; მერე მუცელზე ვწვები…

    … ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია; ყოველი. ექიმი ამ პლატფორმიდან უნდა მოქმედებდეს მუდამ და არასოდეს, არასოდეს არღვევდეს საექიმო ეთიკას.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

  • Covid19: დაკარგული ყნოსვის და გემოს შეგრძნება შესაძლოა დიდხანს არ დაბრუნდეს

    ახალი კვლევის მიხედვით კორონავირუსით დაინფიცირებული იმ ადამიანების 90%–ს, ვისაც ყნოსვის და გემოს დაკარგვის სიმპტომი ქონდათ, ერთ თვეში ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაუბრუნდათ.

    იტალიელი მედიკოსების ინფორმაციით პაციენტების 49%–ს ყნოსვა და გემოს შეგრძნება სრულად აღუდგა, 40%–ს კი არასრულად, თუმცა გაუუმჯობესდა. რაც შეეხება 10%–ს, სიმპტომები არ შეცვლილა და გაუარესდა კიდეც.

    პანდემიის მაშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მრავალი ათასი ადამიანისთვის დაავადების შედეგები შეიძლება გრძელვადიანი აღმოჩნდეს.

    გემოს და ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ–ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება. ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ექიმების რეკომენდაციით ისინი, ვინც მსგავს სიმპტომს შენიშნავს დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და კორონავირუსის ტესტი ჩაიტაროს.

    როგორ უკავშირდება ეს სიმპტომები დაავადების სიმძიმეს

    ექიმების საერთაშორისო ჯგუფმა 187 იტალიელის დააადების მიმდინარეობა შეისწავლა, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით ჰქონდათ და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

    მათ სთხოვეს შეეფასებინათ  სუნის აღქმა დიაგნოზის დასმისთანავე და შემდეგ კი ერთი თვის თავზე.

    გემოს და ყნოსვის შეგრძნების ცვლილება 113–მა ადამიანმა აღნიშნა. მათგან:

    • 55 ადამიანმა აღნიშნა, რომ ყველა შეგრძნება სრულად დაუბრუნდა.
    • 46 –ს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მდგომარეობა
    • 12–მა კი აღნიშნა, რომ სიმპტომები კვლავ დარჩა ან გაუარესდა.

    იმ ადამიანების გამოჯანმრთელებას, რომლებსაც მკაფიოდ გამოკვეთილი სიმპტომები ქონდათ უფრო მეტი დრო დაჭირდა.

    ექიმი კლერ ჰოპკინსი, რომელიც ამ კვლევით ჯგუფში შედის და ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოებას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მისი გუნდი ამჟამად განაგრძობს იმის შესწავლას, როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები დიდხანს შემორჩათ.

    “ჩვენი დაკვირვებით და დაგროვილი მონაცემებით ნათელია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწრაფად ახერხებს გამოჯანმრთელებას, თუმცა ვიღაცისთვის ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს. მათში, ვინც სწრაფად გამოჯანმრთელდება კორონავირუსი როგორც ჩანს მხოლოდ ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებს ეხება. მათ ორგანიზმში კი, ვისაც გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო ჭირდება, როგორც ჩანს ვირუსი იმ ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს, რომლებიც ყნოსვის შეგრძნების გადაცემაზეა პასუხისმგებელი. ამ ნერვული უჯრედების აღდგენას და რეგენერირებას კი უფრო დიდი დრო ჭირდება.“– ამბობს კლერ ჰოპკინსი.

    ამ კვლევების შედეგები ამერიკის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის სპეციალიზირებულ ჟურნალ JAMA Otolaryngology – Head and Neck Surgery–ში გამოქვეყნდა.

    მასალაში საუბარია იმაზე, რომ სრული გამოჯანმრთელების მაღალი პროცენტის მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი მილიონობით ადამიანმა გადაიტანა, ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ მომავალში უამრავი პაციენტი მიაწყდება, ვისაც ვირუსმა სიმპტომები დაუტოვა.

  • “სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ“–იმედის წამყვანი Covid19-ით სახლში რჩება

    ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემის წამყვანი, ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ყვება როგორ აღმოაჩნდა ინფექცია და როგორ განვითარდა ამის შემდეგ პროცესი:

    “გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღნდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

    გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი “იმედში”, სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე – 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

    წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

    კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა.

    საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად – ყველასი. უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს.  დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან – ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.

    სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ. ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას.

    სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.

    რაც შემეხება მე – ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე.

    დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ.
    დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას.“– წერს ზურაბ ბალანჩივაძე ფეისბუქზე. 

  • ისრაელში ექსპერიმენტული პრეპარატით Covid19-ის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა

    იერუსალიმის ჰადასის საავადმყოფოში მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში  მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა რამდენიმე დღიანი ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ. ტესტებმა მათ სისხლში ვირუსი ვეღარ აღმოაჩინა.

    პაციენტებმა პრეპარატ  Allocetra–ს მკურნალობის კურსი გაიარეს. ეს პრეპარატი ისრაელის კომპანია Enlivex Therapeutics–მა შექმნა, რომელიც იმუნურ თერაპიაზეა სპეციალიზირებული.

    Allocetra იმუნური სისტემის მომეტებულ რეაქციას აქვეითებს, რომელიც ხშირად შეინიშნება Covid19-ით ინფიცირებულ პაცინეტრებში. სწორედ ეს რეაქცია იწვევს ბევრი ორგანოს მუშაობის გაჩერებას და ხშირად სიკვდილსაც კი.

    თუმცა, სრული გარანტიისთვის ექიმები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ 28 დღე უნდა დააკვირდეს. ჯერჯერობით არცერთ მათგანს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენია.

    კომპანია Enlivex ამის შემდეგ უფრო ფართომაშტაბიან კლინიკურ კვლევებს დაიწყებს.

  • ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

    ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

    11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ეპიდემიამ გლობალური მაშტაბი გიიღო. დადასტურებული დიაგნოზების რაოდენობა მაშინ 125 ათასს ოდნავ გადასცილდა, თუმცა გათვლები აშკარად მეტყველებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ ნამდვილი კრიზისი გველოდა.

    კითხვაზე, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მეცნიერებს არანაირი პასუხი არ ქონდათ, იდუმალი ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი: არც მისი წარმომავლობა, არც მისი გავრცელების გზები, და არც ის, კონკრეტულად რა სიმპტომებით შეიძლებოდა მისი განსაზღვრა.

    იყო ორი ვარიანტი, და ორივე სრულიად უცნობი და გაურკვეველი გზით სიარულს ნიშნავდა.

    პირველი: გარე სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა და ლოდინი, როდის შეიქმნება ვაქცინა. თუმცა, ვერავინ ამბობდა რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი, ან საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ეფექტური ვაქცინის შექმნა.

    მეორე: შეგუება, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა და ამ პროცესში ნაკლები ჩარევა, ანუ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების გზით წასვლა. ასეთი სტრატეგია ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობის პირობებში ძალიან სარისკოდ ჩანდა, მისი შედეგები კი ძალიან არაპროგნოზირებადად.

    ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა არ გაერისკათ: მათ საზღვრები ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი შემოიღეს. ზოგმა, მაგალითად შვედეთმა და ბელორუსმა გადაწყვიტეს იძულებით იზოლაციაზე უარი ეთქვათ და მეორე ვარიანტი აირჩიეს.

    ეპიდემიის განვითარება ორი პარალელური სცენარით წავიდა.

    პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად 300–350 ათასი ადამიანით იზრდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი მილიონს უახლოვდება. თუმცა, მეცნიერებს კვლავ არ აქვთ ნათელი პასუხი კითხვაზე, ორიდან რომელი ვარიანტი იყო სწორი და საბოლოო ჯამში რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტური.

    სამი თვის წინ ისე ჩანდა, თითქოს შვედეთმა შეცდომა დაუშვა: სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იქ ძალიან მაღალი იყო, თუმცა სექტემბრის შუა პერიოდისთვის სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: ახლა შვედური სტატისტიკა აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან აშშ–ში.

    ასეა თუ ისე, ბოლო ექვსი თვის მანძილზე ვირუსის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. მაგალითად, მსოფლიოში უკვე Covid19–ით განმეორებითი დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ დაავადება შესაძლოა მისი გადატანის შემდეგ მყარ იმუნიტეტს არ ტოვებდეს.

    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობა უაზრობაა? და შესაძლებელია თუ არა საერთოდ ახალი კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება?

    მოდით გავიხსენოთ, რა არის საერთოდ კოლექტიური იმუნიტეტი და როგორ მუშაობს ის.

    კოლექტიურ იმუნიტეტს უწოდებენ სიტუაციას, როცა ესა თუ ის ინფექცია გარკვეული ჯგუფის შიგნით თავისუფლად ვერ ვრცელდება, რადგან ამ ჯგუფის დიდ ნაწილს დაავადების მიმართ მდგრადობა გააჩნია აცრის, ან იმის გამო, რომ ეს დაავადება უკვე გადატანილი აქვს.

    თუ ადამიანი არ ინფიცირდება, ის ინფექციასაც არ ავრცელებს, შესაბამისად მისი იმუნიტეტი ვირუსისგან ირიბად  სხვა ადამიანებსაც იცავს.

    თითქოსდა ძნელი გამოსათვლელი არ არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარი: რამდენი ადამიანი უნდა დაავადდეს ან ვაქცინა გაიკეთოს, რომ დაცვა გარშემომყოფებზეც გავრცელდეს.

    დაავადებების უმრავლესობისთვის ეს ციფრი მართლაც ცნობილია და როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, წითელასგან ეფექტიური დაცვისთვის ამ ძალიან გადამდები დაავადებისგან მოსახლეობის 90–95% უნდა იყოს აცრილი. რაც შეეხება პოლიომელიტს, ის ნაკლებად გადამდებია და მისგან დასაცავად ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 80–85%–ს შეადგენს.

    გასაკვირი არ არის, რომ მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა, ექსპერტების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოლექტიური იმუნიტეტის გზის არჩევას.

    “თუ ვირუსი ყველას დაემართება, და თუნდაც უმრავლესობამ  კოვიდ19 უსიმპტომოდ გადაიტანოს, შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვირუსი საშიშია არა მხოლოდ ასაკოვნებისთვის, ის სარისკოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანია აშშ–ში დიაბეტით, სიმსუქნით, ჰიპერტონიით დაავადებული, თუ ყველა დაინფიცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფული იქნება. ეს სრულიად მიუღებელი ვარიანტია“ – აცხადებდა აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი.

    “არსებობს მოსაზრება, რომ კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია ერთ–ერთი შესაძლებელი გზაა. არადა ეს სასიკვდილო განაჩენია! ჩვენ ასეთ ვარიანტს არც განვიხილავთ!“– კატეგორიულად აცხადებდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი.

    ეშმაკი დეტალებშია:

    თუმცა, არავინ დაობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წითელას ან პოლიომელიტის მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ უცნაურია. რა არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღუვრული ნიშნული კორონავირუსისთვის?

    მისი გამოთვლა ადვილი არ არის. ეშმაკი, როგორც ყოველთვის დეტალებშია. გასათვალისწინებელია ათობით ფაქტქორი: ზუსტად როგორ გადადის ვირუსი, რამდენად გადამდებია ის გარშემომყოფთათვის, ახდენს თუ არა გავლენას გადადებაზე სიმპტომების არსებობა, ინფიცირებულის სოციალური აქტივობის დონე და ა.შ.

    ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ბევრი ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგჯერ კი სრულიად უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოთვლებს.

    თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაახლოებითი გამოთვლა არ შეიძლება. და ასეთ გამოთვლებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა.

    კოლექტიური იმუნიტეტი უკვე რეალობაა?

    ნახევარი წლის წინ, როცა ქვეყნები ფიქრობდნენ, შემოეღოთ თუ არა კარანტინი, ხელისუფლებების საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად იმით იყო ნაკარნახევი, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული მაჩვენებელი მეცნიერებმა 60%–ით შეაფასეს.

    დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის, ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული უკმარისობის და შედარებით მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით კოლექტიურ იმუნიტეტზე აქცენტის გაკეთება ასობით ათასი და შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა.

    თუმცა, უკვე ივლისის ბოლოს გამოჩნდა კვლევა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ 19–ის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული ნიშნული დაახლოებით 40%–ია. კვლევის ავტორები ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში ვრცელდება, მათი იმუნიტეტი კი უფრო ძლიერია, ვიდრე მოხუცების და ბავშვების.

    ამავე სტატიაში გამოითქვა ეჭვი მკაცრი შემზღუდავი ზომების ეფექტურობის შესახებ, რომელთა გაუქმებამ შეიძლება ინფექციის ახალი აფეთქების პროვოცირება გამოიწვიოს:

    “თუ სიტუაციაში არაფარმაცევტული ჩარევა ძალიან მაღალია, კოლექტიური იმუნიტეტი არ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზომების სწრაფი გაუქმება დაავადების აფეთქებას იწევს“ – წერია კვლევაში.

    სექტემბრის შუა პერიოდში, ამ კვლევამ, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომ ბრიტონმა დაწერა, სამეცნიერო თანამეგობრობის დამოუკიდებელი რეცენზია გაიარა და ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა.

    თუმცა კოლექტიური იმუნიტეტის თემაზე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევებში უფრო დაბალი შეფასებებიც არსებობს.

    მაგალითად, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ–ერთი კვლევის ავტორები ამტკიცებენ,  იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა არ წარმოიქმნას, ვირუსის იმუნიტეტი მხოლოდ მოსახლეობის 20%–ს უნდა ქონდეს.

    გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კი საერთოდაც 10–20%–იან მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც მათი აზრით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას კოლექტიური იმუნიტეტი ქონდეს.

    ექსპერტების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ზღვრული ნიშნული შესაძლოა ასეთი დაბალი იყოს, თუმცა სრულიად ცხადია, რომ ვირუსის გავრცელება სრულიად არაორდინარულად ხდება.

    მსხვილ ქალაქებში, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ– ნიუ იორკში, ლონდონში, ნიუ დელიში, ინფექციაგადატანილთა წილი შედარებით მაღალია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ იქ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

    თუმცა, ზემოთჩამოთვლილი კვლევების მიუხედავად ჯანმო კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მთავარი ფსონის დადება კოლექტიურ იმუნიტეტზე დაუშვებელია.

    პლანეტის მაშტაბით ჩვენ ახლოსაც არ მივსულვათ იმუნიტეტის იმ დონესთან, რომელიც საკმარისია დაავადების გავრცელების შესაჩერებლად – განაცხადა 21 აგვისტოს ირლანდიელმა ეპიდემიოლოგმა მაიკლ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის და ამ მიმართულებით ძებნა არც ღირს.–თქვა მან.

    მისი ეს აზრი ზუსტად რამდენიმე დღეში დადასტურდა, როცა მედიკოსებმა კოვიდ 19-ით განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს.

    ჯანმოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერევა ეპიდემიას, სანამ ვაქცინა არ გვექნება. “თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შემუშავება მოხერხდება, და თუნდაც ის შეიქმნას, თავისთავად პანდემიას ვერ მოუღებს ბოლოს“– ამბობს ტედროს გებრეიესუსი.

    ამავე დროს, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, სიდნი შპიზელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა სწორედ იმიტომ, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი გამოჯანმრთელების შემდეგ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. და ადრე თუ გვიან, ვაქცინით, ან მის გარეშე ის კოლექტიურ იმუნიტეტად იქცევა.

    მეცნიერები დაუსრულებლად იმეორებენ, რომ ახალი დაავადების შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. მაგალითად, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება ზოგი პაციენტის სისხლში გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან ბევრი ანტისხეული, ზოგთან კი პრაქტიკულად არ რჩება.

    თუ პროფესორ ბრიტონის გათვლებს ვენდობით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ინგლისში იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვირუსს 24 მილიონი ადამიანი გადაიტანდა. იმავე ეფექტის ვაქცინით მისაღწევად კი 33.6 მილიონი ინგლისელის აცრა იქნებოდა საჭირო.

    თუმცა, როგორც მეცნიერები გვახსენებენ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეფექტური ვაქცინა საერთოდ შეიქმნება. და თუნდაც ის შექმნას, იქნება თუ არა უფრო ეფექტური, ვიდრე ბუნებრივი გზით შეძენილი იმუნიტეტი.

    “ვაქცინამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული იმუნური პასუხი იმისგან, რასაც ბუნებრივი გზით გამომუშავებული, ანუ დაავადების გადატანის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იძლევა. ანუ უფრო უფრო ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა შეძლოს ვირუსისგან, ვიდრე ბუნებრივმა იმუნიტეტმა“– ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფეორი, სამარ მეტა, რომლის აზრით კოლექტიური იმუნიტეტი შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

     

     

  • მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

    მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

    კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ უნდოდათ შეემოწმებინათ, რა ძალა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ უმცირესი ნაწილაკი საპნის ბუშტის მსგავსად გამსკდარიყო. თუმცა ნაწილაკი არ გასკდა.

    ნაწილაკის ზომა 80 ნანომეტრის დიამეტრის იყო, ნემსის წვერი კი კიდევ უფრო მცირე. მეცნიერებმა ნემსის წვერი არაერთხელ მიიტანეს ნაწილაკის ზედა მხარის გარსთან და ბოლომდე შეარჭეს მას. ნაწილაკი იდრიკებოდა, თუმცა მისი გახვრეტა ვერ მოხერხდა. მეცნიერებმა ქმედება 100–ჯერ გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

    გარდა ამისა, მათ ნაწილაკი 90 გრადუს ცელსიუსამდე 10 წუთით გაახურეს. თუმცა მისი გარეგნული მხარე და სტრუქტურა თითქმის არ შეცვლილა , მხოლოდ რამდენიმე “წვეტი“ მოსძვრა.

    საიტ biorxiv.org–ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები გაოცებას არ მალავენ, რამდენად მოქნილი და თერმომდგრადი აღმოჩნდა კორონავირუსის ნაწილაკი.

    “მისი მექანიკური თვისებები და თვითაღდგენის შესაძლებლობები ვირუსს საშუალებას აძლევს გარემოს ყველაზე განსხვავებულ პირობებს შეეგუოს.“ – თვლიან მეცნიერები.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამერიკელებში პანდემიის გამო სტრესმა, შფოთვამ და დეპრესიამ იმატა.

    კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში 2020 წლის მარტ–აპრილში მონაწილეობა მიიღო 6500–მა ამერიკელმა. მეცნიერები აფასებდნენ, რა გავლენას ახდენს პანდემია ადამიანებზე რეალურ დროში.

    ჟურნალ Science Advances–ში გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სტრესის, შფოთვის და დეპრესიის გაძლიერებას საბოლოო ჯამში ისეთი ფაქტორები იწვევდნენ, როგორიც არის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებული მედიაკონტენტის მოხმარება.

  • Covid19- ვითარება მსოფლიოში. ჯანმო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

    Covid19- ვითარება მსოფლიოში. ჯანმო მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გვაფრთხილებს

    კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 30 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 მილიონს უახლოვდება.

    სიტუაცია კვლავ რთულია ინდოეთში, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ეს არის მსოფლიოში მეორე მაჩვენებელი აშშ–ს შემდეგ. გარდაცვლილია 82 ათას ადამიანზე მეტი, რაც აშშ–ს და ბრაზილიის შემდეგ მესამე მაჩვენებელია. ბოლ ორი კვირის განმავლობაში ვირუსი დღეში საშუალოდ 100 ათას ადამიანს უდასტურდება.

    ინდოეთის სტატისტიკის ზრდა შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ხდება. ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ეკონომიკის გაცოცხლებისთვის აუცილებელია. ჯერჯერობით დახურული რჩება მხოლოდ სკოლები, კოლეჯები და კინოთეატრები.

    ჯანმო–ს სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ნაარო მსოფლიოში არსებულ სიტუაციას შემზარავს უწოდებს და გვაფრთხილებს, რომ ეს პანდემიის მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით საფრთხე იმაშია, რომ ვირუსის გავრცელება პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილებში დაჩქარდა. მაგალითად, ინდოეთში დაინფიცირებული 5 მილიონიდან ერთი მილიონი ბოლო 11 დღის განმავლობაში დაინფიცირდა.

    ვითარება ევროპაში

    ჯანმოს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაიკლ რაიანი აცხადებს, რომ დროა ევროპელმა ლიდერებმა უკეთესის იმედით ცხოვრება შეწყვიტონ და მკაცრი გადაწყვეტილებები მიიღონ მოახლოებული ზამთრის დროს მოწყვლადი სოციალური ჯგუფების დასაცავად.

    ამ დღეებში დანიამ კვლავ შემოიღო გარკვეული შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო. კერძოდ, შემცირდა ბარების და რესტორნების მუშაობის საათები.

    საფრანგეთში 81 სკოლა დაიხურა მას შემდეგ, რაც სასწავლო წლის დასაწყისიდან 28 სასწავლო დაწესებულებაში ბავშვებს შორის კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. გაუქმდა 2000–ზე მეტი კლასგარეშე  და ინდივიდუალური მეცადინეობა.

    მთლიანობაში ქვეყანაში აგვისტოდან მოყოლებული დაინფიცირების სტატისტიკის მკვეთრი ზრდაა. კვირას ახალ დაავადებულთა დღეღამურმა მაჩვენებელმა 10 ათასს გადააჭარბა. ბორდოს და მარსელის ხელისუფლებებმა საკარანტინო ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

    საფრანგეთი ევროპაში მეთორმეტე ადგილზეა ინფიცირებულების რაოდენობით – 440 000 ინფიცირებული და 31 ათასზე მეტი გარდაცვლილი.

    ახალი სადღეღამისო ანტირეკორდები მყარდება ჩეხეთში, სადაც ერთ დღეში დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 2 ათასს უახლოვდება. მკვეთრად იზრდება ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი, ასევე დაავადებულთა რაოდენობა, ვისაც ინტენსიური თერაპია სჭირდება. გაიზარდა სიკვდილიანობის სტატისტიკაც. ხელისუფლების შეფასებით ჩეხეთში სიტუაცია მარტი–აპრილის მაჩვენებლებს უახლოვდება.

    გასულ კვირას ქვეყანაში რიგი შემზღუდავი ზომები შემოიღეს. თუმცა ჩეხი მედიკოსები ამბობენ, რომ ამ ნაბიჯის შედეგები მხოლოდ 2–3 კვირის შემდეგ გახდება საგრძნობი, მანამდე კი  სიტუაცია გართულდება.

    სიტუაცია მსოფლიოში

     

    დაინფიცირებულთა რაოდენობის მკაფიო ზრდა ფიქსირდება კვლავ ლათინურ ამერიკაში. მხოლოდ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მოხერხდა ბოლო დროს სიტუაციის დასტაბილურება.

    კონტინენტის ხუთი ქვეყანა მსოფლიოს ათეულში შედის დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ესენია – ბრაზილია, პერუ, კოლუმბია, მექსიკა და არგენტინა.

    ავსტრალია შეზღუდვების დიდი ნაწილის მოხსნას გეგმავს ქვეყნის მთელ რიგ რაიონებშ,ი, მათ შორის დედაქალაქ მელბურნში, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლებოდა. თუმცა ბოლო ორ კვირაში იქ ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 50–ს არ გადასცილებია. ავსტრალიის ხელისუფლების აზრით, ეს ოპტიმალური მაჩვენებელია კარანტინის შესამსუბუქებლად.

  • “ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო! ძალიან მძიმეა“–თაკო ჩარკვიანის ვიდეო საავადმყოფოდან

    “ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო! ძალიან მძიმეა“–თაკო ჩარკვიანის ვიდეო საავადმყოფოდან

    პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს.

    “უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. არ მსიამოვნებს საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან, აბსოლუტურად ყველა უკლებლივ, ექთნებიდან დაწყებული, ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი როგორც იტყვიან ღვთის ნებაა.

    არაფერზე ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ მის ასაკთან შედარებით ჯერჯერობით გართულება არ ჩანს. ვნახოთ, ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო. არავითარი „არ არ არსებობს“, ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ. მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

    12 სექტემბერს კორონავირუსი „კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ქმარსაც. მოგვიანებით კი დედას.

    https://www.youtube.com/watch?v=u9UQsY5bk9s&feature=youtu.be&fbclid=IwAR0xSblyV2XYJhndOo5JsJR89IDNbBpJW07xnIelJQDdtxMfnzH1ywkkrDA