Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ინდოეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტს კორონავირუსი მოხდილი აქვს

    ნიუ-დელის მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს კორონავირუსი შესაძლოა უკვე ჰქონდა – ასეთია ერთ-ერთი სამთავრობო კვლევის დასკვნა, რომელიც მანამდე, კერძო სექტორის მიერ ჩატარებულ კვლევას ემთხვევა. დედაქალაქის მცხოვრებთა რაოდენობა 20 მილიონს აჭარბებს.

    ინდოეთში კოვიდ -19 ამ დრომდე 10.8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველია. თუმცა სამშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც 28 000 სინჯის მონაცემებს ეფუძნებოდა, ქვეყნის 1.35 მილიარდიან მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და შესაძლოა ე.წ. ჯოგურ იმუნიტეტსაც კი აღწევდეს.

    “დელიში ჩატარებული კვლევის შემდეგ გამოვლინდა, რომ ანტისხეულები ქალაქის მოსახლეობის 56.13 %-ს ჰქონდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

    კიდევ ერთი, სხვა კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 700 000 ადამიანის სინჯები შეამოწმეს, დიაგნოსტიკურმა კომპანია “თიროქეარ ტექნოლოჯისმა” დაადგინა, რომ მოსახლეობის 55 % შესაძლოა კორონავირუსით უკვე იყო ინფიცირებული. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა გასულ კვირას სააგენტო “როიტერთან” ისაუბრა.

    თუმცა ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, შედარებით დაბალია გარდაცვლილთა რიცხვი – 154 486. მედიკოსების თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის საკმაოდ დაბალი საშუალო ასაკი იყოს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი მოსახლეობის 60-70 %-ს უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ გადაცემის ჯაჭვი გაწყდეს. ინდოეთის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვა უფრო დაბალ მაჩვენებელსაც შეუძლია.

    ინდოეთში ამ დროისთვის 4 მილიონამდე ადამიანია ვაქცინირებული. მთავრობის მიზანია, აგვისტომდე 300 მილიონი ადამიანის აცრას.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

    შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა და ორგანიზმში დე ვიტამინის დონე გახდა – თვლის ბელგიელი მეცნიერი სტეფან ვილრანდი. თავისი დასკვნები მან ჟურნალ Nature–ში გამოაქვეყნა.

    მკვლევარმა 18 ქვეყნის ბოლო ორი თვის ახალი დაინფიცირების მაჩვენებლები გააანალიზა, რომლებიც 39–დან 62 განედამდე მდებარეობენ. მან ვერანაირი კავშირი ვერ იპოვნა ტემპერატურულ მაჩვენებლებს ან ტენიანობასა და კოვიდით დაავადებულთა მაჩვენებლის ზრდას შორის, თუმცა შენიშნა პირდაპირი კორელაცია ქვეყნის გლობუსზე მდებარეობასთან.

    დაინფიცირების ზრდის მრუდის მკვეთრი ზრდა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ულტრაიისფერი გამოსხივების დღეღამური დოზა ეკვადორზე ანალოგიური მაჩვენებლის 34%–ით ეცემოდა.

    შესაბამისად, მზის სხივის ნაკლებობის გამო ადამიანეში დე ვიტამინის გამომუშავება ქვეითდებოდა, რაც დაავადების ზრდას უწყობდა ხელს.

    მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება არ არის მთავარი მიზეზი, რაც დაინფიცირების მაჩვენებელს აუარესებს, თუმცა შეიძლება ერთ–ერთი განმსაზღვრები ფაქტორი იყოს.

  • Moderna–ს ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც ერევა

    ფარმაცევტულმა კომპანია მოდერნამ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას დიდი ალბათობით შეუძლია კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ შტამებსაც მოერიოს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩნდა.

    თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების მიხედვით,  ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს ვირუსის ახალი ვარიანტების “ამოცნობაც“ შეუძლიათ და მათაც წარმატებით ებრძვიან.

    მკვლევარებმა რვა ადამიანის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომლებმაც მოდერნას ვაქცინის ორი დოზა მიიღეს და თავდაპირველი შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა. თუმცა ეს დასკვნები აცრილი ადამიანების უფრო გრძელვადიანი კვლევით უნდა გამყარდეს.

    ვირუსის ახალი შტამი უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა. ბრიტანული და აფრიკული ვარიანტები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით არის მტკიცებულებები, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან იყოს დაკავშირებული.

    კომპანია Moderna–ს კვლევის მონაცემებით ვაქცინა საკმარისი რაოდენობით ანტისხეულებს ქმნის ორივე ვარიანტთან საბრძოლველად, თუმცა სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური პასუხი უფრო სუსტია. როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს შედეგი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ვირუსის ამ ვარიანტის შემთხვევაში დაცვა შეიძლება უფრო ხანმოკლე იყოს.

  • მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი წერს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

    ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა.

    “Covid19-ზე ნეგატიური ტესტი მქონდა როცა საქართველო დავტოვე 15 იანვარს. 14,16,18 იანვარს გავიტესტე და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო. შაბათს 23 იანვარს თავი ცუდად ვიგრძენი, ყნოსვა და გემო დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი. ორშაბათს, 25 იანვარს კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა! ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ!

    პირველად ივლისში დავინფიცირდი და მსუბუქად გადავიტანე. გადამდები არ ვიყავი, რადგან ოთოს არასოდეს ქონია კორონა. იმედი მაქვს, ამჯერადაც არ ვარ გადამდები.

    ოთოს ტესტი დღესაც ნეგატიური იყო.

    ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებსაც ახლა შემოწმებების და კარანტინის გავლა უწევთ. ძალიან ვწუხვარ, ხალხო!

    მართლაც იმედი მაქვს რომ 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის სახელმწიფო ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის. ყველას ჯანმრთელობას დ უსაფრთხოებას გისურვებთ.“– წერს ანიტა რაჭველიშვილი.

  • რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი.  ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

    რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

    მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული, რადგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

    ლიდერი გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა, თუმცა ვაქცინაციის ტემპები აშშ–ში იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. 20 მილიონი დოზის გაკეთება გასული წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ბოლო კვირას ვაქცინის ადმინისტრირების ტემპები დაჩქარდა, თუმცა სასურველისგან ჯერ შორს არის. ვაქცინის ერთი დოზა მაინც ამ დროისთვის აშშ–ს მოსახლეობის 5.25%–მა მიიღო.

    გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩინეთი, – 15 მილიონი ვაქცინა 20 იანვრის მდგომარეობით, თუმცა ეს მისი მოსახლეობის იმდენად მცირე პროცენტია, რომ მოსახლეობის პროცენტულ საერთო სტატისტიკაში  ჩინეთი ლიდერებთან ახლოსაც არ არის.

    მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 6.82 მილიონი დოზა ვაქცინით, რაც მისი მოსახლეობის  9.36%–ის მიერ ვაქცინის ერთი დოზის მიღებას მაინც ნიშნავს.

    მეოთხე ადგილზეა ისრაელი – 3.6 მილიონი ვაქცინით, მეხუთეზე  არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 2.49 მილიონი ვაქცინით, თუმცა ეს ორი ქვეყანა აცრილი მოსახლეობის პროცენტის მიხედვით მსოფლიოს ლიდერები არიან.

    ისრაელში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 24 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 29.52%–მა მიიღო, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი 22.63%–მა.  აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთია – 9.36%–ით. მეოთხეზე კი ბაჰრეინი, რომელმაც მოსახლეობის 8.47%–ის აცრა მოახერხა. აშშ აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.

    რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, აქ დანია ლიდერობს, რომელმაც მოსახლეობის 3.15% აცრა, მას მოჰყვება ირლანდია – 2.47%–ით, დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი (2%–ის ფარგლებში )აქვთ იტალიას და ესპანეთს, გერმანიას – 1.75%, საფრანგეთს – 1.51% შვედეთს -1.45%

    თურქეთში ამ დროისთვის მოსახლეობის 1.48 პროცენტია აცრილი, რაც 1.24 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყენებას ნიშნავს. რუსეთში 13 იანვრის მონაცემებით აცრილი იყო 1 მილიონი ადამიანი, თუმცა ეს მისი მოსახლეობის 1%–იც არ არის.

     

    რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, 24 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 5.25 მილიონს შეადგენდა. აქედან 3 მილიონი ამერიკის მოქალაქეა, 1 მილიონი კი ისრაელის. გაერთიანებულ სამეფოში სრულად აცრილი 469 000 მოქალაქე ყავთ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროში კი 250 000. დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა.

    ამ დროისთვის ვაქცინაცია სულ 60 ქვეყანაშია დაწყებული. მათი უმეტესობა Pfizer/BioNTech და  Moderna,–ს ვაქცინებს იყენებს. თურქეთი ამ ეტაპზე ჩინური Sinopharm –ით იცრება, რუსეთი მისივე წარმოებული   Sputnik V–ით. რუსული ვაქცინა ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა არგენტინაშიც.   მას იყენებენ სერბეთშიც, თუმცა სერბეთში პარალელურად   Pfizer/BioNTech–ის და  Sinopharm–ის ვაქცინაც გამოიყენება.

    ინდოეთი მისივე წარმოებით Covaxin–ს და  Covishield–ს იყენებს. ბრაზილია ჩინურ Sinovac–ს. თავად ჩინეთი მისივე წარმოების ორ ვაქცინას – CNBG–ს და  Sinovac–ს.

     

    დასავლეთ ევროპის ქვეყნები  Pfizer/BioNTech–ს და  Moderna–ს ვაქცინებს იყენებენ, ისევე როგორც ამერიკა. ჯერჯერობით Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინა ევროპაში მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამოიყენება.

     

    ამ დროისთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული კორონავირუსის ცხრა ვაქცინა გამოიყენება:

    აშშ–გერმანია

    Pfizer/BioNTech

    აშშ

    Moderna

    დიდი ბრიტანეთი

    Oxford/AstraZeneca,

    რუსეთი

    Sputnik V

    ჩინეთი

    Sinopharm

    Sinovac

    CNBG

    ინდოეთი

    Covaxin,

    Covishield

  • გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ შეზღუდვები წესდება, მაგრამ დანის პირზე უნდა ვიაროთ

    გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი ხალხს, რომ შეზღუდვები წესდება, მაგრამ დანის პირზე უნდა ვიაროთ

    “პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია შეზღუდვები, რეგულაციები, ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ, მესმის, ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას, რომ ეს შეზღუდვები წესდება, მაგრამ შეზღუდვების გარეშე… ჩვენ დანის პირზე, ოქროს შუალედით უნდა ვიაროთ. გარკვეული პერიოდი  გვექნება შეზღუდვა, გვექნება შემსუბუქება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია, რადგან მეორე მხარეს არის ადამიანის ჯანმრთელობა.  მოგეხსენებათ, რა მძიმე ნოემბერი და დეკემბერი გვქონდა, როდესაც დღეში საქართველოში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და რომ არ დაწესებულიყო ნომებრის ბოლოს შეზღუდვები, ჩვენ აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში  “– აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელმაც  “პირველი არხის” ეთერში ქვეყანაში არსებულ კოვიდრეგულაციებზე ისაუბრა.

  • ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

    ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ–ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,  საფრანგეთი  კი იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ვაქცინის მიმართ უნდობლობა ყველაზე მეტად არის გამოხატული. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგებს არ ჯერათ ცოტა ხნის წინ შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობის და მათ უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ.

    სოციოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დღეისათვის ვაქცინის მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა გამოთქვა – ეს არის სხვადასხვა სოციალური პროფილის და განათლების სხვადასხვა დონის მქონე ადამიანები.

    ასეთი კონტექსტში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მტკიცე ანტივაქსერთა ხმა – ასე უწოდებენ ვაქცინის მოწინააღმდეგეებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებთ – ზოგი მართლაც რეალურად შიშობს საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ზოგი პოპულარობის მოხვეჭას და საზოგადოებრივი გავლენის მოხვეჭას ცდილობს, ზოგი პირდაპირი გაგებით მოგებისაც – მაგალითად ნატუროპატიური პრეპარატების გაყიდვის გზით.

    ვნახოთ უფრო დეტალურად, რა არგუმენტები აქვთ ანტივაქსერებს, მათ შორის ფრანგებს, სადაც აცრის საწინააღმდეგო განწყობები ევროპაში ყველაზე ძლიერია.

    მაგალითად, ერთ–ერთი ფრანგი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში 125 ათასი ხელმომწერი ყავს, დარწმუნებულია რომ მასზე ფარმაკომპანიები ნადირობენ. ამბობს, რომ მუქარებს იღებს, თუმცა მედიასთან საუბრისას ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

    “ბილ გეითსის ზოგმა ვაქცინამ, როგორც ცნობილია, მსხვილი ეპიდემიები გამოიწვია ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სადაც გეითსმა ვაქცინა მიიტანა, მგონი პოლიომელიტის საწინააღმდეგ. მაშინ იქ 450 000 ბავშვი დაავადდა. სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად კენიაში, აცრის გამო ათასობით ახალგაზრდა ქალი უშვილოდ დარჩა.“– ამბობს ის, თუმცა როცა ჟურნალისტები მტკიცებულებების შესახებ ეკითხებიან, პასუხობს, რომ ამის შესახებ ბილ გეითსმა თავად ისაუბრა საკუთარ ლექციებზე დე კონფერენციებზე.

    ანტივაქსერების თანადგომაში სოციალურ ქსელებში ხშირად არიან შემჩნეული სხვადასხვა ჯგუფები – სატანისტები, ანტისემიტები, შეთქმულების თეორიების მომხრეები, ნათელმხილველები და ა.შ.

    განსხვავებული პოზიციების და მსოფლმხედველობის მიუხედავად ამ ადამიანებს ერთი რამ – ფარმაცევტული ბიზნესის სიძულვილი აერთიანებთ.

    “არის ასეთი კომპანია მოდერნა, რომელმაც მერკის ლაბორატორიისგან ინვესტიციები მიიღო დაახლოებით ხუთი წლის წინ. და უკვე 2015 წელს ისინი კოვიდის ვაქცინას იკვლევდნენ. რატომ? ისინი რა, ნათელმხილველები არიან? ჩვენ კორონავირუსზე ახლახანს გავიგეთ, მეცნიერები კი უკვე წლებია მუშაობენ. პასტერის ინსტიტუტმა საკუთარი გამოგონება დააპატენტა კიდევაც“– ამბობს ბიბისი–სთან საუბარში ანონიმი ანტივაქსერი.

    არადა ინსტიტუტი, რომელსაც დიდი ფრანგი მეცნიერის სახელი ჰქვია, აცხადებს, რომ არანაირი პატენტი კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებაზე წლების წინ  არ მიუღია.

    ანტივაქსერების 4 არგუმენტი:

    აცრის საწინააღმდეგო მოძრაობების ისტორიაზე წიგნის ავტორი, ლორან ანრი ვინიო ამბობს, რომ დღეისთვის ანტივაქსერული მოძრაობის წარმომადგენლები სულ უფრო რადიკალურები ხდებიან, და ვაქცინების მიმართ უნდობლობას მსოფლიო შეთქმულების თეორიებთან მჭიდროდ აკავშირებენ.

    “ჩვენ ვნახეთ, რომ შეთქმულების თეორიების მომხრეებმა მკაფიოდ გაითავისეს რადიკალ ანტივაქსერთა იდეები. ტიპაჟები იცვლებიან…. ვაქცინის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე, შვილების ჯანმრთელობაზე შფოთავს: არ უნდა, რომ მას რაიმე ქიმიური პრეპარატი შეუყვანონ ორგანიზმში. ანუ მათი მთავარი თემა ჯანმრთელობაა. როგორც წესი, ისინი არ იგონებენ ისტორიებს ვირუსებზე ან ვაქცინებზე, რომლებიც სადღაც მარსზე შეიქმნა დედამიწის მოსახლეობის გასანადგურებლად.“– ამბობს ის.

    პროფესორი მკაფიოდ მიჯნავს მოყოყმანეთა ეჭვებს და ნამდვილი ანტივაქსერების პოზიციებს, რომელთა წარმოდგენებს ისტორიული ფესვები აქვს.

    “ისინი აუცილებლად იშველიებენ ფატალისტურ და რელიგიურ თემებს. ისინი ამბობენ: ჩვენ არ გვინდა ვაქცინა, იმიტომ რომ ღმერთი წყვეტს, ავად გახდები თუ არა. არ შეიძლება ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა. შემდეგი ჯგუფი ფსევდომეცნიერული წარმოდგენების მქონე ჯგუფია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ვირუსი საერთოდ არ არის საშიში. ასევე არსებობს ნატურალისტური მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებას უნდა მივენდოთ. მეოთხე თემა კი პოლიტიკურია. მას ის ადამიანები ავითარებენ, რომლებსაც არ უნდათ სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რა მედიკამენტი უნდა მიიღონ მათ“ – ამბობს პროფესორი.

    ერთ–ერთი ყველაზე აქტიური, ფრანგული antivax–ის ყველაზე აგრესიული ფრთა პაწაწინა სოფლიდან კოორდინირდება, სადაც 120 ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მკვიდრი, მარი ვერბგერი დარწმუნებულია, რომ მის ქალიშვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა ბავშვს ადრეულ ბავშვობაში გაკეთებული აცრების გამო აუტიზმის სიმპტომები განუვითარდა.

    მეცნიერებმა არაერთხელ გააბათილეს ეჭვები ვაქცინაციისა და აუტიზმის კავშირის შესახებ, თუმცა ქალს ამ არგუმენტების არ ჯერა. მისი აზრით ვაქცინები თაღლითობა და ხაფანგია. ქალი თვლის, რომ ვაქცინები უარყოფით ეფეტებს იწვევს და თანაც ბოლომდე ვერ იცავს დაავადებისგან. ისიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში 12 000 ხელმომწერი ყავს. ქალი ანტვაქცინური მოძრაობის პერსპექტივების მიმართ ოპტიმიზმით არის განწყობილი და თვლის, რომ მალე ვაქცინაციის მავნებლობას ყველა მიხვდება.

    როცა საქმე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება, აქ უკვე რადიკალი ანტივაქსერებისა და მოყოყმანეთა პოზიციებს შორის ზღვარი თითქოს იშლება. სოციოლოგი ჯერემი უორდი იმ ადამიანებს სწავლობს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

    მისი თქმით, ადამიანების ასეთ განწყობებს დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სკეპტიციზმი და საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების მიმართ უნდობლობა აღვივებს. გარდა ამისა, საფრანგეთში მისი თქმით ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მეტი დებატები იმართებოდა სხვადასხვა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ.  მისი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს საფრანგეთში ვაქცინის საწინააღმდეგო განწყობებს.

    სპეციალისტების აზრით ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა მეტი გამჭვირვალობით და არგუმენტების ფაქტებით გამყარებით არის შესაძლებელი. ისინი დაუშვებლად თვლიან ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის იარლიყების მიკერებას და მათ სტიგმატიზაციას. საფრანგეთში სწორედ ამ გზით აპირებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ უნდობლობიბს შემცირებას.

  • ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები დაუშვებლად გამოაცხადოს კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ჯანმოს განცხადებით ახალი შტამი იგივე გზით გადადის, როგორც თავდაპირველი ვარიანტი. ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები კი ისევე იცავს ადამიანებს, როგორც სამედიცინო.

    ჯანმოს იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთბინა მას შემდეგ, რაც ავსტრიის და გერმანიის ხელისუფლებებმა მოქალაქეები დაავალდებულეს ტრანსპორტში და მაღაზიებში მხოლოდ ქირურგიული ნიღბები ან რესპირატორები  (FFP2 ტიპის) ატარონ.

    ამასთან, ერთ–ერთმა წამყვანმა გერმანელმა ვირუსოლოგმა, კრისტიან დროსტენმა ჟურნალ შპიგელთა ინტერვიუში გააქარწყლა იმედები იმის შესახებ, რომ გაზაფხულის დადგომასთან და თბილ ამინდთან ერთად ვირუსი უკან დაიხევს.

    მისი თქმით,არასწორია თბილი სეზონი შარშანდელ წელს შევადაროთ, რადგან 2020 წლის გაზაფხულზე დაავადებულთა რაოდენობა გავრცელების კრიტიკულ ზღვარს დაბლა იყო.

    “თუმცა ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ვშიშობ, რომ შეიძლება ესპანეთის სიტუაცია განვითარდეს, როცა როგოროც კი კარანტნი შესუსტდა, ციფრები მკვეთრად ზევით წავიდა, მიუხედავად ცხელი ამინდისა. სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია, თუმცა ამის მიუხედავად დაავადება მაღალ ნიშნულზეა“– ამბობს დროსტენი.

    “როგორც კი მოხუცები და ისინი, ვინც რისკის ჯგუფში არიან ვაქცინას მიიღებენ, გაჩნდება კოლოსალური ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და შესაძლოა სამართლებრივი ზეწოლაც კი ანტიკორონავირუსული ზომების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება ძალიან მოკლედ როში. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია. ჩვენ გეყოლება არა 20–30 ათასი , არამედ 100 0000 ახალი დაინფიცირებული დღეში მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში“– ამბობს პროფესორი დროსტენი და ხაზს უსვამს, რომ ეს დიდწილად არა მოხუცები, არამედ ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები იქნებიან, თუმცა ისინიც ისევე მოხვდებიან საავადმყოფოებში და გადაავსებენ რეანიმაციულ განყოფილებებს.

  • კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

    პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი.

    მკვლევარებმა შეისწავლეს 47 480 ყოფილი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში დაბრუნებულთა ზუსტი წილი 29.4% აღმოჩნდა. გარდაიცვალა 12.3%. ბევრ პაციენტს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელების და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

    პოტენციურად ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკაში ბევრად მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისათვის ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალებად ითვლება სიკვდილი, რომელიც დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა. მკვლევარები ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მოუწოდებენ ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

    ეს კვლევა ბრიტანეთში ყველაზე მაშტაბური მსგავსი კვლევაა. ლესტერის უნივერსიტეტის პროფეორი, კამლეშ კუმლი ამბობს:

    “როგორც ჩანს, ადამიანებს საავადმყოფოებიდან გაწერის შემდეგ გრძელვადიანი სიმპტომები უვითარდებათ, რის შემდეგაც ისინი კვლავ ხვდებიან საავადმყოფოებში და კვდებიან. მთავარი დასკვნა ის არის, რომ უნდა მოვემზადოთ “ხანგრძლივი კოვიდისთვის.“ ეს რთული ამოცანაა. ძნელია ყველა გაწერილი პაციენტის მეთვალყურეობა. ჯანდაცვის სამსახურები ზღვარზე არიან. თუმცა, რაღაც ტიპის მონიტორინგის ორგანიზება აუცილებელია“– ამბობს მეცნიერი.

  • “Covidვაქცინაციასთან დაკავშირებული ნაციონალიზმი მსოფლიოს კატასტროფული მორალური მარცხის წინაშე აყენებს“- ჯანმოს ხელმძღვანელი

    “Covidვაქცინაციასთან დაკავშირებული ნაციონალიზმი მსოფლიოს კატასტროფული მორალური მარცხის წინაშე აყენებს“- ჯანმოს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მსოფლიო კატასტროფული მორალური მარცხის წინაშეა Covid19-ის ვაქცინის გავრცელების საკითხში და მოუწოდებს მწარმოებლებს და ქვეყნებს, უფრო სამართლიანად გაანაწილონ ვაქცინის დოზები მთელ მსოფლიოში.

    ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ორშაბათს განაცხადა, რომ სამართლიანი განაწილების პერსპექტივები სერიოზული რისკის ქვეშ არის, ისევე როგორც COVAX პლატფორმაზე ვაქცინის ერთობლივი გამოყენების მისეული სქემა, რომლის მიხედვით ვაქცინის განაწილება მომავალ თვეში უნდა დაწყებულიყო.

    ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ წელს ხელი მოეწერა 44 ორმხრივ შეთანხმებას, წელს კი უკვე ხელმოწერილია მინიმუმ 12.

    “ამან შესაძლოა შეაფერხოს COVAX–ზე მიწოდებები და შექმნას ზუსტად ის სცენარი, რომლის თავიდან ასაცილებლად შეიქმნა COVAX პლატფორმა – ქაოსური ბაზრის, არაკოორდინირებული რეაგირების, განგრძობადი სოციალური და ეკონომიკური რყევების ვითარება.“– თქვა მან.

    “ჯერ მე“– ს მიდგომა ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, რისკს უქმნის მსოფლიო მოსახლეობის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ფენებს. ამის შესახებ მან ორგანიზაციის აღმასრულებელი საჭოს ყოველწლიური სხდომის გახსნაზე, ვირტუალურ ფორმატში განაცხადა.

    მისი თქმით, ასეთი ქმედებები მხოლოდ პანდემიის გახანგრძლივებას გამოიწვევს. ის მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს არ გაიმეორენ H1N1 და HIV პანდემიების დროს დაშვებული შეცდომები.

    ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, 39 მილიონზე მეტი ვაქცინა გაკეთდა 49 ქვეყანაში, რომლებსაც უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ მაშინ, როცა ერთ ღარიბ ქვეყანაში სულ 25 დოზაა გაკეთებული.

    დამკვირვებლები ამბობენ, რომ ეს სხდომა ჯანმოს 70 წლიანი არსებობის მანძილზე ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება გლობალური ჯანდაცვის საქმეში ამ ორგანიზაციის როლი განსაზღვროს სამომავლო პერსპექტივაში.

    დღის წესრიგში დგას ორგანიზაციის და მისი ფინანსური სისტემის რეფორმა, რომელიც არაადეკვატურად იქნა აღიარებული მას შემდეგ, რაც მისმა უმსხვილესმა დონორმა, აშშ–მ ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.