Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

    კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწუხებთ, საკმაოდ დიდია.

    უკვე ბევრი რამ ითქვა საერთო სისუსტის, გულ-სისხლძარღვთა და ნეოროლოგიური სახის დაავადებების შესახებ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ამ ჩამონათვალს შესაძლია სხვა სახის ჩივილებიც დაემატოს.

    მაგალითად ერექციული დისფუნქცია. ამ დასკვნამდე მივიდნენ იტალიელი მეცნიერები. მიზეზი, მათი აზრით, შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ Covid-19 გავლენას ახდენს სისხლ-ძარღვებზე. დაავადებით მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს ასევე შეუძლია გაზარდოს ერექციული დისფუნქციის რისკი. რამდენად ხშირია ერექციული დისფუნქცია, როგორც Covid-19 დაავადებით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგი და რა ვითარებაში ვლინდება იგი ჯერჯერობით სრულად გამოკვლეული არ არის.

    იტალიელი მეცნიერების კვლევის შესახებ არაერთი უცხოური მედიასაშუალება და ექსპერტი წერს.

  • ევროკავშირმა AstraZeneca–ს დამტკიცება დაიწყო. ბოლო ინფორმაცია Covid ვაქცინაციის შესახებ მსოფლიოში

    ოთხშაბათს ვაქცინაციის კამპანია დაიწყო მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანა ინდონეზიაში. ადგილობრივმა რეგულატორმა მოხმარებისთვის დაამტკიცა ჩინური ვაქცინის – CoronaVac–ის  (ჩინური კომპანია Sinovac–ის წარმოება) მოხმარება მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა ბოლო კლინიკურმა კვლევამ ამ ვაქცინის მხოლოდ 50%–იანი ეფექტურობა აჩვენა. ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ბრაზილიის ხელისუფლების მიერ მისი დამტკიცებისთვის.

    ინდონეზიის პრეზიდენტი, ჯოკო ვოდოდო პირველი ადამიანი გახდა ქვეყანაში, ვინც აცრა გაიკეთა. ამ მომენტის ტრანსლირება ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხდა.

    ევროკავშირის რეგულატორმა კი ცოტა ხნის წინ ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია  AstraZeneca–ს ვაქცინის დამტკიცების პროცედურა დაიწყო. ევროკავშირის ქვეყნები მოუთმენლად ელიან მომენტს, როცა მისი მოხმარება უკვე შესაძლებელი იქნება, რადგან გასული წლის დეკემბერში დაწყებული ვაქცინაცია ქვეყნების უმეტესობაში არც ისე სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ.  AstraZeneca–ს წარმოების პრეპარატი უკვე დამტკიცებულია ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ.

    საიტ Politico-ს მონაცემებით ევროკავშირის მსხვილ ქვეყნებში ვაქცინაცია მოსახლეობის დაახლოებით 1%–მა ჩაიტარა. თუმცა ზოგ ქვეყანას უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, მაგალითად საფრანგეთში აცრა 100 ადამიანიდან მხოლოდ 0.29–მ გაიკეთა.

    ვაქცინაცია დაიწყო ვატიკანში. ჟურნალისტების ინფორმაციით აცრა უკვე გაიკეთა რომის პაპმა, ფრანცისკმა, თუმცა ეს მონაცემები ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა. გასულ კვირას ვატიკანის ხელისუფლებამ სპეციალური მაცივარი შეიძინა, რომელშიც Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა -70 გრადუსშე ინახება.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მიმართა თხოვნით, ვაქცინის შეძენაში დაეხმარონ. მან ამის შესახებ კიევში მოლდოვას ახლადარჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ვიზიტისას განაცხადა.

    “ვთვლი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მომეტებული ყურადღება უნდა დაეთმოს ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან ვაქცინის ერთობლივად შეძენის და მიწოდების დაჩქარების საკითხებში“ – თქვა ზელენსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად საქართველოც შედის.

    უკრაინამ უკვე გადაწყვიტა ჩინური კომპანია Sinovac–ის ვაქცინის შეძენა. თებერვალში ქვეყანა ამ პრეპარატის 700 ათას დოზას მიიღებს.

    ალბანეთის ხელისუფლება კი უარს ამბობს დაასახელოს ქვეყანა, რომელმაც ტირანას 1 ათასი დოზა  Pfizer и BioNTech–ის ვაქცინა მიაწოდა. პრემიერმა ედი რამამ ორშაბათს ქვეყანაში პირველი აცრა გაიკეთა, თუმცა არ თქვა, საიდან მიიღო ქვეყანამ პრეპარატი. მან მხოლოდ ის განმარტა, რომ დონორი ერთ–ერთი ევროპული სახელმწიფო იყო, რომელმაც თხოვა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

  • ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ – ახალი კვლევა Covid19-ზე

    ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ – ახალი კვლევა Covid19-ზე

    შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის. მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

    ნაშრომის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

    შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. „გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“ – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, „სტრატეგიული ტესტირება იმ ადამიანების, ვინც ავად არ არის, იქნება გადამწყვეტი კოვიდ-19-ის გავრცელების შენელების საქმეში, სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი“.

    კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელად ყოფნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ დავიცვათ. ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა და ჯგუფური თავშეყრებისთვის თავის არიდება, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

    „ისეთი ზომები, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ინდივიდებს თავდაცვის და სხვების დაცვის საშუალებას აძლევს, და ინფიცირების შემთხვევაში კი, გარშემომყოფებში რისკებს ამცირებს“ – ნათქვამია კვლევაში.

    მოდელში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 5 დღით განისაზღვრა. ინფექციის გადაცემის პერიოდი კი 10 დღეზე შენარჩუნდა. ინფექციის გადაცემის პიკი დაახლოებით მესამედან მეშვიდე დღემდე მერყეობდა (საინკუბაციო პერიოდთან მიმართებაში, პლუს-მინუს 2 დღე).

    თავიდან, ასიმპტომატური გადაცემა კორონავირუსისთვის უჩვეულო რამ იყო, რადგან 2003 წელს, როცა ვირუსი სახელად სარს-კოვ პირველად გავრცელდა, უსიმპტომო ადამიანებისგან ინფექციის გავრცელება საერთოდ არ დაფიქსირებულა. 2020 წელს კი, სარს-კოვ-2 გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე მისი პირველი ვერსია და დღეისთვის უკვე საკმარისადაა აკუმულირებული მტკიცებულებები, რომელიც უსიმპტომო გავრცელებას ადასტურებს.

    თუმცა, პანდემიის დასაწყისში, ამ საკითხის წინააღმდეგობრივი ხასიათის, ეკონომიკაზე, თუ სხვა სოციალურ აქტივობებზე უარყოფითი გავლენის და ამ ყველაფრის პოლიტიზების გამო, შედეგად მივიღეთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ამ მხარეზე, ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა – წერენ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები.

    ეს პანდემიის არასწორი მართვის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა, რადგან ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესწავლას და მის პრევენციას, პანდემიის კონტროლის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „უსიმპტომო ადამიანებში სარს-კოვ-2-ის გადაცემის პროპორციის განსაზღვრა ფუნდამენტურია კონტროლის პრაქტიკის პრიორიტეტების და პოლიტიკის განსაზღვრაში“ – წერენ ამერიკელი მეცნიერები.

    ნაშრომის სახელწოდებაა „სარს-კოვ-2-ის გადაცემა კოვიდ-19-ის სიმპტომების გარეშე“. ის ხუთშაბათს, 7 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ჯამა“ (JAMA). თითქმის 140 წლის ისტორიის მქონე პროფესიულ ჟურნალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გამოსცემს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ოპტიმალური მგონია AstraZeneca-ს ვაქცინა, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გამიცია–თენგიზ ცერცვაძე

    ოპტიმალური მგონია AstraZeneca-ს ვაქცინა, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გამიცია–თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მას ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გაუცია და ამის წარმოჩენას “ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ”.

    ცერცვაძე Facebook-ზე წერს, რომ ის არ არის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და არ მონაწილეობს ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში.

    ცერცვაძის თქმით, მას საქართველოსთვის ოპტიმალურად AstraZeneca-ს ვაქცინა მიაჩნია. მისი თქმით, Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებისგან განსხვავებით, აღნიშნული ვაქცინა “თავისუფალია ლოჯისტიკური სიძნელეებისგან“.

    “ბოლო დღეებში ცალკეული მედია-საშუალებები, შესაშური გულმოდგინებით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მე რეკომენდაციას ვუწევ ქვეყანაში ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას,რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო შემდეგი:
    1. მე ვხელმძღვანელობ მხოლოდ COVID-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს, არ ვარ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და შესაბამისად, არ ვმონაწილეობ ქვეყანაში ამა თუ იმ ვაქცინის შემოტანის გადაწყვეტილების მიღებაში საკონსულტაციო დონეზეც კი.
    2. რამდენადაც ვიცი, ამჟამად ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინის რაც შეიძლება დროულად შემოტანაზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამოდენიმე ვაქცინასთან დაკავშირებით მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან. პროცესში ჩართულია ჯანმო-ს ხელძღვანელობა. ქვეყნის ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ შემოიტანონ მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმო-ს პრეკვალიფიკაცია (რეკომენდაცია) ან რომელიმე სერიოზული მარეგულირებლის (FDA და სხვ.) რეკომენდაცია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგადად ვაქცინებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო შესაძლოა გაძნელდეს ან ვერც მოხერხდეს მაინცდამაინც იმ კონკრეტული ვაქცინის შემოტანა, რომელიც ქვეყანას ყველაზე მეტად აწყობს.
    3. პირადად მე საქართველოსთვის ოპტიმალურად მიმაჩნია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია „AstraZeneca“-ს მიერ წარმოებული ვაქცინის შემოტანა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არის მაღალი ხარისხის და სანდოობის (არანაკლები, ვიდრე „Pfizer”-ის ან “Moderna”-ს ვაქცინები) და ამავე დროს ის თავისუფალია ბოლო ორი ვაქცინისათვის აუცილებელი ლოჯისტიკური სიძნელეებისგან. კერძოდ, „AstraZeneca“-ს ვაქცინა არ საჭიროებს შენახვის და ტრანსპორტირებისათვის -80⁰ ან -20⁰ რეჟიმს და ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე. ჩემი ეს პოზიცია მკაფიოდ არის დაფიქსირებული ყველა ინტერვიუში და გასულია ტელევიზიით “tv-ფორმულა“-ში, „ფორმულა News“-ის ა.წ. 9 იანვრის საღამოს გადაცემაში (20:21 სთ) და „TV იმედში“ ა.წ. 11 იანვრის „ქრონიკის“ დილის გადაცემაში (11:18 სთ).
    4. რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის.“– წერს თენგიზ ცერცვაძე.

    თენგიზ ცერცვაძემ 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანაზეა საუბარი, მათ შორის ერთერთი ჩინური ვაქცინაა.

    რაც შეეხება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, ცერცვაძემ თქვა, რომ აღნიშნული ვაქცინები საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.

  • დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა Covid19-ის ვაქცინა გაიკეთეს

    შაბათს ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ და მისმა ქმარმა, ედინბურგის ჰერცოგმა კორონავირუსის აცრა გაიკეთეს. პროცედურა სამეფო ოჯახის პირადმა ექიმმა ჩაატარა – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

    ამჟამად 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი უინძორის რეზიდენციაში იმყოფებიან, სადაც პრაქტიკულად პანდემიის დასაწყისშივე გადავიდნენ მომსახურე პერსონალის შეზღუდულ რაოდენობასთან ერთად.

    მისი უდიდებულესობის წარმომადგენელთა თქმით, დედოფალმა სპეციალურად მოისურვა, რომ მისი ვაქცინაციის შესახებ საჯაროდ გამოცხადებულიყო. ამგვარად სამეფო ოჯახს იმედი აქვს, რომ საზოგადოებაში შემდგომ სპეკულაციებს ბოლოს მოუღებს.

    ბრიტანეთში საყოველთაო მაშტაბური ვაქციანციის კამპანია ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, და ბევრი გამოთქვამდა გაკვირვებას, რატომ აყოვნებდა სამეფო ოჯახი აცრის გაკეთებას.

    ამჟამად ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 1.5 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მიიღო. პირველ რიგში აცრას უკეთებენ ხანდაზმულებს და სამედიცინო მუშაკებს. მარტიდან ოქტომბრამდე დედოფალი საჯაროდ არ გამოჩენილა. პირველად მან ღონისძიებაში 15 ოქტომბერს მიიღო მონაწილეობა. ის პრინც უილიამთან ერთად პორტ დაუნის სამხედრო ლაბორატორიას ეწვია.

    მეორედ ელისაბედ მეორე სახალხოდ დეკემბერში, უინძორის ეკლესიის წინასაშობაო წირვაზე გამოჩნდა. ბევრი წლის მანძილზე პირველად მან დაარღვია სამეფო ოჯახის ერთ–ერთი მთავარი ტრადიცია – შობის ერთობლივი აღნიშვნა სანდრინგემის მამულში.

  • “მათემატიკური გათვლებით მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, უფრო ადრე“–გიორგი ფხაკაძე

    კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა ისევ გაიზარდოს – ეს პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს, რომელთა აზრითაც, დღესასწაულების აღნიშვნა უარყოფითად აისახება კოვიდდადასტურებული შემთხვევების რაოდენობაზე.

    ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ინფიცირების მესამე ტალღა, მათემატიკური გათვლებით, აპრილშია მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, თუ პირბადის ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა, ის შეიძლება უფრო ადრე დადგეს.

    “მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა მან.

  • უნდობლობა, ლოჯისტიკური პრობლემები და გართულებული პროცედურები–რატომ ფერხდება Covid19-ის ვაქცინაცია ევროპაში

    ევროპაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს. იმ დროს, როცა ბრიტანეთსა და აშშ–ში უკვე მოსახლეობის 1–დან 2%–მდე აცრეს, ისრაელში კი 16%, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ ახლა იწყება.

    ყველაზე უკეთესი სიტუაცია გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაშია, მაგრამ ეს ქვეყნებიც ვაქცინაციის ტემპებით ახლოსაც არ არიან მსოფლიო ლიდერებთან.

    საფრანგეთში,  სადაც მოსახლეობა ვაქცინაციას სკეპტიციზმით ეკიდება, ნამდვილი სკანდალი ატყდა. ჰოლანდიაში კი ვაქცინაცია სულ ორი დღის წინ დაიწყეს – ანუ ორი კვირის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც ვაქცინა ევროკავშირში გამოჩნდა.

    რატომ ფერხდება ევროპაში ვაქცინაცია?

    უნდობლობა ექიმების მიმართ

    საშობაო დღესასწაულების დასრულებისთანავე, 27 დეკემბრის დილით პარიზის ჩრდილო–აღმოსავლეთით, პატარა ქალაქგარე საავადმყოფოში 78 წლის მორისეტმა საფრანგეთში პირველმა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის დოზა. როგორც ქალმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოხარულია, რომ “ცნობილი“ გახდა.

    რამდენიმე დღეში მორისეტი მართლაც გახდა პოპულარული, თუმცა სხვა მიზეზით. ფრანგებმა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს ნაწყვეტები ნახეს, სადაც ჩანს, რომ ქალი ვაქცინაზე კითხვებს სვამს. ამის საფუძველზე ფრანგებმა გადაწყვიტეს, რომ საავადმყოფომ მორისეტს ვაქცინაზე სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. მოგვიანებით ექიმები ამტკიცებდნენ, რომ პაციენტმა ვაქცინაციაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ჭორები ვეღარაფერმა შეაჩერა. განხილვებში აქტიურად ჩაერთნენ არა მხოლოდ შეთქმულების თეორიების მოყვარულები, არამედ სხვებიც.

    პირველი ხუთი დღის მანძილე საფრანგეთში აცრა სულ 516 ადამიანს გაუკეთეს. ამ მომენტისთვის მეზობელ ბრიტანეთში უკვე 130 ათასი ადამიანი იყო აცრილი. 5 იანვრის მდგომარეობით, ვაქცინის პირველი დოზა 7 ათასამდე ადამიანმა მიიღო.  ეს კი ქვეყნის მოსახლეობის სულ 0.01 პროცენტია.

    ვაქცინაციის ასეთი დაბალი ტემპი საფრანგეთში პრეპარატის დეფიციტით ვერ აიხსნება. ამ მომენტისთვის ქვეყანაში 560 ათასი გამოუყენებელი დოზა ინახება. ქვეყნის ხელისუფლება პირობას დებს, რომ იანვრის ბოლომდე საფრანგეთი ვაქცინაციის ტემპებით მეზობლებს დაეწევა, თუმცა გეგმის შესრულება ადვილი არ იქნება.

    ბოლო კვლევების მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 39% არის მზად ვაქცინაციისთვის.

    ვაქცინაცია კი სავალდებულო ვერ იქნება და ექიმები და პოლიტიკოსები საზოგადოების დარწმუნებას ცდილობენ მის აუცილებლობაში, რაც პროცესს ნამდვილად ვერ დააჩქარებს.

    რთული პროცედურა ჭირდება ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა აცრას. მათ ექიმის კონსულტაციის შემდეგ დრო უნდა მისცენ მოსაფიქრებლად, ასევე აქვთ უფლება ვაქცინაციაზე ახლობლის დასწრება მოითხოვონ, რაც ამ ვითარებაში შეუძლებელია.

    ხელისუფლების კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მძიმე ვითარება ხელისუფლების ბრალია, რომელსაც საზოგადოებასთან დიალოგი არ შეუძლია, არადა საფრანგეთში კორონავირუსით უკვე 66 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, გავრცელების მიხედვით კი ქვეყანა 6–ე ადგილზეა მსოფლიოში.

    საფრანგეთი თებერვლის ბოლომდე მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავდა, თუმცა ექსპერტებს ამ გეგმის რეალურობაში ეჭვი ეპარებათ. 140 ქვეყანას შორის, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა, საფრანგეთი ვაქცინაციისადმი მოსახლეობის უნდობლობის მხრივ უპირობო ლიდერია.

    რეკორდსმენები და აუტსაიდერები

    გარდა იმისა, რომ საფრანგეთში სპეციფიური პრობლემები არსებობს, ეს ქვეყანაც ევროკავშირის სხვა წევრების მსგავსად აშშ–სა და ბრიტანეთისგან განსხვავებით უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

    ყველა ახალმა სამედიცინო პრეპარატმა ევროპის ბაზარზე ჯერ ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზევე ევროკავშირსა და აშშ–ბრიტანეთს შორის აცდენა მოხდა. Pfizer – BioNTech–ის ვაქცინა ევროკავშირში ბრიტანეთზე სამი კვირით, აშშ–ზე კი ათი დღით  გვიან– 22 დეკემბერს დააამტკიცეს. ისევე, როგორც Moderna–ს ვაქცინა.

    Economist წერს, რომ ევროპელებს მათმა სტრატეგიამაც შეუშალა ხელი. ადრეულ ეტაპზევე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინას კოლექტიურად შეიძენდნენ. ამით ისინი ხელსაყრელი პირობების მიღწევას ვარაუდობდნენ, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. საბოლოოდ ევროპელებმა დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ევროკავშირში მცხოვრები ყველა ადამიანი რამდენჯერმე აიცრას, თუმცა, ჯერჯერობით აღიარებული Pfizer/BioNTech–ის ვაქცინა მცირე რაოდენობით არის შეძენილი.

    რატომ არ შეექმნათ პრობლემები სხვა ქვეყნებს?

    ვაქცინაციის ტემპებით აბსოლუტური რეკორდსმენი მსოფლიოში  ისრაელია.ის ერთ სულ მოსახლეზე აცრილთა რაოდენობით აშშ–საც უსწრებს.  ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა თავიდანვე კარგად იყო მომზადებული მსგავსი ღონისძიებებისთვის.

    ვაქცინის ტრანსპორტირების ლოგისტიკური ნაწილით სახელმწიფო იყო დაკავებული. მას შემდეგ კი, რაც ამპულები ქვეყანაში შევიდა, ექვსმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გაავრცელა.

    “ისრაელის ჯანდაცვის სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ  ყოველ მოქალაქეს საკუთარი თერაპევტი ყავს, რომელსაც იცნობს და ენდობა. ყოველი პაციენტისთვის ელექტორნული ფაილი არსებობს, რომელშიც მის შესახებ ბოლო 20 წელში დაგროვილი ინფორმაცია ინახება. მას შეგვიძლია ნებისმიერ დროს დავუკავშირდეთ.“ – ამბობს პანდემიის საკითხებში ერთ–ერთი წამყვანი ექსპერტი და სახელმწიფოს მრჩეველი რან ბალისტერი. მისი თქმით, ისრაელის მოქალაქეები საკუთარ ჯანდაცვის სისტემას ენდობიან.

    ევროკავშირში ჯერჯერობით ვაქცინაციის ტემპებით გერმანია ლიდერობს, სადაც ვაქცინაცია საფრანგეთის მსგავსად 27 დეკემბერს დაიწყო. ამჟამად ვაქცინა 316 ათას ადამიანს აქვს უკვე მიღებული, ძირითადად ხანდაზმულთა თავშესაფრების ბინადრებს.

    ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემური აღმოჩნდა გერმანიის ხელისუფლებისთვის. ერთია სპეციალიზებულ ცენტრებში ვაქცინაციის ჩატარება, ბევრად უფრო რთული კი სხვადასხვა წერტილებში მობილური ბრიგადების გაგზავნაა.

    გერმანიაში ვაქცინაციის ტემპით ბევრი უკმაყოფილოა. ოპონენტები ხელისუფლებას შეყოვნებაში ადანაშაულებენ. ზოგი ვაქცინის წარმოების მოცულობის დაბალ მაჩვენებელზე აკეთებს აქცენტს, თუმცა რეალურად ამჟამად საქმე არა ვაქცინის რაოდენობაში, არამედ მის სწორად გავრცელებაშია. მაგალითად, გერმანიაში ამ დროისთვის 1.3 მილიონი აუთვისებელი ვაქცინის დოზა ინახება.

    ექსპერტების თქმით მთავარი პრობლემა ლოჯისტიკაა. ბევრი ევროპული ქვეყანა ისრაელისგან განსხვავებით ვერ ჩამოყალიბდა, როგორ უნდა მოხვდეს ვაქცინა საბოლოო მომხმარებლამდე.

    მართალია შესყიდვები ცენტრალიზებულია, დისტრიბუციით ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებები არიან დაკავებული. შედეგად, მაგალითად ესპანეთში ვაქცინა ქვეყნის მაშტაბით არათანაბრად ნაწილდება.

    მადრიდმა გასულ კვირას მისი პირველი პარტიის მხოლოდ 6% გამოიყენა, ისევე, როგორც კატალონიამ. მთელიანად ესპანეთში კი ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებული ვაქცინის მარაგების 18% გაიხარჯა.

    ევროპელ ლიდერებს შორის არის იტალია, რომელიც გერმანიას ფეხდაფეხ მიყვება. აქ 178 ათასი ადამიანი აცრეს, თუმცა ეს 60 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის მხოლდ 0.3%–ს შეადგენს. პოლიტიკოსები ამას ვაქცინის გალღობისთვის აუცილებელი დროის საჭიროებით ხსნიან. ასევე იმავე პრობლემით, რაც საფრანგეთშია – ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებთა ნებართვის მიღება აქაც რთული პროცედურაა.

    ექსპერტები კი ამბობენ, რომ პრობლემაა პერსონალის და ვაქცინის შესაყვანი სპეციალური ნემსების უკმარისობაც. იტალიის ლომბარდიის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს გადადგომისკენაც კი მოუწოდეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ექიმების და ექთნების შვებულება შეეწყვიტა საავადმყოფოებში მედპერსონალის უკმარისობის გამო. არადა იტალიის სხვა რეგიონებში  სამუშაოდ პენსიაზე დიდი ხნის წინ გასულ ექიმებსაც კი დაუძახეს.

  • ინდოეთმა Covid19-ის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინა დაამტკიცა

    ინდოეთმა დაჩქარებული პროცედურით გასცა  სამამულო წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა COVAXIN–ით აცრის ნებართვა.

    განცხადება კვირას გაკეთდა და ბევრის გაოცება გამოიწვია, რადგან ჩინოვნიკებს კომპანია  Bharat Biotech–ის ეფექტურობის შესახებ მონაცემები დღემდე არ გამოუქვეყნებიათ და უარს ამბობენ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გასცენ.

    თუმცა, ეს სულაც არ აღელვებს ინდოეთის პრემიერს, ნარენდრა მოდის. მან ინდური მეცნიერების და ფარმაცევტიკის გამარჯვებას ხოტბა შეასხა.

    მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ერთ–ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც საკუთარი ვაქცინა შეიმუშავეს და დაამტკიცეს, ვაქცინაციის მაშტაბური ინდური პროგრამა რომელიც ასეულობით მილიონი ადამიანის აცრას გულისხმობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ AstraZeneca–ს ვაქცინაზეა გათვლილი.

    ინდოეთის ხელისუფლებამ ის რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მას შემდეგ მთელ ქვეყანაში ვაქცინაციის რეპეტიცია მიმდინარეობს პრეპარატების მოლოდინში, რომლებსაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.

  • უნგრეთი Covid19-ის რუსულ ვაქცინაზე უარს ამბობს

    რუსულმა ვაქცინამ – “Спутник V”, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს ევროპაში ერთადერთი მომხმარებელი დაკარგა. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირის სიმშვიდეს არღვევს, დასავლური ვაქცინების ყველაზე რეალურ ალტერნატივად ჩინური ვაქცინა დაასახელა.

    ორბანი ბრიუსელს საყვედურობდა, თითქოს მას არ სურდა ვაქცინაციის “აღმოსავლური მიმართულების“ განვითარება და საკუთარი ექსპერტები ჩინეთსა და რუსეთში გაგზავნა, რათა ამ სფეროში მათი მიღწევები შეესწავლა. კვირას კი საკუთარი დასკვნები უნგრეთის ნაციონალურ რადიოს გაუზიარა.

    “ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს კარგი ვაქცინა აქვს, თუმცა ის არ არის საკმარისი და როგროც ჩანს არც იქნება, რადგან მისი საწარმოო სიმძლავრეები შეზღუდულია. ჩინური უფრო იმედისმომცემად გამოიყურება, და როგორც ჩანს ის უფრო ადრე და უფრო დიდი რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი. იდეალურ ვითარებაში, ჩვენ არჩევანი გვექნება დასავლურ და ჩინურ ვაქცინებს შორის აცრის მსურველთათვის“– ციტირებს ორბანს როიტერი.

    არც რუსული და არც ჩინური ვაქცინები ჯერჯერობით ევროპის სამედიცინო სააგენტოს ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენებისთვის არ დაუშვია.

  • ბრიტანეთმა ვაქცინაციის გეგმა შეცვალა

    ბრიტანეთში ვაქცინაციის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. თუ ადრე გეგმავდნენ, რომ ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის  სამ კვირიანი ინტერვალი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით ამ ინტერვალის სამ თვემდე გაზრდა გადაწყდა.

    გადაწყვეტილებას აღშფოთება მოჰყვა ექიმების ნაწილის, ასევე ზოგიერთი პაციენტის მხრიდან. ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციაში ასეთი ნაბიჯი უსამართლოდ ჩათვალეს, პირველ რიგში პაციენტების მიმართ, რომლებიც უკვე ჩაეწერნენ ვაქცინის მეორე კომპონენტის მისაღებად.

    ამჟამად Pfizer-BioNTech –ის  ვაქცინის პირველი კომპონენტი უკვე მიიღო მილიონზე მეტმა ბრიტანელმა. პირველმა პაციენტმა ქალმა, რომელიც ბრიტანეთში Covid19–ის წინააღმდეგ აიცრა, 91 წლის მარგარეტ კინანმა უკვე მიიღო მეორე დოზაც.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ამჟამად მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ვაქცინის პირველი კომპონენტი, რადგან სწორედ ის იძლევა კორონავირუსისგან ძირითად დაცვას. მეორე კომპონენტი კი ძირითადად ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ვაქცინების მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა სამი კვირიდან სამ თვემდე ვაქცინის ეფექტურობაზე მნიშვნელოან გავლენას არ მოახდენს.

    ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა საახალწლო მიმართვაში აღნიშნა, რომ 2021 წელს ბრიტანეთის მაცხოვრებლები შეძლებენ  ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, რომელიც 2020 წელს დაკარგეს . პრემიერის თქმით ეპიდემია უახლოეს კვირებში და თვეებში ვერ დასრულდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით.