Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • კორონავირუსმა მუტაცია განიცადა. ევროპაში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება

    ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა 80%, ირლანდიაში 60%, საფრანგეთსა და შვეიცარიაში 40 %  კორონავირუსის ახალი მუტაციით არის გამოწვეული, რომელიც განსხვავდება გაზაფხულზე არსებული ვირუსის შტამისგან.

    გენური მუტაცია სავარაუდოდ ივნისში ესპანეთში მოხდა, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს ადგილობრივ ფერმერებში, შემდეგ კი ევროპაში იქ დაბრუნებულ დამსვენებლებთან ერთად გავრცელდა.

    ამის შესახებ საუბარია შვეიცარიული და ესპანური მკვლევარების მიერ შედგენილ ანგარიშში, რომლებიც კორონავირუსის გენურ მუტაციებს აკვირდებიან.

    ვირუსის ახალ სახეობას 20A.EU1. –ის სახელწოდება მიანიჭეს. მის გენურ სტრუქტურაში კლასიკური SARS-CoV-2–ისგან ექვსი განსხვავება ფიქსირდება. “გენეტიკური ხელწერის“ მიხედვით მეცნიერებმა მისი  წარმოშობის ადგილი დაადგინეს.

    ვირუსი, რომელიც ამჟამად ევროპაში დაავადებულთა უმრავლესობას აქვს, უდაოდ ეკუთვნის ერთ–ერთ ნაირსახეობას, რომელიც ზაფხულში ესპანეთში წარმოიქმნა– განაცხადა Financial Times –თან საუბრისას შვეიცარიელმა პროფესორმა ტანია შტადლერმა.

    აეროპორტებში მგზავრების ექსპრეს კვლევები და ზაფხულში ამოქმედებული სხვა ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა – ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ემა ნოდკროფტი, რომელიც ბაზელის უნივერსიტეტის ევოლუციური გენეტიკის სპეციალისტია.

    კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, გენეტიკოსი ინიაკი კომასი ვარაუდობს, რომ 20A.EU1–ს გავრცელება რომელიმე ერთი მასობრივი ღონისძიებიდან დაიწყო, სადაც ერთი ან რამდენიმე სუპერგამავრცელებელი იყო.

    მისი შემდგომი სწრაფი გავრცელების მიზეზად მეცნიერი ესპანეთში დამსვენებელი ტურისტების სარისკო ქცევას ასახელებს, რომელსაც ისინი სახლში დაბრუნების შემდგომაც განაგრძობდნენ.

    ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ახალი მუტაცია უფრო საშიში გადამდებობის და დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კორონავირუსის ასეთი ნაირსახეობა აქამდე არ შეხვედრიათ. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ აღმოჩენილი გენური ცვლილებები ვირუსის გადაცემის სიჩქარეზე, ან დაავადების სიმძიმეზე მოქმედებს. ამჟამად ვირუსოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, შეეხო თუ არა მუტაცია ე. წ. ცილოვან წანაზარდებს, რომელთა დახმარებით ვირუსი ადამიანის ორანიზმის უჯრედებში აღწევთ.

    ცოტა ხნის წინ აშშ–ში SARS-CoV-2–ის კიდევ ერთი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც  D614G ეწოდა. ის სავარაუდოდ ბევრად უფრო აგრესიულია.

  • “საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

    მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე 20 წე­ლია აშშ-ში ცხოვ­რობს და The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, სადაც კოვიდთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ.

    “ნანამ და მე ერთობლივად მოვამზადეთ ეს მოკრძალებული სტატია, სადაც თავი მოვუყარეთ ჩვენს პირად კლინიკურ და ადმინისტრაციულ გამოცდილებებს. ცხადია, ყველაფრის განხორციელება შეუძლებელი იქნება საქართველოში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია ხელს შეუწყობს ქართველ კლინიცისტებსა და ჯანდაცვის ადმინისტრატორებს საკუთარ კლინიკებზე მორგებული მართვის პრინციპების შესამუშავებლად.“ – ამბობს ზურაბ გურული.

    გთავაზობთ სტატიას სრულად:

    კოვიდთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილების კლინიკური ასპექტები


    მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სრულიად მოუმზადებლები შეხვდნენ პანდემიას. არც აშშ ყოფილა გამონაკლისი. პრობლემები შეიქმნა ჯანდაცვის სფეროს აბსოლუტურად ყველა რგოლში, მედიკამენტებისა და თავდაცვის საშუალებებით მომარაგების ლოჯისტიკაში; სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა რგოლის როტაციაში; წვრთვნისა და აღჭურვის პროცესში; ახალი, დინამიური სამოქმედო პროტოკოლების შექმნაში და დახვეწაში. გამოცდილების მიღება და ახალი გამოწვევების მიმართ ადაპტაცია ხდებოდა ყოველდღიურად; ხშირ შემთხვევებში შეცდომებზე სწავლით; ზოგჯერ კი ლოგიკური გათვლების მეშვეობით წინასწარი პროგნოზირებით. ე.წ. წინა ხაზზე მებრძოლებმა უზარმაზარი გამოცდილება მიიღეს და დღეს მათი გამოცდილება ისევე ძვირფასია, როგორც ბრძოლებში გამოცდილი ოფიცრებისა ნებისმიერი არმიისათვის.

    დღეს საქართველო გადის პანდემიის ზუსტად იმ ეტაპს, რომელიც ადრე გაზაფხულზე გადაიტანა ამერიკამ. ქვეყანა არც ფსიქოლოგიურად და არც ლოჯისტიკურად არ არის მზად ამ ბრძოლისათვის და ამიტომ უცხოელი კოლეგებივით მოუწევს სწრაფი ადაპტაციის პროცესის გავლა. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობს ერთი დიდი, გადამწყვეტი უპირატესობა; საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე და ამით მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები. სწორედ ამიტომ, თავს უფლება მივეცით, ამერიკის კლინიკებში მიღებული გამოცდილება კომპაქტურად აგვეკინძა, რათა მათი გამოყენება ეფექტურად შეძლონ როგორც საქართველოში მყოფმა კოლეგებმა, ასევე საზოგადოებამ, რომლის ჩართულობის და კოოპერაციის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.


    კოვიდ ინფექციის მართვას ჯანდაცვის ყველა რგოლის (პირველადი ჯანდაცვა, ჰოსპიტალური სექტორი, რეაბილიტაციის სისტემები პაციენტის ჰოსპიტლიდან დროულად გასაწერად და გაწერის შემდგომი მართვისთვის) გამართული მუშაობა და სწორი, დინამიური ურთიერთკოორდინაცია სჭირდება. ცალკე აღებული ჰოსპიტალური სექტორი იდეალურად ფუნქციონირების პირობებშიც კი აბსოლუტურად უუნარო ხდება ამ ბრძოლაში.


    კოვიდ-ინფიცირებული პაციენტის მართვის უმთავრესი პრინციპი ინტენსიურ მონიტორინგს ემყარება, რადგან ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობა ხშირად წუთობრივად იცვლება და თუ ამ ცვლილებების დინამიკას ჩამორჩები, პაციენტი თვალსა და ხელს შუა მძიმდება. მძიმედ მიმდინარე კოვიდ ინფექციის სიკვდილიანობა კი ისევ მაღალია. დროული ჩარევა, გართულებების წინასწარ პროგნოზირება და მათ პრევენციაზე მკურნალობის ტაქტიკის აგება წარმოადგენს წარმატების საიდუმლოს. მსგავსი მიდგომით პაციენტის მართვას საკმარისი ადამიანური რესურსი და გამართული სამედიცინო ლოგისტიკა სჭირდება. არასაკმარისი სამედიცინო პერსონალის პირობებში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური თუ მედიკამენტოზური საშუალებების გამოყენებითაც შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა, რადგან ყველა საჭირო ჩარევა დაგვიანებული იქნება.


    პანდემიის მართვაში მთავარი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლზე მოდის. ამ რგოლმა უნდა დაახარისხოს პაციენტების ნაკადი და გადაწყვიტოს ვინ იმკურნალებს სახლში ექიმის მეთვალყურეობით; რა სიმძიმის ავადმყოფი არ საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას საერთოდ და ვისთვისაა აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. პირველადი ჯანდაცვის ეს რგოლი ამერიკაში მოიცავს ოჯახის ექიმს, “primary care physician” საქართველოში ალბათ პოლიკლინიკის ექიმს, სპეციალურად გაწვრთნილი ექთნების მძლავრ კასტას, რაც საქართველოს არ ჰყავს. საქართველოს ამ რგოლში შეუძლია გამოიყენოს იმ სპეციალობების ექიმები ვისაც პანდემიის გამო თავიანთი ვიწრო-სპეციალიზირებული პრაქტიკა შეუჩერდებათ.


    ნებისმიერი სპეციალობის ექიმის საბაზისო ცოდნა საშუალებას იძლევა გადამზადდნენ იმ ხარისხით, რომ ცხელ ხაზებზე შემოსული ზარების პასუხი მაინც შეძლონ. ამგვარად, სატელეფონო კონსულტაცია გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის და საზოგადოების ინფორმირებას და მათი შიშების მართვასაც გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. შესაძლებელია სპეციალური დაცვის საშუალებებით აღჭურვილი, მობილური ჯგუფების შექმნა, რომლებიც მაღალი რისკის, მსუბუქი ფორმით დაავადებულ პაციენტებს სახლებში მოინახულებენ და პერიოდულად შეაფასებენ მათ მდგომარეობას. ეს მიდგომები ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის განტვირთვას. კრიტიკულად აუცილებელია ჯანდაცვის სისტემამ, მოხალისე ფილანტროპებმა თუ რეკლამის მსურველმა პოლიტიკურმა პარტიებმა რამენაირად უზრუნველყონ მოსახლეობის ნიღბებით მომარაგება; დაავადებული რისკ-ჯგუფებისთვის კი ხელმისაწვდომი გახადონ პულსოქსიმეტრი, რომელიც სახლის პირობებში დაავადების მართვას შედარებით უსაფრთხოს ხდის.


    კრიტიკულად აუცილებელია მოსახლეობის ადექვატური და დროული ინფორმირება დაავადების სიმპტომებზე, მიმდინარეობაზე, მართვის პრინციპებსა თუ პრევენციის თავისებურებებზე. სწორად ინფორმირებული პაციენტი დაიცავს ჯანდაცვის სისტემას არამიზნობრივი ვიზიტისგან და რესურსების არასათანადო გამოყენებისგან. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცოდნა ამ სფეროში უსწრაფესად იცვლება და მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის მუდმივად განახლებად ინფორმირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყოველი ახალი რეგულაცია ზედმიწევნით გასაგებად უნდა განემარტოს მოქალაქეს, რომ შესრულების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილი იქნას.


    პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა განხორციელდეს მასიური ტესტირებაც, რაც ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა დროულ გამოვლენას და მათ მიერ დაავადების გავრცელების შეზღუდვას. ამიტომ, ტესტირება უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და გეოგრაფიულად კომფორტული. ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, სოფლის ამბულატორიიდან დაწყებული, უბნის პოლიკლინიკის ჩათვლით უნდა მომარაგდეს ტესტირებისთვის საჭირო აღჭურვილობით. ეს შეამცირებს რიგებს და რიგებში დაინფიცირების შანსებს.


    სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა იზრუნოს სპეციალისტთა ახალი რესურსების მობილიზებისთვის. რას გულისხმობს ეს მობილიზება? ცხადია იდეალურ შემთხვევაში კოვიდ ინფიცირებულ მძიმე პაციენტს რეანიმატოლოგ/ანესთეზიოლოგები უნდა მართავდნენ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. თუმცა, პანდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ასეთი საწოლების მკვეთრი დეფიციტი იქმნება და ჰოსპიტალურ სექტორს მოუწევს მძიმე პაციენტების რეანიმაციის განყოფილებების მიღმა მართვა. მეტიც, მათი მართვა მოუწევთ ექიმებს ვისაც აქამდე მართვით სუნთქვასთან პრაქტიკულად შეხება არ ჰქონიათ. ასე იყო ამერიკაში. საბედნიეროდ აქ ძირითადი დატვირთვა რეზიდენტებსა და fellow-ებზე მოდიოდა და ეს რგოლი კრიტიკული პაციენტის მართვის ბრწყინვალე გამოცდილებას ფლობს ამერიკული რეზიდენტურის პროგრამის თავისებურებებიდან გამომდინარე. ნებისმიერ მეორე-მესამე წლის ამერიკელ რეზიდენტს შეუძლია მართოს ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტი; ჩაუტაროს ყველა საჭირო პროცედურა, იქნება ეს ინვაზიური ინტრავენური თუ არტერიული კატეთერების ჩადგმა, პარაცენტეზები, თავზურგტვინის სითხის პუნქციები და ა.შ. ეს შესაძლებლობას აძლევს უფროს ექიმს, რომ მხოლოდ ზედამხედველის როლი მოირგოს და გაორმაგებული მოცულობის განყოფილებებში მომუშავე რეზიდენტებისა და fellow-ების ძლიერი ზურგი გახდეს.


    ჩვენ რამდენადაც ვიცით, ამის შესაძლებლობა საქართველოს არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ გაიწრთვნენ უფროსი რეზიდენტები და ჰოსპიტალური სექტორის რეანიმაციის გარეთ მყოფი ექიმები, ქირურგები, ორთოპედები, პედიატრები, გინეკოლოგებიც კი. მაგალითად, მაიმონიდის კლინიკაში ქირურგიის დეპარტამენტი გადაკეთდა 40 საწოლიან კოვიდ განყოფილებად და ორი ექიმის მეთვალყურეობით ამ განყოფილებას ამუშავებდნენ ქირურგიის რეზიდენტები. ორ კვირაში მათ უკვე დამოუკიდებლად მუშაობა შეეძლოთ, თუმცა ერთი ზედამხედველი მუდმივად ჰყავდათ მიჩენილი. მართვის ამ მოდელის სარგებლიანობაზე მალე სტატიაც გამოქვეყნდება. ამ ჩვეულებრივ, არარეანიმაციულ საწოლებზე მკურნალობდნენ მართვით სუნთქვაზე მყოფ უმძიმეს პაციენტებს, ურთულესი ჰემოდინამიკური დარღვევებით. თუ შესაძლებელი იყო, ამ კოჰორტიდან ყველაზე მძიმეები გადაჰყავდათ სპეციალიზირებულ რეანიმაციულ განყოფილებებში, სადაც უკვე პროფესიონალი რეანიმატოლოგები მართავდნენ მკურნალობის პროცესს. ასე გაიწრთვნა ორთოპედების, პედიატრების, გინეკოლოგების ჯგუფები.
    დიახ, საქმე შეიძლება ამ საჭიროებამდე მივიდეს და ამისთვის ჯანდაცვის სექტორი მზად უნდა იყოს, სხვაგვარად კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. ცხადია იგულისხმება, იმ პერიოდში არც ერთ ჰოსპიტალში არ ტარდებოდა არანაირი გეგმიური ჩარევა. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კოვიდ ინფექციის მძიმე ფორმები უაღრესად რთულად მიმდინარეობს და პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას სჭირდება ჰემოდინამიკის ინვაზიური მართვა. ცხადია ამდენ ინვაზიურ კათეტერს მხოლოდ რეანიმატოლოგები ან ანესთეზიოლოგები ვერ ჩადგამენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოიყოს ჯგუფი რომელიც გადაამზადებს უფროსკურსელ რეზიდენტებს, რთული პროცედურების ჩასატარებლად.

    თუ შესაძლებელია პირველადი წვრთვნა უნდა ჩატარდეს სიმულაციურ მანეკენზე, შემდეგ კი 5 პროცედურა ლიცენზირებული სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ საკმარისია ამ მეთოდების დამოუკიდებლად გამოყენების უფლების მოსაპოვებლად. ასეთია რეზიდენტის პროცედურებში სერტიფიცირების ამერიკული ვარიანტი (არაკოვიდურ დროსაც). ძალიან მოსახერხებელია ჰოსპიტალს ყავდეს ეგრეთ წოდებული “line team“ რომელიც დაკომპლექტდება ანესთეზიოლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ინვაზიური რადიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის რეზიდენტებისგან და ყველა საჭირო შემთხვევაში მათ დაეკისრებათ ჰოსპიტლის მაშტაბით ყველა პროცედურის სწრაფად წარმოება. კოვიდით გამოწვეული რესპირატორული დისტრესის მკურნალობისთვის განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა პაციენტის პირჩაღმა პოზიციაში ხშირი და ხანგრძლივი გადაყვანა. ამას ფიზიკური ძალა, „ფრონინგის“ წესების ცოდნა და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ექიმის და ექთნისთვის ამ ტვირთის მოსაცილებლად, საავადმყოფოებმა რეაბილიტაციის სპეციალისტებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფები გამოიყენა.


    შეიცვალა საავადმყოფოს შიდა და ექიმთა მორიგეობების განრიგი. ყველა ჩარევა მიმართული იყო იქითკენ, რომ მინიმალური რაოდენობის თანამშრომელი ყოფილიყო ერთდროულად კლინიკაში. ისეთი სპეციალობები რომელთა კონსულტაცია ვირტუალურადაც იყო შესაძლებელი ამას დისტანციურად ახორციელებდნენ; მაგალითად ინფექციონისტის, ენდოკრინოლოგური, რევმატოლოგიური, ონკოლოგიური, კარდიოლოგიური კონსულტაციის პირველი ეტაპი პაციენტის უშუალო ექიმის ზემოთხსენებულ სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაციით იწყებოდა. ეს სპეციალობები ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს პირადად მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახულობდნენ, თუ ვირტუალური ‘’გასინჯვა’’ ინფორმაციული ვერ იქნებოდა. ასე დაიზოგა პერსონალური დაცვის საშუალებები და მოხდა პერსონალის შესაძლებლობის ფარგლებში დაცვა დაინფიცირებისგან. პაციენტთან უშუალოდ მომუშავეებს ასე მეტი ფიზიკური სივრცეც რჩება სოციალური დისტანციის დასაცავად, რაც მათი ინფიცირების შესაძლებლობებს ამცირებს. მორიგეობის გრაფიკები როტაციის პრინციპით იყო გაწერილი. ერთი ჯგუფი რომ მუშაობდა, მეორე ისვენებდა და ექიმის დაინფიცირების შემთხვევაში რეზერვის მობილიზება სწორედ „დასვენებული“ ჯგუფიდან ხდებოდა.


    გასათვალისწინებელია რომ კოვიდ პაციენტებთან მუშაობა უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვაა ექიმისთვის, ამიტომ მათ ჯანმრთელობაზე არასაკმარისად ზრუნვამ შეიძლება ჰოსპიტალური სექტორი უშტატოდ დატოვოს. დღემდე იკრძალება კლინიკებში სწავლების ან სხვა მიზნით შეხვედრებისთვის რეალური აუდიტორიის გამოყენება. ყველა მსგავსმა ღონისძიებამ ტექნოლოგიების გამოყენებით ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. უკიდურესად აუცილებელია სამედიცინო პერსონალს ხელი მიუწვდებოდეს თანამედროვე ინფორმაციაზე. არსებობს რამდენიმე ბრწყინვალე ონლაინ პლატფორმა, მაგალითად up-to-date რომელზეც ნებისმიერი ექიმის წვდომა კლინიკამ უნდა დააფინანსოს. ეს არ არის შეუძლებლად დიდ თანხებთან დაკავშირებული; ერთი ჩინოვნიკის პრემია/დანამატი ეყოფა ჰოსპიტლის ამ ტექნოლოგიური მიღწევით უზრუნველყოფას. მსგავს პლატფორმებზე ინფორმაცია ყოველდღიურად განახლებადია და ნებისმიერ ექიმს აძლევს საშუალებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო დახმარება გაუწიოს პაციენტს. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფები რომლებიც მოამზადებენ ლიტერატურულ მიმოხილვებს, რათა პაციენტთან უშუალოდ მომუშავე ექიმებს ცოდნის სწრაფად განახლების საშუალება ჰქონდეთ.


    ცხადია კორექტივები დასჭირდა სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტების ჰოსპიტლებში როტაციებსაც. ამერიკაში მსგავსი როტაციები რამდენიმე თვით საერთოდ აიკრძალა და მთელმა სასწავლო პროცესმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა. პაციენტთან კონტაქტი მინიმალური რაოდენობით სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს. ზედმეტი კონტაქტების შესამცირებლად პალატების ადაპტირებაც მოხერხდა. მართვითი სუნთქვის აპარატის ის ნაწილი სადაც პარამეტრების შეცვლა ხდება, ოთახის გარეთ იყო გამოტანილი. მართვითი სუნთქვის პარამეტრები ხშირად საათობრივად იცვლება, ასეთი მიდგომა კი ინფიცირებულ ოთახში ზედმეტად ყოფნისგან იცავს ექიმს. იგივე ბედი ეწიათ წვეთოვან სისტემებსაც. გადასხმის პლასტიკური მილები დაგრძელდა და კარებზე დატანებულ სპეციალური, ჰერმეტულად დაგმანული ხვრელების გავლით მიუერთდა აპარატის სხეულს. მიზეზი იგივე იყო; კოვიდ პაციენტების მდგომარეობა ძალიან დინამიურად იცვლება, რასაც მედიკამენტების დოზების სწრაფი ცვლილებები სჭირდება და ტექნიკის ოთახის გარეთ გამოტანა პერსონალის დაინფიცირების ალბათობას ამცირებს; ასევე ზოგავს დაცვის სპეციალურ საშუალებებსაც.


    ყველა ჰოსპიტალმა გადახედა რეანიმაციაში პაციენტის გადაყვანის კრიტერიუმებს. ვინაიდან ასეთი მაღალსპეციალიზირებული საწოლ-ფონდი ყველაზე განვითარებულ ჰოსპიტალურ სისტემასაც კი შეზღუდული აქვს, ის გამოყენებულ იქნა მხოლოდ კრიტიკულად მძიმე, ოპტიმისტური პროგნოზის მქონე პაციენტებისთვის. ახალი რეგულაციები კი სწორედ ამ იდეას მოერგო.
    ნიუ-იორკში გადაიხედა საკანონმდებლო ბაზა ექიმის შეცდომასთან დაკავშირებით. დეტალებს აქ ვერ ჩავუღრმავდებით, მაგრამ ეს უკიდურესად აუცილებელი და დროული ცვლილება იყო.
    შემდგომი მნიშვნელოვანი რგოლი კოვიდ პანდემიის მართვაში პაციენტის ჰოსპიტლიდან დროული და უსაფრთხო გაწერაა. თუ გასაწერად ჰოსპიტალსა და სახლს შორის რეაბილიტაციის რგოლი არ მოიძებნა, პაციენტი იმაზე დიდხანს დარჩება ჰოსპიტალიზირებული ვიდრე ეს საჭიროა. მეტი დრო ჰოსპიტალში ნიშნავს მეტ ჰოსპიტალ-ასოცირებულ ინფექციურ გართულებას და თან ეს ართულებს საწოლების დროულ რეკრუტირებას ისედაც გადატვირთული სისტემის პირობებში. რამდენადაც ვიცით, საქართველოს არ აქვს გამართული სარეაბილიტაციო და მოხუცებულთა სახლების მძლავრი სისტემები. ასეთ დამატებით რგოლად, დროებით სწორედ კოვიდ სასტუმროების გამოყენება შეიძლება. რა იგულისხმება პაციენტის უსაფრთხო გაწერაში? ხშირად კოვიდ პაციენტი გამოჯანმრთელების გრძელ გზას გადის. ამ ხნის განმავლობაში ის შეიძლება დროებით, მცირე დოზით ჟანგბადზე დამოკიდებულიც იყოს. პორტატული ჟანგბადის აპარატით სარეაბილიტაციო დაწესებულებებში პაციენტის გაწერა განტვირთავს ჰოსპიტალურ სექტორს და დააჩქარებს მათ სწრაფ დაბრუნებას ნორმალური ცხოვრების რიტმში.


    კრიტიკულად აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს პაციენტის მართვის ერთმნიშვნელოვანი, დეტალური გზამკვლევი ჯანდაცვის სისტემის ქოლგის ქვეშ არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის და ამავე დროს, საკანონმდებლო ბაზა მოქნილი იყოს ჰოსპიტლებისთვის ინდივიდუალური შესაძლებლობების და პირობების გათვალისწინებით გაიდლაინის მოდიფიცირებისთვის. ასე იცვლებოდა ხშირად ამერიკულ ჰოსპიტლებში შიდა გზამკვლევები.
    არაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ აუცილებელია კოვიდ-თავისუფალი ზონების შექმნა. გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში შემოსულ პაციენტებს უნდა უტარდებოდეთ სწრაფი ტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადაყვანილი უნდა იქნენ ასეთ ზონებში.
    კორონა არსად წასვლას არ აპირებს. ვაქცინა ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის; კონკრეტული, დაავადება-სპეციფიური, ეფექტური მედიკამენტი არ არსებობს; წინ ზამთრისა და გაზაფხულის მძიმე თვეებია. ინტენსიური მზადება დღესვე უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს. შეუძლებელი არაფერია.


    საკმარისი ინტელექტუალური რესურსი, პლუს ადექვატური ტექნოლოგიური და მედიკამენტოზური უზრუნველყოფა, პლუს სწორი ეპიდემიოლოგიური ანალიზი და ანალიზზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიური გადაწყვეტილებები უტოლდება პანდემიის წარმატებით მართვას!“

    ზურაბ გურული, ნანა გეგეჭკორი

  • აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

    აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

    ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანებს კოვიდ-19-ზე აცრა შესთავაზოს.

    შეერთებული შტატები „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აცხადებს, რომ ფარმაცევტული კომპანიების „ფაიზერი“ ან „მოდერნა“ ერთი ან ორი ვაქცინა, სავარაუდოდ, მზად იქნება ამერიკის მოსახლეობაში ფართო დისტრიბუციისთვის.

    აზარის თქმით, იანვარში ვაქცინას ხანდაზმულებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს და პირველადი რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს მიაწოდებენ. ამერიკის მთელს მოსახლეობას კი ვაქცინაზე წვდომა აპრილისთვის ექნება.

    მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ამერიკულ მარეგულირებელ უწყებებს ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რამდენიმე კომპანიამ უკვე დაიწყო საწარმოო შესაძლებლობების მომზადება ვაქცინის დიდი ოდენობით წარმოებისთვის.

    გასულ კვირას ფარმაცევტულმა კომპანიამ „ფაიზერი“ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ მარეგულირებლისთვის ვაქცინასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მონაცემის გაგზავნას, ნოემბრის ბოლოს შეძლებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს“–ზურაბ გურული

    “ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული, რომელიც აშშ–ში კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული, მოგვიანებით კი ვირუსი თვითონაც გადაიტანა, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

    “პატივცემულო თანამემამულენო,

    ნუ გაიმეტებთ იმ ექიმებს სალანძღავად, ვისი ღირსების დასაცავად სულ რამდენიმე თვის წინ ყელს გამოღადრავდით ნებისმიერ უცხოელს. ისინი ისევ თქვენი ექიმები არიან და ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა.

    ნუ მიეცემით პანიკას. აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს მხოლოდ მაღალი ტემპერატურით, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილით, დიარეით, ზოგადი სისუსტით და მსუბუქი ქოშინით დატვირთვისას.

    თუ მხოლოდ ეს სიმპტომები გაწუხებთ, ნუ გაიქცევით საავადმყოფოში დასატესტად. ძალიან დიდი ალბათობით კორონა გაქვთ და ტესტის დადებითი პასუხი არაფერს შეცვლის. ქართული ინტერნეტი სავსეა ექიმების რეკომენდაციებით, თუ როგორ უმკურნალოთ გაურთულებელ კორონას სახლში. ამობეჭდეთ და დაურიგეთ იმათ, ვისაც კომპიუტერთან წვდომა არა აქვს.
    ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, რომ კლინიკები შევინახოთ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისათვის, რომლებიც აუცილებლად დაიღუპებიან ჰოსპიტალიზაციის გარეშე.


    ატარეთ ნიღაბი!!! ატარეთ წესიერად!


    როგორმე მოითმინეთ საჯარო გართობის გარეშე ცოტა ხანი, სანამ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებარება.


    ვისთვისაც გარეთ გასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა გავიდეს; ოღონდ უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით. თუ ამას გავაკეთებთ, ნელნელა ყველა ბიზნესს ავამუშავებთ, რესტორნების ჩათვლით.


    სასწავლო დაწესებულებებმა როგორმე გადაწყვიტეთ ონლაინ სწავლების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საკითხი. სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებს ნუ ატარებთ კოვიდიან კლინიკებში, თუ მათ სპეციალური წვრთვნა და აღჭურვილობა არა აქვთ!
    გავრცელება უნდა შევაჩეროთ რაც შეიძლება სწრაფად და ამას მარტო ვერავინ შეძლებს.“–წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

  • “არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში“– გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაში პირველივე  დღიდან იყო ჩართული, ქართველ მკითხველს და მაყურებელს წარსულში ხშირად უზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს. დღეს ის კიდევ ერთხელ წერს იმ საფრთხეების შესახებ, რაც საქართველოს ემუქრება ახლო მომავალში.

    “დიდი ხანია არაფერი დამიწერია კორონაზე … ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და გისმენდით …

    დღეს ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში . მე არ ვიცი როგორაა გათვლილი და დათვლილი საქართველოში სამედიცინო რესურსები, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ ვირუსის გავრცელება უკონტროლო და უმართავი ხდება. სამწუხაროდ, ეს არც მიკვირს… არანაერი წინასწარმეტყველება და დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა დღევანდელ მდგომარეობას. ამას ფიქრობდა ყველა, ვისაც შეხება ჰქონდა SARS-CoV-2 ვირუსთან, ვინც დაინახა, რა ძალებით და და რა რესურსებით , რამხელა დანაკარგებით, რა ძნელად უმკლავდებოდა განვითარებული ქვეყნები ამ პრობლემას. და როცა დიდ გამოწვევას ემატება ქვეყნის საკმაოდ მწირი სამედიცინო რესურსები, ცალკეული , არასწორი, გაუთვლელი ნაბიჯები და საზოგადოების დიდი ნაწილის უდისციპლინობა და უპასუხისმგებლობა, მოლოდინი და შედეგიც გასაგები და წარმოსადგენია.
    მე არ შეგაწყენთ თავს იმის მოყოლით, რა გაკეთდა გერმანიაში ზაფხულის განმავლობაში, როგორ გადააწყვეს კიდევ ერთხელ კლინიკები , როგორ ხდებოდა მომზადებული კადრების გადამზადება , როგორი სიფრთხილით და საფუძვლიანი შიშით უყურებდნენ შემოდგომა-ზამთრის მოახლოებას…

    და ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთეულ შემთხვევებს ითვლიდნენ და თავდაჯერებით საუბრობდნენ ქვეყნის მზადყოფნაზე. მაშინაც დაუჯერებელი იყო, რომ საქართველო დაავადებას, მძლავრ სახელმწიფოებზე უკეთ უმკლავდებოდა, თუმცა ნამდვილად წარმატებით ართმევდა თავს ინფექციის შეკავების ფაზას. ახლაც არ მჯერა , რომ “პირველადი რგოლები “, რომლებიც სახლში თუ “ცხელების ცენტრში” მყოფ, საშუალო სიმძიმის პ-ის მართვაზე აგებენ პასუხს, ეფექტურად მუშაობენ ან საკმარისია რაოდენობა იმ ექიმებისა, განსაკუთრებით პერიფერიებზე, რომლების ამ ვირუსით გამოწვეულ გართულებებს ადექვატურად მართავენ. არც ის მიკვირს, როცა ლეტალობის მიზეზი სულ ერთი და იგივეა: “ასაკი, დიაბეტი და გულის უკმარისობა”. უპირველესი და მთავარია, საკმარისი და მომზადებული მედპერსონალი, და ამის შემდეგაა სალაპარაკო, მარაგი და რაოდენობა ეკიპირების და სასუნთქი აპარატების, რომელსაც ისევ გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალი სჭირდება. მე ასე მგონია, და ღმერთმა ქნას ვცდებოდე ….

    მთავარი, რამაც წერილის დაწერა მომანდომა, არის ის, რასაც ვხედავ : საარჩევნო შეკრებებზე გამოსული უმრავი ადამიანი, პირბადის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე; კარზე მომდგარი არჩევნები ( რომელიც ინფექციასთან მიმართებაში რატომღაც წინასააღდგომო პრობლემას მაგონებს), რომლის გამო ხელისუფლება ვერ ან არ აკეთებს იმას, რაც სწორედ ეხლაა გასაკეთებლი და რაც ჩემი დიდი ეჭვით, არჩევნების მეორე დღეს არ აგვცდება – საგანგებო მდგომარეობა!; სათამაშო მოედნებზე ერთმანეთში აღრეული ბავშვები, მშობლები, რომლებიც ამას გულდამშვიდებით უყურებენ; ბებიები და ბაბუები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ასრულებენ “საპატიო” მოვალეობას, მოიკითხონ და ჩაიბარონ საბავშვო ბაღებიდან თუ სკოლებიდან შვილიშვილები (ბავშვები ხომ ყველაზე საშიში უსიმპტომო გადამტანები არიან ინფექციის); ახალგაზრდები და ოჯახები, რომლებიც ყველანაერი არგუმენტებით ცდილობენ გაამართლონ ხალხმრავალი ზეიმები და დღესასწაულები; ხელისუფლება, რომელსაც შეზღუდვები აღსრულებაში ვერ მოჰყავს; წესრიგი, რომელიც ყველაზე მაღლა არ დგას! ….

    და რატომ არ გვინდა ბოლოსდაბოლოს გავიგოთ, რომ ვირუსს ჩვენ ვასაზრდოებთ… ჩვენ! ვირუსი იკვებება ჩვენი კონტაქტებით. ვირუსი მრავლდება თუნდაც 2 ადამიანის ინტერაქციით, გადაცემა-გადადებით. კონტაქტების და გადადების გარეშე, მას არა აქვს არანაერი შანსი. ლოგიკურად, თუკი რამოდენიმე კვირა ჩავიკეტებით და განვცალკევდებით ყველა, მთელი მსოფლიოს ადამიანები, ვირუსი ნამდვილად გაქრება. მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, ეს ილუზიაა. ამიტომ რახან გაჩნდა და ჩვენთან მოვიდა, ის არსად წავა, ჩვენი თანამდევი იქნება…მაშინაც კი, როცა წამალი ან ვაქცინა შეიქმნება , უბრალოდ მაშინ არ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. ხშირად ადარებენ SARS-CoV-2-ს გრიპის ვირუსს, ზოგჯერ MERS-საც. გრიპთან შედარებით ბევრად გადამდები და ბევრად აგრესიულია, MERS-თან შედარებით, ნელა, შეპარვით და “ქურდულად” მოქმედი.

    კორონა საქართველოში გაზაფხულზე გამოჩნდა, მხოლოდ გამოჩნდა, ტალღა არ ყოფილა! … ახლა ნამდვილად მოვიდა და ხანგრძლივი მარათონიც დაიწყო..

    ეს მარათონი ახლა ყველგან გამწვავებულია…

    და მაინც, როგორ თანავიარსებოთ ვირუსთან?! წამალი და ვაქცინა არ არის, ისევ და ისევ წესრიგი, ჰიგიენა, დისტანცია და ნიღაბი. ეს მოეთხოვება ყველას, თითოეულ მოქალაქეს. ესაა პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის და ქვეყნის წინაშე – გაუფრთხილდე თავს და გაუფრთხილდე სხვას! თუ არ გეშინია შენ, პატივი სცე სხვის შიშსს, სხვის სიცოცხლეს! ეს პასუხისმგებლობა შეგნების დონემდე უნდა იქნას დაყვანილი თითოეულ მოქალაქემდე , ვისაც ეს სჯერა, ვისაც არ სჯერა, ვისაც ეს მითი და მოგონილი ჰგონია, ვისაც დისციპლინა არა აქვს და არც საამისოდ ინტელექტი ყოფნის. ამაში ყველას ჩართულობაა საჭირო… პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ოპოზიციის თუ პოზიციის, თითოეული მოქალაქის… და ეს ყველაფერი ეფექტურად უნდა მართოს და აკონტროლოს ხელისუფლებამ, რაც ნამდვილად გვაკლია დღეს.
    გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!“– წერს ნინო ნაცვალაძე ფეისბუქზე.

  • კორონავირუსმა შესაძლოა სმენის დაკარგვაც გამოიწვიოს. სამედიცინო პარქტიკაში ასეთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა

    კორონავირუსმა შესაძლოა სმენის დაკარგვაც გამოიწვიოს.

    45 წლის ბრიტანელმა კორონავირუსის გადატანის შემდეგ სმენა სრულად დაკარგა. ექიმების თქმით ეს მათ პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა.

    სმენის მოულოდნელი დაკარგვა ზოგჯერ ვირუსუიი ინფექციების გართულების შემდეგ ხდება, თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში ასეთი რამ აქამდე სამედიცინო პრაქტიკაში აღწერილი არ ყოფილა.

    ამასთან, ოტოლარინგოლოგები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დროულად მიღების შემთხვევაში სმენის დაკარგვის თავიდან აცილება შესაძლებელია.

    პაციენტი, რომელიც ასთმით იყო დაავადებული ლონდონის ერთ–ერთ საავადმყოფოში კოვიდ 19–ის სიმპტომებით მიიყვანეს და რეანიმაციაში მოათავსეს, რადგან სუნთქვის სირთულეები ქონდა.

    ანალიზებმა დიაგნოზი დაადასტურა და პაციენტი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს. მას რამდენიმე წამალი გამოუწერეს, ასევე სისხლი გადაუსხეს, რის შემდეგაც გამოჯანმრთელება დაიწყო და 30 დღის შემდეგ აპარატიდან მოხსნეს.

    თუმცა, რეანიმაციიდან გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ პაციენტმა ყურებში ზუზუნი იგრძნო, შემდეგ კი მოულოდნელად მარცხენა ყურით დაყრუვდა.

    კვლევამ აჩვენა, რომ სმენის დაკარგვის მიზეზი სავარაუდოდ ნერვის ან შუაყურის დაზიანება, ან ორივე ერთად გახდა. თუმცა არა ანთების ან ყურის არხის ბლოკირების გამო.

    დაზიანების ერთადერთ შესაძლო მიზეზად ექიმები კოვიდ19–ს ასახელებენ.

    სტეროიდული აბების და ინექციების შემდეგ სმენა პაციენტს ნაწილობრივ დაუბრუნდა, თუმცა სრულად აღარ აღდგა.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსს შესაძლოა ფილტვების გარკვეული ტიპის უჯრედებში შეეღწია მათ ზედაპირზე არსებული რეცეპტორების დახმარებით და ისინი დაეინფიცირებინა.

    ასეთივე რეცეპტორებია განლაგებული შუა ყურის უჯრედებზე.

    ამიტომაც ახლა უკვე ექიმები რეკომენდაციას გასცემენ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კორონავირუსით დაავადებულთა სმენის პრობლემებს და სმენის მოულოდნელი დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაამისამართონ ისინი შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც შეძლებს ზომების მიღებას და სმენის სამუდამოდ დაკარგვის თავიდან აცილებას.

  • როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში – დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი

    როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში?! – ექიმი, არჩილ მარშანია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისა და საქართველოში კორონავირუსის ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუს თუ  როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსის სიმპტომებს სახლის პირობებში.

    “როგორ ვუმკურნალოთ კოვიდ19-ს სიმპტომებს სახლის პირობებში

    გაფრთხილება: პირველ რიგში(!) დაუკავშირდით ოჯახის ექიმს, დარეკეთ ცხელ ხაზზე ან 112-ზე და მიიღეთ ოფიციალური ინსტრუქცია.
    ინსტრუქციები შესაძლოა იცვლებოდეს.

    ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაწერილია დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის და საქართველოში კოვიდ19-ს ამბოლატორიული მართვის სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით.

    მხოლოდ ნიშნებისა და სიმპტომების საფუძველზე COVID-19-ის
    დიფერენცირება საზოგადოებაში შეძენილი სასუნთქი გზების ინფექციებისგან შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უკონტროლო გავრცელების ფაზაში ვართ, ვერც ”რისკის შემცველი” კონტაქტის არარსებობით გამოვრიცხავთ კოვიდ19-ს ინფექციას.

    მსუბუქი შემთხვევა – კორონავირულის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება გაურთულებელი ზემო სასუნთქი გზების რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი
    დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური
    სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მოთენთილობა, ხველა (ნახველით ან მის
    გარეშე), ანორექსია, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი,
    ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად,
    სიმპტომები შესაძლოა წარმოდგენილი იყოს დიარეით, გულისრევით ან
    პირღებინებით.

    ზოგადი რეკომენდაციები:

    მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური წინასწარგანწყობაც, დაიმახსოვრეთ, რომ თუ სიმპტომები მსუბუქია სავარაუდოდ, ერთ კვირაში თავს უკეთ იგრძნობთ, ეს ცხადია არ უნდა გახდეს წესების უგულვებელყოფის მიზეზი, თუმცა აუცილებლად არის ოპტიმიზმის მიზეზი.

    ყოველდღიურად აკონტროლეთ სიმპტომები და ზოგადი მდგომარეობა, იქონიეთ მუდმივი კავშირი ოჯახის ექიმთან.

    იყავით ყველასგან მაქსიმალურად იზოლირებული. გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარები მყარი ზედაპირების გასაწმენდად. მოერიდეთ ზურგზე წოლას, (ამოხველება მაგ დროს გართულებულია) მიიღეთ სითხეები. დღის განმავლობაში შეინარჩუნეთ ნორმალური ფიზაქტივობა. დაისვენეთ.
    ოთახი გაანიავეთ ხშირად ფანჯრის გაღებით (არ გამოიყენოთ
    ვენტილატორი, რადგანაც ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის
    გავრცელებას).

    არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ან/და ანტიკოაგულანტები (სისხლის გამათხელებლები) თვითნებურად.

    მაღალი ტემპერატურის >37,8 შემთხვევაში:
    – დაისვენეთ;
    – მიიღეთ სითხეები (წყალი);
    – მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი თუ გრძნობთ დისკომფორტს (შეათანხმეთ ექიმთან).
    იბუპროფენის შესახებ გავრცელებული ხმები არის მითი, კოვიდ19-ს მიმდინარეობისას მისი მიღება შეიძლება.

    ხველა:
    – მოერიდეთ ზურგზე წოლას;
    – მიიღეთ თაფლი ჩაის კოვზით, მიიღეთ თბილი სითხეებიც (არ მისცეთ თაფლი 1 წლამდე ბავშვებს);
    – ხველის გაძლიერებისას, დაიწყეთ მედიკამენტური თერაპია, ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

    სუნთქვის გაძნელებისას:
    – დაუკავშირდით ექიმს;
    – გაანიავეთ და გააგრილეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი);
    – ისუნთქეთ მშვიდად, შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით, ტუჩები ერთმანეთთან ახლოს (სანთლის ჩაქრობისას როგორი პოზიციაც აქვს ტუჩებს);
    – ოდნავ წინ გადახრის პარალელურად დაეყრდენით მუხლებს ან ნებისმიერ მყარ ადგილს და ისე ისუნთქეთ. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

    ჯანმრთელობას გისურვებთ.” – წერს არჩილ მარშანია.

  • რემდესივირი Covid19-ით სიკვდილიანობას ვერ ამცირებს– ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პრეპარატი რემდესივირი ვერანაირად ვერ ამცირებს Covid19–ით სიკვდილიანობას. პირველად ამ დასკვნის შესახებ ბრიტანულმა Financial Times–მა დაწერა, რომლის რეპორტიორებმა “სოლიდარობის“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კლინიკური კვლევების შედეგები მიიღეს. ჯანმომ კი ეს ინფორმაცია დაადასტურა. გარდა ამ ანტივირუსული პრეპარატისა, რომელიც თავის დროზე ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, ასევე გამოიცადა სხვა წამლები, რომლებზეც ექიმები დიდ იმედებს ამყარებდნენ კორონავირუსის მკურნალობის პროცესში: ჰიდროქსილქლოროქინი, ლოპინავირი/რიტონავირი და ინტერფერონი. შედეგები მწარმოებლებისთვის სამწუხარო აღმოჩნდა:

    “სამწუხაროდ გაირკვა, რომ ამ კვლევის მონაწილე არცერთი წამალი არ იძლევა იმედს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით. ეს შედეგები არსებითად არ შეცვილა გარკვეული ქვეყნების, რეგიონების ან მოსახლეობათა ჯგუფების გამორიცხვის შემდეგაც“– აცხადებს ჯანმო. ცოტა ხნის წინ რემდესივირი აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკურნალობაში გამოიყენეს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა.

  • Covid19-ის ვაქცინის გამოსაცდელად ხანდაზმულ მოხალისეებს ეძებენ

    Covid19-ის ვაქცინის გამოსაცდელად ხანდაზმულ მოხალისეებს ეძებენ

    ბრიტანეთში შემუშავებული ვაქცინების მოქმედების შესამოწმებლად მეტი მოხალისე 65 წელს გადაცილებული ადამიანი და ეთნიკური უმცირესობების წევრები ესაჭიროებათ. ამის შესახებ ვაქცინის შემქმნელი ოქსფორდის ჯგუფის მთავარმა მკვლევარმა, მანეში რამასამიმ განაცხადა.

    მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინები მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის ეფექტური იქნება.

    ჯერჯერობით 250 000 ადამიანიდან, რომლებიც მოხალისეებად ჩაეწერნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები 7%–ს შეადგენენ.

    ამასთან, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით მათ კორონავირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ და მათ შორის სიკვდილიანობის დონე უფრო მაღალია. ამიტომაც, რამასამის თქმით, მასობრივი ვაქცინაციის დაწყების მომენტისთვის მნიშვნელოვანია დარწმუნება, რომ ის ეფექტური იქნება სწორედ ამ ჯგუფებისთვის.

    მკვლევარები  ტესტირების მონაწილეთა რაოდენობის 500 000–მდე გაზრდას გეგმავენ. ამჟამად ბრიტანეთში შემოწმების სხვადასხვა სტადიაზეა ვაქცინის 6 ტიპი.

  • დაფიქსირდა Covid19-ით განმეორებით დაინფიცირების შემთხვევები.დაავადების გადატანა იმუნიტეტის გამომუშავებას ყოველთვის არ ნიშნავს

    აშშ–ს ნევადის შატატის 25 წლის მცხოვრებმა ორჯერ გადაიტანა კორონავირუსი – აპრილში და ივნისში. ამის შესახებ   ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი

    ამჟამად ახალგაზრდა კაცი ჯანმრთელია, მაგრამ მისი შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანში მყარი იმუნიტეტის გამომუშავების იმედებს.

    მეორე ჯერზე დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობდა, ვიდრე თავიდან. პაციენტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ჟანგბადის უკმარისობის გამო.

    მას არ ქონია თანმდევი დაავადებები ან იმუნიტეტის პრობლემაბი, და არაცერთი პარამეტრით არ ხვდებოდა პოტენციურ მძიმე ავადმყოფთა რისკჯგუფში.

    ვირუსების გენეტიკური კოდის შედარებითი ანალიზის მონაცემებით ამ შემთხვევაში საქმე ქონდა სწორედაც რომ ხელმეორედ დაინფიცირებას და არა იმავე დაავადების რეციდივს.

    “ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გადატანა არ გვაძლევს გარანტიას, რომ ადამიანი განმეორებით არ დაინფიცირდება“ – ამბობს ნევადის უნივერსიტეტის დოქტორი მარკ პანდორი.

    მისი თქმით, ნიღბების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი ბანა მათთვისაც აუცილებელია, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.

    მეცნიერები კვლავ მუშაობენ კორონავირუსისადმი იმუნიტეტთან დაკავშირებულ რთულ საკითხებზე. რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი? ყველა ერთნაირად გამოიმუშავებს თუ არა მას, მათ შორის ისინიც, ვინც ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა?

    ამ კითხვებზე საბოლოო პასუხები ჯერ არ არსებობს.

    თუმცა, განმეორებითი დაინფიცირების დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევები ძალიან ცოტაა – 37 მილიონიდან ერთეულები.

    ჰონკონგში, ბელგიაში, ნიდერლანდებში განმეორებითი დაავადება პაციენტებში ზუსტად ისე მიმდინარეობდა, როგორც თავდაპირველი. მხოლოდ ერთი ადამიანი – ეკვადორის მოქალაქე აღმოჩნდა მეორე ჯერზე უფრო მძიმე პაციენტი, ვიდრე პირველი დაინფიცირებისას, თუმცა საბოლოოდ ჰოსპიტალიზაცია მას არ დასჭირვებია.