Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • ჯანმო ფრანგი ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ Covid19-ით მწეველები ნაკლებად ავადდებიან. ვინ არის მართალი

    ჯანმო ფრანგი ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ Covid19-ით მწეველები ნაკლებად ავადდებიან. ვინ არის მართალი

    ფრანგი ექიმების ცოტა ხნის წინანდელ დასკვნას იმის შესახებ, რომ კორონავირუსით მწეველები ნაკლებად ავადდებიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დასკვნა იმის შესახებ, რომ მწეველები კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან პარიზის პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოს მედიკოსებმა საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით გამოიტანეს. თუმცა ეს დასკვნა ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს და მას შემდეგ დავა არ წყდება.

    “მოწევა როგორც ჩანს დამცავ ფარად იქცევა. ნიკოტინი პოტენციური დამცავი ნივთიერებაა, რომელიც ვირუსს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას არ აძლევს“– ნათქვამია საავადმყოფოს კვლევაში.

    ამ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული 340 პაციენტიდან მწეველი მხოლოდ 4.5 % აღმოჩნდა, პაციენტების საშუალო ასაკი 65 წელი იყო. თითქმის 140 ამბულატორულ პაციენტს შორის კი მაჩვენებელი ოდნავ მაღალი– 5.3% აღმოჩნდა(საშუალო ასაკი 44 წელი).

    გარდა ამისა, AP-HP ცენტრის გათვლით, რომელიც პარიზის და დედაქალაქის რეგიონის საავადმყოფოს აერთიანებს, კოვიდ 19 –ით ჰოსპიტალიზირებულ 11 000 პაციენტს შორის მხოლოდ 8.5% აღმოჩნდა მწეველი, იმ ფონზე, როცა საფრანგეთში ყოველდღიურად მოსახლეობის მეოთხედი ეწევა.

    “პაციენტებს შორის, რომელთა ჰოსპიტალიზაცია პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოში  კორონავირუსის დიაგნოზით მოხდა და რომლებიც კონსულტაციაზე მოვიდნენ, მწეველი იმაზე ხუთჯერ უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მონაცემები ვეიფინგის შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს. დამატებითი კვლევა უნდა ჩატარდეს. შესაძლოა საქმე ნიკოტინშია, მაგრამ ეს ჯერ დამტკიცებული არ არის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოწევა უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კორონავირუსი“– დაწერა ტვიტერზე პროფეოსრმა ბერტრან დაუტცენბერგმა.

    საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი შესაძლოა კორონავირუსის პროფილაქტიკის საშუალება იყოს. უახლოეს მომავალში ისინი ნიკოტინის პლასტრების კორონავირუსიან პაციენტებზე გამოცდას აპირებენ.

    როცა ეწევით, ვირუსი ხელებიდან პირში ხვდება

    ფრანგი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემები გაოცების მიზეზი გახდა ბევრისთვის, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას. ორგანიზაციის მონაცემებით ნიკოტინი ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველების ნახევარი სწორედ ამ ჩვევის გამო კვდება.

    ისინი ვინც  ეწევიან ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან– ამბობს ჯანმო. და საქმე მხოლოდ ფილტვების მდგომარეობაში არ არის.

    “როდესაც ეწევით, თითები და შესაძლოა სიგარეტიც, რომლებზეც უკე მოხვდა ვირუსი ტუჩებს ეხებიან. ეს ზრდის იმის შანსს, რომ ვირუსი, რომელიც თქვენს ხელზეა პირში მოხვდეს“–წერს ჯანმო.

    გარდა ამისა, მწეველებს შესაძლოა აწუხებდეთ ფილტვების პრობლემა, მათ შორის მათი მოცულობის შემცირება, ეს კი მძიმე დააადებების განვითარების შანსს ზრდის.

    “როცა ჟანგბადის მოთხოვნილება იზრდება, ფილტვებს კი მისი მიღების უნარი დაქვეითებული აქვს, იზრდება ფილტვების მძიმე დაავადების განვითარების რისკი, მათ შორის პნევმონიის“– ამბობენ ჯანმოში.

    ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მარტის ანგარიშში მწეველები მოწყვლად ჯგუფში მოხვდნენ.

    საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მწეველებში ისეთივეა, როგორიც არამწეველებში, თუმცა მათ უფრო ხშირად ემართებათ პნევმონიის მძიმე ფორმა.

    ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, მერსის აფეთქებისას 2012 წელს მწეველები უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე არამწველები.

    თუმცა, ამჯერად ფრანგი მეცნიერების კვლევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ქვეყნის ხელისუფლებამ მკვეთრად შეამცირა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა.

    ის, ვინც ნიკოტინდამოკიდებულებას ებრძვის 11 მაისიდან აფთიაქებში ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მხოლოდ ერთი თვის მარაგის შეძენას შეძლებს, როგორიც არის მაგალითად პლასტირები და საღეჭი რეზინი. ონლაინ გაყიდვები მთლიანად შეწყდა.

    ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ ეს ზომები მიეღოთ, რადგან გაჩნდა ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მასობრივად ყიდვის ტენდენცია,  Covid19-ისგან თავის დასაცავად.

     

     

     

     

  • ანტიბიოტიკები კორონავირუსის წინააღმდეგ არ გამოგვადგება!

    ანტიბიოტიკები კორონავირუსის წინააღმდეგ არ გამოგვადგება!

    ანტიბიოტიკები ანტიმიკრობული წამლებია, რომლებიც ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. იქიდან გამომდინარე, რომ COVID-19 ვირუსით გამოწვეული დაავადებაა და მას არაფერი აკავშირებს ბაქტერიასთან, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ საერთოდ არ მოქმედებს.

    რატომ ვერაფერს აკლებს ანტიბიოტიკები ვირუსებს? 

    საქმე ისაა, რომ ბაქტერიები და ვირუსები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ბაქტერია დამოუკიდებელი, უჯრედული მიკროორგანიზმია. მას აქვს უჯრედის კედელი და ყველა ის აუცილებელი კომპონენტი (დნმ, რნმ და უჯრედული ორგანოიდები), რომლებიც ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოში არსებობისა და გამრავლებისთვისაა საჭირო. მართალია, ადამიანის ორგანიზმში შემოღწევისას ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ცხოველმოქმედებისთვის ჩვენს რესურსებსაც იყენებენ, გამრავლებისა და საკუთარი არსებობისთვის საჭირო ცილების წარმოქმნის თვალსაზრისით, ისინი ჩვენზე არ არიან დამოკიდებულნი. ამისთვის მათ დნმ-ის რეპლიკაციისა და ცილების სინთეზის საკუთარი მექანიზმები აქვთ.

    ანტიბიოტიკები სწორედ ბაქტერიისთვის სპეციფიკურ სტრუქტურებზე (მაგალითად, უჯრედის კედელზე) და მექანიზმებზე (მაგალითად, რიბოსომებზე ცილების სინთეზზე და ა.შ) მოქმედებს. ესა თუ ის ანტიბიოტიკი ბაქტერიის ზრდის შესაჩერებლად ან/და მოსაკლავად მხოლოდ ბაქტერიისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ფუნქციის შესრულებას უშლის ხელს.

    რაც შეეხება ვირუსებს, ვირუსი სიცოცხლის არაუჯრედული ფორმაა. მეტიც, კვლავ საკამათოა, საერთოდ არის თუ არა ვირუსი ცოცხალი ორგანიზმი. ვირუსს სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი ნიშანი აქვს – გამრავლება და სხვა ცოცხალი უჯრედის გარეშე დამოუკიდებლად ის ამასაც ვერ ახერხებს. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ვირუსი ცილით შემოგარსული გენეტიკური მასალაა (დნმ ან რნმ; არასდროს ორივე ერთად). ბაქტერიებისგან განსხვავებით, ვირუსებს საკუთარი თავის გამრავლებისა თუ სხვადასხვა ფუნქციის შესრულებისთვის აუცილებელი მექანიზმები არ გააჩნია. მას თავისი გენეტიკური მასალის რეალიზაციისთვის, ანუ გამრავლებისა და ფუნქციონირებისთვის ადამიანის (ან სხვა სახეობის) უჯრედი ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი უჯრედების შიგნით ცხოვრობს და თავისი მიზნებისთვის ჩვენსავე ორგანოიდებს, მათ შორის, რიბოსომებს იყენებს.

    როგორც ვთქვით, იმისთვის, რომ ანტიბიოტიკმა იმოქმედოს, მას ესაჭიროება კონკრეტული სამიზნე, რომელიც მხოლოდ ბაქტერიებში გვხვდება. ანტიბიოტიკები ვირუსებს უბრალოდ ვერ ცნობს, რადგან მათ ეს სამიზნეები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ანტიბიოტიკები უბრალოდ არ მოქმედებს ვირუსებზე და, ცხადია, ისინი არც COVID-19-ის სამკურნალოდ გამოგვადგება.

    გარკვეულ შემთხვევებში ვირუსულ ინფექციას, მათ შორის, COVID-19-ს შესაძლოა თან დაერთოს ბაქტერიული ინფექციაც. ვირუსული ინფექციის კონტექსტში ანტიბიოტიკის დანიშვნას მხოლოდ ეს საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, თანდართული ბაქტერიული ინფექციის არსებობას და ანტიბიოტიკებით მისი მკურნალობის საჭიროებას განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ ექიმი და თვითნებურად ანტიბიოტიკის მიღება აბსოლუტურად დაუშვებელია!

    რატომ?

    პირველ რიგში, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკებს თავიანთი გვერდითი ეფექტები აქვს. ისინი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, განსაზღვრული დოზითა და ხანგრძლივობით უნდა დაინიშნოს, რათა თავიდან ავიცილოთ ტოქსიკურობა.

    გარდა ამისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკორეზისტენტობის საკითხი. 1928 წელს ფლემინგის მიერ პენიცილინის (პირველი ანტიბიოტიკი) აღმოჩენა ნამდვილი გარღვევა იყო. ამას დაემატა სხვა ახალი ანტიბიოტიკებიც, რომლებმაც იქამდე სასიკვდილო ინფექციების მკურნალობა იმდენად გააადვილა, რომ ანტიბიოტიკები დღესაც დამსახურებულადაა მიჩნეული მედიცინის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. არახელსაყრელ პირობებში მოხვედრისას, სიცოცხლის ყველა ფორმას ახასიათებს ბრძოლა გადარჩენისთვის. სწორედ გადარჩენის და ჩვენზე პარაზიტირების გასაგრძელებლად ბაქტერიებს ანტიბიოტიკების მოქმედების დაძლევა უნდა მოეხერხებინათ. და მოახერხეს კიდეც – ბაქტერიებმა გამოიმუშავეს მექანიზმები, რომლებიც მათ ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობას, ანუ რეზისტენტობას, ანიჭებს. საქმე ისაა, რომ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი და ჭარბი გამოყენება ხელს უწყობს, ზოგადად, რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და რეზისტენტული ბაქტერიების გადარჩენას. როცა რეზისტენტული შტამები პოპულაციაში ფართოდ ვრცელდება, კონკრეტული ინფექციის მკურნალობა ძალიან რთულდება და, მეტიც, ზოგჯერ შეუძლებელიც ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ტუბერკულოზი. როცა 1940-იან წლებში მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა გახდა შესაძლებელი, ტუბერკულოზი უნივერსალურად განკურნებად ინფექციად ჩაითვალა. თუმცა, ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაცილა ეტაპობრივად მდგრადი გახდა სხვადასხვა მედიკამენტის მიმართ. წლების განმავლობაში აღმოცენდა ტუბერკულოზის რეზისტენტული (DR-TB), მულტირეზისტენტული (MDR-TB) და ზემდგრადი (XDR-TB) შტამები. ეს შტამები სხვადასხვა ხარისხით მდგრადია ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი და მეორე რიგის ანტიბიოტიკების მიმართ და მათ მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობა უკიდურესად რთულია. ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზი უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემაა და, სამწუხაროდ, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი საქართველოშიც მეტად გავრცელებულია.

    გახსოვდეთ, ანტიბიოტიკები უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როცა მათი გამოყენების სარგებლიანობა აღემატება რეზისტენტობის რისკებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ყოველწლიურად მხოლოდ შეერთებულ შტატებში ანტიბიოტიკოთერაპიის 47 მილიონი კურსი (სულ დანიშნული ანტიბიოტიკების დაახლოებით 30%) ინიშნება არამიზნობრივად – გაციების, გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. ეს რიცხვი და ტენდენცია საგანგაშოა. ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ქმნის სრულებით რეალურ საფრთხეს იმისა, რომ ერთხელაც ანტიბიოტიკები საერთოდ ვეღარ დაგვეხმარება და ჩვენ პოსტ-ანტიბიოტიკურ ერაში შევაბიჯებთ.

    ამის თავიდან აცილება თითოეული მოქალაქისა თუ სამედიცინო მუშაკის პასუხისმგებლობაა.

    აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ნუ მიიღებთ და ნურავის ურჩევთ, მიიღოს ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე!

    წყაროები:

    CDC

    WHO

    covid19info.ge

  • “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? რა მავნებლები ხართ“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? რა მავნებლები ხართ“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სტრატეგიას აკრიტიკებს და თვლის, რომ უსიმპტომო მსუბუქ ავადმყოფებს საავადმყოფოებში გადაყვანა არ ჭირდება:

    “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? ვინ ხართ, რა მავნებლები ხართ. საავადმყოფოებია პირველი წყარო, სამედიცინო პერსონალი დატესტეთ, ხალხს, რომელსაც აქვს ბედნიერება რომ სოფელშია, ბუნებაშია, დატოვეთ, ისეირნოს, 1,5მეტრიანი დისტანცია დაიცვას და დაიცავს კიდეც, ნუ ძალადობთ ადამიანებზე, ნუ აავადებთ ადამიანებს თქვენი სისტემით, თქვენი არაჰიგიენური და საბჭოური სისტემით.“– წერს ის ფეისბუქზე. გარდა ამისა, იაგო ფრანგიშვილი თვლის, რომ როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია, ქვეყანა უნდა გაიხსნას:

    “ყველა ქვეყანა იხსნება, სადაც კი იკლებს მძიმე შემთხვევათა რიცხვი. გაიგო მსოფლიომ, რომ მსუბუქი კორონიანი იდეალური ვარიანტია, რადგან ასე ხდება ადამიანების იმუნიზაცია. საერთოდ არ იტესტება მსუბუქი შემთხვევა, რადგან ყველგან, მთელ მსოფლიოში ყველგან გაიგეს, რომ უსიმპტომო პაციენტის ვირუსის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ის სხვა ადამიანშიც უსიმპტომო შემთხვევებს იწვევს. მხოლოდ მართლა სარისკო ადამიანები, ტრანსპლანტირებულნი, იმუნურთერაპიიანები, ქიმიოთერაპიის ადამიანები და მოხუცებია დასაცავი. მათ შეიძლება გაუვითარდეთ რაიმე სერიოზული გართულება. თუმცა, მათთანაც, ასევეა, რომ რაც ნაკლებია ვირუსის რაოდენობა, მით უფრო მსუბუქია ფორმა.

    თუკი გყავთ საქართველოში ეპიდემიოლოგები ან ინფექციონისტები და იციან რა არის ,,რეპროდუქციის მაჩვენებელი,, აი იმათ ეცოდინებათ რომ როცა იგი 1ზე დაბალია, ძალიან კარგია. 1 ზე დაბლა კი ვერაფრით ჩამოვა, თუკი არავინ არ გადაიტანა. ეს რიცხვი შემდეგი ფორმულით Rt = Ro ( 100% – n%( სადაც ეს პატარა ენ არი მოსახლეობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელმაც გადაიტანა ინფექცია.

    ერ ნული არის რიცხვი, რომელიც არის ბაზისური რეპროდუქცია კორონასათვის და დადგენილია როგორც მაქსიმუმ 3,3. ანუ, თუკი გვინდა რეპროდუქცია იყოს 1ზე დაბალი, 70%ზე მეტს უნდა ჰქონდეს გადატანილი, საუკეთესო შემთხვევაში მსუბუქად.
    ამიტომაც, ბევრი ქვეყანა ტესტავს, არა იმიტომ რომ საავადმყოფოში დააწვინოს უსიმპტომო, არამედ რომ იცოდეს, თუ რა მდომარეობაა აი ამ რეპროდუქციის მაჩვენებლით.

    მაგალითად ბელგიამ და ჰოლანდიამ ჩაატარეს 1000 ზოგადი ,,პაციენტის,, კვლევა, სხვადასხვა სოციალური გარემო, ქალაქ სოფელი, დიდ პატარა და ასე შემდეგ და დაადგინეს შესაძლო იმუნიზაციის ხარისხი.

    არავის მოსდის აზრად რომ უსიმპტომო ან ნაკლებსიმპტომიანი საავადმყოფოში გაუშვას,
    ვიცით, უკვე ყველამ ვიცით,რომ ეს ადამიანები აავადებენ პერსონალს, აავადებენ ერთმანეთს, ამძიმებენ ერთმანეთს.

    უკვე ყველამ ვიცით რომ აუცილებელია ///// არაფრის გაკეთება, არაფრის, გაიგეთ შეიგნეთ ამ თქვენს ხრონგ თავში, რომ უსიმპტომო ადამიანს სჭირდება …… არაფერი. არაფერი.
    ინჰალაციით ამძიმებ.
    წამლებით ამძიმებ
    იზოლაციით ამძიმებ
    ერთად კოლექტიური კარანტინით ამძიმებ.
    სამედიცინო პერსონალს აავადებ და იწვევ ეპიდემიას.
    შეიგნეთ ხეპრენო თუ მავნებელნო და შეაგნებინეთ ამ ხეპრეებს.
    რა უნდათ.
    მეტს დატესტავ და გეყოლება მეტი ვირუსის მატარებელი, ეს ხომ ფაქტია.
    ამიტომაც, ყველა ქვეყანა, რომელსაც ნაკლები რაოდენობით ყავს ახალი მძიმე ავადმყოფები და უსიმპტომოების რიცხვი გაცილებით აჭარბებს სიმპტომიანების რიცხვს, იხსნება.
    გაუხსენით რა ამ ხალხს ტვინი და გონება ვინმემ.“– წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

  • COVID19-ს დერმატოლოგიური სიმპტომებიც აქვს. ნახეთ მედიკოსების ახალი მონაცემები

    COVID19-ს დერმატოლოგიური სიმპტომებიც აქვს. ნახეთ მედიკოსების ახალი მონაცემები

    ცხელებასთან, ხველასთან და სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, COVID-19 სხვადასხვა სიმპტომით, მაგალითად, დაღლილობით, წონის კლებით, სურდოთი, თავის ტკივილით, ფაღარათით, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვით შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა,  იტალიიდან და ტაილანდიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის მრავალფეროვან გამოვლინებებს ახალი სიმპტომი – გამონაყარი – დაემატა.

    „არ მგონია, დერმატოლოგთა წრის გარეთ ეს ბევრმა იცოდეს. დერმატოლოგთა სამეცნიერო ლიტერატურაშიც ახლა დაიწყო ამაზე საუბარი“, – აცხადებს კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი სარა იანგი. პაციენტების ნაწილს დერმატოლოგიური გამოვლინებები მართლაც აღენიშნება, თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ COVID-19-ს სპეციფიკური გამონაყარი არ ახასიათებს და კანის ეს ნიშნები მრავალფეროვანია.

    ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დერმატოლოგიური ნიშნები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 20%-ს ჰქონდა. დერმატოლოგებმა დროებით გვერდით გადადეს თავიანთი სხვა საქმიანობა და პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. კერძოდ, ისინი COVID-19-ის მქონე 148 პაციენტში დერმატოლოგიურ ცვლილებებს აკვირდებოდნენ. იმისთვის, რათა წამლის მიმართ მწვავე რეაქცია შეცდომით არ ჩათვლილიყო ინფექციის დერმატოლოგიურ სიმპტომად, მათ კვლევიდან გამორიცხეს ის 60 პაციენტი, რომელთაც ბოლო 15 დღის განმავლობაში რაიმე წამლის მიღება დაიწყეს (დერმატოლოგიური რეაქციები წამლების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტებია).

    დარჩენილი 88 პაციენტიდან დერმატოლოგიური გამოვლინებები 20.5%-თან (18 პაციენტი) დაფიქსირდა. 

    იტალიელი დერმატოლოგების დაკვირვების თანახმად:

    • 18-იდან 8 პაციენტს (44%) დერმატოლოგიური ნიშნები დაავადების დასაწყისში, COVID-19-ის სხვა სიმპტომებთან ერთად გამოუვლინდა, დანარჩენს – ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
    • 18 პაციენტიდან 14-ს (78%) აღენიშნებოდა წითელი შეფერილობის (ერითემატოზული) გამონაყარი; 3-ს ჰქონდა ფართოდ გავრცელებული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და 1-ს ჩუტყვავილას მსგავსი ვეზიკულები (ბუშტუკები).
    • გამონაყარი ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ტანზე, გულ-მკერდის მიდამოში.
    • ქავილი იყო მსუბუქი ან საერთოდ არ აღინიშნებოდა; დაზიანების კერები რამდენიმე დღეში ალაგდა.
    • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანის გამოვლინებები არ იყო კავშირში დაავადების სიმძიმესთან.
    • გამონაყარი ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ტანზე, გულ-მკერდის მიდამოში.
    • ქავილი იყო მსუბუქი ან საერთოდ არ აღინიშნებოდა; დაზიანების კერები რამდენიმე დღეში ალაგდა.
    • რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანის გამოვლინებები არ იყო კავშირში დაავადების სიმძიმესთან.

    კვლევის ავტორის თქმით, COVID-19-ის დერმატოლოგიური გამოვლინებები  დამახასიათებელია სხვა გავრცელებული ვირუსული ინფექციებისთვისაც.

    ტაილანდში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის თანმხლებმა დერმატოლოგიურმა ნიშნებმა, შესაძლოა, ინფექციის დიაგნოსტიკა შეაფერხოს. კვლევაში აღწერილია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის შემთხვევა, რომლის კლინიკური გამოვლინებები დენგეს ცხელების მსგავსი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა პეტექიური გამონაყარი (მცირე ზომის წერტილოვანი სისხლჩაქცევები) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში), რაც დენგეს ცხელებისთვისაა დამახასიათებელი. COVID-19-ის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც პაციენტმა სასუნთქი სისტემისმხრივი ჩივილების გამო მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას და მას RT-PCR კვლევა ჩაუტარდა. კვლევის ავტორის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ COVID-19 დასაწყისში კანზე გამონაყრით გამოვლინდეს. ამან, შესაძლოა, სწორი დიაგნოზის დასმა გაართულოს. გარდა ამისა, დაავადების საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს არ აღენიშნება ცხელება. ამიტომ, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, შესაძლოა, პაციენტს მხოლოდ გამონაყარი ჰქონდეს და ეს სწორედ Covid-19-ით იყოს გამოწვეული.

    მსგავსი შედეგები გვხვდება აშშ-ში ჩატარებულ კვლევებშიც. მაგალითისთვის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატოლოგი რენდი ჯეიკობსი აღწერს 67 წლის პაციენტის შემთხვევას, რომელსაც გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ, ცხვირის ღრუს დახშობა, სველი ხველა და დაბალი ცხელება აღენიშნებოდა. ერთი კვირის შემდეგ პაციენტს მარჯვენა ფეხზე გამოუვლინდა ბადისებრი ლივედო (livedo reticularis), ჰემატურია (სისხლიანი შარდვა) და ზოგადი სისუტე. ჩამოთვლილი ნიშნები ალაგდა 24 საათში (რის გამოც ბიოფსია ვერ მოესწრო), თუმცა, COVID-19-ზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

    რენდი ჯეიკობსის აზრით, COVID-19-თან ასოცირებული დერმატოლოგიური ნიშნები, რომელიც შესაძლოა ამ დაავადეებისთვის დამახასიათებელი იყოს წვრილი სისხლძარღვების ოკლუზიით (დახშობითაა) განპირობებული, რაც, შესაძლოა, სისხლჩაქცევებით, დალურჯებებითა და ბადისებრი ლივედოთი გამოვლინდეს. ამ ეტაპზე უცნობია, სისხლძარღვების დახშობა  ნეიროგენულია, მიკროთრომბული თუ იმუნური კომპლექსების ჩალაგებით გამოწვეული. ყველაზე დამაჯერებელი თეორია ისაა, რომ ამის მიზეზი დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომია, რომელიც კრიტიკულ პაციენტებში არც ისე მოულოდნელი ფენომენია. ის ხასიათდება მიკროთრომბების ფორმირებით, რომლებმაც შესაძლოა მცირე ზომის სისხლძარღვები დაახშოს და ბადისებრი ლივედო, აკროციანოზი (კიდურების, განსაკუთრებით, მტევნებისა და ტერფების სილურჯე) და ჰემატურია გამოიწვიოს.

    ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – რამდენად არის დაკავშირებული სხვადასხვა სახის გამონაყარი დაავადების სიმძმიმესთან და მის მიმდინარეობასთან. დერმატოლოგები დიდი ძალისხმევით ცდილობენ ამის გარკვევას. თუმცა, კერძო შემთხვევების შესწავლა გვეხმარება კანის სხვადასხვა დაზიანებების გამოვლენისას COVID-19-ზე ეჭვის მიტანაში.

    წყარო: covid19info.ge

     

  • “მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის“– ზურაბ გურული

    “მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის“– ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ახალი კორონავირუსის სამედიცინო სფეროზე და მთელ მსოფლიოზე კოვიდ 19–ის გავლენაზე წერს:

    “ოცი წელია საოპერაციოს ინტენსიურ ცხოვრებას მივყვები და არ მახსენდება ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პაუზა აეღო ქირურგიულ გართულებებს. დადუმდა ღამის საოპერაციო განრიგი. თითქოს მიიძინა ყველა სხვა ტკივილმა და დარჩა მხოლოდ ერთი შიში. ინტერნეტ სივრცით გაერთიანებულმა მსოფლიო გონმა ერთნაირად გადაანაწილა ეს ახალი შიში და ყველას გონებაში ახალი, მძლავრი ცენტრი წარმოიქმნა, რომელმაც გადაფარა ყველა სხვა ნეგატიური ტალღა.

    სწორედ ეს არის ერთი ლოგიკური ახსნა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მკვეთრად იკლო არაკოვიდ კლინიკურმა მიმართვებმა. ტვინი მართავს ყველა დაავადების მიმდინარეობას და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა პრობლემის სათავეცა და დასასრულიც ჩვენივე გონებაშია. მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის; თან უმსუბუქესად მიდის, თან უმძიმესად; თან ადვილი სამართავია, თან უსაშველოდ ძნელი; თან თითქოს ლოგიკურია, თანაც საოცრად ალოგიკური. კომპიუტერული ვირუსიცაა კორონა; მსოფლიოს გაერთიანებული ვირტუალური გონების ვირუსი. თანამედროვე მსოფლიოს განვითარების არაერთ საოცარ ალოგიკურობაზე გააკეთა აქცენტები კოვიდმა.

    პლანეტის წამყვან ქვეყნებში, რომელთა კლინიკებში ურთულესი ქირურგიული ოპერაციები კეთდებოდა, დღეს იაფფასიანი ნიღბების რესტერილიზაციის გზებზე ფიქრობენ და ეძებენ. გაყოყოჩებული მსოფლიო უცებ უმწეო ბავშვივით დაეცა ზურგზე და დაიბნა, წამოდგომა უჭირს; ვერც კი ხვდება რა სჭირს. მსოფლიოს ცნობიერი გაითიშა და წინა პლანზე პრიმიტიული ქვეცნობიერი გამოვიდა, ყველა აშვებული დემონის, ზიზღის, სიძულვილისა და სისასტიკის აფეთქებებით. მიზანი მხოლოდ ერთია, ცხოველური შიშის გადაფარვა. ამ შიშმა ხომ ყველა სხვა შიშის დათრგუნვაც მოახერხა უკვე რამდენიმე თვეა.

    მსოფლიო გონი ეძებს გზებს ბალანსის აღსადგენად. სწრაფად უნდა დაიბრუნოს ცნობიერმა თავისი შემაკავებელი გავლენა, თორემ პრიმიტივიზმისაკენ მიექანება პლანეტა ფიზიკურადაც და სულიერადაც.“– წერს ფეისბუქზე ზურაბ გურული.

  • კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა

    კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა

    კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში მინიმუმ 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC) ავრცელებს, რომელიც მედიის თანამშრომელთა უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.

    Covid19–ით დაღუპული ჟურნალისტების შესახებ ანგარიში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება.

    “ჟურნალისტების უსაფრთხოება ამ კრიზისის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის, რადგან მათ უნდა განაგრძონ ინფორმაციის გადაცემა შემთხვევის ადგილებიდან, გააკეთონ რეპორტაჟები საავადმყოფოებიდან, აიღონ ინტერვიუები ექიმებისგან, ექთნებისგან და პაციენტებისგან“– ნათქვამია კომუნიკეში.

    ორგანიზაციის სტატისტიკით ყველაზე მეტი ჟურნალისტი პანდემიის დროს ეკვადორში გარდაიცვალა. ამ ქვეყანაში კორონავირუსს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. აშშ–ში რვა ჟურნალისტის გარდაცვალება დაფიქსირდა, ბრაზილიაში ოთხი, დიდ ბრიტანეთში სამი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამდენივე გარდაიცვალა ესპანეთში. რუსეთში კი კორონავირუსით ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.

     

  • გამოვლინდა ანომალური პათოლოგია,რომელიც კორონავირუსის დროს ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი

    გამოვლინდა ანომალური პათოლოგია,რომელიც კორონავირუსის დროს ხშირად ხდება სიკვდილის მიზეზი

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი სისხლის ანომალური შედედების გამო იღუპება. შესაბამისი კვლევის შედეგები პორტალ Eurekalert–ზე გამოქვეყნდა.

    ირლანდიის სისხლძარღვების ბიოლოგიის ცენტრის და ქირურგიის სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების მონაცემები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ანომალური დარღვევა ფილტვებში მიკროტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს.

    “პნევმონიასთან ერთად, რომელიც ფილტვებში ალვეოლურ ტომრებს აზიანებს, აღმოვაჩინეთ ასობით მცირე ტრომბი მთელ ფილტვში. ასეთი სიტუაცია ფილტვების ინფექციის სხვა ტიპების დროს არ შეინიშნება, რაც გარკვეულწილად ახსნას უძებნის COvid19-იან პაციენტებში სისხლში ჟანგბადის დონის ვარდნას“– ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი პროფესორი ჯეიმს ო დონელი.

    სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სისხლის ანომალური შედედება კორონავირუსის მძიმე ფორმების დროს მნიშვნელოვნად ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს.

    მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ პაციენტები სისხლის შედედების უფრო მაღალი დონით კორონავირუსის ბევრად მძიმე ფორმით ავადდებიან და დიდი ალბათობით ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ.

  • “ნეტავ ადრე მივმხვდარიყავით“–რა ისწავლეს ამერიკელმა ექიმებმა Covid19-თან ბრძოლისას

    “ნეტავ ადრე მივმხვდარიყავით“–რა ისწავლეს ამერიკელმა ექიმებმა Covid19-თან ბრძოლისას

    იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გლობალური შემთხვევების თითქმის ერთი მესამედი შეერთებულ შტატებში აღირიცხა, ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ მათ კორონავირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ ბევრი გაკვეთილი მიიღეს.

    მათ შორის, მაგალითად ის, თუ როგორ დაეხმარონ იმ პაციენტებს უკეთ, რომლებსაც ჟანგბადის ნაკლებობა აქვთ.

    “ადრეულ ეტაპზე ვნახეთ, რომ როგორც კი ვინმე ცხვირის მილიდან 6 ლიტრი ჟანგბადის მიღებას იწყებდა, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და მაშინვე ინტუბაციაზე გადავდიოდით. ახლა ვხვდებით, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის, სავარაუდოდ რაიმე შუალედური პროცედურა, მაგალითად ჟანგბადის დიდი ნაკადი, ან ორ-დონიან, დადებითი წნევის სასუნთქ აპარატზე (BiPAP) მიერთება კარგად იმუშავებდა. კიდევ ის ვისწავლეთ, რომ შეიძლება ადამიანები მუცელზე დააწვინო“, – ამბობს ექიმი ჯოლიონ მაკგრივი.

    მუცელზე დაწვენის მეთოდი წარმატებულია, ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თერაპევტი და კარდიოლოგი ჯენიფერ ჰაითი.

    “არსებობს თეორია, რომ ფილტვები ღრუბელივითაა და თუ ზურგზე ძალიან დიდხანს წევხართ, მიზიდულობის ძალა ყველა გამონადენს და სითხეს, ასე ვთქვათ გამოდევნის და ფილტვის იმ ნაწილს გააბრტყელებს. ადამიანის გადაბრუნებით, ტორსის წინა მხარეს სივრცეს ათავისუფლებთ, რაც ფილტვს გახსნის, გაფართოების საშუალებას აძლევს და ჟანგბადს უკეთ მიაწვდით. და ეს მუშაობს“, – ამბობს ის.

    მისი თქმით, საავადმყოფოები საკვანძო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან, რაც იტალიის, ესპანეთის და სხვა ცხელი წერტილების შემთხვევაშიც ვიხილეთ.

    “ნეტავ, ადამიანების საკეთილდღეოდ – უფრო ადრე მივმხვდარიყავით, რომ ეს მოხდებოდა და ავადმყოფების მისაღებად საავადმყოფოებში ყველაფერი გვქონოდა, შეგვძლებოდა ადამიანების დიდი მასის ერთდროულად მოწყდომის თავიდან აცილება და გვქონოდა მეტი პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რათა ადამიანები მის გარეშე არ დარჩენილიყვნენ“, – ამბობს ჯენიფერ ჰაითი.

    თერაპევტი ანჯუ გოელი ფიქრობს, რომ რომ ყველაზე მოულოდნელი, ხანდაზმულ ადამიანებზე ვირუსის ზემოქმედების ბუნება იყო.

    “ რაც არ ვიცოდით იყო ის, რომ ავადმყოფობა ხანდაზმულ ადამიანებში უფრო მძიმე იქნებოდა. ეს რომ გვცოდნოდა, ამ ჯგუფის დასნებოვნებისგან დასაცავად უფრო მეტად შემზღუდველ ზომებს დავაწესებდით და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ძალიან ადრეულ მკურნალობას ჩავუტარებდით“, – თქვა მან.

    ადამიანების უმრავლესობაში, დაავადება მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა სიცხე და ხველა.

    ზოგიერთი, განსაკუთრებით ასაკოვანი და ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემების მქონე ადამიანისთვის, ამ დაავადებას უფრო მძიმე ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა პნევმონია და ის სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

    კორონავირუსის შესახებ ამ დრომდე მსოფლიოსთვის ბევრი რამ უცნობია და კვლევის საგნად რჩება, თუმცა დროსთან ერთად, ექიმები ამბობენ, რომ მათი ცოდნა ვირუსის ბუნების შესახებ, იზრდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პირველი გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში

    პირველი გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში

    ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს – განაცხადა დღეს ექიმმა ენტონი ფაუჩიმ. ის შეერთებულ შტატებში ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

    თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა. “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს” – ამბობს ექიმი ფაუჩი.

    კვლევაში, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განცხადება გაკეთდა, 21 თებერვლიდან მოყოლებული, ასობით ახალი კორონავირუსის გართულებით ჰოსპიტალიზებული პაციენტი მონაწილეობდა. რანდომიზებულ (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებულ) კვლევაში, ის პაციენტები, რომელთაც “რემდესივირით” უმკურნალეს, 11 დღით უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც პლაცებო მისცეს.

    კომპანია “გილეადის” მიერ წარმოებული “რემდესივირი” პაციენტებში ვენიდან შეჰყავთ. პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა მსგავსი კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებების მკურნალობის საქმეშიც.

    წყარო: ამერიკის ხმა

     

  • “რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს. ამის ალბათობაც არსებობს“–ზურაბ გურული

    “რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს. ამის ალბათობაც არსებობს“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში წერს:

    “კოვიდ 19 იმდენად რთული კლინიკური მიმდინარეობის ვირუსი გამოდგა, რომ საეჭვოა რაიმე ეფექტური წამალი გამოჩნდეს ახლო მომავალში, თუ საერთოდ. ვაქცინის დამზადება ისეთი დამკვრელური ტემპებით მიდის, რამდენად უსაფრთხო იქნება, ეგეც ძნელი სათქმელია. დროთა განმავლობაში ცხადია დაიხვეწება, მაგრამ ლოგიკურად მასაც იგივე ეფექტურობის კოეფიციენტი ექნება, როგორიც გრიპის ვაქცინას, რაც დაახლოებით 40 %-ია.

    არადა, თუ რაიმე მკვეთრი დასაყრდენი იარაღი არ გამოჩნდა, დაშინებული მსოფლიო საოცარ ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება. წამლისა და ვაქცინის შექმნის პროცესიც და ეპიდემიოლოგიური პრევენციების გატარებაც მთავრობების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არ არსებობს მთავრობა, რომელიც სრულყოფილად მოახერხებს გაურკვეველი ვადით ლოდინის პერიოდში ხალხის ნორმალური არსებობის უზრუნველყოფას. ამიტომ საბოლოოდ ეს ხალხი დიდი ალბათობით გამოვა სამთავრობო კონტროლიდან და ვირუსის საფრთხეს ფეხებზე დაიკიდებს. ყველაზე დიდი ხნით კონტროლი პოლიციურ და ავტორიტარულ ქვეყნებში შენარჩუნდება; დემოკრატიულ ქვეყნებში კი პროცესი სხვადასხვა სახის იქნება. მაღალი სამოქალაქო შეგნების, ტრადიციულად დისციპლინირებულ სოციუმებში მთავრობა და საზოგადოება სრულ ჰარმონიაში იქნება და ერთმანეთის დამუნათებას არ დაიწყებენ; ჭრელ, არაერთგვაროვან საზოგადოებაში კი წავა საშიში პოლიტიკური თამაშები.

    რაც შეეხება კოვიდთან თანაცხოვრებას, ეს სისულელეა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ოპერაციების კეთებას ისევ ვაგრძელებთ და არსებული პროტოკოლების მიხედვით ყველა პაციენტს პოტენციურად დავირუსებულად მივიჩნევთ. შესაბამისად მძიმე აღჭურვილობით, სკაფანდრებითა და ნიღბებით გვიწევს მუშაობა საოპერაციოებში, რაც უსაშველოდ არაკომფორტული და დამღლელია. ამასთან შეგუება უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანებს სუნთქვა უჭირთ დღის ბოლოს, იმხელა ძალისხმევას ანდომებენ ნიღაბით მუშაობას.
    მიკვირს რატომ არ მუშაობენ ინტენსიურად იმის გასარკვევად, თუ რა ეთნიკურ ჯგუფებში ჩაიარა ვირუსმა შედარებით მსუბუქად. ამის გარკვევას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.
    და ბოლოს რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს; ამის ალბათობაც არსებობს…“–წერს ზურაბ გურული.