Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას?

    რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას?

    შესაძლებელია, თქვენ ფიქრობთ: „დღევანდელ სადილს არაჟანი კიდევ უფრო მოუხდებოდა! ან იქნებ, ცხარე სოუსი?“, მაგრამ თქვენ ორივე მათგანის ყიდვა დაგვიწყებიათ. გვერწმუნეთ, არ ღირს მაღაზიაში უკან შებრუნება მხოლოდ ამ ორი პროდუქტისთვის. ეცადეთ, საყიდლებზე კვირაში მხოლოდ ერთხელ იაროთ.

    მაქსიმალურად შეამცირეთ მაღაზიაში ყოფნის დროც. ამაში პროდუქტების სიის წინასწარ ჩამოწერა დაგეხმარებათ. პროდუქტების ყიდვის პროცესში აუცილებლად დაიცავით სხვა ადამიანებისგან დაახლოებით 2 მეტრიანი დისტანცია. თუ შესაძლებელია, გამოყენებამდე გაწმინდეთ ურიკის სახელურები ხელსახოცით ან  სადეზინფექციო  ხსნარით. მაღაზიაში ყოფნისას არ შეეხოთ სახეს.

    გამოსვლისას, თუ საშუალება გექნებათ, დაიბანეთ ან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ ხელები. სახლში დაბრუნებისთანავე დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამზარეულოს ყველა ის ზედაპირი, რომელსაც ამოლაგებისას პროდუქტი შეეხო. არ დაგავიწყდეთ მობილური ტელეფონის ეკრანის გაწმენდაც, თუკი ის მაღაზიაში ყოფნისას გამოიყენეთ.

    ხანდაზმულ და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ვურჩევთ, გამოიყენონ სახლში მიტანის სერვისი. შეძენილი პროდუქტები, სასურველია, კურიერმა კართან დატოვოს, თქვენ კი, თანხა ონლაინ, ბარათით გადაიხადოთ. თუ ამის საშუალება არ არის, დახმარება თქვენს ახალგაზრდა ახლობლებს, მეზობლებს თხოვეთ.   ჭამის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

    პროდუქტების შეძენისას აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

    1) გაწმინდეთ ურიკის სახელურები ანტისეპტიკური ხელსაწმენდით.

    2) წინასწარ მოიფიქრეთ, რისი ყიდვა გსურთ და შეადგინეთ ერთი ან ორი კვირის სამყოფი პროდუქტების სია.

    3) პროდუქტებს მოაცილეთ ყველანაირი შეფუთვა. რომელსაც ვერ აშორებთ, ჩაუტარეთ დეზინფექცია ანტისეპტიკური ხსნარით.

    4) გამდინარე წყალში, ხელთათმანით გარეცხეთ ზეთის, იოგურტის, რძის ბოთლები; არაჟნის, მაწვნის ქილები და ა.შ. ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ სათითაოდ, გამდინარე წყლით.

    5) ჩაუტარეთ დეზინფექცია სამზარეულოს იმ ზედაპირებს, რომლებზეც პროდუქტები ეწყო.

    6) გაწმინდეთ ტელეფონის ეკრანი.

     

    წყარო : Covid19info.ge

  • საერთაშორისო ხნის კომიტეტი კონფლიქტის ზონებში კორონავირუსით მილიონობით ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობს

    საერთაშორისო ხნის კომიტეტი კონფლიქტის ზონებში კორონავირუსით მილიონობით ადამიანის გარდაცვალებას ვარაუდობს

    საერთაშორისო ხსნის კომიტეტის განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახლა კონფლიქტი, ან ომია, კორონავირუსით დაინფიცირების მილიარდზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 3.2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება. მონაცემები მოიცავს ავღანეთს, სირიას, იემენსა და 31 სხვა ქვეყანას.

    კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო სცენარის მიხედვით, დაინფიცირების შემთხვევები 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე იქნება, ხოლო ვირუსისგან დაახლოებით 3,2 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვლება ომით დაზარალებულ, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტი ახლაც მიმდინარეობს.

    “ამ ციფრებმა უნდა გამოგვაფხიზლოს”. თქვა საერთაშორისო ხსნის კომიტეტის პრეზიდენტმა დევიდ მილიაბანდმა. “ამ პანდემიის სრული, დამანგრეველი და არაპროპორციული წონა ჯერ კიდევ წინაა მსოფლიოს ყველაზე მყიფე და ომის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში”, დაამატა მან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კორონავირუსი ნერვულ სისტემასაც აზიანებს. რა ცოდნა დაგროვდა ამ დროისთვის  ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ

    კორონავირუსი ნერვულ სისტემასაც აზიანებს. რა ცოდნა დაგროვდა ამ დროისთვის  ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ

    Covid19–ით გამოწვეული გართულებები მხოლოდ სასუნთქი გზების ინფექციით არ შემოიფარგლება.

    როგორც პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს ვირუსი ნერვულ სისტემას უზიანებს.

    მისი ზემოქმედების მექანიზმი ნერვულ უჯრედებზე ჯერჯერობით შესწავლილი არ არის, თუმცა მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რაღაც კავშირი არსებობს: ყნოსვის და გემოს დროებითი დაკარგვა კოვიდ19–ის სპეციფიურ სიმპტომებად ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში აღიარეს.

    გარდა ამისა, ცხვირხახიდან ვირუსს შეუძლია პირდაპირ თავის ტვინში შეაღწიოს, ამას კი თავის მხრივ მთელი რიგი გართულებების პროვოცირება და პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს ნორმალური მუშაობის დარღვევა შეუძლია.

    შესაძლო თანმდევი დაავადებების სია გრძელია: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიდან დაწყებული სისხლძარღვების შევიწროებით და გულის უკმარისობით თუ ენცეფალიტით დამთავრებული.

     

    ეპიდემიის დაწყებიდან ოთხი თვის თავზე მეცნიერებისთვის კვლავ ცოტაა ცნობილი სარს კოვ2–ის ვირუსზე და ადამიანის ორგანიზმზე მის ზემოქმედებაზე.

    ინფექციის ზოგადი სურათი ნაწილ–ნაწილ გრვოდება, ასობით სტატიიდან და სამცენიერო ჟურნალებიდან, სადაც ექიმები მთელი მსოფლიოდან კორონავირუსიანი პაციენტების მკურნალობის გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

    შედეგად, სულ უფრო ფართოვდება კოვიდ19–ის შესაძლო სიმპტომების სია და ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, რომელი ორგანოები შეუძლია კიდევ დააზარალოს ვირუსს და რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას პნევმონიის გარდა.

    ყველაზე ხშირად ექიმები ნერვული სისტემის დარღვევებს აღწერენ. ორმა კვლევამ, რომელთაგან ერთი საფრანგეთში, მეორე კი ჩინეთში ჩატარდა დაასკვნა, რომ ნევროლოგიური სიმპტომები ამა თუ იმ ფორმით დაინფიცირებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება.

    თუმცა, მთლიანობაში ახალი ინფექცია განსხვავდება მრავალმხრივი და უფრო ინდივიდუალური მიდგომით.

    ახალი კორონავირუსის შესაძლო გართულებათა სიაში, რომლებსაც მედიკოსები პრაქტიკაში შეეჯახნენ, არის კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები, გულის პრობლემები და სისხლის შედედების დარღვევა.

    ნერვულ სისტემასაც ვირუსი სრულიად სხვადასხვაგვარად აზიანებს – საქმე მხოლოდ შერძნებების დროებით დაჩლუნგებას არ ეხება.

    კორონავირუსის გვერდით მოვლენებს შორის აღწერილია ენცეფალიტის, ანუ ტვინის ანთების რამდენიმე შემთხვევა, ასევე გიიენ ბარეს სინდრომი, როცა პაციენტის იმუნური სისტემა საკუთარ ნერვულ უჯრედებს უტევს, რაც კუნთების სისუსტეს, მძიმე შემთხვევებში კი პარალიჩს იწვევს.

    ამერიკელი მედიკოსები შეშფოთებულნი არიან ცნობებით იმის შესახებ, რომ მხოლოდ ნიუ იორკში ორ კვირაში კორნავირუსიან პაციენტებში მწვავე ინსულტის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თანაც შედარებით ახალგაზრდებში, რომელთა ასაკი 50 წლამდე იყო. მათ კოვიდ19–ის სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ ქონიათ.

     

    წინასწარი მონაცემებით კორონავირუსმა ანთების გვერდითი ეფექტის სახით ამ პაციენტების მსხვილ სისხლძარღვებში ტრომბების გაჩენის პროვოცირება გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვია.

    თუმცა, ძირითადი ნევროლოგიური პრობლემები მაინც მძიმე პაციენტებში შეიმჩნევა. ასეთ შემთხვევებში ეს სიმპტომები ხანდახან პაციენტის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.

    რატომ არის გართულებები ასეთი მრავალფეროვანი?

    ნერვული სისტემის მუშაობის დაზიანება ვირუსს როგორც არაპირდაპირ, ანუ იმუნური სისტემის მეტისმეტად გააქტიურებით შეუძლია, რომელსაც ციტოკინურ შტორმს ეძახიან, ასევე პირდაპირ. ეს დასკვნა კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთის შედეგად გამოიტანეს.

    გარდაცვლილთა ცხედრებში ვირუსის ნაწილაკები თავის ტვინშიც აღმოჩნდა. არის ვერსია, რომ ინფექცია იქ სასუნთქი გზებიდან  ცხვირის ყნოსვის რეცეპტორებით ხვდება.

    ეს კორონავირუსის ერთგვარი უნიკალური თვისებაა. ტვინის ანალოგიური ინფექციის გამოწვევა მხოლოდ რამდენიმე სხვა ვირუსს შეუძლია, მათ შორის გრიპის და წითელას ვირუსებს, რაც ხანდახან, თუმცა ძალიან იშვიათად ასევე იწვევს ნევროლოგიურ დაავადებებს.

    თუმცა, კოვიდ19–ის შემთხვევაში საქმე ცოტა უფრო რთულად არის. ჯერ ერით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იშვიათი შემთხვევები რეალურ ციფრებში არც თუ ცოტაა. მეორე: თუ ვირუსი მაინც მოხვდა ტვინში, შემდგომი დაინფიცირება თითქმის გარდაუვალია: ტვინის უჯრედების ზედაპირზე იგივე მემბრანული რეცეპტორი ACE2 არსებობს, რომლის საშუალებით ვირუსი ადვილად აღწევს შიგნით და ანთებას იწვევს.

    იგივე რეცეპტორი აქვთ სისხლძარღვების შიდა ზედაპირზე არსებულ უჯრედებს, ამიტომაც რთულ შემთხვევებში ვირუსი სასუნთქი ორგანოებიდან ორგანიზმის მთლიან სისხლის მიმოქცევაში ერევა. შედეგად, ტრომბული გართულებები კორონავირუსის პნევმონიით დაავადებულ ყოველ მესამე პაციენტში აღინიშნება.

    სისხლთან ერთად კი ვირუსი ნებისმიერ ორგანოში შეიძლება მოხვდეს, მათ შორის ტვინში. თუმცა, ბოლო მონაცემებით დაინფიცირებულთა ნახევარს კორონავირუსი საერთოდ უსიმპტომოდ გადააქვს.

    იმის გასარკვევად, რატომ იწვევს ზოგ ადამიანში კორონავირუსი მძიმე შედეგებს, ზოგან კი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ბრიტანეთში რამდენიმე ათასი იდენტური ტყუპის  კვლევა ჩაატარეს.

    წინასწარი მონაცემებით ინფექციის სიმძიმე, მისი ბევრი სიმპტომი და შესაძლოა, თავად დაინფიცირების ალბათობა ძლიერ არის დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორებზე, ანუ მემკვიდრეობითობაზე.

  • როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი  გვაქვს

    როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი გვაქვს

    კარგი ამბებით დავიწყოთ: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესობას (81%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნება და ისინი გართულებების გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას.

    დღეისთვის არ არსებობს რომელიმე კონკრეტული წამალი, რომელიც კორონავირუსისგან განგკურნავთ. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, გაგიმარტივებთ კორონავირუსის გადატანას და სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ:

    • სიცხის დამწევი (პარაცეტამოლი) მიიღეთ მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ან/და ტკივილის შემთხვევაში
    • ხველის საწინააღმდეგო წამლები
    • სითხის დიდი რაოდენობით მიღება
    • დასვენება
    • ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი – დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს!

    თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის  ჯგუფს: ხართ > 60 წლის, ორსული, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი (მაგ. ჰიპერტენზია, დიაბეტი), გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ დაავადებულ პირთან ან იმოგზაურეთ საზღვარგარეთ , აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რათა განიხილოთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების საჭიროება.

    გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის ინფექციის ზუსტად დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტით, რადგან სიმპტომურად ის შეიძლება სხვა ტიპის ვირუსებს ჰგავდეს.
    დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რათა დავიცვათ სხვები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება:

    • იყავით თვითიზოლაციაში და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი პირად ექიმთან

     

    • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს (შეგიძლიათ გამოყოთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით და თუ შესაძლებელია ისარგებლოთ ცალკე სააბაზანოთი)

     

    • თუ დაინფიცირებული ვერ ახერხებს ნიღბის გამოყენებას, მაგალითად, იმ მიზეზით, რომ უჭირს სუნთქვა, აუცილებელია, დაავადებულის მომვლელმა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო ოჯახის სხვა წევრები მასთან კონტაქტს მოერიდონ

     

    • ხველისა და ცემინების დროს, ცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელი, ამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი

     

    • გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები სულ ცოტა 20 წამის  განმავლობაში

     

    • არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს

     

    • ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები

     

    ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს! თუ გრძნობთ, რომ მდგომაროება უარესდება, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ექიმს და შემდგომ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!

     

    წყარო : covid19info.ge

  • კორნავირუსი ხშირად თირკმლის უკმარისობასაც იწვევს. კლინიკებში ახლა უკვე დიალიზის აპარატები არ ყოფნით

    კორნავირუსი ხშირად თირკმლის უკმარისობასაც იწვევს. კლინიკებში ახლა უკვე დიალიზის აპარატები არ ყოფნით

    კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდანვე მთელი მსოფლიოს ექიმები ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების უკმარისობაზე ჩივიან, რადგან ვირუსი ძირითადად სასუნთქ გზებს აზიანებს, მძიმე შემთხვევებში კი ფილტვებში აღწევს და სუნთქვის უკმარისობას იწვევს.

    თუმცა, ბოლო დროს ამერიკელი და ჩინელი მედიკოსები აღნიშნავენ, რომ დაინფიცირებულთა შორის მკვეთარდ გაიზარდა თირმელების უკმარისობის მქონე პაციენტთა რიცხვი. შედეგად საავადმყოფოებში უკვე შეიმჩნევა ჰემოდიალიზის აპარატების მკვეთრი უკმარისობა, ასევე მედპერსონალის, რომელსაც ასეთ პაციენტებთან ურთიერთობა შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ  საჭირო პრეპარატებზე.

    ვინაიდან ახალი ვირუსი ჯერჯერობით ძალიან მცირედით არის შესწავლილი, დარწმუნებით ვერავინ ამბობს, აზიანებს ის თირკმელებს პირდაპირ თუ ეს მხოლოდ ინფექციის გვერდითი მოვლენაა.

    ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები და თანმდევი დაავადებები აქვთ, ახალი კორნავირუსი ბევრად მძიმე ფორმით გადააქვთ. ბევრ პაციენტს შესაძლოა უბრალოდ არ ცოდნოდა, რომ მათ წარსულში თირკმელების პრობლემა ქონდათ.

    თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქმე იმუნური სისტემის მეტისმეტ აქტივაციაშია: უცნობი ინფექციის აღმოჩენის შემდეგ ის არა მხოლოდ ვირუსზე, არამედ საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებზე შეტევასაც იწყებს, მათ შორის ისეთ მგრძნობიარე ორგანოზე, როგორიც არის თირკმელი.

    ერთ–ერთი ვერსიით ინფიცირებულებს ხშირად უჩნდებათ ტრომბები სისხლძარღვებში, ეს კი თავის მხრივ შეიძლება უარყოფითად აისახოს თირკმელზე, რომელიც უწვრილესი კაპილარების ქსელით არის დაფარული.

    ასევე ცნობილია, რომ თირკმელი მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვიძლთან და შარდის ბუშტთან. და ახლა ბევრი ექიმი შიშობს, რომ თუ Covid19-ით დაინფიცირებულს თირკმელების პრობლემები წარმოექმნებათ, არ არის გამორიცხული ახლო მომავალში მასთან დაკავშირებულ ორგანოებში გართულებების ტალღა წარმოიქმნას.

    ამჟამად ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიაა, თუმცა როგორც რამდენიმე წინა ეპიდემიის გამოცდილება გვიჩვენებს, ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები ინფექციის ყველაზე მოულოდნელი სცენარებით განვითარებისთვის უნდა ემზადონ.

    ბევრ საავადმყოფოში უკვე უწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომელი პაციენტი შეაერთონ ჰემოდიალიზის აპარატს და რა თანმიმდევრობით, რადგან ყველასთვის “ხელოვნური თირკმელი“ საკმარისი არ არის.

    სხვაგვარად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილება მიიღება მათ სასარგებლოდ, ვისაც გადარჩენის უფრო მაღალი შანსი აქვს. უფრო მძიმე ავადმყოფებს კი საჭირო დახმარების უქონლობის გამო გარდაცვალება ელით.

    სიტუაციას ართულებს ექთნების ნაკლებობა, რომლებსაც ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარება შეუძლიათ.

    ამერიკელი ექიმების ბოლო მონაცემებით თირკმელების მუშაობის სერიოზული დარღვევა რეანიმაციაში მოხვედრილი კორონავირუსიანი პაციენტების 20–40%–ს აღენიშნება. და ყველა მათგანს ჰემოდიალიზი ჭირდება – წერს ნიუ იორკ თაიმსი.

    ამან უკვე შექმნა ახალი პრობლემები, რადგან აქამდე ძირითადი აქცენტი სასუნთქ აპარატებზე იყო და არავინ ელოდა, რომ ჰემოდიალიზის პროცედურა ამდენ ადამიანს დაჭირდება.

    აშშ–ს  Mount Sinai–ს ჰოსპიტლების ქსელის  ექიმის, ბარბარა მერფის თქმით მხოლოდ ერთ კლინიკაში სამჯერ გაიზარდა იმ დაავადებულების რიცხვი, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ ჰემოდიალიზი.

    აშშ–ში “ხელოვნური თირკმელის“ აპარატებს და მისთვის საჭირო მასალებს მხოლოდ ორი მსხვილი კომპანია აწარმებს. ორივე აცხადებს, რომ მათ პროდუქციაზე მოთხოვნა ხუთჯერ გაიზარდა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ჩინეთში და ევროპის ქვეყნებში.

    ნიუ იორკის ზოგიერთ საავადმყოფოში ექიმები იძულებულნი არიან სისხლის გაწმენდის ნაკლებ ეფექტურ და უფრო სარისკო მეთოს – პერინეტონეალურ დიალიზს მიმართონ. მას როგორც წესი თირკმელების მუშაობის შედარებით მსუბუქი დარღვევისას მიმართავენ. ექიმები ამბობენ, რომ სულ არაფერს ეს ჯობს.

  • “თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი“–გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია

    “თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი“–გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია

    ლილე აბსანძე, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ფეისბუქ სტატუსს წერს,  დეტალურად აღწერს მის მდგომარეობას, ავადმყოფობის მიმდინარეობას და მათ, ვისაც კორონავირუსი შეიძლება დაემართოს საკუთარ დახმარებას სთავაზობს:

    “ის მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო.

    მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19.
    მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს.

    არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.

    მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.

    პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო “ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა”, ხშირად კითხულობ სიტყვას “დაუდევრობა” და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ.

    იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი.

    მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.

    ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის.

    თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს.

    P.S ” ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს” და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი.“– წერს გამოჯანმრთელებული პაციენტი.

  • კანადა ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) სერიოზულ გვერდით მოვლენებზე საუბრობს

    კანადა ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) სერიოზულ გვერდით მოვლენებზე საუბრობს

    კანადის ჯანდაცვის დეპარტამენი აცხადებს, რომ მალარიის სამკურანლოდ განკუთვნილი წამალი ჰიდროქსიქლოროქინი, რომელიც საქართველოში პლაქვენილის სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ძლიერი გვერდითი მოვლენების მიზეზი გახდეს. მათ შორის, შესაძლოა გამოიწვიოს გულთან დაკავშირებული სირთულეები. დეპარტამენტი იგივეს აცხადებს მალარიის კიდევ ერთ წამალზე, ქლოროქინზე.

    სწორედ ამიტომ, დეპარტამენტის რეკომენდაციია, წამალი კოვიდ-19-ის პრევენციისთვის ან მკურნალობისთვის არ გამოიყენონ. მკაცრი რეკომენდაციის მიხედვით, წამლის მისაღებაად ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი.

    იგივე წამლების კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ, გაფრთხილება აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ პარასკევს გამოსცა. განცხადებაში საუბარია მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ და ნათქვამია, რომ ადმინისტრაცია რისკების მონიტორინგს და გამოძიებას აგრძელებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მსოფლიო Covid19-ზე გლობალურ კონტრშეტევას იწყებს

    მსოფლიო Covid19-ზე გლობალურ კონტრშეტევას იწყებს

    ცალკეულ ქვეყნებში Covis19-თან ბრძოლა განსხვავებულად მიმდინარეობს– ზოგან წარმატებთ, ზოგან ნაკლებად. პანდემიის მსხვერპლთა რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 200 000–ს უახლოვდება. თუმცა უკვე მაისის დასაწყისში მთელი მსოფლიო ამ დაავადებასთან ერთობლივ ბრძოლას დაიწყებს.

    უმაღლეს დრონეზე გამართულ ვიდეოკონფენეციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი საერთაშორისო პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანი Covid19-ის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის საჭირო საშუალებების შემუშავების, წარმოების და ყველა ქვეყნისთვის მიწოდების დაჩქარებაა.

    პროექტი მონაწილეობენ მთავრობები, არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, მათ შორის ბილ და მელინდა გეითსების ფონდი, ასევე სხვადასხვა ქვეყნების კომერციული კომპანიები.

    ევროკომისიის თავმჯდომარემ,ურულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

    “ოთხ მაისს ჩვენ სტარტს მივცემთ მსოფლიო მსოფლიო მაშტაბით შემოწირულობების შეგროვებას და გამოვაცხადებთ ამ გლობალური კამპანიის მოსალოდნელი საკვანძო ეტაპების შესახებ. ჩვენი ამოცანაა მისი რესურსების მუდმივი და უწყვეტი შევსებისთვის7.5 მილიარდი ევრო შევაგროვოთ დაავადების აღკვეთის, დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის. “

    გლობალური კამპანიის მონაწილეები ხაზს უსვამენ, რომ ის მოწოდებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაეხმაროს და არა მხოლოდ  განვითარებულ ქვეყნებს.

    “საქმე არ ეხება ვაქცინას რომელიმე ერთი ქვეყნისთვის, ერთი რეგიონისთვის ან მსოფლიოს ნაწილისთვის. საუბარია იაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინებზე და წამლებზე, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მსოფლიოს ჭირდება  უსაფრთხო, იაფი და ეფექტური ვაქცინის, თერაპიის და პროფილაქტიკის საშუალებების შემუშავება, წარმოება და თანაბრად გავრცელება კოვიდ19–ის თერაპიისა და პროფილაქტკისთვის რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი“  – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

    რჩება კითხვა– შეძლებენ თუ არა ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყნები დიპლომატიურ უთანხმოებებს გადააბიჯონ საერთო მიზნისთვის – პანდემიის შესაჩერებლად.

    საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს:

    “ჩვენ მოვუწოდებთ დიდი შვიდეულის და დიდი ოცეულის ყველა ქვეყანას ამ ინიციატივას შეუერთდნენ. იმედი მაქვს ის შეძლებს ჩინეთის და ამერიკის შეერთებული შტატების შერიგებას, რადგან Covid19-თან ბრძოლაში საქმე ეხება საერთო საკაცობრიო სიკეთეს და ამ ომში გამარჯვების აუცილებლობის შესახებ არანაირი კამათი არ შეიძლება არსებობდეს.“

    ეკონომიკური გადარჩენისთვის ბრძოლა შესაძლოა არანაკლებ მაშტაბური აღმოჩნდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებენ სახელმწიფოებს სავაჭრო შეზღუდვები მოხსნან, რათა გლობალური ეკონომიკის უსწრაფეს გადატვირთვას შეუწყონ ხელი.

  • “სადეზინფექციო საშუალებით მკურნალობა არ შეიძლება! ვიხუმრე“ – ტრამპი

    “სადეზინფექციო საშუალებით მკურნალობა არ შეიძლება! ვიხუმრე“ – ტრამპი

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განმარტავს, რომ მისი გამონათქვამი სადეზინფექციო საშუალებების ორგანიზმში შეყვანის შესახებ კორონავირუსთან საბრძოლველად ხუმრობა იყო იმის გასარკვევად, მიიღებდა თუ არა მას სერიოზულად მედია. თუმცა ამ განცხადებამ უკვე გამოიწვია შეშფოთების ტალღა დეზინფექციისა და ჰიგიენური საშუალებებს მსხვილ მწარმოებლებში. ბევრმა მათგანმა თავის გვერდებზე განათავსა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი პროდუქცია მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენონ, არ შეისუნთქონ, არ შეიყვანონ ორგანიზმში ნემსით და არ გამოიყენონ საკვებში.

    მკვეთრი კრიტიკა გამოთქვა სამედიცინო საზოგადოებამაც. ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ვარაუდის გამოთქმა სადეზინფექციო საშუალებების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას.

    “ნებისმიერი ამ პროდუქტის ადამიანის ორგანიზმში შეყვანა ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ფორმით, ორალური, ინექციური თუ კანზე წასმის გზით ორგანიზმს უდიდეს ზიანს აყენებს“ – გაავრცელა გაფრთხილება დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოკსირის ბარბოტმა.

    გუშინ კორონავირუსისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ყოველდღიურ ბრფინგზე დონალდ ტრამპმა აშშ–ს სამედიცინო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა და თქვა:

    “მადეზინფიცირებელი საშუალება ვირუსს ერთ წუთში კლავს. არსებობს თუ არა გზა, რომლითაც შეგვიძლია რაღაც მსგავსი გავაკეთოთ ორგანიზმში ინექციის გზით, ან გასუფთავების გზით, თუ ის ფილტვებში მოხვდება? საინტერესო იქნებოდა ამის შემოწმება. ამისთვის ექიმებს უნდა მივმართოთ, თუმცა ძალიან მაინტერესებს.“

    ტრამპის განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც. მას არაერთი მემი მიუძღვნეს.

  • ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ქლოროქინით კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით

    ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ქლოროქინით კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით

    შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. გაფრთხილება ეხება ორ პრეპარატს “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”) და “ქლოროქინი”. ის ეხება როგორც საავადმყოფოებში მიმდინარე კლინიკურ კვლევებს, ასევე ამ პრეპარატების საავადმყოფოების გარეთ გამოყენებას.

    განცხადებაში ნათქვამია: “ცნობილია ამ მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ, რასაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოვუწოდებთ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ პაციენტებთან დაკავშირებით, ახლო დაკვირვების და მონიტორინგის საფუძველზე მიიღონ, რათა რისკების მინიმიზაცია მოხდეს. საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ რისკების მონიტორინგს და გამოძიებას”.

    გაფრთხილება მხოლოდ კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთდა და არ ეხება მალარიის, აუტოიმუნური დაავადებების და სხვა ტიპის მკურნალობას. განცხადების დეტალების დაწვრილებით გაცნობა შესაძლებელია აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

    ორი დღით ადრე გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელშიც შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანო – ვეტერანთა ადმინისტრაციაც – იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ ეს პრეპარატები არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას. ამასთან, ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს.

    კვლევაში მეცნიერები კოვიდ-19-ით დაავადებულ 368 მამაკაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის მხოლოდ “ჰიდროქსიქლოროქინს” აძლევდნენ, მეორე ნაწილს კი მას ანტიბიოტიკ “აზითრომიცინთან” კომბინაციაში ასმევდნენ. პირველ ჯგუფში პაციენტების 27% გარდაიცვალა, მეორეში – 22%. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც “ჰიდროქსიქლოროქინი” მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.

    კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს, ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება.

    იმის გამო, რომ კოვიდ-19-ის მკურნალობის უკვე დამტკიცებული პრეპარატი არ არსებობს, “ჰიდროქსიქლოროქინის” (პლაქვენილი) და “ქლოროქინის” გამოყენების ნებართვა შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 29 მარტს, სწრაფი წესით, ე.წ. საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გასცა. ეს მედიკამენტები ამერიკაში უკვე დამტკიცებულია მალარიის, ზოგიერთი აუტოიმუნური და რამდენიმე სხვა დაავადების სამკურნალოდ. თუმცა, კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ იყო.

    საგანგებო ავტორიზაცია ამერიკაში მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით გაიცემა. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში განსაკუთრებული საფრთხეები იქმნება. საფრთხეები აღინიშნება აბრევიატურით “სი-ბი-არ-ენი” (CBRN) და იშიფრება როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული. კოვიდ-19-ის გამო ამერიკის ჯანდაცვისთვის შექმნილი საგანგებო ვითარებაც ამ ტიპის საფრთხედ ჩაითვალა.

    საერთოდ, სამკურნალო პრეპარატების და დიაგნოსტიკური საშუალებების დამტკიცების ფორმალური პროცესი ამერიკაში ძალიან ხანგრძლივია. ის რამდენიმე ფორმალურ ეტაპს მოიცავს და რამდენიმე წელი ჭიანურდება. ამ პროცესს არეგულირებს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია, რომელიც წჯანდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი რგოლია. ის უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, სხვა ბიოლოგიური პროდუქტების, თუ აცრების უსაფრთხოებას და მათ ეფექტურობას.

    ამერიკის ბაზარზე მოხვედრამდე, ადამიანისთვის, თუ ვეტერინარული საჭიროებისთვის განსაზღვრულმა სამედიცინო და საკვებმა პროდუქტებმა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ შედგენილი პირობების მთელი წყება უნდა დააკმაყოფილოს. აქ შედის არამარტო საკვები პროდუქტები, სამკურნალო პრეპარატები, აცრები და აპარატურა, არამედ კოსმეტიკური საშუალებები და დიეტოლოგიური კვებითი დანამატებიც.

    წყარო: ამერიკის ხმა