Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლობას უარყოფს

    ჩინეთი კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლობას უარყოფს

    ჩინეთი ამერიკასა და ავსტრალიას კოვიდ-19-ით პოლიტიკურ მანიპულირებაში ადანაშაულებს.

    ავსტრალიის მთავრობა აქტიურად ითხოვს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წარმოშობისა და მასზე რეაგირების თაობაზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. შეერთბული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ჩინეთს ღიად აკრიტიკებს.

    ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის პეინმა კმაყოფილება გამოთქვა იმ რეზოლუციის თაობაზე, რომელიც სამშაბათს იქნა მიღებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიაზე რეაგირების სიღრმისეულ შეფასებას გულისხმობს. რეზოლუცია დანდაცვის მსოფლიო ასამბლეას ევროკავშირმა და ორგანიზაციის სხვა წევრებმა წარუდგინეს. პეინის თქმით, ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი გამარჯვებაა.

    ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა კი განაცხადა, რომ ჩინეთი გამოძიებას მიესალმება, თუკი ავსტრალია საერთასორისო საზოგადოების საერთო კონსენსუსს დაუბრუნდება. მისივე თქმით, პეკინი ყოველთვის მიესალმებოდა პანდემიის სიღრმისეულ შესწავლას თუკი ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ორგანიზებული და პროფესიულად და მიუკერძოებლად ჩატარდება.

    თუმცა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულაც არ არის მიუკერძოებელი. ის საერთაშორისო ორგანიზაციას ხშირად ჩინეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრ მიდგომაში და მეტიც, მისთვის “ხელის დაფარებაში” ადანაშაულებს.

    ტრამპი ორგანიზაციისთვის დაფინანსების სამუდამოდ შეწყვეტით იმუქრება. ამ დროისთვის დაფინანსება დროებითაა შეჩერებული.

    შეფასება-შემოწმების ჩატარებისთვის კონკრეტული თარიღები ჯერჯერობით არ დასახელებულა, მაგრამ ჩინეთი ამბობს, რომ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. თუმცა ბევრი ექსპერტი აზრით, ვაქცინის სწრაფად შემუშავების შემთხვევაშიც კი, ვირუსი შესაძლოა ახლო მომავალში არ გაქრეს.

    მსოფლიოში კოვიდ-19-ით 5 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, 323 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე“–ზურაბ გურული

    “პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე“–ზურაბ გურული

    ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო–ასე აფასებს კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ვითარებას აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული. მისი აზრით, მსოფლიო ნორმალური ცხოვრების დაბრუნებას ქაოტურად, იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე ცდილობს. ამის შესახებ გურული სოციალურ ქსელში წერს:

    “-მოგვატყუეს, უდიდესი ბლეფი – გაიგონებთ დღეს ხშირად კორონას შესახებ. და ცხადია ამის მთქმელი ყოველთვის არის მედიცინაში აბსოლუტური დილეტანტი. ეს განსაკუთრებით ხდება იმ ქვეყნებსა თუ მხარეებში, სადაც კორონა მიზეზთა გამო არ განვითარებულა თავისი მძიმე და უმძიმესი ფორმებით.

    არადა, პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ ურთულეს და უვერაგეს ვირუსთან აქვთ საქმე, რომელთან შედარებით კომპლექსური გრიპიც უბრალოდ თამაშია. ეს არის უაღრესად ჩახლართული მექანიზმის მქონე დაავადება, რომელიც რაღაც მანქანებით იწვევს სისხლძარღვთა კედლების უმძიმეს ანთებას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლის შედედების კასკადის სრულ მოშლას, თრომბების გაჩენას, სხვადასხვა ორგანოებში ქსოვილის ნეკროზს, მიკროინფარქტების, ანუ მკვდარი უბნების წარმოქმნას, იმუნური, დაცვითი სისტემის ისეთ უცნაურ მოშლას, რომ თავად საკუთარ სხეულს უტევს თავდაცვითი კასკადი; წარმოიდგინეთ, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოულოდნელად თავად იმავე ქვეყანას რომ დაუშინოს ყველა რაკეტა.

    დიახ, ეს არის კორონა, თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ცბიერი და რთული ვირუსი, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გადააწყოს საკუთარი თავდაცვის სისტემა წამლების წინააღმდეგ, არაერთელ “წაიკითხოს” შემთხვევით, ან წამლის გავლენით შეცდომით “დაბეჭდილი” საკუთარი ასლები და გამოასწოროს ეს ხარვეზები. ეს არის ობიექტური მიზეზი იმისა, რომ ამ ეტაპზე ამერიკის სამხედრო სისტემამ სამუდამოდ აუკრძალა იმ კორონაგადატანილ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახური, რომლებიც დაავადების მძიმე ფორმის გამო ჰოსპიტალიზირებულნი იყვნენ. არავინ იცის ამ ვირუსის ზეგავლენის შორეული შედეგები. და დიახ, პანიკა საჭირო არ არის, რადგან ასეთი გართულებები ჯერჯერობით უცნობი, მაგრამ არამაღალი სიხშირისაა, მაგრამ ეს არის უდავო ფაქტი.

    მსოფლიო უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას; ეს გარდაუვალია, მაგრამ როგორ ხდება ეს დღეს?

    სრულიად ქაოტურად, იმპულსურად, ყოველგვარი მეცნიერული მიდგომის გარეშე. არის ეს საზოგადოების ბრალი? არანაირად!

    ეს არის მათი ბრალი, ვინც სრულიად “ჩააგდო” პანდემიის მართვის პროცესი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში. მასის ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია, თუ შეუძლებელი არა.
    ტურისტებისათვის უნდა გაიხსნას სეზონი, მაგრამ, შესწავლა უნდა კონტინგენტს, ქვეყნებს, საიდანაც ეს ტურისტები შემოვლენ. ისევე როგორც ჩინეთის ამბები არ იცის ობიექტურად მსოფლიომ, ასევე რუსეთის. მაგალითად, როგორ განვითარდა ეს ვირუსი რუსეთში, რა სისასტიკით, როგორი იყო მძიმე და უმძიმეს პაციენტთა ხვედრითი წილი, რა პოტენცია არსებობს იმისა, რომ ტურისტები ვირუსის სახიფათო დოზებს თუ მუტანტ შტამებს შეიტანენ ამა თუ იმ ქვეყანაში, რა დაჯდება მათი შემოწმება სწრაფი ტესტებით… – ეს და არაერთი სხვა ლოჯისტიკური შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული და შემდგომი მოქმედებები ისევ იღბალზეა გათვლილი და არა მეცნიერულად გათვლილ რისკ/სარგებლიანობის შეფარდების კოეფიციენტზე.

    უაზრო შეზღუდვები, კიდევ უფრო უაზრო ახალი კანონები, საკუთარ რეკომენდაციებსა და წინასწარმეტყველებებში აბურდული ექსპერტები; აგრესიული, დილეტანტი პოლიტიკოსები… ისევ ხელის ცეცებით მიდის წინ მსოფლიო. გაბრაზებული, დაბნეული, მაგრამ გაჯიუტებული.

    – აი ამერიკაშიც ასე ხდება – იტყვის მავანი. კი ბატონო, ხდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ფატალური შეცდომების დაშვების ფუფუნება და არიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ. რა მოხდება? არავინ იცის. იმედია გაამართლებს ბრმა იღბალი …“– წერს ზურაბ გურული.

  • ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

    ევროკავშირის ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიებას მოითხოვენ

    დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეა იხსნება, რომელიც წელს ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება. რიგი ქვეყნები დღის წესრიგში კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებების გამოძიების საკითხის შეტანას მოითხოვენ.

    ასეთი წინადადებით გამოდიან ევროკავშირის ქვეყნები. ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია კი ამ ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავენ. ისინი მოითხოვენ პასუხებს: გაკეთდა თუ არა ყველაფერი, რათა მსოფლიოს Covid19-ის პანდემია აეცილებინა, რომელმაც 4.5 მილიონი ადამიანის დაინფიცირება და 300 ათასზე მეტი ადამიანის ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

    ასამბლეაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფლებამოსილების გაფართოების საკითხიც განიხილება. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ საკითხს, ორგანიზაციისთვის გადამდები დაავადებების აფეთქების კერებში შემოწმებისთვის საკუთარი ინსპექტორების გაგზავნის უფლების მინიჭების შესახებ.

    აპრილში ჯანმო აშშ–სა და ჩინეთს შორის ურთიერთბრალდებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ჩინეთს კორონავირუსის აფეთქების დამალვაში ეხმარებოდა. აშშ–მ ჯანმო–ს დაფინანსებაც კი შეუწყვიტა.

    ორგანიზაცია ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ არ აქვს უფლებამოსილება ქვეყნების მთავრობებს ინფორმაციის გამჟღავნება აიძულოს.

    ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი თვლის, რომ მას “პოლიტიკური ფეხბურთისთვის“ იყენებენ.

  • კორონავირუსიან პაციენტთა მესამედში საშიში ტრომბოზი ჩნდება– მედიკოსები

    კორონავირუსიან პაციენტთა მესამედში საშიში ტრომბოზი ჩნდება– მედიკოსები

    კორონავირუსით სერიოზულად დაავადებულ პაციენტთა 30%–ს მწვავე ტრომბოზის ნიშნები აქვთ. ასეთ საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები

    ტრომბები, რომლებიც სისხლში ჩნდება შესაძლოა ბევრი სიკვდილის მიზეზი იყოს. ისინი ფილტვების სეროიზული ანთების შედეგად ჩნდება, რაც ვირუსის არსებობაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

    ამასთან, პაციენტებს მთელ მსოფლიოში ბევრი გართულება აქვთ, რომელსაც ვირუსი იწვევს და რომლებიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს.

    მარტში, როცა კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოში აღმავლობის სტადიაზე იყო, ექიმებმა მთელ მსოფლიოში შენიშნეს ტრომბოზის აშკარად მოხშირებული შემთხვევები.

    სხვა უსიამოვნო აღმოჩენებს შორის იყო კორონავირუსით დაავადებულთა ფილტვებში ასობით მიკროტრომბის აღმოჩენა.

    ვირუსი ასევე იწვევს ღრმა ვენების ტრომბოზს, რომელიც როგორც წესი ფეხებს აზიანებს. როდესაც ტრომბი მოწყდება, ის ფილტვებისკენ მოძრაობს და სისხლძარღვებს ახშობს, რაც ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის.

    “ბოლო კვირებში ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდიოდა და აშკარა გახდა, რომ ტრომბოზი დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტებისთვის. ბოლო კვლევამ გვიჩვენა, რომ ასეთ დაავადებულთა თითქმის ნახევარს ფილტვის ემბოლია აქვს, ან ფილტვებში სისხლის კოლტები.“– ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული საავადმყოფოს პროფესორი რუპენ არია.

    ის ვარაუდობს, რომ კორონავირუსით სერიოზულად დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ტრომბები უყალიბდება ბევრად მაღალია, ვიდრე 30%,  რაზეც ევროპის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი.

    კორონავირუსით დაავადებულთა ფილტვების სკანირებამ ტრომბების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა აჩვენა

    მეცნიერთა ჯგუფი მისი მეთაურობით საავადმყოფოს პირობებში იკვლევს, როგორ ცვლის და ასქელებს კორონავირუსი პაციენტთა სისხლს. გასქელებული სისხლი კი ტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს.

    სისხლში ასეთი ცვლილებები ფილტვების ძლიერი ანთების შედეგად ხდება, რაც ვირუსზე ორგანიზმის რეაქციაა.

    “მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ჩვენ ვხედავთ სისხლში ქიმიური ნივთიერებების გამოტყორცნას, რომლებიც ტრომბების ჩამოყალიბების აქტივაციას აკეთებენ“– ამბობს პროფესორი არია.

    ეს კი, თავის მხრივ ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

    ტრომბოზების სპეციალისტის, პროფესორ ბევერლი ჰანტის თქმით, გასქელებული სისხლი საშიშია არა მხოლოდ იმით, რომ ტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს. ის ასევე გულის შეტევების და ინსულტების საფრთხეს ზრდის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდას იწვევს.

    ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ დღეისათვის სისხლის გათხევადებისთვის გამოყენებული საშუალებები ყოველთვის არ მუშაობს. მათი დოზების მნიშვნელოვნად მომატებამ კი შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, რაც მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

    პროფესორი არია ამბობს, რომ აუცილებელია წონასწორობის დაცვა ტრომბოზის მკურნალობასა და სისხლდენის პროვოცირებას შორის.

    საბედნიეროდ, მედიკოსები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ ვირუსით გამოწვეული ტრომბოზის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდების ძებნაში.

    უკვე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები მედიკამენტების ოპტიმალური დოზის მოსაძებნად, რომლებიც სისხლს ათხევადებენ და რომელსაც საყოველთაოდ გამოიყენებენ.

    ამის მიუხედავად, ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ პრობლემა სხვაგვარად შეიძლება გადაიჭრას: უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა, სწორედ ფილტვების მწვავე ანთება განეიტრალდეს, რაც ტრომბების წარმოქმნას იწვევს.

     

  • “როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა“–ზურაბ გურული

    “როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ კორონავირუსის სტატისტიკაში არსებითად მნიშვნელოვანი მონაცემი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა, რის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას არ აქვს. გურული არ ასახელებს ქვეყანას და კონკრეტულ გვარებს, თუმცა საკუთარ სტატუსში ძირითადად  საქართველოს და ქართველ ეპიდემიოლოგებს გულისხმობს:

    “- არავისი აღარ გვჯერა – აცხადებს აღშფოთებული საზოგადოება. აწი, გადავხედოთ წინა სამი თვის მოსაზრებებს, რომელი ექსპერტი რას ამბობდა და რამდენად შეესაბამებოდა მათი წინასწარმეტყველებები სიტუაციის რეალურ განვითარებას და ვინც ყველაფერს ააცდინა, იმათ ნუღარ დავუჯერებთ. ფრიად მარტივია.

    რაც შეეხება ახალი შემთხვევების დაფიქსირებას. ეს ახალი შემთხვევები სულ გაჩნდება აქა-იქ, სანამ ვირუსი თვითკონტროლის ვიწრო ჩარჩოებში არ მოექცევა; თანაც, მათი რაოდენობის ხელოვნური მანიპულირება მარტივადაა შესაძლებელი კონტროლირებადი ტესტირებით. ამიტომ, ის კი არ არის მთავარი, თუ რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება, არამედ ის, თუ რა რაოდენობით დაფიქსირდება მძიმე შემთხვევები. მხოლოდ მაგ სტატისტიკას აქვს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენს ვერც ვერავინ დაითვლის და რომც დაითვალოს, სისულელეა, გამოუყენებელი ინფორმაციაა სრულიად. შეგახსენებთ, ერთადერთი ამოცანა, რომელიც მკაცრ ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს უნდა გადაეჭრა, იყო ის, რომ ქვეყანათა ჯანდაცვის სისტემები ისე არ უნდა დატვირთულიყო, რომ მათ ინტენსიურ განყოფილებებს მოწოლილი ნაკადისათვის ვერ გაეძლო. შესაბამისად, ამ ამოცანის კონტროლი მხოლოდ ერთი სტატისტიკის მიხედვით უნდა მოხდეს და ეს სტატისტიკა ახალი მძიმე შემთხვევების რაოდენობაა. მეტი არაფერი!

    როდესაც მოქალაქეთა გადამწყვეტი უმრავლესობა არ ითხოვს ლოგიკას საკუთარი ექსპერტებისაგან, რჩება “მეექვსე გრძნობისა” და “გონიერი პოლიტიკოსების” ამარა. ასეთია რეალობა, ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისი შედეგებით.“– წერს ზურაბ გურული.

  • პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა კორონავირუსი

    პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელმაც ოფიციალურად დაამარცხა კორონავირუსი

    სლოვენია მზად არის კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ განაცხადოს. მაისის ბოლოსთვის ის პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადებს კორონავირუსის პანდემიის დასრულების შესახებ. ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყანაში სულ 35 ახალი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა მთლიანობაში 2 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1464 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაიცვალა 103. ქვეყნის პრემიერ მინისტრის, იანეზ იანშის განცხადებით სლოვენიაში ევროპაში საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა.

    თუმცა სლოვენიის ბალკანელი მეზობლები შესაძლოა ამ განცხადებას არ დაეთანხმონ: მაგალითად, ჩერნოგორიაში სულ 8  დაინფიცრებულია რეგისტრირებული, ბოლო კვირის მანძილზე კი არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

    Covid19-ის დამარცხება  სლოვენიისთვის არა მხოლოდ ნაციონალური სიამაყის, არამედ ეკონომიკის საკითხიცაა. მაისის ბოლოდან ხელისუფლებას აღარ დაჭირდება საგანგებო დახმარების გაცემა მეწარმეებისა და კერძო პირებისთვის.

    კარანტინის გაუქმების შემდეგ აღარ იმოქმედებს შეზღუდვები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან სლოვენიაში შესვლაზე.

  • რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

    რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად – ინფექციონისტის პასუხი

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხს სცემს იმ კითხვას, რომელსაც მსოფლიოს არაერთი მედიასაშუალება და ექსპერტი სვამს:

    რატომ არის რუსეთში კორონავირუსით სიკვდილობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა რაოდენობა ძალიან მაღალია?

    “რუსეთში COVID სიკვდილობის მაჩვენებელი არის 0.9%, მაშინ როდესაც აშშ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 6-10%-ს აღწევს.

    საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნები კოვიდთან დაკავშირებული სიკვდილობის სტატისტიკის რეგისტრაციის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 16 აპრილს გამოაქვეყნა კოვიდის სიკვდილობის აღრიცხვის მეთოდოლოგია, თუმცა ეს გარკვეულად დაგვიანებულია, რადგან ქვეყნები უკვე საკუთარი შეხედულებისამებრ ახდენენ რეგისტრაციას და ბევრ ქვეყანაში სიკვდილობის მაჩვენებელმა უკვე შემცირებაც დაიწყო.

    გამოცემა The Moscow Times აკეთებს საინტერესო ანალიზს რუსეთში კოვიდით სიკვდილობის დაბალი მაჩვენებლების მიზეზების შესახებ.

    რუსეთში გარდაცვლილთა დაახლოებით 70%-ის აუტოფსია („გაკვეთა“) ტარდება, მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საშუალოდ, მხოლოდ 10%-ის. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინის მიხედვით, კოვიდით გარდაცვლილად რეგისტრირდება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც აუტოფსიით დგინდება ამ დაავადების შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები (მაგალითად, ფილტვის დაზიანება), ხოლო ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში, თითქმის ყველა სიკვდილის შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, კვალიფიცირდება, როგორც კოვიდ ასოცირებული სიკვდილი.

    უფრო მეტიც, მაგალითად, ბელგია (რომელსაც, სხვათა შორის, მილიონ მოსახლეზე გადათვლით კოვიდ სიკვდილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში და რატომღაც უფრო მეტად იტალია, ესპანეთი და აშშ სახელდება სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლების ქვეყნებად), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში კოვიდზე საეჭვო გარდაცვლილებს, თუნდაც არ იყოს ლაბორატორიულად დადასტურებული, თვლის კოვიდის სიკვდილობის სტატისტიკაში. მაშინ როდესაც რუსეთში, თუნდაც შესაბამისი პათანატომიური ცვლილების დროს, თუ ლაბორატორიულად დადასტურებული არ იყო კორონავირუსი, შემთხვევა არ ჩაითვლება კოვიდ სიკვდილობის სტატისტიკაში.

    მაგალითად, ჩელიაბინსკში გადათვალეს სიკვდილობის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების მეთოდის შესაბამისად და გაიზარდა 233%-ით.

    თუ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება სტატისტიკური აღრიცხვის ამ მეთოდის შეცვლის შესახებ, მკვეთრად მოიმატებს კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეჩერდა. რატომ შევიდა სიტუაცია ჩიხში

    აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეჩერდა. რატომ შევიდა სიტუაცია ჩიხში

    აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეაჩერეს. ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ბოლო დრომდე ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ მედიკამენტად ითვლებოდა Covid19–ის სამკურნალოდ. ამის შესახებ ამერიკის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ნაციონალურმა ინსტიტუტმა(NIAID) განაცხადა, რომელიც ექსპერიმენტს ატარებდა.

    საინტირესოა, რომ ცდები მათი წარუმატებლობის გამო არ შეჩერებულა. შესაძლოა ითქვას, რომ პირიქით. ექსპერიმენტი ისე შეაჩერეს, რომ საბოლოო შედეგებს არ დალოდებიან, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის იმ პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ.

    ამის მიუხედავად, პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რემდესივირის ეფექტურობის შემოწმება  კორონავირუსთან ბრძოლაში ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს.

    ამოუხსნელი პარადოქსი

    ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები ორი კვირის წინ, ორთვიანი კვლევების შემდეგ შეჯამდა.

    შედეგები ორგანიზატორებს იმდენად იმედისმომცემად მოეჩვენათ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადებაც კი გავრცელა, რომელშიც ფრთხილი ოპტიმიზმი იყო გამოთქმული: პაციენტებისთვის რემდესივირის დანიშვნამ საავადმყოფოს პირობებში მისი საავადმყოფოდან გაწერის დრო თითქმის ერთნახევარჯერ შეამცირა(15–დან 11 დღემდე).

    “მონაცემები გვიჩვენებს, რომ რემდესივირი ცალსახად და არსებითად პოზიტიურ ეფექტს ახდენს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს“– განაცხადა მაშინ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ.

    რამდენიმე დღეში ამერიკის ხელისუფლებამ Covid19-ის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება დაჩქარებული წესით დაამტკიცა, ანუ სავალდებულო სერთიფიცირების გავლამდე.

    თუმცა მტკიცებულებითი მედიცინა პრეპარატის ეფექტურობის შემოწმების მხოლოდ ერთ გზას აღიარებს – ორმაგი ბრმა ტესტირების მეთოდს. ამისათვის ექსპერიმენტების მონაწილეებს შემთხვევითობის წესით ორ ჯგუფად ყოფენ. ერთი ჯგუფის პაციენტები ახალ პრეპარატს იღებენ, მეორე ჯგუფი კი მის იმიტაციას, ანუ პლაცებოს.

    გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის პირობებში მტკიცებულებითი მეცნიერების მკაცრი მოთხოვნები ხშირად კონფლიქტშია საექიმო ეთიკასთან.

    თუ გამოყენებულ პრეპარატს შეუძლია თუნდაც ოდნავ დაეხმაროს ინფექციასთან ბრძოლას, მძიმე პაციენტები, რომლებიც მის მაგივრად პლაცებოს იღებენ და თან ამის შესახებ არაფერი იციან, შესაძლოა უბრალოდ გარდაიცვალონ მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევით საკონტროლო ჯგუფში მოხვდნენ.

    თუმცა, თუ საცდელ პრეპარატს ყველა მძიმე ავადმყოფს მისცემენ გამონაკლისის გარეშე, მაშინ პრეპარატის შემოწმების და ექსპერიმენტის წესები ირღვევა, ანუ პრეპარატის ეფექტურობის დადგენა შეუძლებელი ხდება.

    სწორედ ასეთი პარადოქსის წყალობით მოხდა, რომ რემდესივირის კვლევის შუალედური შედეგების გამოცხადების შემდეგ ექსპერიმენტი შეწყდა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ წამალი შესაძლოა ეფექტური იყოს, მაშინვე დაიწყეს მისი მიცემა ყველა დაავადებულისთვის და საკონტროლო ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა, შესაბამისად კი კვლევამ აზრი დაკარგა.

    “რამდენი პაციენტის სიცოცხლით გარისკვისთვის ვართ მზად, რომ საჭირო მონაცემები მივიღოთ?“– სვამს რიტორიკულ კითხვას NIAID–ის კლინიკური დირექტორი, კლიფორდ ლეინი.

    “ალბათ შესაძლებელია ამ თემაზე დისკუსიები ვაწარმოოთ, ასეთ სიტუაციაში ყველა ცდილობს ეშმაკის ადვოკატის როლში გამოვიდეს, მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით“– ამბობს ის.

    უნდა ითქვას, რომ ფაუჩის ოპტიმიზმს ექსპერიმენტული თერაპიის შესახებ თავიდანვე ბევრი არ იზიარებდა. პრეპარატზე ცდების შუალედური შედეგებიც კი საკმაოდ წინააღმდეგობრივად გამოიყურება.

    მაგალითად, ჟურნალი ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ანტივირუსული პრეპარატის გამოცდისას პირველ რიგში აზრიანი იქნებოდა პაციენტების ვირუსულ დატვირთვაზე დაკვირვება. ანუ, იცვლება თუ არა სისხლში დაავადების აღმგზნების კონცენტრაცია. თუმცა, კვლევის ავტორებმა შუალედური შედეგების გამოცხადებისას რატომღაც ეს საკითხი საერთოდ არ ახსენეს.

    ჩინეთში მანამდე ჩატარებული ანალოგიური ექსპერიმენტის ავტორებმა კი გაარკვიეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა ვირუსულ დატვირთვაზე რემდესივირი არანაირ გავლენას არ ახდენს. გასაკვირი არ არის, რომ ეს კვლევა საპირისპირო დასკვნამდე მივიდა: ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში რემდესივრი უსარგებლოა.

    არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ბევრი ექსპერტი  იმედგაცრუებულია NIAID–ის გადაწყვეტილებით ექსპერიმენტის დროზე ადრე დასრულების შესახებ. მითუმეტეს, რომ ექსპერიმენტში ოთხჯერ მეტი პაციენტი მონაწილეობდა, ვიდრე ჩინურ კვლევაში.

    “გლობალური ლოქდაუნი იმისთვის არ შემოუღიათ, რომ ინფიცირებულებს საავადმყოფოში რამდენიმე დღით ნაკლები გაეტარებინათ, არამედ იმისათვის, რომ ნაკლები ადამიანი მომკვდარიყო. და სანამ არ გაგვირკვევია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი სიკვდილიანობის დონეზე, გაჩერება არ შეიძლებოდა“ – ამბობს ნიუ იორკის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, პიტერ ბახი.

  • „ჯერ არ გვაქვს წამალი რომელიც მოკლავს COVID19-ს“- ჯანმო

    „ჯერ არ გვაქვს წამალი რომელიც მოკლავს COVID19-ს“- ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტულად ერთი წამალი რომელიც კლავს ვირუსს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში არის რამდენიმე წამალი რომელიც ზღუდავს ვირუსს, ავადობის ხანგძლივობას და ვირუსით გამოწვეულ სიმძიმეებს ამსუბუქებს.

    „ჩვენ ვიღებთ პოზიციურ მონაცემებს მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დასტური იმისთვის რომ წამალი ან ვაქცინა 100% ეფექტურია,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

    ჰარისს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ვაქცინისა და წამლის შესახებ საუბრობდა. თუმცა, აქამდე ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია გილეადის მიერ შექმნილი პრეპარატი „რემდესივირი“ აჩვენებს დადებით ეფექტებს კოვიდ19-თან ბრძოლაში.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კორონავირუსები რთული ვირუსებია და მათ საწინააღმდეგოდ ვაქცინის წარმოება გაცილებით რთულია. ამ დროისთვის, მსოფლიოში 100-ზე მეტი ვაქცინის შესახებ მიმდინარეობს მუშაობა, მათი ნაწილი კლინიკურ კვლევებში გამოიყენება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ვაქცინას ჯერ კიდევ 12 თვე დასჭირდება.

    მარგარეტ ჰარისი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ეპიცენტრი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მანვე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იზრდება შემთხვევების რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კონტინენტს არ აქვს დიდი გამოცდილება ვირუსთან ბრძოლის რაც შეიძლება დამატებითი პრობლემა იყო.

    მსოფლიოში პანდემია უკვე რამდენიმე თვეა გამოცხადებულია და დაინფიცირებულია 4.19 მილიონზე მეტი ადამიანი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • დედის რძეში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რომლებიც ბავშვს იცავს

    დედის რძეში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რომლებიც ბავშვს იცავს

    მედიკოსები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში განაგრძობენ პრეპარატების შემუშავებას კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ანტისხეულები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უწევს წინააღმდეგობას შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირებული მეძუძური დედების რძეშიც იყოს.

    „მეძუძურმა დედებმა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა განაგრძონ დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში და გამოჯანმრთელების შემდეგაც. საქმე იმაშია, რომ როგორც სხვა ჯგუფის მეცნიერებმა დაადგინეს, ინფექცია დედის რძით არ გადადის. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ დავადგინეთ, რომ რძეში თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით ანტისხეულები არსებობს. და მათ შეუძლიათ ბავშვი ინფექციისგან დაიცვან.“– ამბობს სააგენტო როიტერთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ მაუნთ სინაის კვლევების ხელმძღვანელმა, რებეკა პაუელსმა.