Tag: ჯანმრთელობა და მედიცინა

  • ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება – ახალი კვლევა

    ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) გამოყენება მაღალ სიკვდილიანობასთან ასოცირდება – ახალი კვლევა

    შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანოს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ პრეპარატი სახელად “ჰიდროქსიქლოროქინი” (“პლაქვენილი”) არათუ არ აუმჯობესებს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების მდგომარეობას, არამედ ის სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელთანაც კი შეიძლება ასოცირდებოდეს. კვლევის წინასწარი შედეგები ამ კვირაში შეერთებული შტატების ვეტერანთა დეპარტამენტმა და სამეცნიერო მკვლევარების აკადემიურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

    მეცნიერები 368 მამაკაც პაციენტს აკვირდებოდნენ. პაციენტების ერთ ნაწილს მკურნალობისთვის “ჰიდროქსიქლოროქინს” აძლევდნენ, პრეპარატს, რომელიც აქამდე მალარიის და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა. მეორე ნაწილს, იგივე პრეპარატს ანტიბიოტიკ “აზითრომიცინთან” კომბინაციაში ასმევდნენ.

    მათ შორის, ვისაც მალარიის საწინააღმდეგო წამალს აძლევდნენ, 27% გარდაიცვალა. იმათში, კი ვისაც პრეპარატს ანტიბიოტიკთან ერთად აძლევდნენ, 22% გარდაიცვალა. კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში, ვისაც არც “ჰიდროქსიქლოროქინი” მისცეს და არც სხვა რაიმე პრეპარატი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო.

    თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კვლევას გარკვეული ლიმიტები აქვს. ის არ იყო რანდომიზებული (შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული) და პლაცებო-კონტროლირებული, რაც პრეპარატების ეფექტურობის დამადასტურებელ სამეცნიერო სტანდარტად ითვლება. ნაშრომი ჯერ არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში.

    კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ პრეპარატების ფართოდ დანერგვამდე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებს.

    ახალი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი ან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. პანდემიის მასშტაბების ზრდის გამო, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებად “ჰიდროქსილქლოროქინის” და “ქლოროქინის” გამოყენების ნებართვა ამა წლის მარტში გასცა საგანგებო ავტორიზაციის გზით და არა დამტკიცების ტრადიციული წესით, მრავალწლიანი პროცესის გავლის შემდეგ.

    აღნიშნული პრეპარატები ბევრი საავადმყოფოს მკურნალობის შიდაგანაწესშია (პროტოკოლში) შესული, როგორც მალარიასთან და აუტოიმუნურ დაავადებებთან ბრძოლის, ასევე ახალი კორონავირუსის ექსპერიმენტული სამკურნალო საშუალება. “ჰიდროქსილქლოროქინს” (პლაქვენილი) დღეს ამერიკაში ათასობით პაციენტს ისე ასმევენ, რომ კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ არის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნიუ იორკში ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ 14%–ს კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი

    ნიუ იორკში ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ 14%–ს კორონავირუსი უსიმპტომოდ აქვს გადატანილი

    ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ წინასწარი კვლევის მიხედვით შტატში ანტისხეულებზე ტესტირებულთა თითქმის 14%–ში ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ნიუ იორკში 2.7 მილიონი ადამიანი შესაძლოა ამ ვირუსით უკვე იყო დაინფიცირებული ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

    გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კვლევისთვის 3000 ადამიანი იქნა შერჩეული. კვლევის სხვა ლიმიტების და თავისებურებების გათვალისწინებით, კუომოს განცხადებით ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 0.5 %–ს შეადგენს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ცოტა ხნის წინ ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. ეს მაჩვენებელი არა მხოლოდ ნიუ იორკზე, არამედ მთელ მსოფლოიზე შეიძლება გავრცელდეს. აქამდეც არაერთი ვარაუდი გამოითქვა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა უსიმპტომო პაციენტების შესახებ და ისინი არ აღირიცხებოდნენ.

    ანტისხეულების მასობრივი ტესტირება კი უკვე წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია დაინფიცირებული კორონავირუსით ან უკვე მოიხადა ისე, რომ ამის შესახებ ვერც გაიგო.

    “თუ დაინფიცირების მაჩვენებელი 13.9 პროცენტია, ეს სიკვდილიანობის თეორიებს და მაჩვენებელს ცვლის.“– განაცხადა კუომომ ყოველდღიურ ბრიფინგზე.

    მისი თქმით, კვლევა იმ ადამიანებზე იყო მიმართული, რომლებიც მართალია არ მუშაობდნენ, მაგრამ აქტიურად დადიოდნენ პრდუქტების მაღაზიებში და მოძრაობდნენ სხვადასხვა საქმეზე. კვლევა არ ჩაუტარებიათ იმ ადამიანებში, რომლებიც სახლში არიან  იზოლირებული.

  • “მიკროფონის დეზინფექცია, დისტანციის დაცვა…“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

    “მიკროფონის დეზინფექცია, დისტანციის დაცვა…“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციების მიხედვით მედიამ მუშაობისას შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

    2 მეტრამდე დისტანციის დაცვა ჟურნალისტებსა და რესპოდენტებს შორის, ასევე თვით ჟურნალისტებს შორის.

    ინტერვიუ უნდა წარიმართოს მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით,მიკროფონის ღრუბლის გარეშე.

    ინტერვიუს დროს მედიის წარმომადგენლებისთვის რეკომენდებულია პირაბდის გამოყენება.

    ინტერვიუს დასრულების შემდეგ აუცილებელია მიკროფონის მთლიანი, კამერის კორპუსის, და ყველა სხვა ნივთის, რომელსაც მუშაობის პროცესში ხშირად ეხებიან სველი წესით გაწმენდა ან სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

    სამუშაოს დასრულებისთანავე რეკომენდებულია პირბადის მოხსნა გარე ზედაპირთან შეხების გარეშე, სანაგვეში გადაგდება და ხელის დაბანა არანაკლებ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით ან ხელის დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით.

  • Covid19-ით ინფიცირებულებს შორის მწეველების რიცხვი მინიმალურია. მეცნიერები “ნიკოტინის ეფექტის “კვლევას იწყებენ

    Covid19-ით ინფიცირებულებს შორის მწეველების რიცხვი მინიმალურია. მეცნიერები “ნიკოტინის ეფექტის “კვლევას იწყებენ

    კორონას მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს მისგან დამცავი ეფექტი აქვს.

    აქამდე მწეველები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდა კორონავირუსისთვის. თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევისას ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

    ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობილოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკული კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ. პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

    ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4–დან 12%–მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière–ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

    ბლოკავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსს?

    საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა.Covid19 -ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზახირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%–ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.

    აღსანიშნავია ისიც რომ დაკვირვება ხდებოდა  ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც  რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა რომ  მათ Covid19 ნაკლებად შეეხო.

    რა არის ისეთი თამბაქოში, რაც ორგანიზმს კრონავირუსისგან იცავს:

    “ჰიპოთეზა იმაში მდგმარეობს, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას.“– ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჯ დე ფრანსის პროფესორი, ჟან პიერ შონჟუ.

    პროფესორ ამურის თქმით, დაგეგმილ კვლევაში, ნიკოტინის პლასტირების სხვადასხვა დოზას გამოიყენებენ, რათა გაარკვიონ, მაგალითად შეიძლება თუ არა ამ პლასტირებით ექთნების და პაციენტების პროფილაქტიკა, დაცვა და სიმპტომების შემსუბუქება.

    ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული უჯრედული რეცეპტორი ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს, ასევე გამოდგება კორონავირუსის სიმპტომების მრავალფროვნების, მათ შორის ყნოსვის დაკარგვის და ნევროლოგიური დარღვევების ასახსნელად.

    თუმცა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს, ოლივიე ვერანს ამ კვლევისთვის ჯერ მწვანე შუქი არ აუნთია.

    მეცნიერები რთულ მდგომარეობაში არიან – კორონავირუსის გამო მათ შესაძლოა ნიკოტინის რეკლამირება მოუწიოთ, რაც მსოფლიოში დამკვიდრებულ ანტინიკოტინურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

    ,,ეს ყველაფერი რისკი / სარგებელიანობის საკითხია”, ამბობენ მკვლევარები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ნივთიერება, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს უჯრედულ რეცეპტორებზე, და, შესაბამისად, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. ანალოგიურ ბიოლოგიურ პრინციპზე დაყრდნობით ივერმექტინს, პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებას, შეიძლება იგივე თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით დამტკიცება სჭირდება.

    მკვლევარების თქმით  მათი აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები თამბაქოს მაღაზიებს მიაწყდნენ. მოწევა რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მეცნიერები კიდევ ერთხელ გვახსენებენ.

  • Covid-19-მა პირველი ამერიკელი გაცილებით ადრე მოკლა, ვიდრე აქამდე ეგონათ

    Covid-19-მა პირველი ამერიკელი გაცილებით ადრე მოკლა, ვიდრე აქამდე ეგონათ

    კალიფორნიის შტატის ოფიციალური წყაროები მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებენ: სანტა-კლარის საგრაფოს ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ამერიკელი 3 კვირით ადრე გარდაიცვალა და ის არა ვაშინგტონის შტატში, არამედ კალიფორნიაში ცხოვრობდა.

    აქამდე ცნობილი იყო, რომ კოვიდ-19-ით პირველი ამერიკელი ვაშინგტონის შტატის ქალაქ კირკლენდში 29 თებერვალს გარდაიცვალა. სანტა-კლარის ჯანდაცვის მესვეურებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს ატლანტაში რამდენიმე საეჭვო ქსოვილის ნიმუში გაუგზავნეს და ზოგიერთზე დადებითი პასუხი მიიღეს.

    ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსით პირველი ადამიანი საკუთარ სახლში 6 თებერვალს, თითქმის 3 კვირით ადრე გარდაიცვალა, მეორე კი 17 თებერვალს. პასუხი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრიდან სამშაბათს მოვიდა.

    კალიფორნიის შტატი, ისევე როგორც ნიუ-იორკი, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში, მასობრივი ტესტირების პოლიტიკას ირჩევს. გუბერნატორი გევინ ნიუსომი აცხადებს, რომ კალიფორნიაში ახლა დღეში საშუალოდ 14 500 ანალიზი კეთდება. აპრილის დასაწყისში, დღეში დაახლოებით 12 500-მდე ტესტირება ხდებოდა.

    გუბერნატორი ნიუსომი ამბობს, რომ 40-მილიონიანი შტატისთვის ეს ძალიან ცოტაა. მისი ამბიციური გეგმის მიხედვით, აპრილის ბოლოდან ანალიზი დღეში 25 000-მდე კალიფორნიელმა უნდა აიღოს.

    კალიფორნიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა უქმეებზე ახალი რეკომენდაცია გამოსცა. ის მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ ადამიანებს ტესტირებას ურჩევს, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ სიმპტომები. ახალი რეკომენდაციის მთავარი სამიზნეა საავადმყოფოებში, ციხეებში და უსახლკაროთა თავშესაფარში მყოფი ადამიანები, რადგან იქ სოციალური დისტანცირება გაცილებით რთული მისაღწევია.

    კალიფორნია და პირველ რიგში ქალაქი სან-ფრანცისკო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შეერთებულ შტატებში კარანტინის მკაცრი ზომები მიიღო. გადაადგილების 24-საათიანი შეზღუდვა იქ თვეზე მეტია მოქმედებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • Covid19-ის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა ოქსფორდში ხვალ იწყება

    Covid19-ის ვაქცინის ადამიანზე გამოცდა ოქსფორდში ხვალ იწყება

    ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე ხუთშაბათს დაიწყება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა.

    ოქსფორდის მეცნიერთა ჯგუფის ერთ–ერთი წევრის თქმით, თუ ცდები წარმატებით ჩაივლის, შემოდგომისთვის ვაქცინის მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც ნიშნავს რომ მსოფლიო შეძლებს თანდათანობით კარანტინიდან გამოსვლს ეპიდემიის შემდეგ, რომელმაც 175 000 სიცოცხლე შეიწირა და გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები მოიტანა.

    დაუნინგ სთრითზე ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ჰენკოკმა თქვა, რომ მთავრობა ყველა ძალას იყენებს ვაქცინის შესაქმნელად და ოქსფორდის მეცნიერთა გუნდი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააფინანსა, რათა კლინიკურ ცდებში დახმარებოდა. კიდევ 22.5 მილიონი მისცა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკლევარებს.

    მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შესამუშავებლად 18 თვე ან მეტია საჭირო, ოქსფორდის მკვლევარები პროფესორ სარა გილბერტის მეთაურობით ვარაუდობენ, რომ ფართომაშტაბიანი წარმოება შეიძლება უკვე სექტემბერში დაიწყოს – დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ იქიდან, როცა ჩინეთის ქალაქ უხანში პირველად აღმოაჩინეს ახალი კორონავირუსი.

    ჰენკოკი ამბოს, რომ ბრიტანეთის მთავრობა ახლა საწარმოო სიმძლავრეებს დააფინანსებს, და თუ ოქსფორდული ან იმპერიალ კოლეჯის ვაქცინა გაამართლებს, ის ბრიტანეთის მოსახლეობისთვის რაც შეიძლება სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი.

  • “მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი კორონავირუსზე

    “მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი კორონავირუსზე

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე, რომელიც შტუტგარტის კლინიკაში მუშაობს კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული. ის ფეისბუქზე წერს საკუთარი გამოცდილებისა და იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გააკეთა:
    “ამ დილით ჩემს კლინიკაში აპარატიდან მოიხსნა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გავწერეთ, ეპიდემიის პირველი ტალღის, ბოლო პაციენტი…
    მძიმე კოვიდიანთა მკურნალობის ზედამხედველობა და მენეჯმენტი თავიდანვე ჰქონდა ჩაბარებული ქალ. საბინე პეხერს….როგორც ყველაზე გამოცდილ, მრავლისმნახველ და გამორჩეულ პროფესიონალს… საბინე დღეს გახარებულიც იყო და ცოტა გულდაწყვეტილიც . ბოლო დღეებში მეზობელ კლინიკებშიც მსგავსი სიმშვიდე იყო, ამიტომ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, დარეკა სპეც. ნომერზე….უკვე შეგვიძლია პაციენტების მიღება საფრანგეთიდანაც და ინგლისიდანაცო…
    შემდეგ ჩემთან, სახლში წამოვედით… ძალიან მაინტერესებდა, ბოლო კვირაში მის მიერ ჩამოყალიბებული, ჩვენი და პარტნიორი კლინიკების ახალ და ჯერ მაინც მწირე გამოცდილებაზე დამყარებული, კოვიდიანი მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდები, რჩევები და თავისებურებები. დისკუსიაც გვქონდა… გაოგნებულიც ვიჯექით… ვფიქრობდით, როგორ იცვლებოდა მკურნალობის მიდგომები ყოველ კვირას… რაც თავიდან სწორი გვეგონა, ახლა შეცდომა იყო… რასაც ადრე ვამტკიცებდით, დღეს მცდარი აღმოჩნდა….არც დაავადების მიმდინარეობა ჰგავდა ხშირად დისტერს სინდრომს, რაშიც თავიდან დარწმუნებული ვიყავით…იყო ბევრი კითხვა…ინდივიდუალური მიდგომები და გადაწყვეტილებები….. გვიკვირდა, როგორ თავგზას უბნევდა ეს უჩინარი ვირუსი ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას… …
    გაღიზიანებული წამოვხტი , 3 საათიანი საუბრის შემდეგ, ვერაფერი ვერ გავუგე ამ წყეულს და სულ აირია ყველაფერი თავში…. დამამშვიდა…ნუ ითხოვ პასუხს იმაზე, რაც არავინ იცის… წამაკითხა სმს-ები და მიჩვენა ვიდეოები, როგორ ცდილობდა 27 სხვადასხვა კლინიკის შეფ -ექიმი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოცდილების გაზიარებას და კონცესუსის მოძებნას.
    და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა… ინფორმაციის ზღვა მოდის… სარწმუნო კვლევები ჯერ არ დადებულა… გამოცდილება საკმარისი არაა…მართლა თავდაყირა დააყენა თვალისთვის უჩინარმა ვირუსმა ყველაფერი….
    და მაინც ვიბრძვით, ვცდილობთ ახლოს მივუახლოვდეთ, უფრო მეტი გავიგოთ მასზე… ვეჩვევით მის გარემოცვაში ცხოვრებას…
    გამარჯვებამდე დიდი დროა, ზეიმი მართლა ნაადრევია…
    დღემდე დანაკლისებით, მაგრამ მაინც ორგანიზებულად და გააზრებული ნაბიჯებით შეძლო გერმანიამ ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა…ჯერ რესურსების 30 %-ია გამოყენებული …
    ზომიერად დატვირთული და არა გადატვირთული რეჟიმიდან, ძალიან ფრთხილად უბრუნდება გერმანიის კლინიკები ძველი ცხოვრების წესს…ორშაბათიდან ვიწყებთ გეგმიურ ოპერაციებს…. მოწესრიგებული სისტემის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ინფექციის გადაცემის დინამიკა იცვლება…. იზრდება, მაგრამ ისე , რომ მრუდი ბლაგვი ხდება…
    შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც დაანონსდა… არ გვავიწყდება მთავარი ვირუსოლოგის , ბატ. ქრისტიან დროსტენის გაფრთხილება: დაინფიცირების პროცესი გაგრძელდება…წელიც და მეტიც… …ინფიცირებულების რიცხვი მოიმატებს, 70% -იც გახდება და საჭიროც არის ასეთი დიდი პროცენტით შემხებლობა ვირუსთან …ოღონდ ნელა, ნაკლები დანაკარგებით! მალე გვეყოლება დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ ანტისხეულები. ადამიანები იმუნურები გახდებიან …და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. მთავარია ვისწავლოთ საზოგადოებამ მასთან თანაცხოვრება…
    მე დღეს დავიჯერე , რომ ქართველი ხალხი გერმანელებთან და მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხებთან ერთად , იმ შეგნებულ საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს და საჭიროების მიხედვით ცვლის ცხოვრების წესს. რადგან ყოველთვის იქნება “ჩინეთი”, რომელიც არაფერს ცვლის ყოფით ცხოვრებაში, დანაშაულის მიუხედავად….
    დღეს ვიგრძენი, რომ უკვე სხვა ადამიანები ვართ, შეიძლება უფრო გულისხმიერები და თბილები!
    ყველას გილოცავთ აღდგომის უდიდესს დღესასწაულს!“– წერს ნინო ნაცვალაძე.
  • “არსებული შეზღუდვები არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას“–ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

    “არსებული შეზღუდვები არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას“–ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

    ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ საქართველოში შემოღებული შეზღუდვები რეალურად ვირუსთან ბრძოლაში არაეფექტურია, ვირუსთან ბრძოლის შერჩეული სტრატეგია კი არასწორი. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:

    “მსურს რომ პერიოდულად COVID-ის ეპიდემიასთან დაკავშირებულ გაბატონებულ მოსაზრებებზე, გავაკეთო ჩემი კომენტარი.

    მოსაზრება # 1. უნდა დავადაბლოთ ეპიდემიოლოგიური მრუდი.

    კეთილი! იმისთვის რომ გავიაზროთ ამ „მისტიური“ მრუდის საიდუმლოებანი, უნდა გავერკვეთ შემდეგ საკითხებში: კონკრეტულად კორონავირუსის პანდემია, გარდაუვლად დაასნებოვნებს მოსახლეობის დაახლოებით 60-70%-ს ანუ სანამ არ იქნება მიღწეული ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტი („herd immunity“) და ვირუსი არ შეწყვეტს პანდემიურ გავრცელებას. ეს რეალობა შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს, თუ იარსებებს ეფექტური ვაქცინა. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, კლინიკურად ხელმისაწვდომი ვაქცინა შეიძლება იყოს 12-18 თვეში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვაქცინა შეიძლება ვერ შეიქმნას (არსებობს ასეთი მოსაზრებებიც) ან არ იყოს მთლად ეფექტური (როგორიცაა მაგალითად გრიპის ვაქცინა 50-60% ეფექტურობით მხოლოდ). ამასთანავე მასიურ წარმოებას დასჭირდება კიდევ მრავალი თვე. ასე რომ ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტში, ჩვენ შეიძლება შევაჩეროთ გავრცელება 12-18 თვეში და თუ რეალისტები ვიქნებით 2 წელიწადში. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების ტემპს და რამდენიმე სეროპრევალეტური კვლევის წინასწარ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ მანამდე გარდაუვლად მივაღწევთ პოპულაციურ იმუნიტეტს და ვაქცინა მაღალი ალბათობით არარელივანტურიც შეიძლება გახდეს, თუმცა მოდით ეს დაუზუსტებელი მოსაზრება დროებით გვერდზე გადავდოთ.

    მანამდე კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დავამდებლებთ თუ არ დავამდაბლებთ მრუდს, არ შეიცვლება არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა და არც გარდაცვლილთა რიცხვი (გარდა იმ შემთხვევისა თუ მოხდა ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი) !!! ამ საკითხს ხაზს ვუსვამ, რადგან ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, არასწორად ჰგონია, რომ ეს ასეა, და რაც უფრო გამკაცრდება ღონისძიებები, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ და ყოველი მოსაზრება რეგულაციების ლიბერალიზაციის კუთხით აღიქმება გენოციდის მცდელობად – კაცმა რომ თქვას რა ქნას ხალხმა, ამას ეუბნებიან ყოველდღე ტელევიზორით. ისმის კითხვა მაშ რისთვის ვადაბლებთ მრუდს? მრუდის დადაბლებას ბატონებო აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, შევამციროთ პიკი (არა გავაქროთ, არამედ შევამციროთ), რომ ჯანდაცვის სისტემამ არ მიიღოს ძლიერი დარტყმა, რომელსაც ის ვერ გასწვდება. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არც ძალიან ნელა გავრცელდეს ვირუსი (ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ნაწილობრივ სწორედ მართულად ეპიდემიის გავრცელებაა და არა მისი შეკავება – რაც შეუძლებელია) რომ შედარებით დაჩქარებულად გავიაროთ რთული პერიოდი და არც ძალიან სწრაფად – რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა. ეპიდემიოლოგიური ნავიგაცია ასეთ ვითარებაში არ გახლავთ რთული: ამკაცრებთ რეგულაციებს როგორც კი ატყობთ, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატების რეზერვი მცირდება (სწორედ ეს განიხილება დღეს მთავარ ინდიკატორად ყველგან) და აღწევს წინასწარ განსაზღვრულ კრიტიკულ რაოდენობას, და არბილებთ შეზღუდვებს, როდესაც ხედავთ, რომ ვენტილატორების რესურსის მარაგი დიდია.

    დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ქვეყანაში გვაქვს 2000 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და აქედან 50-60% არის მხოლოდ დაკავებული. მაშასადამე გვაქვს 1000 ან ყველაზე ცუდი 800 ვენტილატორი მაინც. ხოდა ეხლა ისმის კითხვა: როდესაც სულ 5 თუ 10 კოვიდ-პაციენტი გყავს ვენტილატორზე მიერთებული, და მარაგდ გვრჩება 995 თავისუფალი ვენტილატორი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ის მკაცრი ღონისძიებებიც კი არ არის საკმარისი რასაც დღეს ატარებთ, და გვემუქრებით, რომ შეიძლება სრული 24 საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადების რეკომენდაცია გასცეთ??? არადა უმარტივესი გამოსათვლელი საკითხია: კვლევებით დადასტურებულია, რომ ინფექციის კლინიკური ნიშნების გამოვლინებიდან საშუალოდ 2 კვირაში ხდება (მძიმე შემთხვევებში მხოლოდ რათქმაუნდა) ინტუბაცია. ხოლო მძიმე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების (არა იმათი ვინც ეხლა წევს ძირითადად საავადმყოფოებში მსუბუქი ან საერთოდ უსიმპტომო დაავადებით – ასეთებია დღეს ჰოსპიტალიზირებულთა 90%, და ასეთებს არც ერთ ქვეყანაში საავადმყოფოში არ ტოვებენ ჩვენს გარდა – ეს ცალკე განსახილველი თემაა თუ რაში იხარჯება ბიუჯეტი) არამედ იმათი, ვინც ნამდვილად უნდა იწვეს საავადმყოფოში (ანუ ოქსიგენაციის პრობლემა აქვთ და მინიმუმ ჟანგბადი მაინც სჭირდებათ), ამათგან მხოლოდ 15-20% მომდევნო დღეებში ხვდება რეანიმაციაში. ხოლო რეანიმაციაში დაყოვნება კოვდი-პაციენტებში (ანუ ვენტილატორის დაყოვნება პაციენტის ექსტუბაციამდე ან დაღუპვამდე) არის სხვადასხვა კვლევებით 2-3 კვირამდე. შესაბამისად უმარტივესი დასათვლელია თუ დღეში რამდენი ნამდვილად მძიმე (ნამდვილად მძიმე – ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს!) პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გამოიწვევს რამდენი ვენტილატორის დაკავებას 2 კვირაში. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ციფრი და მათემატიკური სიზუსტით შეიძლება გავთვალოთ, როდის, რა ტიპის შეზღუდვებია დასაწესებელი (სხვათაშორის ეს შეზღუდვები ზუსტად 2-3 კვირაში იძლევა ეფექტს და ეს ეფექტიც დათვლადია, არსებობს ამის კალკულატორები).

    რა ხდება ჩვენთან: არ ვიცით აქტიურად ინფიცირებულების რაოდენობა, არ ვიცით სეროპრევალენტობა, 1 კვირის წინ ჯერკიდევ მძაფრი დეფიციტი გვქონდა ტესტების, ეხლა მხოლოდ ზომიერი დეფიციტი გვაქვს ჩვენდა “საამაყოდ”, არ გვაქვს არანაირი სტრატეგია, როგორ ვმოქმედებთ ზემოთაღწერილ ვითარებებში. და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხების გათვლებით ვიყოთ დაკავებული, ჩართული იყოს ბევრი ექსპერტი, მათ შორის ალტერნატიული მოსაზრებების მქონე, ამის მაგივრად ჩაკეტილ წრეში, რამოდენიმე ადამიანი, ყოველგვარი გათვლების გარეშე (თუ არსებობს გათვლები ბატონები, გამოაქვეყნეთ, ჩვენც გაგვაცანით რამე!), სრულიად არატრანსპარანტულად, ავტოკრატიულად იღებს სულ უფრო და უფრო მეტი შეზღუდვის მქონე რეგულაციების მიღების გადაწყვეტილებებს. ხოლო შემდეგ, არასწორი, არამართებული არგუმენტებით და დამახინჯებული ფაქტების მოშველიებით ხდება საზოგადოების დარწმუნება გადაწყვეტილებების სისწორეში (ისე რომ რათქმაუნდა არავინ ხსნის გადაწყვეტილების მიღების ლოგიკურ ჯაჭვს – ვერც ახსნიან, რადგან ასეთი არ არსებობს). დასარწმუნებლად გამოიყენება გვამების, საფლავების, კრემატორიუმების კადრები.

    ასე არ ხდება 21 -ე საუკუნეში, განათლების, ინტერნეტის, გლობალიზაციის საუკუნეში, გადაწყვეტილებების მიღება ბატონებო!

    არსებული შეზღუდვები მხოლოდ ახანგრძლივებს ეპიდემიის მიმდინარეობას, იწვევს განმეორებითი მეორე, მესამე და ა.შ. ეპიდტალღის განვითარებას, არანაირად არ ამცირებს არც ინფიცირებულთა და არც დაღუპულთა რიცხვს და ანგრევს ეკონომიკას, იწვევს საზოგადოების არასაჭირო სტრესს და ასე შემდეგ.

    იქნებ გვეფიქრა ამაზეც!“– წერს ინფექციონისტი.

  • “არ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გადატანა მის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს“- ჯანმო

    “არ გვაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის გადატანა მის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს“- ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ახალი დაავადებების და ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა მარია ვან კერკოვემ განაცხადა,რომ ანტისხეულების ტესტებმა შესაძლოა ანტისხეულების დოზა გაზომონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის, ვისაც ანტისხეულები აქვს, განმეორებითი ინფექციისგან დაცულია.

    ეს მოსაზრება ეწინააღმდეგება ბევრი ქვეყნის მიერ არჩეულ სტრატეგიას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატესტონ არა მხოლოდ ეპიდემიის მაშტაბების დასადგენად, არამედ იმის გასათვლელად, რამდენმა ადამიანმა შეიძინა იმუნიტეტი უსიმპტომოდ გადატანილი კორონავირუსის შედეგად და გათვალონ, რამდენ ადამიანს შეუძლია სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს დაინფიცირების რისკის გარეშე. ჯანმო აცხადებს, რომ არ ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუს გადატანილი ადამიანები თავად არ დაავადდებიან ხელახლა ან სხვებს არ დააინფიცირებენ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი ქვეყნებს აფრთხილებს, რომ წინდახედულობა გამოჩინონ და ადამიანის ჯანმრთელობის სტატუსის დასადგენად მხოლოდ ამ ტესტებს არ დაეყრდნონ. მან თქვა, რომ ჯერჯერობით  ხელმისაწვდომი ტესტების ეფექტურობის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა.

  • გერმანია კორონავირუსის ანტისხეულების მასობრივ ტესტირებას იწყებს

    გერმანია კორონავირუსის ანტისხეულების მასობრივ ტესტირებას იწყებს

    გერმანიაში ახალი კორონავირუსის ანტისხეულების აღმოსაჩენად ფართომაშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩეული გერმანელები რეგულარულად ჩააბარებენ სისხლს ანალიზისთვის. მედიკოსები ამგვარად აპირებენ Covid19-ის გავრცელება და პოპულაციური იმუნიტეტის ფორმირება აკონტროლონ.

    ექიმი მიუნჰენიდან, ულრიკე ლაიმერ ლიპკე ხაზს უსვამს, რომ ამისათვის აუცილებელია ხანგრძლივი დაკვირვება და ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა ტესტირება.

    “იმისათვის, რომ ამას აზრი ქონდეს აუცილებელია დაახლოებით 4 კვირა გავიდეს დაავადების ბოლო გამოვლინებებიდან. ანტისხეულებს ბევრი დრო ჭირდებათ ფორმირებისთვის. თუ თქვენ დაავადების სიმპტომები ერთი კვირის წინ გქონდათ, ახლა ანტისხეულები არ გექნებათ. როგორც ვიცით, კერძოდ გერმანიაში ბევრმა უკვე გადაიტანა ეს დაავადება. ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, აქვთ თუ არა ახლა იმუნიტეტი, მითუმეტეს მათთვის, ვისაც ხანდაზმულებთან აქვთ ურთიერთობა.

    მასობრივი ტესტირების სისტემას აწყობენ სხვა ქვეყნებიც – საქმე ეხება არა მხოლოდ ანტისხეულების, არამედ ორგანიზმში კორონავირუსის არსებობის ტესტსაც. მაგალითად, იტალიის ხელისუფლება ვენეტოს ოლქში დღეში 20 000 ტესტის გაკეთებას აპირებს, რათა პანდემიის რეალური მაშტაბები შეფასდეს.