Tag: ირანი

  • ირანში, ყასემ სოლეიმანის საფლავზე მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

    ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა.

    ISIS-მა ტელეგრამის არხებში აფეთქების ორი ორგანიზატორი დაასახელა. მათ ე.წ. კამიკაძე-ქამრები ეკეთათ.

    პირველი აფეთქება სოლეიმანის საფლავიდან 700 მეტრის დაშორებით მოხდა, მეორე კი 1 კილომეტრის რადიუსზე.

  • ირანში გენერალ სოლეიმანის საფლავთან აფეთქებას, სულ მცირე 73 ადამიანი ემსხვერპლა

    ირანში, ქალაქ ქერმანში, ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილის მე-4 წლისთავის სამგლოვიარო მსვლელობის დროს 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებას ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე  73 ადამიანი ემსხვერპლა, 170 კი დაშავდა.

    პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.

    ოფიციალური პირების თქმით თავდასხმა, სავარაუდოდ, ტერორიზმს უკავშირდება, თუმცა დადასტურებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

    ამასთანავე ვრცელდება  არაოფიციალური ინფორმაცია რომ აფეთქება “ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია”, თუმცა, ირანული სამთავრობო მედიას ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ “ჯერჯერობით უცნობია, რა იყო აფეთქების მიზეზი – ბუნებრივი აირი თუ ტერორისტული თავდასხმა”.

  • “თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „პალესტინაში გენოციდის მმართველ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეებს გულწრფელად ვეუბნები: ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში, მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ეს ცეცხლი არც აშშ-ს დაინდობს. ეს ჩვენი სახლია და დასავლეთ აზია ჩვენი რეგიონია. ჩვენ კომპრომისზე არცერთ მხარესთან არ მივდივართ და არ გვაქვს დათქმა, როცა საქმე ეხება ჩვენი სახლის უსაფრთხოებას. გენოციდი ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ღაზის მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება. დღეს ღაზა ელოდება სასწრაფო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარულ დახმარებას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობა „ჰამასი“ ებრძვის ოკუპაციას და აქვს ლეგიტიმური უფლება…

    ჩვენი მოლაპარაკებების თანახმად, „ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მშვიდობიანი პატიმრები. მეორე მხრივ, მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ისრაელის ციხეებში მყოფი 6 000 პალესტინელის გათავისუფლებას. ირანი მზადაა, კატართან და თურქეთთან ერთად, თავისი როლი შეასრულოს ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ წამოწყებაში. ბუნებრივია, 6 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლება გლობალური საზოგადოების კიდევ ერთი აუცილებლობა და პასუხისმგებლობაა”.

    ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი საუბრობს.

  • ირანისგან ესკალაციას ველით და მზად ვართ ამისთვის – ბლინკენი

    “ჩვენ ველით, რომ არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა – ესკალაცია ირანის მომხრე ძალების მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ.[…] ჩვენ არ გვინდა მეორე ან მესამე ფრონტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები ან ჩვენი მებრძოლები ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.[…] ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან სწორ პოზიციაზე, რომ ისინი დაცულნი არიან და რომ ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უნარი,”

    ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ოქტომბერს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • აშშ-ის პირველადი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ირანის უშუალო მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში

    CNN-თან საუბრისას რამდენიმე წყაროს თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დაგეგმვაში, გეგმის დამტკიცებაში ან დაფინანსებაში.

    თუმცა, სადაზვერვო საზოგადოება არ არის მზად საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად და აგრძელებს მტკიცებულებების ძიებას ისრაელში ჰამასის შეჭრაში თეირანის მონაწილეობის შესახებ.

    CNN-ის წყაროებმა ამ მონაცემების დეტალების შესახებ არაფერი თქვეს.

    ბოლო დღეებში, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული თავდასხმაში, თუმცა მათ დაგმეს თეირანი, როგორც „თანამონაწილე“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰამასის აქტიური მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

    ირანი დაჯგუფებას ამარაგებს ფულით, იარაღით და მაკომპლექტებლებით ღაზაში კონტრაბანდული გზით, ასევე ფართო ტექნიკურ და იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევს.

    თუმცა, ჰამასი ინარჩუნებს გარკვეულ დამოუკიდებლობას ირანის რეჟიმისგან. უშიშროების ყოფილი ოფიციალური პირებისა და რეგიონალური ანალიტიკოსების თქმით, თეირანს არ ჰყავს მრჩევლები ადგილებზე ბლოკადაში მყოფ ღაზაში და არ ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას.

  • ირანი ვერ იტყვის, რომ არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება – ზელენსკი

    “ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, როდესაც ის Shahed-ებს რუსებზე ყიდის. ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება, როცა მისი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ჰამასს მხარს უჭერენ”,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ”ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა” – ბლინკენი

    ირანი ჰამასის ისრაელზე თავდასხმაში მის როლს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები მისი მისამართით უსაფუძვლოა. ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის, ნასერ კანანის განცხადებით, პალესტინელებს აქვთ საჭირო პოტენციალი და ნება თავისი ნაციის დასაცავად და საკუთარი უფლებების აღსადგენად თეირანის მხრიდან რაიმე მხარდაჭერის გარეშე.

    გუშინ The Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ჰამასს ისრაელზე შეტევის დაგეგმვაში ირანი დაეხმარა. გამოცემა ჰამასის მაღალჩინოსან წარმომადგენელზე და ირანის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი დაჯგუფების – ჰესბოლას წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ ჰამასს შაბათის მოულოდნელი თავდასხმის მომზადებაში და ამ თავდასხმას მწვანე შუქი აუნთეს წინა კვირას ბეირუთში გამართულ შეხვედრაზე.

    გამოცემის ინფორმაციით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კურპუსის ოფიცრები აგვისტოში მუშაობდნენ ჰამასთან საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო შეჭრის გეგმის შესამუშავებლად.

    ამასთან, ამერიკელი ოფიალური პირები ამტკიცებენ, რომ ჯერჯერობით არ გააჩნიათ ჰამასის გეგმასთან თეირანის კავშირის მტკიცებულებები. სიენენთან ინტერვიუში აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა:

    • ”ირანსა და ჰამასს შორის დიდი ხანია ურთიერთობები არსებობს და ჰამასი ამას ვერ გააკეთებდა, რომ არა ის მხარდაჭერა, რომელსაც ირანისგან წლების მანძილზე იღებდა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ხელმძღვანელობდა ან იდგა ამ კონკრეტული შეტევის უკან. თუმცა, მათ შორის არის ხანგრძლივი კავშირი, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენი ადმინისტრაცია ბოლო წლებში იღებს ზომებს ირანის წინააღმდეგ და ტერორისტებისთვის მისი მხარდაჭერის წინააღმდეგ. ჩვენ დავასანქცირეთ 400–ზე მეტი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირი სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჰამასის მაგვარ ძალებს ეხმარებიან”. – განაცხადა ბლინკენმა.
  • სექს-სკანდალი ირანში: ჩინოვნიკი, რომელსაც ისლამური ღირებულებების დაცვა ევალებოდა სხვა მამაკაცთან ურთიერთობის ვიდეოს გამო თანამდებობიდან მოხსნეს

    ირანელი რეგიონალური თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ისლამური ღირებულებების დაცვაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვიდეო კადრების გამო, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ,  სხვა მამაკაცთან მისი სექსია ასახული.

    ვიდეო, რომელზეც ჩანს  გილანის პროვინციის (ის კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება) ისლამური კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეზა ცაგატი ინტერნეტში გამოქვეყნდა. ის პირველად ოპოზიციურმა ტელეგრამ არხმა, რომლის რედაქტორმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ირანის ოფიციალური პირების მხილებას.

    ვიდეოჩანაწერზე ასახული პირების ვინაობა ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა ცაგატი საქმის ყველა გარემოების გარკვევამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

    ვიდეო სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება და უამრავ გამოხმაურებას იმსახურებს. ბევრი აღნიშნავს, რომ ცაგატი იყო კულტურული ცენტრის დამფუძნებელი, რომელიც ღვთისმოსაობის და ჰიჯაბის ტარების პროპაგანდით არის დაკავებული.

    შაბათს, ირანის კულტურის მინისტრმა მოჰამედ მეჰდი ესმაილიმ განაცხადა, რომ ვიდეოს გამოჩენამდე მას არ ჰქონია არანაირი ნეგატიური ინფორმაცია რეგიონალური ოფიციალური პირის შესახებ.

    იმავდროულად, გილანის ისლამური კულტურის დეპარტამენტმა 22 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ცაგატის მიერ სავარაუდო ჩადენილი “დანაშაულის შესახებ ეჭვებზე”. ხელისუფლება აცხადებს, რომ საქმე „გაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს“ და მოუწოდეს ყველას, რომ ვიდეო აღარ გამოიყენონ „ისლამური რევოლუციის დიდებული კულტურული ფრონტის შესუსტებისთვის“.

    როგორც სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი წერს, ცაგატის მოხსნა იმის დასტურია, თუ რამდენად განსხვავებულად ექცევა ირანის ხელისუფლება  ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოსახლეობას, რომლებსაც ლგბტ თემის წევრობა ედებათ ბრალად, ან ქალებს, რომლებიც არღვევენ ისლამურ ჩაცმულობის დრესკოდს.

    ირანში ჰომოსექსუალური ურთიერთობა კანონით აკრძალულია, ასეთი დარღვევისთვის მაქსიმალური სასჯელი სიკვდილით დასჯაა. ამ შემთხვევებში სიკვდილით დასჯა იშვიათად გამოიყენება, მაგრამ ლგბტ თემის წევრები მუდმივად აწყდებიან დისკრიმინაციას.

    ირანელი ქალები ასევე ისჯებიან ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმისთვის.

    გასული წლის სექტემბერში ირანში მასიური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო.

    ამინი პოლიციის ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და მისი ოჯახისა და აქტივისტების თქმით, ის ცემის შემდეგ გარდაიცვალა. ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ ქალის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო.

  • ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პატიმრობა კიდევ ერთ ბრალდებულს მიესაჯა

    საქართველოს პროკურატურის ინფრომაციით, ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, კიდევ ერთ პირს 8 წლიანი  პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის, ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

    “ბრალდებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე” და “ვ” ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინა.

    ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- ნათქვამია განცხადებაში

    რაც შეეხება ბრალდებულის ოთხ თანამზრახველს, მათ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 9 იანვარს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ პატიმრობა  5 წლით და 6 თვით მიუსაჯა”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა

    კვირას ღამით ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.

    საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, ქალაქ შაჰიდ-სალიმში ძრავის ზეთის დიდ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა.

    საინფორმაციო სააგენტო Tasnim იუწყება, რომ სამხედრო საბრძოლო მასალის  მწარმოებელ ქარხანას ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ასევე დაესხნენ დრონები.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია დასავლეთ ირანის ქალაქ დიზფულის საჰაერო ბაზაზე აფეთქების შესახებ, ქალაქ ჰამადანსა (ქვეყნის დასავლეთით) და რაშტში (ჩრდილოეთი) აფეთქებები და ხანძრებია.

    ასევე დაიბომბა დრონების ქარხანა თებრიზში, შეიარაღების საცავი მალარდში

    აფეთქებების ხმები ისმოდა  თეირანში, ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, თავს დაესხნენ სამთავრობო შენობებს.

    მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

    ირანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა დრონების შეტევა ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაზე:

    „2023 წლის 28 იანვრის საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე, უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ცენტრზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. „ერთი მათგანი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდაცვის სისტემით, დანარჩენი ორი კი თავდაცვით ხაფანგში ჩავარდა და აფეთქდა“.

    ირანელი სამხედროების განცხადებით, შენობის სახურავი “მცირედ დაზიანდა”.

    რომელ ქვეყანას ეკუთვნის თვითმფრინავები, რომლებიც თავს დაესხნენ ირანის სამხედრო ობიექტებს, ირანის ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს.

    ისპაჰანი არის ამავე სახელწოდების პროვინციის ცენტრი, რომელიც თეირანის სამხრეთით 330 კილომეტრში მდებარეობს.

    არაბული საინფორმაციო არხის Al Arabiya-ს ცნობით, ისრაელმა ირანში სამხედრო მრეწველობის განადგურების მიზნით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

    ისრაელი ამ განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.