Tag: ირანი

  • “ყოველდღე მივდივარ თვითიზოლაციაში მყოფ რძალთან და შვილიშვილებთან და საკვებს კართან ვუტოვებ“– ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეეთერში  ყვება, როგორ უვლის თვითიზოლაციაში მყოფ შვილიშვილებს და რძალს, რომლებსაც მხოლოდ ფანჯრიდან ეკონტაქტება.

    „იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კართან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ შემდეგ ისინი აღებენ კარს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია. ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც   და მას საკმაოდ დიდი სფერო აქვს პასუხისმგებლობის“– აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

  • საქართველოში 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია- ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართევლოს მასშტაბით 1000-მდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

    გამყრელიძე მათ მოუწოდებს, არ დაარღვიონ რეჟიმი.

    ,,დაახლოებით ათასამდე ადამიანი თვითიზოლაციის რეჟიმშია. მინდა ვთხოვო ყველას, ნუ დაარღვევენ ამ რეჟიმს და თუ იქნა თვითიზოლაციის რეჟიმში გარკვეული სიმპტომები გამოხატული, მიმართონ, დაურეკონ ექიმს. ხშირად ვამბობდით, რომ მიმართონ და დღეს ვთხოვთ, დაურეკონ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს პირდაპირი მიმართვები და სთხოვონ ექიმს, დაუნიშნონ ვიზიტი და ზუსტად იმ საათზე მივიდნენ. თავი მოვარიდოთ რიგებსა და თავყრილობებს”, – განაცხადა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

    ამავე ბრიფინგზე მან ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და იყვნენ სოლიდარულები.

    დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49.

  • როცა ვერცერთი კითხვა ვერ გაიგე – ამირან გამყრელიძე და ჟურნალისტები (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ჟურნალისტები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვის დასმას ცდილობენ. ჟურნალისტები ერთდროულად საუბრობენ და ამირან გამყრელიძე კარგახნის მანძილზე უშედეგოდ ცდილობს ერთ რომელიმე შეკითხვაზე კონცენტრირდეს.

  • ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ყველა ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

    3 საათის მონაცემებით,საქართველოში კორონა ვირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციები ძალაში რჩება. ის საზოგადოებას მოუწოდებს, საერთოდ შეიზღუდოს მოგზაურობები.

    “ყველას ვთხოვთ მაქსიმალურად შეზღუდონ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის საერთოდ სართაშორისო მოგზაურობები, არამარტო ჩინეთში, ირანში ან იტალიაში, არამედ საერთოდ, რადგან დასავლეთ ევროპაში სიტუაცია უფრო იძაბება”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

  • დანიშნავენ თუ არა ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრად- ფარული შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილთან

    ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.

    ფარული აუდიენციის  ამსახველი ფოტო “ტვ პირველმა” გაავრცელა.

    არსებული კულუარული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს ჯანდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ, რადგან საზოგადოებას მისდამი ბევრად მეტი ნდობა აქვს ვიდრე არსებული მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიმართ.

    შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი.”ტვ პირველთან” მან შეხვედრა არ უარყო, თუმცა მიზეზად მეგობრული შეხვედრა დაასახელა.

  • ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

    “არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.

    სიყვარული გვაერთიანებს. “– წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს მკვეთრად აკრიტიკებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შვილს, ნიკა გამყრელიძეს  კორონავირუსი აღმოაჩნდა. გვარამია ამირან გამყრელიძის და მისი შვილის დაუდევრობაზე  პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, რომელიც სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელმძღვანელია. 

    შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის ერთი შვილი, გიგი გამყრელიძე 1995 წელს, 20 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

  • “ვითომ ვირუსისგან იცავს ქვეყანას” – ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს აკრიტიკებს

    ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძესა და ნიკოლოზ გამყრელიძეს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს. 

    “ამირან გამყრელიძე – კაცი, რომელიც ვითომ იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა ვირუსისგან დაიცვას და საკუთარ შვილს ვერ აუხსნა, როგორ მოიქცეს, რომ ვირუსი არ შეეყაროს”, – ეს იქნებოდა დღევანდელი ამერიკული ბეჭდური პრესის და ელექტრონული მედიის მთავარი ჰედლაინი, ამერიკაში რომ გამყრელიძისნაირები ხვდებოდნენ ლამის სიაიეის დონის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი დაწესებულებიდ, CDCის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ხელმძღვანელობაში. ეს, რაც შეეხება ჰედლაინებს. და ისე მისი ბუნდღა აღარ იქნებოდა უკვე დატოვებული.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 

    შეგახსენებტ, რომ კორონავირუსის მე10-ე შემთხვევა ამირან გამყრელიძის შვილს ნიკოლოზ გამყრელიძეს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან. საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • “ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია“–ამირან გამყრელიძე მისი შვილის დაინფიცირების შესახებ

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან.

    “​ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს არის მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი უფლებაა, მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები. ამაში დასამალი არაფერი არაა. ორშაბათ საღამოს ჩემ შვილთან სხდომაზე გახლდნენ და სავარაუდოდ იქ მოხდა გადაცემა. ის ექიმია განათლებით და იყო თვითიზოლირებული. ჩვენ ჩავთვალეთ რამდენიმეჯერადი კვლევა საჭიროდ და დადასტურდა. დაწერა ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ამ კონტაქტების კვლევა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ამირან გამყრელიძის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

    „როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით. შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:) მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას““, – წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 12-ს აღწევს.

  • ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას  “primetime” ავრცელებს.

    ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა.

    ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაციას  ამირან გამყრელიძემაც ადასტურებს.

    შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.