Tag: ბიძინაივანიშვილი

  • ”არანაირი ფასი არ აქვს, ყველამ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი” – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

    ” არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა რეზოლუციაში და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. არანაირი ფასი არ აქვს თავის შინაარსიდან გამომდინარე იმიტომ, რომ საქართველოში ყველამ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, რას აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს არ დაუწყია გუშინ და გუშინწინ.

    შესაბამისად, იმას, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ნამდვილად არ ვეთანხმები ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, 12-პუნქტიანი დათქმა რაც იყო, ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება შესრულებული და გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში – ევროპარლამენტის რეკომენდაცია

    ”აღმოიფხვრას ივანიშვილის გადამეტებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო და სწორედ ამ რეზოლუციის ერთ-ერთი შენიშვნა ეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს:

    “ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით უნდა გადაიჭრას დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სისტემური გზით, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში”. – წერია დოკუმენტში.

    დეპუტატებმა 220-მდე ცვლილების ინიციატივა წარადგინეს – მასში მოხვდა ივანიშვილის სანქცირება, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთოების საკითხი.

    დოკუმენტს კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გაიტანენ.

  • შეუძლებელია, ენდო კვლევას, სადაც ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ივანიშვილი – ხვიჩია

    ”მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეუძლებელია, ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ შეხედო ამ კვლევას, მიხვდებით, რამხელა აბსურდამდე შეიძლება, მივიდეს ეს საქმე.”

    ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე.

  • ტილი რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საწინააღმდეგოა ევროკავშირის წევრობასთან – იუკნევიჩიენე

    ”უკვე ძალიან ბევრჯერ ითქვა, რომ ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, თუმცა ხალხი თუ არ შეცვლის სიტუაციას, არის შესაძლებლობა, რომ ეს ევროპული პერსპექტივაც დაიკარგოს, რადგან მეორე მხარეს არის რუსეთი. აქ სხვა პერსპექტივა არ არსებობს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს უკვე ერთხელ მოხდა ევროპის კონტინენტზე, როდესაც სლოვაკებმა დაკარგეს ევროპული პერსპექტივა, თუმცა მათ დიდი შეცდომის შემდეგ მოახერხეს ევროპულ ოჯახში დაბრუნება. ვფიქრობ იგივე გზა აქვს გასავლელი საქართველოს. ის სტილი რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საწინააღმდეგოა ევროკავშირის წევრობასთან.”

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ”ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

  • ევროპარლამენტარები – გამოვხატავთ შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში

    ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი დღეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს განიხილავს. ტექსტში რამდენიმე ცვლილებაა შესული.

    კერძოდ, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სადაც გამოხატულია შეშფოთება არსებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „რუსი ხალხი და ორგანიზაციები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლისთვის“.

    „კომიტეტი მოვუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, შეისწავლოს ეს ცნობები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. თუ ეს ცნობები დადასტურდა, მოუწოდებს მისი და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ“, – აღნიშნულია ტექსტში.

    ამასთან, ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა.

    „ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას საქართველოს პოლიტიკაში, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა მოგვარდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, – აღნიშნულია ცვლილების ტექსტში.

    ამასთან, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული ცვლილება მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.

    „კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და კონტროლის დონეს, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“, – აღნიშნულია ტექსტში.

  • აშშ-ს საელჩო შანსს ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს – ივანიშვილის დეპუტატები

    აშშ-ს საელჩო შანსს ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში ხედავს – ”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს” და “რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები”.

    ”ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას და ყოფილ პრეზიდენტს, თომას ჯეფერსონს ეკუთვნის სიტყვები – „მე დავიფიცე ღვთის საკურთხევლის წინაშე, რომ ვიქნებოდი დაუძინებელი მტერი ტირანიის ნებისმიერი ფორმისა ადამიანის გონზე“.

    თანამედროვე ე.წ. ლიბერალები თომას ჯეფერსონს უსათუოდ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ და დაგმობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი ფიცის გასამყარებლად ღვთის საკურთხეველი ახსენა. მეტიც, ისინი ჯეფერსონს მტრადაც კი გაიხდიდნენ, მაგრამ არა იმდენად ღვთის საკურთხევლის ხსენებისთვის, რამდენადაც იმის გამო, რომ ე.წ. ლიბერალების დღევანდელი პოლიტიკური ჰეგემონია უპირატესად სწორედ ადამიანის გონზე ტირანიას ემყარება. განსაკუთრებული ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ გლობალური ტირანიის უპირველესი წყარო, სამწუხაროდ, სწორედ თომას ჯეფერსონის სამშობლოა.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სიცრუე და ზიზღის ენა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით არის გამოხატული საქართველოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებები სიცრუეს და სიძულვილს ყოველდღიურად ტირაჟირებენ, რისი უმთავრესი ამოცანა ადამიანების დემორალიზება, ნიჰილიზმის დათესვა, ტრადიციული ღირებულებებისგან ადამიანების დაცლა, მანიპულირების ბრმა იარაღად საზოგადოების ქცევა და შედეგად, სახელმწიფოში სრული პოლიტიკური ინტერვენციის უზრუნველყოფაა.

    თანამედროვე მედიაში მოჭარბებული სიცრუისა და ზიზღის ენის აღკვეთის ნებისმიერ მცდელობას, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, აგრესიულად უპირისპირდებიან ე.წ. ლიბერალები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ, სინამდვილეში, სწორედ საკუთარი პოლიტიკური ჰეგემონიის მთავარ იარაღს – სიცრუესა და სიძულვილს იცავენ.

    ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული. „დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი – სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი.

    არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია.

    ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. ნაციონალური მოძრაობის კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს.

    სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები.

    საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა.

    კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა, ამ სენისგან განკურნებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას. ვფიქრობთ, ესეც ის საკითხია, რაზეც საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრათ და მისგან მოვისმინოთ შეფასება, არის თუ არა სიცრუე და ზიზღის ენა გამოხატვის ის ფორმა, რომელიც აბსოლუტური ფორმით დაცვას იმსახურებს.

    ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია დაიცვას ქვეყანა იმ მანკიერებისგან, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს” – წერია განცხადებაში.

  • შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი – ვაშაძე

    “ვიცი, რომ “ოცნებას” ძალიან აღელვებს ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს. რაც პარლამენტში ხდება, რაც გუშინ ან გუშინწინ დაარეგისტრირეს, ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამაზე პასუხს ნახავთ სამშაბათს, ევროპარლამენტის შუალედურ დასკვნაში საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაზე” გული ერევა უკვე მთელ ევროპას, იმდენად თაღლითი მატყუარების სახე აქვთ. ამას დაამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა. ყველა, ვინც პროევროპულია, გულწრლფელად გეუბნებით, გაემიჯნეთ პრორუსულ “ქართულ ოცნებას”, […] რაში [არ ვიღებთ მონაწილეობას]? კანონების განხილვაში, რომელზეც ევროპა ამბობს, რომ სისულელე და აბსურდია? დეოლიგარქიზაციის კანონზე პირდაპირ უთხრეს – ვის ატყუებთ? უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს “ქართულ ოცნებას”. “ქართულ ოცნებას” რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ. ისიც შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ და კობახიძის ნათქვამ სისულელეს კითხვაში გაიმეორებთ, საშველი არ იქნება”,-

    ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი – იაგო ხვიჩია

    ”მე, ზოგადად, ეს ტერმინი [ოლიგარქი] არ მომწონს, მე არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს რაღაც თავისი კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, მას კონტექსტი არ გააჩნია.

    ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, ისევე, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების პრობლემა, იყო ერთპიროვნული მმართველობა. ჩვენ გვყავდა ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილიც, მანამდე შევარდნაძე და ა.შ. არც რთი ეს ხალხი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ პრობლემა ერთპიროვნული მმართველობის მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გაგვაჩნია, ამიტომ, არასწორი სახელის შერქმევა ამ პრობლემაზე, ოლიგარქის შერქმევა, არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას მოსაგვარებელია, ჩემი აზრით და ეს პრობლემა მოსაგვარებელია, მათ შორის, ქართული ოცნებისაც, როგორც ენმ-ს მოსაგვარებელი იყო მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

    რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ხელისუფლებაზე და, ზოგადად, ამ ხელისუფლების მთავარი ლეგიტიმაციის წყაროც არის ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ – არ იცით თქვენ, რომ ეს ასეა? არ იცის ამომრჩეველმა, როცა არჩევნები ტარდება, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ლეგიტიმაცია? მას არ აძლევენ ხმას? შესაბამისად, ვაკრიტიკოთ ის ადამიანი, რომლის შესახებაც ვიცით, რომ მოანაწილეობს პოლიტიკურ პროცესში, რატომ მონაწილეობო, ჩემი აზრით, არასწორია. ჩვენ თუ გამარკჯვება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი იდეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის იმ იდეას, რომლითაც ის ხელისუფლებაშია, ვაჯობებთ.”

    აცხადებს, ომბუდსმენობის კანდიდატი და გირჩის დეპუტატი, იაგო ხვიჩა პარლამენტში.

  • ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა –  სარჯველაძე

    ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა – სარჯველაძე

    ”დეოლიგარქიზაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა შეუძლებელია, ინდივიდუალურ სახელებსა და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ გალაშქრებას გულისხმობდეს. აქ იგულისხმება ის, რომ კონკრეტული რეგულაციები დაწესდება, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ ადამიანებს ხელი შეეშლებათ, რომ მაგალითად, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიონ […] შეიძლება, რეალური პრობლემები შეექმნას მათ შორის იმ მოღვაწეობას, რომელსაც დღეს საქართველოში ბატონი დავით კეზერაშვილი ახორციელებს. ეს ნათელია, რადგან, ფაქტია, რომ ის თვითონ არ უარყოფს იმ საქმიანობას, რომელიც დეოლიგარქიზაციის პრინციპებთან აბსოლუტურად არათავსებადია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს – მას ამ წუთას ნამდვილად არაფერი ისეთი საქმიანობა არ აქვს, რაც შეიძლება, ასეთი კატეგორიის შეზღუდვების ქვეშ მოექცეს. იმიტომ, რომ ივანიშვილი არც პოლიტიკაში ერევა და არც ისეთი საქმიანობა აქვს, რომელიც შეიძლება, რაიმე ფორმით აკრძალვის ქვემდებარე გახდეს.”

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე.

  • 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ალიევთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდა – ჩუბინიძე

    “მგონი ძალიან არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, შეხვედრას არ ვესწრებოდი. მე ვარ დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და უზრუნველვყოფდი დაცვას. იქ ვიმყოფებოდი და 100%-იანი გარანტიით გეუბნებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა,”

    აცხადებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.