Blog

  • ამ დღეებში უდავოდ იქნება გარკვეული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ – პოდოლიაკი

    დარტყმები უდავოდ იქნება. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ იმისთვის აქვს, რომ პრევენციული გავლენა მოახდინოს ფრონტის ხაზზე ნეგატიურად განვითარებულ სცენარებზე და მთლიანად ომის მსვლელობაზე. განსაკუთრებით მაისის ამ დღეებში უდავოდ იქნება გარკვეული დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ.

    ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ხალხს, რომ ომი არ დასრულებულა. მაშინაც კი, თუ პროცესების გარკვეული შეფერხებაა. ერთადერთი ტაქტიკა, რაც რუსეთს დარჩა, მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმაა.

    აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • “პასუხისმგებლობა პირდაპირ აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ!” – ზახაროვა პრილეპინის აფეთქებაზე

    “პასუხისმგებლობა პირდაპირ აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ!” – ზახაროვა პრილეპინის აფეთქებაზე

    “პასუხისმგებლობა პირდაპირ აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ!” – ასე ეხმაურება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარ აფეთქებას, რა დროსაც ცნობილი რუსი მწერალი, პროპაგანდისტი და ომის მხარდამჭერი ზახარ პრილეპინი დაშავდა

    “ვაშინგტონმა და NATO-მ კიდევ ერთი საერთაშორისო ტერორისტული უჯრედი – კიევის რეჟიმი, გამოკვებეს. ბინ ლადენი, ISIS, ახლა ზელენსკი ავაზაკებთან ერთად. პირდაპირი პასუხისმგებლობა აშშ-სა და ბრიტანეთს ეკისრებათ”, – ამბობს ზახაროვა.

  • დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკრაინის დროშას აღვმართავთ დეოკუპირებულ დონეცკზე, ლუგანსკსა და ყირიმზე – სირსკი

    “ომის ბოლო წლების განმავლობაში თქვენ აჩვენეთ, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შესაძლებელია მოვლენების თქვენს სასარგებლოდ შემობრუნება. და მაშინაც კი, სადაც მტერი რიცხობრივად ჭარბობს, შესაძლებელია უკრაინის მიწის დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში უკრაინული ქვეითი ჯარი აღმართავს უკრაინის დროშას დეოკუპირებულ დონეცკზე, ლუგანსკსა და ყირიმზე.”

    აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი.

  • ერმაკის თქმით, რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნეს

    უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 45 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

    „ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” – წერს ერმაკი.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „რთული მოლაპარაკებების შედეგად” უკრაინული ტყვეობიდან მათ სამი პილოტი დაიბრუნეს.

  • ევგენი პრიგოჟინი მზადაა, ბახმუტში პოზიციები კადიროვის “ახმატს” გადასცეს

    რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს ახმატს გადასცენ.

    “ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს“.- ამბობს პრიგოჟინი და აღნიშნავს, რომ ის უკვე უკავშირდება ახმატის წარმომადგენლებს, რათა 10 მაისს, 00:00 საათზე პოზიციები გადასცეს.

    ცნობისთვის, გუშინ, 5 მაისს ცნობილი გახდა, რომ  ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. პრიგოჟინი უკრაინის ქალაქის დატოვების მიზეზად,  სამხედრო შეიარაღების უქონლობას ასახელებს.

  • დროა, EU-მ საქმით აჩვენოს, რომ მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს – პაპუაშვილი

    მომდევნო თვეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რათა შეიქმნას მყარი ნიადაგი ევროკავშირს წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯის გადადგმისთვის – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. მოველით, რომ მომდევნო შეფასებები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება სამართლიანი, გაითვალისწინებს საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს. ახლა ჯერი არა მარტო საქართველოზე, არამედ ევროკავშირზეც არის. დროა, ევროკავშირმა აჩვენოს საქართველოს, სიტყვითაც და საქმითაც, რომ ევროკავშირი თავის მომავალს საქართველოსთან ერთად ხედავს. საქართველო ევროპაა, კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს.

    ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა ამიტომ, მოქმედების დროა -ჰერჩინსკის მიმართვა

    “ჩვენ აქ ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი, ამიტომ, ახლა მოქმედების დროა.”

    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩნსკიმ “ევროპის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე, საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა.

  • ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით – კახა კალაძე

    „მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია.

    დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი,
    მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“, – აღნიშნა კალაძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას.

    „ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითიც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად. საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“,

    ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ჩვენი მთავრობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – ღარიბაშვილი

    ჩვენ დღეს ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე, ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის, ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად, შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

    თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ – მაია სანდუ

    “არ მჯერა, რომ ისინი (რუსები – რედ.) საზღვარზე გაჩერდებოდნენ. დღეს ჩვენ უსაფრთხოდ მხოლოდ უკრაინის წყალობით ვართ”,

    მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში, გააგრძელებდა ექსპანსიას მოლდოვის ტერიტორიაზე.  სანდუმ ამის შესახებ, Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.