Blog

  • რუსების ოლიმპიადაზე დაშვება უკრაინაში მშვიდობას დააჩქარებს – პიტერ სიიარტო

    უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  პიტერ სიიარტო რუსული პროპაგანდისთვის სასარგებლო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს,  რომ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსების მონაწილეობამ შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას. ამის შესახებ, სიირატომ, 25 ივლისს, იაპონიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან, სერ მიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    “სპორტსმენები, რომლებიც მთელი ცხოვრება მძიმედ ვარჯიშობენ და საერთო არაფერი აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ბოიკოტით აგებენ. ოლიმპიადა არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, არამედ სპორტული და სპორტსმენებზე, ოლიმპიადას აქვს ნამდვილი სამშვიდობო მისია,” – განაცხადა მან.

     

  • მოლდოვა რუსეთის საელჩოდან 45 ადამიანს აძევებს

    მოლდოვა რუსეთის საელჩოდან 45 ადამიანს აძევებს – აკრედიტირებული დიპლომატებისა და ტექნიკურ-ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ,  Deschide.MD ავრცელებს.

    “ეს იყო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, რის შესახებაც კიშინოვის ხელისუფლებამ დღეს დილით რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობა.” -აცხადებს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი,  დორინ რეჩანი.

    მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაციების მრჩეველმა, იგორ ზახაროვმა დააკონკრეტა, რომ ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს 18 დიპლომატისა და ტექნიკური პერსონალის 27 წარმომადგენლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

  • უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

    უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.  უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

    განგაში მიზეზი რუსი  ოკუპანტების მიერ, აღმოსავლეთიდან ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტების გაშვებაა.

  • აშშ არ აკრიტიკებს საქართველოს რუსეთთან სიფრთხილის გამო, “ოცნებამ” კარგად იცის რა არის პრობლემა EU-ს გზაზე – ფრიდი

    “მე ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველანაირი უფლება აქვს, ჰქონდეს ფრთხილი პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. არასდროს მითქვამს, რომ საქართველო უკრაინისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. მე მესმის საქართველოს სუსტი მხარეები, მაგრამ პრობლემა ისაა, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა იმას, რასაც მოლდოვა აკეთებს – რაც არის თავისი დაუცველობის, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მაშინ, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს. საქართველო კი ისე გამოიყურება, თითქოს ამის საპირისპიროს აკეთებს და რუსეთთან კავშირებს ზრდის. ამას მოლდოვა ნამდვილად არ აკეთებს.[…] საქმე ისაა, რომ მე არ მესმის, რას აკეთებს საქართველო, რადგან ის სინამდვილეში თავს უფრო დაუცველს იხდის რუსეთის წნეხის მიმართ, რადგან ის საკუთარი თავის იზოლირებას ახდენს დიდი ხნის მეგობრებისგან”,

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი დიპლომატი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.

  • ”უნდა მოვაწესრიგოთ მეგობრებო“ – კალაძე აღმაშენებელზე ღია კაფეების მესაკუთრეებს სანებართვო დოკუმენტების მოწესრიგებას სთხოვს

    ”უნდა მოვაწესრიგოთ მეგობრებო“ – ასე მიმართა, თბილისის მერმა, აღმაშენებლის გამზირზე, ღია კაფეების მესაკუთრეებს. კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც აღმაშენებლის გამზირისა და ჭოროხის ქუჩის კვეთიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთს მოიცავს, 40-მდე ღია კაფე ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ფუნქციონირებს.

    „თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ საფეხმავლო მონაკვეთზე, ჭოროხის ქუჩის კვეთიდან ზაარბრუკენის მოედნამდე, ყოველგვარი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებულია 40-მდე ღია კაფე. ქაოტურად განთავსებული ღია კაფეები გადაადგილებისას პრობლემას უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ზოგადად, ამ ქუჩაზე მოსიარულეებს. ბიზნესს რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ან რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ ეს დამოკიდებულება და ამგვარი მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია.

    თქვენ იცით, რომ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში ეს სივრცე რეაბილიტირდა და ერთი სიამოვნება იყო აქ გასეირნება. დღეს ვხედავთ გარე კაფეებს, რომლებიც ყოველგვარი ნებართვების გარეშე ფუნქციონირებს. ჩვენ გვახსოვს პანდემიის პერიოდი, როდესაც ყველანაირად გვერდში დაგიდექით და მხარი დაგიჭირეთ, რომ აღნიშნული სივრცეები გარეთ მოგეწყოთ, რადგან დახურულ სივრცეში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. იმისთვის, რომ თქვენს ბიზნესს, თქვენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს არ შექმნოდა პრობლემა, მოგეცით საშუალება, რომ გარე სივრცეები გამოგეყენებინათ, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ვიზუალური, ასევე გადაადგილების თვალსაზრისით – იმდენად არის გამოწეული ორივე მხარეს, რომ გავლა
    შეუძლებელია, სახანძრო ან სასწრაფო დახმარების საჭიროების დროს, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ მეგობრებო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ ვადა, მოაწესრიგონ როგორც დოკუმენტაცია, ასევე ვიზუალური მხარე.

    „თქვენ გეძლევათ ვადა, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებთან შეათანხმოთ როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ნებართვები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს რეაგირება და მუნიციპალური ინსპექცია იქნება ჩართული სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად. გაქვთ დრო იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ვიზუალურ მხარესაც აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი პირველ რიგში თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და ქალაქისთვისაც. არავინ არაფერში გზღუდავთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კანონის ფარგლებში. ბიზნესის კეთება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის დამახინჯების ან იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

  • საავტორო უფლბებების და ჯანდაცვის კანონებს ვეტოს არ ვადებ – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა სამედიცინო სექტორსა და ინტელექტუალური უფლებების დაცვის შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს. პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ მან ვეტო არ გამოიყენა, ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

    “ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

    სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.

    საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, შეიძლება ითქვას, რომ მათი მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

    თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა.

    ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს.

    ამდენად, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • მეტრო “ვარკეთილი” სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო აღარ დაიკეტება – კალაძე

    “მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზე ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს, როგორ წარიმართება დროის თვალსაზრისით. გახსოვთ, მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ, როდესაც ვიწყებდით აღნიშნული პროექტის განხორციელებას, ვთქვი, რომ რამდენიმე ხნით მოგვიწევდა მეტროსადგურ “ვარკეთილის” დროებით დაკეტვა, რათა სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიახლე, კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ სადგურის დროებით ჩაკეტვა არ დაგვჭირდება, ისე განხორციელდება სამუშაოები. მინდა, ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამუშაოების შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს მომდევნო წლის ზაფხულში,”

    ამის შესახებ, ​თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

  • ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო – ხაბეიშვილი მელიაზე

    „ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, აწუხებს დაბალი პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამსახური, გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია ხალხისთვისაც. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკოსებად ვინც მიიჩნევენ თავს და არა საკუთარი პრობლემების მოსაყოლად. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი.

    რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე. დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე ვაკეთო კომენტარი. ჩემთვის მნიშვნელოვანია 100 ათასამდე ბავშვი რომ შიმშილობს, 7 ათასამდე სტუდენტს რომ აქვს სტატუსი შეჩერებული, პენსიონერებს საპენსიო სესხის განულებას რომ ვპირდები და ასეთი 400 ათასი რომაა, საპენსიო ასაკმა როგორ დაიწიოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა კარგი იყოს ავტომობილი, თუ დროის გასვლის შემდეგ ამ ავტომობილს ზეთს არ გამოვუცვლით, მისი ძრავა აუცილებლად გაჩერდება, ასევეა პოლიტიკაშიც. წარმოუდგენელია ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება, ასე არ გამოვა. ამიტომ კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთს გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავა არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას“,

    ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

  • სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 ქართველი წევრი დააკავა

    სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 ქართველი წევრი დააკავა

    სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) 2 ქართველი წევრი დააკავა.

    “უსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს.

  • ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე, 3 დღით, 11:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. ინფორმაციას ამის შესახებ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    უწყების ცნობით, 2023 წლის 26, 27 და 28 ივლისს 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.