Blog

  • კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

    კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას – ზურაბიშვილი

    “კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

    ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!”

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს. ის სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გმობს და  საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ითხოვს.

  • არავინ უნდა შემოვუშვათ, ვინც არ ეთანხმება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, და ვინც შემოვუშვით უნდა გავა*მევინოთ! – ბორის ჩელე ყურუა

    “არავინ უნდა შემოვუშვათ საქართველოში, ვინც არ ეთანხმება ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას
    და უნდა გავაჯმევინოთ, მათ ვინც უკვე შემოვუშვით.
    ეს, მინიმალური ტესტი მაინც გვქონდეს”.

    აცხადებს, “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ბორის ჩელე ყურუა.

  • ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია – ბოკერია

    ახალი არაფერი არ გაგვიგია, მაგრამ ეს ამბავი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურება შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც უნდა პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და, რაც მთავარია, შემდეგ რეალური ცვლილებები, ქვეყნის გათავისუფლება – სანამ ნაციონალური მოძრაობა, როგორიც ის დღეს არის, არის ლიდერი ოპოზიციის შიგნით, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის. ივანიშვილის რეჟიმისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი იმის გამო, რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა – უპრინციპო, უღირებულებო, დიდი პოლიტიკური ზომბი.

    ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას

  • ჩვენ რა შუაში ვართ – გარკვევით წერია საელჩოს თანამშრომლის სახელი – კალაძე FARA-ს დოკუმენტზე

    “შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის.

    რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ რა შუაში ვართ? როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია”.

    ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.

  • უკრაინამ კონტრშეტევის ტაქტიკა შეცვალა – Financial Times

    კონტრშეტევის პირველ ეტაპზე წარუმატებლობამ აიძულა უკრაინა შეეცვალა ტაქტიკა – ამის შესახებ, გაზეთი Financial Times წერს.

    სამხედროები, რომლებსაც FT-ის ჟურნალისტები ესაუბრნენ უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს “ქაოსს” უწოდებენ. სამხედროების წინსვლას თან ახლდა მეგობრული ცეცხლის ინციდენტები და შეტევის მცდელობები კი გადაიზარდა სამაშველო ოპერაციებში მას შემდეგ, რაც უკრაინელები დანაღმულ ველებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს რუსული კა-52 ვერტმფრენების შეტევებს შეეჯახნენ.

    ”ამ ეტაპზე უკრაინამ დაკარგა ნატოს მიერ მისთვის მიწოდებული იარაღის დაახლოებით მეხუთედი”- წერს Financial Times-ი.

    შედეგად კიევმა შეცვალა ტაქტიკა და უკრაინელი მეთაურების თქმით,ეს როგორც ჩანს, ბრძოლის ველზე ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.

    შეტევითი მოქმედებების ნაცვლად უკრაინელი სამხედროები არტილერიის მასირებულ გამოყენებაზე გადავიდნენ, რომელიც რუსულს სიშორით და სიზუსტით ბევრად ჯობს. ეს მათ საშუალებას აძლევს მოწინავე ჯგუფების წინსვლა უზრუნველყონ და ტაქტიკურ წარმატებებს დიდი დანაკარგების გარეშე მიაღწიონ.

    “ჩვენ ვაყენებთ დარტყმას მტერს, შემდეგ ჩვენი ქვეითი ჯარი გადადის შეტევაზე, ვამზადებთ პირობებს ადგილზე, რომ ჩვენმა ჯარებმა მინიმალური დანაკარგები განიცადონ“– ამბობს ვიქტორი, ამერიკული M777 ჰაუბიცების ბატარეის მეთაური.

    დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ კითხვები ამ სტრატეგიასთან დაკავშირებით – უპირველეს ყოვლისა, შეუძლია თუ არა უკრაინას საკმარისად დიდხანს მიჰყვეს მას ან მიაღწიოს ისეთ სამხედრო გარღვევას, რომელიც მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს. არსებობს შიშები, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საარტილერიო ჭურვები ძალიან სწრაფად ამოეწურება და ძალიან ნელმა სამხედრო წინსვლამ შეიძლება რუსეთს მისცეს დრო, რომ გამაგრდეს დაახალი ძალები მოამზადოს.

    მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ამ ტაქტიკამ შეამცირა უკრაინის დანაკარგები. პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დასავლეთის მიერ გადაცემული ტანკებისა და სამხედრო მანქანების დაზიანებისრაოდენობა შემცირდა კონტრშეტევის პირველ ორ კვირასთან შედარებით, ხოლო უკრაინამ მცირე, მაგრამ სტაბილური წარმატებებს მიაღწია, აღნიშნავს გაზეთი.

  • რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო – კალაძე

    „რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას და სხვა ქვეყნების გამოყენებას, რა თქმა უნდა, უნდა ეძებონ სხვა ქვეყნები და არა საქართველო. საქართველოში აბსოლუტურად ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება, ვთანამშრომლობთ ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან. დასამალი არაფერია – ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა და თუ რაიმე კითხვები არსებობს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს საკითხი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში უნდა განიხილებოდეს და არა საქართველოსთან“,

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

  • 28 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, ხვალ 28 ივლისს დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

    უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • მართლმსაჯულების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის, EU-სკენ მიმავალ გზაზე პროგრესისთვის – ო’ბრაიენი

    მოგეხსენებათ, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები დაუწესა მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც საქართველოში სასამართლო სისტემის კონტროლით იყო ცნობილი. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისკენ პროგრესის მისაღწევად ეს ერთ-ერთი პირველი მოთხოვნაა. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან და ნათლად ვუთხარით საქართველოს მთავრობას, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, დისციპლინისა და მონიტორინგის გაუმჯობესება, პროგრესის მისაღწევი მთავარი სფეროა.

    მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია – დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონდათ მათთან შეხვედრა. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

    რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ მთავრობის უკან მდგომ ეკონომიკური ინტერესების მქონე ჯგუფს უნდა მიეცეს გაცნობიერების საშუალება, რომ ევროპასთან გასაერთიანებლად საჭირო რეფორმები, რეალურად არის მიმართულება, რომლისკენაც ქვეყანა მიდის.

    ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რათა ცხადი გავხადოთ, რომ მათ მიერ წაყენებული პირობები, ასევე აისახება ჩვენს დახმარებასა და პირობებზე და რომ მომდევნო რამდენიმე თვეში, ჩვენ უნდა დავინახოთ ამ მხრივ წინსვლა. შემოდგომა კრიტიკული იქნება, რადგან ევროპული საბჭოს ანგარიში გახდება ცნობილი.

    ასე უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ო’ბრაიენმა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვას.

  • სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ Bloomberg-ის წყაროებიც იუწყებიან

    გამოცემა Bloomberg-ის წყარომ ასევე იუწყება სამხრეთში უკრაინის შეტევის დაწყების შესახებ.
    უკრაინამ გააძლიერა შეტევითი ოპერაციები სამხრეთში, ხოლო კონტრშეტევამ მთლიანობაში დაიწყო იმპულსის მოპოვება, წერს Bloomberg ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან თითქმის ორი თვის განმავლობაში მისი პროგრესი ნელი იყო ნაღმების, სატანკო ბარიერებისა და რუსული სამხედროების მიერ დაგებული სხვა თავდაცვითი ბარიერების გამო, აღნიშნავს სააგენტო.

    მანამდე უკრაინა ზაპოროჟიის რეგიონში ორეხოვის სამხრეთით თავდაცვითი ხაზების გარღვევას ელის, იტყობინება ამერიკული გაზეთი The New York Times პენტაგონის ორ წყაროზე დაყრდნობით. კონტრშეტევის ახალი ეტაპი ასევე დააფიქსირდა ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტშმა (ISW).

  • აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ,თქვენ ტანკებით შეხვედით იქ – რუსეთიდან კრუიზით ჩამოსულები

    “აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ,თქვენ ტანკებით შეხვედით იქ” – ამის შესახებ,საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-თი ჩამოსულმა, რუსმა ტურისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ”რუსეთი ოკუპანტი არ არის” და არაფერი იციან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამასთანავე კრუიზით ჩამოსული რუსი ტურისტები აღნიშნავენ, რომ ”რუსეთი და საქართველო ერთიანი ქვეყანაა” და “ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ”.

    “მთავარმა არხმა” რამდენიმე ტურისტი ჩაწერა:

    • “აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
    • “1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ”, – ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.

    ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავს, ბათუმშია. რუსი ტურისტების მოგზაურობის ფარგლებში იგეგმება სპეციალური საექსკურსიო ტური და ადგილობრივი სამზარეულს დაგემოვნება. გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე 850 მგზავრი იმყოფება. ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.