Blog

  • გია ნოდია განმარტავს, რატომაა სწორი ამ ომში ისრაელის მხარეს დგომა

    პოლიტოლოგი გია ნოდია ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ”ისრაელის და ჰამასის ერთ დონეზე დაყენება მორალური სიბრმავეა”.

    ”რატომაა სწორი ამ ომში ისრაელის მხარეს დგომა?

    ამ კითხვაზე პასუხს ვერ ვიპოვით, თუ იმაზე დავიწყებთ მსჯელობას, რა უფრო სამართლიანია – დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ებრაელებისა იყოს თუ არაბების. ამის აბსოლუტური კრიტერიუმი, სამწუხაროდ, არ არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელის შექმნის გადაწყვეტილება ძალიან საკამათო იყო, მაგრამ ამ ტერიტორიის სტატუსის ნებისმიერი სხვა განსაზღვრაც საკამათო იქნებოდა. იმპერიები თავის შემდეგ „სამართლიან საზღვრებს“ არ ტოვებენ. ფაქტი ისაა, რომ ისრაელმა გაეროს გადაწყვეტილება ტერიტორიის გაყოფაზე მიიღო, არაბებმა კი – არა. თანამედროვე ერები „ისტორიული სამართლიანობის“ აღდგენას რომ ცდილობდნენ, ომებს დასასრული არ ექნებოდა.

    ძირითადი, რაც მხარეებს ერთმანეთისგან არსებითად განასხვავებს, მათი გამოყენებული მეთოდებია. შემხვდა პოსტები იმაზე, რომ დაღუპული პალესტინელი ბავშვები არანაკლებ უნდა შეგვეცოდოს, ვიდრე დაღუპული ებრაელი ბავშვები. ეს სადავო არაა, მაგრამ ასეთი აბსტრაქტული მორალიზმი მიზანს აცდენილია.

    მთავარია, ვისი რეალური ქმედებების გამოა, რომ ბავშვები ორივე მხარეს იხოცებიან. ცხადია, ისრაელის საზოგადოებას თავისი ბავშვები სასიკვდილოდ არ ემეტება; მაგრამ ის ასევე ცდილობს, არაბ მოსახლეობაშიც მაქსიმალურად თავიდან აიცილოს ქალების და ბავშვების მსხვერპლი. ამისკენ, ჰუმანურობის გარდა, წმინდა პრაგმატული მიზეზი უბიძგებს: მისი უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ მის ჯარზე და სპეცსამსახურებზე, არამედ დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერაზე – რომელსაც დაკარგავს, თუ განურჩევლად ყველას ხოცვას დაიწყებს. ამიტომ, თუმცა ხანდახან ყუმბარა ქალსაც მოკლავს და ბავშვსაც, ისრაელის ინტერესებში ეს არ შედის. ეს ფაქტორი რომ არა, ღაზას სექტორი აქამდე მართლა „დადუღებული“ იქნებოდა – საამისო სამხედრო რესურსი ისრაელს აქვს.

    ჰამასს კი არა მხოლოდ ებრაელი, არამედ საკუთარი ბავშვებიც არ ეცოდება; ებრაელი ბავშვების მოკვლით მტერს ამწარებს, ხოლო ისრაელის ბომბი თუ არაბ ბავშვს მოხვდა, საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.

    ნიშნავს თუ არა ეს, რომ ისრაელის ხელისუფლება ყველაფერს სამართლიანად აკეთებს და მისი კრიტიკა არ შეიძლება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მისი და ჰამასის ერთ დონეზე დაყენება მორალური სიბრმავეა.”-წერს გია ნოდია.

  • თუ გსურთ EU-ში და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში-იუკნევიჩიანე ქართველებს

    “ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, მაგრამ არავის შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად ქართველებს. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება და ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას. თუ ამბობთ, რომ გსურთ ევროკავშირი და ასევე, მხარს უჭერთ პრორუს მთავრობას, ვერავინ დაგეხმარებათ ცვლილებაში. პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიტიკური ელიტის ყველა მხარეს. სამწუხაროდ, საქართველო არ შეუერთდა სანქციებს. ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არა ხელისუფლება, რაც ასევე ძალიან დამაფიქრებელია.

    დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიის სწორ მხარეს დგომა. დღეს პუტინის მხარეს დგომა სამარცხვინოზე ბევრად უფრო მეტია. უკრაინის ბრძოლის გარეშე საქართველოს არ ექნებოდა სტატუსის მიღების შანსი”.

    ასე მიმართავს, ევროპარალმენტარი რასა  რასა იუკნევიჩიანე ქართველებს.

  • „გადატრიალების საქმეზე“ფოტოგრაფი ვახო ქარელი სუს-ში დაიბარეს

    “გადატრიალების” საქმეზე ფორმულას ფოტოგრაფი ვახო ქარელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

    როგორც ვახო ქარელი ნეტგაზეთთან აცხადებს, გამოკითხვაზე დაბარების მიზეზი, „კანვასის“ ტრენინგზე მისი დასწრება გახდა.

    ვახო ქარელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი თქვა და მაგისტრ მოსამართლეს წინაშე მისცემს ჩვენებას.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ი ამტკიცებს, რომ რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, გამოიყენება ორგანიზაცია CANVAS საქართველო, რომლის ბირთვსაც, სუს-ის მტკიცებით, ორგანიზაცია ოტპორი წარმოადგენს.

     

  • ფაშინიანი წინააღმდეგია განიხილოს საქართველო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პლატფორმად

    აზერბაიჯანი შესაძლოა შეეცადოს ძირი გამოუთხაროს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული პრინციპების ჩარჩოს– აცხადებს სომხეთის  პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი.

    სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის  მიცემულ ინტერვიუში სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, განიხილოს საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად.

    ფაშინიანმა თქვა, რომ ალიევის წინადადება შეიძლება განიმარტოს, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების გაუქმების მცდელობა სხვა პლატფორმაზე გადასვლით, ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილება.

    „გრანადაში შედგა შეხვედრა და ევროკავშირის პლატფორმაზე დაფიქსირდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრინციპები, ჩვენი და ევროკავშირის თვალსაზრისით. ახლა გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვიკრიბებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რაც, მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სომხეთის ინტერესებს შეესაბამება. ეს მიიღო სომხეთის რესპუბლიკამ და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. ახლა კი, როდესაც ჩვენ განვიხილავთ ბრიუსელში შეხვედრის საკითხს, სადაც, ფაქტობრივად, უნდა შეიკრას წრე,  და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს ჩვენ მიერ შეიძლება განიმარტოს, ასე, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით  აზერბაიჯანს სურს გააუქმოს უკვე შეთანხმებული პრინციპები“, – განაცხადა ფაშინიანმა.

    მისი თქმით, პრინციპები უნდა იყოს შეთანხმებული, ხელმოწერილი და გამოცხადებული, რაც ცხადს გახდის დისკუსიის ჩარჩოს.

    ფაშინიანის თქმით,  შიში იმისა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა მართლაც ახალ ესკალაციას გეგმავს, სულ უფრო ძლიერდება.

    „ჩვენ არავითარი საუბრის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ლოგიკის წინააღმდეგი ვართ, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს“, – დასძინა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

  • TV იმედის “ღამის შოუს” ბენდმა ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო – “ფლანგვის დეტექტორი”

    იმედის ღამის შოუს ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი უტენდეროდ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    “2020-2023 წლების მონაცემებით ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 343,800 ლარის 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

    ღამის შოუს ბენდი ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ. მაგალითად, ასეთ კერძო პირებს წარმოადგენენ გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ბექა სულაძე და გელა გნოლიძე.

    რაც შეეხება თავად საჯარო დაწესებულებებს, ძირითადად, ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულებებს ადგილობრივი თვითმმართველობები აფორმებენ. ხელშეკრულებები ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ფორმდება.

    არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც მუნიციპალიტეტები შესყიდვების სააგენტოს მიმართავენ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, ძირითადად შესყიდვის აუცილებლობას შაბლონური ტექსტით ასაბუთებენ, საიდანაც არ იკვეთება შესყიდვის გამარტივებული გზით ჩატარების აუცილებლობა. ასე მაგალითად: ქუთაისის მერიამ ღამის შოუს ბენდს 35,000 ლარი უტენდეროდ გადაუხადა 2020 წლის საახალწლო კონცერტისთვის, ხოლო დასაბუთებაში არ განუმარტავს, თუ რა იყო გამარტივებული შესყიდვის ჩატარების მიზეზი და რატომ არ შეიძლებოდა ამ შესყიდვისთვის ტენდერის გამოცხადება.

    ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან 2022 წელს ფოთის მერიამაც გააფორმა, ღირებულებით 32,300 ლარი.

    ფოთის მერიასკონცერტის ჩატარება 24-25 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი. ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება მერიამ შემდეგი მოტივით დაასაბუთა – “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ღონისძიებების ფარგლებში, ღამის შოუსთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა . ხელშეკრულების ღირებულებამ 22,000 ლარი შეადგინა. დასაბუთებაში აქაც მითითებულია: “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ ახალგაზრდებში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობითა და მაღალი სატელევიზიო რეიტინგით. სწორედ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით მოხდა მასზე არჩევანის შეჩერება და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს გიორგი გაბუნია და “ღამის შოუს ბენდი”.

    ღამის შოუს ბენდთან ბოლო შესყიდვა ვანის მერიამ განახორციელა, რომელმაც 2023 წლის 19 სექტემებრს ი/მ ბექა სულაძესთან 26,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ამ თანხის სანაცვლოდ ღამის შოუს ბენდმა ვანელობის დღესასწაულზე იმღერა. გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძვლად ამ შემთხვევაშიც ექსკლუზიური უფლებამოსილება დასახელდა.

    ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას ფორმალური დასაბუთებით შეუძლია ხელშეკრულება გააფორმოს ნებისმიერ პირთან, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირდება და მათთან ხელშეკრულების გაფორმების ფორმალურ მიზეზად დასახელდება ის, რომ არ არსებობს ვინმე სხვა მიმწოდებელი, რომელიც იმავე მომსახურებას გაწევს. თუნდაც ეს მომსახურება საახალწლოდ სიმღერას ან ნებისმიერ მსგავს მომსახურებას გულისხმობდეს.

    აღსანიშნავია, რომ “ღამის შოუს ბენდი” ტელეკომპანია იმედისა და პოსტ ტვ-ის თანამშრომლებით დაკომპლექტებული ბენდია, რომელიც ქართული ოცნების შეკრებებსა და კონცერტებზე ხშირად ჩნდება. ამავე დროს, ღამის შოუს ბენდთან საჯარო ორგანოების მიერ გაფორმებულ რამდენიმე ხელშეკრულებაში მიმწოდებელ მხარედ ფიგურირებს ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან წილს 2017-2022 წლებში ფლობდა, ხოლო ახლა ამ ტელეკომპანიის ეთერში სხვადასხვა ტიპის, ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებში გვხვდება.

    პროსახელისუფლებო მედიებთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირების ფონზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ექსკლუზიურად ამ ბენდთთან გაფორმებული ასიათასობით ლარის ხელშეკრულების უკან სწორედ მათი ხელისუფლებისადმი ლოიალობა დგას, რაც ცხადია, დადასტურების შემთხვევაში, კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს.” -ნათქვამია ინფორმაციაში.

  • ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა

    ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა

    ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით კი ღაზას სექტორში დაიღუპა 900 პალესტინელი. 4500 კი დაშავდა.

    დასავლეთ სანაპიროზე 21 პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

    ისრაელი ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას განაგრძობს. წუხელ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში 200 სამიზნეზე მიიტანეს შეტევა. ბოლო 24 საათში კი ისრაელის არმიის ინფორმაციით ჰამასის პოზიციებზე 450 ავიადარტყმა განახორციელეს. მათ შორის ალ ფუკანში, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას ჰამასი ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.

    ისრაელის არმიამ დღეს ჰამასის კიდევ 18 ბოევიკის განადგურების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შაბათს, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ.

    მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ გაანადგურეს 1500 ჰამასელი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე და ამჟამად საზღვარი ღაზას სექტორთან სრულად კონტროლდება. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წმენდა და შემორჩენილი ბოევიკების ძებნა.

  • ისრაელმა ავიაგამანადგურებლებით ღაზაში 70-ზე მეტი ობიექტს დაარტყა

    ისრაელმა დღეს დილით, ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით ავიაგამანადგურებლით,  70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

    ”ათობით გამანადგურებელმა დარაჯ ტუფაჰის რაიონში 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.[…]გარდა ამისა, განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა““, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

    მათი მტკიცებით, ეს არის ტერიტორია, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით თავდასხმა ხორციელდება.

  • NYT იმ ფაქტორებზე წერს, რომლებმაც ხელი შეუშალა ისრაელის დაზვერვას ჰამასის შეტევის შეჩერებაში

    ისრაელის სამხედრო და ჯაშუშური სამსახურები მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება, მაგრამ შაბათს, ოპერატიული და სადაზვერვო საქმიანობის წარუმატებლობამ გამოიწვია ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაშ ისრაელის თავდაცვის ყველაზე სერიოზული გარღვევა, წერს The New York Times.

    ისრაელის დაზვერვის ოთხი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ისრაელში ჰამასის შეჭრა შესაძლებელი გახდა ისრაელის დაზვერვისა და სამხედროების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში რიგი შეცდომების გამო. მათ შორის გაზეთის წყაროებმა დაასახელეს:

    • დაზვერვის უუნარობა გაეკონტროლებინა ძირითადი საკომუნიკაციო არხები, რომლებსაც იყენებდნენ ჰამასის მებრძოლები;
    • საზღვრის სათვალთვალო აღჭურვილობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება, რომლის გამორთვაც ჰამასმა მოახერხა;
    • მეთაურების კონცენტრაცია ერთ სასაზღვრო ბაზაზე, რომელიც შეჭრის დასაწყისში იქნა აღებული,რამაც  ხელს უშლიდა კომუნიკაციას დანარჩენ შეიარაღებულ ძალებთან;
    • ღაზას სამხედრო ლიდერების პირადი სატელეფონო საუბრების დროს გაკეთებული განცხადებების „პირდაპირი აღქმა“, რომ ისინი არ ემზადებიან ბრძოლისთვის. ჰამასის მებრძოლებმა იცოდნენ, რომ ეს არხები ისრაელის მიერ ისმინებოდა.

    როდესაც ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა გასულ კვირას აცნობეს უსაფრთხოების ხელმძღვანელებს ქვეყნის თავდაცვისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეების შესახებ, მათ ყურადღება გაამახვილეს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანელი ბოევიკების საფრთხეზე, ჰამასისგან მომავალი საფრთხე კი პრაქტიკულად არც უხსენებიათ– წერს  New York Times.

  • EU-მ უნდა მიანიჭოს სტატუსი საქართველოს, ამავდროულად დაასანქციროს ოცნების წევრები – კრამერი

    “ფარცხალაძე არის დაახლოებული პირი ახლანდელ გენერალურ პროკურორთან და ასე, რომ ვფიქრობ, ეს სანქცია აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვანნი მესიჯის მატარებელია. მას წინ უძღოდა მოსამართლეების დასანქცირებაც, ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამავდროულად, პრემიერმინისტრი ბეიჯინგში ვიზიტისას საუბრობდა ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. ამის პარალელურად კი, ვხედავთ თავდასხმებს აშშ-ზე. კონკრეტულად აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რაც არის გაუგონარი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან.

    ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავთ მიმართულებას, რომლითაც ქართულ ოცნებას მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ასევე, მოხიბლული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ძალიან პროევროპული, პროდემოკრატიული და ასევე, უკრაინის მხარდამჭერია. ასე, რომ ამ ყველაფერზე დაყრდნობით მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს ქართული ოცნებიდან”

    აცხადებს, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი.

  • ღაზასთან სექტორთან 300 000-მდე ჯარისკაცი გვყავს განლაგებული – ისრაელი

    ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა,ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

    „ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან – 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა.[…]ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” – განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.