Blog

  • მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943″ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი ნატოს

    “ჩვენ მძიმე დარტყმა მივიღეთ, თუმცა არ შეცდეთ – 2023 არ არის 1943. ჩვენ იგივე ებრაელები ვართ, მაგრამ გვაქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ჩვენ ვართ ერთიანები და ძლიერები. ჰამასი არის ღაზას „ისლამური სახელმწიფო“, ველური ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს და მხარს უჭერს ირანი. ჰამასი არის ღაზას “ისლამური სახელმწიფო”, ISIS არ იარსებებს ჩვენს საზღვრებზე. IDF გაანადგურებს ჰამასს. მივაგნებთ ყველას, ვისაც ხელები ჩვენი შვილების სისხლით აქვს შეღებილი”

    აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

  • მსუბუქ/სამგზავრო ტრანსპორტს რიკოთზე გავლა ნებისმიერ დროს შეეძლება

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი და სამგზავრო ტრანსპორტისთვის დაწესებული სპეციალური რეჟიმი უქმდება და მათი გადაადგილება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.

    “იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.

    სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში

    მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მივაწვდით, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

    „ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”,

    ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.

  • მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ – მეცოლა

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩვენი სოლიდარობის გამოსახატავად, საზარელი ტერაქტებისა და მკვლელობის დასაგმობად – ასევე, იმის მოთხოვნისთვის, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მძევლები.

    განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმაზე.

  • ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

    ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.

    ბლინკენი შეხვდება ისრაელის ოფიციალურ პირებს. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდებაპალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.

  • აშშ-ის პირველადი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ირანის უშუალო მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში

    CNN-თან საუბრისას რამდენიმე წყაროს თქმით, შეერთებულმა შტატებმა მიიღო სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ვერსიას იმის შესახებ, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული ისრაელზე ჰამასის თავდასხმის დაგეგმვაში, გეგმის დამტკიცებაში ან დაფინანსებაში.

    თუმცა, სადაზვერვო საზოგადოება არ არის მზად საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად და აგრძელებს მტკიცებულებების ძიებას ისრაელში ჰამასის შეჭრაში თეირანის მონაწილეობის შესახებ.

    CNN-ის წყაროებმა ამ მონაცემების დეტალების შესახებ არაფერი თქვეს.

    ბოლო დღეებში, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი უშუალოდ იყო ჩართული თავდასხმაში, თუმცა მათ დაგმეს თეირანი, როგორც „თანამონაწილე“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰამასის აქტიური მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

    ირანი დაჯგუფებას ამარაგებს ფულით, იარაღით და მაკომპლექტებლებით ღაზაში კონტრაბანდული გზით, ასევე ფართო ტექნიკურ და იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევს.

    თუმცა, ჰამასი ინარჩუნებს გარკვეულ დამოუკიდებლობას ირანის რეჟიმისგან. უშიშროების ყოფილი ოფიციალური პირებისა და რეგიონალური ანალიტიკოსების თქმით, თეირანს არ ჰყავს მრჩევლები ადგილებზე ბლოკადაში მყოფ ღაზაში და არ ხელმძღვანელობს ჯგუფის საქმიანობას.

  • ისრაელის მთავრობა, ოპოზიციასთან ერთად საგანგებო მთავრობას ქმნის

    ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიუაჰუ და ოპოზიციური პარტია ”ეროვნული ერთიანობის” ლიდერი, ბენი განცი საგანგებო ეროვნული ერთიანობის მთავრობას ქმნიან.  ინიციატივა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ეკუთვნის.

    საგანგებო მთავრობა ომის პერიოდში შიდაპოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

    ბენი განცი მოთხოვნით შეიქმნება ომის მცირე კაბინეტი, რომელიც წარმართავს ომს ჰამასთან, რომელშიც განცთან ერთად შედიან მხოლოდ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

    მხარეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ერთიანობის საგანგებო მთავრობა არ მიიღებს არანაირ კანონსა თუ გადაწყვეტილებას, რაც არ იქნება ომთან კავშირში, შესაბამისად, საკამათო სამართლებრივი საკითხები საგანგებო მთავრობის მოქმედების პერიოდში არ გადაწყდება.

    კაბინეტში დამკვირვებლების რანგში წარმოდგენილნი იქნებიან ისრაელის სტატეგიული ურთიერთობების მინისტრი, რონ დერმერი და ისრაელის თავდაცვის ძალების ყოფილი გენერალი, ეროვნული ერთიანობის წევრი, გადი აიზენკოტი.

    ბოლო მონაცემებით, ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით კი ღაზას სექტორში დაიღუპა 900 პალესტინელი. 4500 კი დაშავდა.

    ისრაელი ღაზას სექტორის საჰაერო დაბომბვას განაგრძობს. წუხელ ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში 200 სამიზნეზე მიიტანეს შეტევა. ბოლო 24 საათში კი ისრაელის არმიის ინფორმაციით ჰამასის პოზიციებზე 450 ავიადარტყმა განახორციელეს. მათ შორის ალ ფუკანში, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მას ჰამასი ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.

    ისრაელის არმიამ დღეს ჰამასის კიდევ 18 ბოევიკის განადგურების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ისრაელის ტერიტორიაზე შაბათს, 7 ოქტომბერს შეიჭრნენ.

    მანამდე ისრაელის არმია აცხადებდა, რომ გაანადგურეს 1500 ჰამასელი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე და ამჟამად საზღვარი ღაზას სექტორთან სრულად კონტროლდება. ამავე დროს, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წმენდა და შემორჩენილი ბოევიკების ძებნა.

  • “ქართულ ოცნებას” შესაძლოა არ ესმის ევროპული ღირებულებები” – კორტნი ორბანის ვიზიტზე

    “თუ საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ ორბანის მასპინძლობა მათი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს გაზრდის, მათ შესაძლოა არ ესმით ევროპული ღირებულებები ან ევროკავშირი”,

    ასე აფასებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს.

  • საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება წარედგინა

    პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა. ბიძა დაკავებულია, ხოლო მოკლულის დედის დაკავების მოთხოვნის შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

    მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

    სამართალდამცველებმა დაზარალებულის ბიძა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 11 ოქტომბერს დააკავეს. რაც შეეხება მოკლული გოგონას დედას, მის მიმართ პროკურატურამ სასამართლოს ასევე დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

    პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ ორივე პირს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე წარუდგინა.

    პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც ბრალდებულისთვის სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების ბრალად შერაცხვის, ასევე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი შესაძლო სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

    საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ყველა პირი, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულისთვის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.” ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს… ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?! – ჩინარა კოჯაევა

    “მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს… ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?!” – ჩინარა კოჯაევა, რომელიც ძალით გათხოვებას ორჯერ გადაურჩა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იხსენებს როგორ შეძლო, ადრეული ქორწინებისთვის თავი დაეღწია. ჩინარა კოჯაევა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქოსალარიდანაა, სადაც მხოლოდ ეთნიკრუად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

    გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

    “მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს. სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები. ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა ჩემი ტირილის მიზეზი?! ჩემგან ვერასდროს გაიგებდით, რომ გათხოვება მინდოდა! ვლაპარაკობდი სწავლაზე, პროფესიის შეძენაზე, ჩემს ოცნებებზე და უცბად ეს ყველაფერი უმნიშვნელო გახდა. მშობლებიც საზოგადოების მსხვერპლები არიან! მათ ჰგონიათ, რომ როდესაც ათხოვებენ შვილს, ის პატრონს ჩაბარდება და ბედნიერი იქნება.
    სინამდვილეში ეგრე არ არის. ცხოვრება არავის უნდა გადაუწყვიტო ასე! არავის აქვს უფლება, შენს გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნა ოჯახი, რომ უნდა იცხოვრო ადამიანთან, ვინც არც გიყვარს, არც მოგწონს და საერთოდაც გაღიზიანებს!

    მე ვერ შევძელი ჩემზე დანიშნულის მოწონება. წარმოიდგინეთ და ეს ვცადე, მაგრამ ვერ.. ვცადე იმიტომ, რომ გადაწყვეტილი ამბავი იყო ოჯახის შექმნა. და განა რა ოჯახი უნდა გამოსულიყო?!
    14 წლის რომ ხარ, ეს როგორ უნდა გადაიტანო! ვერ შეძლებ ამ ტვირთის ტარებას! მოკვდები! სულით და ხორცით დაეცემი! ჩვენ ის გოგოები ვართ, ვისაც ბავშვობას გვართმევენ და უნდათ რომ ვიღაცის მონები გავხვდეთ. არა! ხმას კიდევ ერთხელ ამოვიღებ! ყოველთვის ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება! პირველ რიგში მშობლებს მივმართავ – გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ იძალადებთ, ნუ გასწირავთ საკუთარ შვილებს უბედურებისთვის!

    ჩემი ისტორია იცით, მაშინ ქართული ენის მასწავლებელი დამეხმარა, მაგრამ პოლიციელებმა რომ მითხრეს, მამას 5 წელი ჩასვამდნენ ციხეში, ვერ გავბედე და აღიარებითი ჩვენება ვერ მივეცი.
    მამას განემარტა, რომ 18 წლამდე მიუღწეველ პირთან იძულებითი ქორწინება მკაცრად ისჯებოდა და ისიც გაფრთხილდა. მეც იმედი მქონდა, რომ თავი დავაღწიე პრობლემას, მაგრამ უკვე მეორედ, 17 წლის ვიყავი, სულ რაღაც ერთ თვეში ვხდებოდი 18-ის, ქორწილი იგივე ადამიანთან რომ ჩანიშნეს.ყველაფერი მზად იყო – კაბა, ბეჭდები, სუფრისთვის სურსათი, ბანკიდან ვალები გამოიტანეს ჩემებმა, დაპატიჟებულები იყვნენ სტუმრები. და მე ისევ თავი დავიცავი!..
    ქორწილამდე 4 დღით ადრე, შსს-თანამშრომლებმა წამომიყვანეს ჩემი სოფლიდან, სადაც ადრეულ ასაკში ათხოვებენ გოგოებს. იქ, ჩვენთან, როდესაც ვხდებით 13-14-15 წლისები, მშობლები წყვეტენ, ვისზე და როდის უნდა გაათხოვონ შვილები. რა თქმა უნდა მათი გადაწყვეტილების იქით ვერ წავალთ. რთულია ძალიან.

    რაც წამოვედი ჩემი ოჯახიდან, ძალიან რთული გზა გავიარე. დღემდე ბრძოლაში ვარ, გადარჩენისთვის ვიბრძვი. ერთდროულად მომიწია იმდენი პრობლემის გადალახვა, ხანდახან არც მჯერა, რომ ეს იმ შეშინებულმა ჩინარამ შეძლო! თითქოს სხვა ადამიანად გადავიქეცი. ცხრა წლიანი სკოლის დამთავრების მერე განათლების მიღებაში წყვეტა მქონდა. ოჯახიდან წამოსვლის დროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავშესაფრის პროგრამით, სამი წლის მასალა ქართულად ვისწავლე 9 თვის განმავლობაში იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი.

    პირველ წელს ვერ ჩავაბარე, მაგრამ მეორე წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, წელს მესამე კურსზე გადავედი. ქართული უკვე მართლა ძალიან კარგად ვიცი.
    თავისუფლად შემიძლია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვა გოგოებს, რომლებიც იმ დროს, როცა მამაჩემი დააკავეს, მწერდნენ, შენი საქციელი გმირობის ტოლფასია, რადგან ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, ვერ შევეწინააღმდეგებით ამხელა პრობლემასო! გული მისკდებოდა და მისკდება ახლაც, რომ მამაჩემმა ერთი წელი გაატარა ციხეში. უბრალოდ, მართლა არ ვიცი, რა უნდა მექნა! ვერ შევძელი და ვერ გადავარწმუნე ჩემი ოჯახი და ნათესავები, რომ არ მინდოდა გათხოვება და არ მინდოდა იმ ადამიანზე! მას მერე, იმდენი რამე გადავიტანე! ალბათ ერთ დღესაც ავდგები და წიგნს დავწერ.

    მანამდე კი მინდა, რომ ხშირად შევძლო იმ გოგოების მხარდაჭერა, რომლებისთვისაც ჯოჯოხეთი იწყება 12-13 წლის მერე! მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ! ჩაუტარეთ ტრენინგები უფროს თაობას ჩვენს თემში, სკოლის მასწავლებლებს.. სოც მუშაკებმა და სამართალდამცველებმა იარონ სოფლებში და გაიგონ სიტუაცია, იქნებ რომელიმე 14 წლის გოგო გაათხოვეს, მოიტაცეს და სადაცაა, მოკლავენ! გემუდარებით, გადავარჩინოთ ბავშვები! ვაპირებ, რომ ამ თემაზე სულ უფრო მეტი ვისაუბრო როგორც აქ, სოციალურ სივრცეში, ისე ფიზიკურ გარემოში. გოგოებო, თუ რამეში დახმარება დაგჭირდებათ, გპირდებით, მარტო არ დაგტოვებთ ამ ჯოჯოხეთში! საქართველოში, ჩემს გარშემო, უამრავი ადამიანია, ვისაც შეუძლია, რომ თქვენს მხარდაჭერაში ძალა არ დაიშუროს აქ ვარ ჩემი გამოცდილებით, გამბედაობით, სირთულეების გადალახვის უნარით და სისუსტითაც, რომელიც ძალიან ადამიანურია და რომლის გამო კიდევ უფრო კარგად მესმის თქვენი. მზად ვარ ჩავატარო ტრენინგები ყველა რეგიონში და ჩავერთო პროექტებში თუ ამის შესაძლებლობა მომეცემა, მზად ვარ ამ თემაზე ვისაუბრო დაუსრულებლად, მთელი სიცოცხლის მანძილზე და დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც დახმარება სჭირდება, ვისაც კლავენ სულით და ხორცით.” – წერს ჩინარა კოჯაევა სოციალურ ქსელში.