Blog

  • ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა – CPJ

    ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ)  ცნობით, ისრაელი-“ჰამასის” ომის გაშუქებისას მინიმუმ 31 ჟურნალისტი დაიღუპა.

    “განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

    მსხვერპლს შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი ჟურნალისტია. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 8 ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო 9 დაკარგულად ან დაკავებულად მიიჩნევა. დაღუპულთა შორის არიან ცნობილი პალესტინელი რეჟისორი როში სარაჟი და ისაამ ანდალაჰი, Reuters-ის ოპერატორი ბეირუთიდან, რომელიც ლიბანის საზღვართან ახლოს ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

  • ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით – IDF

    ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში „ჰეზბოლას“ რამდენიმე პოზიციას დაარტყეს.

    “IAF-ის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას ტერორისტული ინფრასტრუქტურას, მათ შორის იარაღი, პოსტები და ადგილები ლიბანში”, – განაცხადა IDF-მ.

    IDF-ის თქმით,  მათი ქმედება იყო პასუხი ჩრდილოეთ ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან განხორციელებულ სარაკეტო და ნაღმმტყორცნებით განხორციელებულ თავდასხმაზე. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფის სამხედრო ინფრასტრუქტურას დაარტყა.

  • საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს, ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი – ფრიდი

    “საქართველო არასწორ ცხენზე დებს ფსონს. ორბანი ევროპაში იზოლირებულია, ის რუსეთისა და ჩინეთის მეგობარია. დიქტატორებზე ფსონის დადება შეცდომაა. და ეს თავად უნგრეთსაც კარგად უნდა ახსოვდეს. […] ევროკავშირში გაწევრიანება ხუმრობა არაა. ევროკავშირი არ მიიღებს ქვეყნებს, რომლებიც მის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც უნგრეთია, სადაც ორბანი პუტინსა და პეკინს ემეგობრება. ევროპას არ სჭირდება კიდევ ერთი უნგრეთი და ისინი არ მიიღებენ ამას. ამავე გზით აღარ წავლენ”.

    ამერიკელმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა, დენიელ ფრიდმა VOA-სთან ინტერვიუში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.

  • ნეთანიაჰუმ ჰამასის ვიდეოჩანაწერს “სასტიკი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა

    ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა ჰამასის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც მძევლად აყვანილი 3 ისრაელელი ქალი ჩანს, “ბოროტი ფსიქოლოგიური პროპაგანდა” უწოდა.

    ვიდეოს პირადად ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და “მძევლებს” მიმართა.

    „ეს არის სასტიკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია „ჰამასის“ და ISIS-ის მიერ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა მძევალი და დაკარგული პირი სახლებში დავაბრუნოთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

    ნეთანიაჰუმ ვიდეოში ნაჩვენები სამივე ქალის იდენტიფიცირებაც მოახდინა და მათი სახელებიც თქვა – დანიელ ალონი, რიმონ კირშტი და ელენა ტრუპანობა.

    რამდენიმე საათის წინ „ჰამასმა“ ვიდეო გაავრცელა. 76-წამიან ვიდეოჩანაწერში, ერთ-ერთი ქალი ისრაელის ხელისუფლებას ებრაულ ენაზე აკრიტიკებს და ისრაელის პრემიერმინისტრს,ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

    „გამარჯობა, ბიბი ნეთანიაჰუ. ჩვენ 23 დღეა „ჰამასის“ ტყვეობაში ვიმყოფებით. გუშინ მძევლების ოჯახებთან ერთად პრესკონფერენცია იყო. ჩვენ ვიცით, რომ ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ ჩვენ ყველანი უნდა გაგეთავისუფლებინეთ. თქვენ აიღეთ იმის ვალდებულება, რომ ყველანი გაგვათავისუფლოთ“, – აცხადებს ერთ-ერთი მძევალი.

  • გოგა რაზმაძე ამბობს, რომ ომბუდსმენმა მისი საქმის წარმოება შეწყვიტა

    “სახალხო დამცველმა ბატონმა ლევან იოსელიანმა შეწყვიტა ჩემი საქმის წარმოება, რომელშიც შსს-ს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს ჩემს მიმართ გამოხატულ დისკრიმინაციულ მოპყრობას ვედავებოდი” – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის გოგა რაზმაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა იმ საქმის წარმოება შეწყვიტა, რომლითაც რაზმაძე შს მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ედავებოდა.

    ივლისის თვეში, გენერალურ ინსპექციაში ჩემ მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობამდე 15 დღით ადრე სახალხო დამცველს შეხვედრა ვთხოვე. ბატონი ლევანი დამპირდა შეხვედრას, თუმცა ჩემთვის ვერ მოიცალა, რასაც მალევე ჩემი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაბარება მოჰყვა ( ვერ/არ დამიცვა)

    თუმცა, ჩემი საქმის შეწყვეტამდე სამი დღით ადრე (27 ოქტომბერს) სახალხო დამცველმა მოიცალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან შესახვედრად, რომლის წინააღმდეგაც საქმეს განიხილავდა.

    აღნიშნულ შეხვედრის რელიზში აღნიშნულია, რომ “ალექსანდრე დარახველიძემ და ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.” ამ შეხვედრიდან სამ დღეში, ჩემი საქმის შეწყვეტით ლევან იოსელიანმა და ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად აჩვენეს “მჭიდრო თანამშრომლობის” საუკეთესო მაგალითი.

    რაც შეეხება საქმის შეწყვეტის დასაბუთების ნაწილს, სახალხო დამცველის აპარატის არსებობის ისტორიაში დისკრიმინაციის შემთხვევაზე მსგავსი სამარცხვინო დასაბუთება არასდროს დაწერილა.

    სახალხო დამცველს გადაწყვეტილებაში აღნიშნული აქვს, რომ განმცხადებელს მხოლოდ ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა მოეთხოვება, რომელიც შექმნის ვარაუდს დისკრიმინაციის თაობაზე, რის შემდეგაც მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს. თუმცა სახალხო დამცველმა მტკიცების ტვირთი ამ საქმეში მე – განმცხადებელს დამაკისრა.

    სახალხო დამცველმა ამ საქმის შესწავლისას არ დააკმაყოფილა არც ერთი ჩემი მოთხოვნა/შუამდგომლობა. კერძოდ, არ გამოკითხა არც ერთი პირი, რომელიც ჩემი მითითებით იყო დისკრიმინაციის მოწმე, არ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ამ საქმისთვის და რომლის გამოთხოვის კანონისმიერი შესაძლებლობა მე არ მქონდა.

    გადაწყვეტილების “დასაბუთებისას” სახალხო დამცველმა გაითვალისწინა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის და დეპარტამენტის დირექტორისა, გიორგი ოსაძის პოზიციების 100%, რომელთა გასაბათილებლად წარვადგინე დაახლოებით 500 გვერდი უტყუარი მტკიცებულება, რომელთა 1%-იც არ გაიზიარა ლევან იოსელიანმა.

    ამ გადაწყვეტილებით სახალხო დამცველმა ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მინისტრის მოადგილეს და გენერალურ ინსპექციას ჩემს წინააღმდეგ შემდგომი რეპრესიების განხორციელების პროცესში.

    სახალხო დამცველმა ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს უთხრა, რომ არ აქვს აზრი სიმართლისთვის ბრძოლას და არასოდეს აიმაღლონ ხმა სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე. იმედი მაქვს, სახალხო დამცველი აცნობიერებს მისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას და იმ მსუსხავ შედეგს, რაც ამ გადაწყვეტილებას სამინისტროს სხვა თანამშრომლებისთვის შეიძლება ჰქონდეს.

    რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მინდა მივმართო ამ უკანონო და უსამართლო პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს – დანებებას არ ვაპირებ“- წერს რაზმაძე.

  • დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს – შოიგუ

    „ევროპაში მწვავე კრიზისის პროვოცირების შემდეგ, დასავლეთი ცდილობს კრიზისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გააფართოოს.[…]დასავლეთის პოზიცია რუსეთის მიმართ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი კონფლიქტის რისკს წარმოადგენს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება“,

    ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.

  • ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

    ილია II-მ ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა

    საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ “ქართული გალობისა და მრავალხმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით” ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საპატრიარქოს სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

    “ვანო ჩხარტიშვილის ოჯახი საპატრიარქოსთან ათეული წლებია, თანამშრომლობს და მხარს უჭერს მას ქართული იდენტობისა და  კულტურული საგანძურების გადარჩენა-განვითარების საქმეში. ერთ-ერთი ასეთი ერთობლივი  წარმატებული პროექტი უკავშირდება ქართული მრავალხმიანობის მემკვიდრეობითობის შენარჩუნების საქმეს, რომელსაც 2006 წელს  ჩაეყარა საფუძველი.

    ბიზნესმენის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი,  რამელმაც მოიზიდა დარგის საუკეთესო სპეციალისტები, გახსნა რამდენიმე რეგიონული სკოლა და   უმაღლესი სასწავლებელი თბილისში. 2006 წლის 19 სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო და აბიტურიენტების  პირველი  ნაკადი მიიღო საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის თბილისის უმაღლესმა სასწავლებელმა.

    განვითარების კვალობაზე სასწავლებელი  ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტი.

    უნივერსიტეტი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის რეგენტებსა და ლოტბარებს, რომლებიც  ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება- განვითარების საქმეს ემსახურებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთში, ქართულ ემიგრაციაში.

    დღეისათვის საქართველოში მოქმედი ფოლკლორული თუ გალობის გუნდების უდიდეს ნაწილს ამ სასწავლებლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ.

    გარდა აღნიშნულისა, ბიზნესმენის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა ფონდი ქართული გალობა, რომელიც ქართული მრავალხმიანობის მხარდასაჭერად სისტემატურად ატარებს ფოლკლორულ ფესტივალებს, გამოჩენიული ლოტბარების დაჯილდოების საღამოებს, მხარს უჭერს  გამოცემებს, კონცერტებს, გუნდებს, ახალი სახეების წარმოჩენას, კურსდამთავრებულების  დასაქმებას რეგიონებსა და უცხოეთში ქართული მრავალხმიანობის განვითარებას. ფონდს ხელმძღვანელობს ბიზნესმენის მეუღლე ნანა გოთუა.

    ვანო ჩხარტიშვილის დაფუძნებულია აგრეთვე ფონდი “აი ია“, რომელიც სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაცია / აბილიტაციითაა  დაკავებული” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • “პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის ნდობა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს მათი სახელით” – პაპუაშვილი

    იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა. ამიტომ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებული არის ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ეს ერთი, და მეორე, რა თქმა უნდა, შინაარსი. აბსურდულია ამ დროს საუბარი, თითქოს ქართველ ხალხს აქვს რაღაც კითხვები. არათუ ქართველ ხალხს აქვს კითხვები, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს და პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს.

  • ისრაელის მედია: თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლიბერმანმა გააფრთხილა ხელისუფლება ჰამასის გეგმების შესახებ, მაგრამ მას არ მოუსმინეს

    2016 წელს ისრაელის მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც აფრთხილებდა ისრაელის ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს, რომ ჰამასი გეგმავდა  ღაზას სექტორის საზღვრის გარღვევას, სამხრეთ ისრაელის დასახლებების ხელში ჩაგდებას, ხოცვა-ჟლეტას და მძევლების აყვანას, იტყობინება ისრაელის მედია.

    11 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის ნაწილი ორშაბათს გამოაქვეყნა გაზეთმა “იედიოთ აჰრონოტმა“, წინასწარმეტყველებს 7 ოქტომბრის ტრაგედიის ბევრ დეტალს და მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის ხელისუფლებამ რამდენიმე წელი იცოდა ჰამასის ასეთი თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ იმოქმედა.

    „ჰამასი აპირებს კონფლიქტის გადატანას ისრაელის ტერიტორიაზე კარგად გაწვრთნილი ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობის გაგზავნით (მაგალითად, ნუხბი , კომანდოს ქვედანაყოფი ჰამასის სამხედრო ფრთაში ) ღაზას სექტორის საზღვარზე  მდებარე  ისრაელის თემის (ან შესაძლოა რამდენიმე თემის) ხელში ჩაგდებით და მძევლების აყვანით“, – წერს ლიბერმანი დოკუმენტში, რომელსაც გრიფი საიდუმლო აქვს.

    შაბათს, დილით, 7 ოქტომბერს, ჰამასის დაახლოებით 2500 ბოევიკი ისრაელში ხმელეთით, ზღვითა და ჰაერით შეიჭრა, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ჰამასმა და მასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა აიყვანეს სულ მცირე 239 მძევალი, მათ შორის 30-მდე ბავშვი და წაიყვანეს ღაზას სექტორში, სადაც ისინი  ამ დრომდე ტყვეობაში არიან.

    „ადამიანებისთვის  ფიზიკური ზიანის მიყენების გარდა, ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ისრაელის მოქალაქეების მორალურ მდგომარეობას და გრძნობებს“, – გააფრთხილა ლიბერმანმა შესაბამისი სტრუქტურები.

    შაბათს საღამოს მიცემულ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა გაიხსენა ეს დოკუმენტი და თქვა, რომ მან იგი გადასცა პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 2016 წლის დეკემბერში და გააფრთხილა, რომ ჰამასი “ზუსტად ისე დაესხმებოდა თავს ისრაელს”, როგორც  7 ოქტომბერს მოხდა, თუ მისი შესაძლებლობები არ განადგურდებოდა.

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ნეთანიაჰუ იძულებული გახდა ეს საკითხი დაეყენებინა კაბინეტის სხდომაზე, სადაც დოკუმენტი “საერთოდ უგულებელყვეს”, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა.

    პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ლიბერმანის განცხადებასა და მისი დოკუმენტის გამოქვეყნებაზე.

  • ჩინეთის ხელისუფლების სტუმარი იყო – ბერაია დავითაშვილზე

    “ბატონი დავითაშვილი არ ყოფილა პუტინის სტუმარი, ის იყო ჩინეთის ხელისუფლების და ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის სტუმარი. ის არ ყოფილა პუტინთან ერთად ვახშამზე, ის იყო იმ მიწვეულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩინეთის მიერ იყო ორგანიზებული.

    მანამდე შედგა G20-ის სამიტი, სადაც ბლინკენთან ერთად იყო ლავროვი და ჩვენ თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომელსაც თქვენ [ჟურნალისტები] ავითარებთ, მაშინ არც ეუთოში არ უნდა ვიაროთ, არც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებზე არ უნდა ვიაროთ, სადაც რუსები არიან წარმოდგენილი”,

    აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი  ირაკლი ბერაია ეკონომიკის მინისტრზე, ლევან დავითაშვილზე რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.