Blog

  • ისრაელი Starlink-თან კავშირების გაწყვეტით იმუქრება, თუ მასკი სისტემის ღაზაში გამოყენებას უზრუნველყოფს

    ისრაელის კომუნიკაციების მინისტრმა შლომო კარჰიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება გაწყვეტს კავშირს ილონ მასკის კომპანია Starlink-თან, თუ ბიზნესმენი დაუშვებს ამ სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების გამოყენებას ღაზას სექტორში.

    შაბათს მასკმა თქვა, რომ Starlink-ს გადასცემს ღაზაში მოქმედ აღიარებულ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს. ამ დროისთვის სექტორში არანაირი კომუნიკაცია არ არის, რის გამოც სხვადასხვა უწყება თანამშრომლებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

    „ისრაელი ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად“, – დაწერა კომუნიკაციების მინისტრმა სოციალურ მედია X-ზე (ყოფილი Twitter). „ჰამასი ამას გამოიყენებს ტერორისტული საქმიანობისთვის. ამაში ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ ვიცით და მასკმაც იცის. ჰამასი არის ISIS  ალბათ შესაძლოა მასკი მზად არის ეს პირობა დადოს ჩვენი გატაცებული ჩვილების, ვაჟების, ქალიშვილების და მოხუცების გასათავისუფლებლად. Ყველა მათგანის უკლებლივ!”

    მანამდე პალესტინის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა იშაკ სიდრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქვს კავშირში მათი Starlink-თან დაკავშირების საკითხზე ღაზას სექტორში.

  • ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჯარების რაოდენობა გაზარდა

    ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ადგილზე ჯარების რაოდენობა გაზარდეს, იუწყება Times of Israel.

    გარდა ამისა, ჯარები მოქმედებენ ანკლავის შიგნით უფრო დიდ სიღრმეზე.

    მანამდე, IDF-ის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ კვლავ მოუწოდა ღაზას მოსახლეობას გადაადგილდნენ სამხრეთით, რადგან სამხედროები გადადიან ჰამასის წინააღმდეგ ოპერაციის შემდეგ ეტაპზე.

    ”სამოქალაქო მოსახლეობა ჩრდილოეთ ღაზაში, ქალაქ ღაზადან, დროებით უნდა გადავიდეს  ღაზას სამხრეთით, უფრო უსაფრთხო ადგილას, სადაც მათ შეუძლიათ მიიღონ წყალი, საკვები და მედიკამენტები,” – თქვა ჰაგარიმ ინგლისურ ენაზე ვიდეომიმართვაში.

  • ”ჰეი, დასავლეთო! გინდა ისევ დაიწყოს ომი ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორის?“– თურქეთის პრეზიდენტი პალესტინელების მხარდამჭერ მიტინგზე 

    თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა  პალესტინელების მხარდასაჭერ მრავალათასიან აქციაზე, რომელიც შაბათს სტამბულში გაიმართა.

    მთავარი ციტატები მისი გამოსვლიდან:

    ისევე, როგორც [ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ] ნეთანიაჰუ არის ტერორისტი, ჰამასიც არის ტერორისტული ორგანიზაცია. Სირცხვილი!

    ისრაელო, ჩვენ გამოგაცხადებთ ომის დამნაშავედ მსოფლიოს თვალში. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ახლავე.

    ჰეი ისრაელი! აქ როგორ მოხვედი? როგორ მოხვდი აქ? შენ ხარ ოკუპანტი. შენ ორგანიზაცია ხარ. თურქმა ხალხმა ეს იცის.

    მე ვსაუბრობ დასავლეთზე. ღაზას ხოცვა-ჟლეტაზე უდიდესი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.

    Hey West! შენ გელაპარაკები, გინდა ისევ დაიწყოს ომი ჯვარსა და ნახევარმთვარეს შორის? თუ ამას გააკეთებ, იცოდე, რომ [თურქი] ხალხი არ მომკვდარა. ისევ ფეხზე ვდგავართ. და იგივე მონდომებით, როგორც ჩვენ [ვმოქმედებთ] ლიბიაში, როგორც ყარაბაღში, ისევე ახლო აღმოსავლეთში.

  • მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა

    მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა – ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო!მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • „გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ – ევროპული საბჭოს დასკვნა

    ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე – წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.

    2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე.

    დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა – ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

    „დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა 25 ოქტომბერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ სამი ქვეყნის მხარდაჭერაზე ჩანაწერი დასკვნით დოკუმენტში თავდაპირველად არ იყო და მხოლოდ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემატა.

  • ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი მოკლა

    ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მოკლულია ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ, მეთაურობდა ჰამასის ბოევიკებს, რომლებიც პარაპლანით შევიდნენ ისრაელში 7 ოქტომბერს და ასევე პასუხისმგებელი იყო ისრაელის სამხედრო პუნქტებზე დრონების თავდასხმებზე.

    „ღამის განმავლობაში, IDF-ის მებრძოლებმა დაარტყეს ასემ აბუ რაქაბის, ჰამასის საჰაერო ფრთის მეთაურსი“, – ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

    „აბუ რაქაბა პასუხისმგებელი იყო   დრონებზე, პარაპლანებზე, საჰაერო თავდაცვასა და კონტროლზე.  მან მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში, მეთაურობდა ტერორისტებს, რომლებმაც ისრაელში პარაპლანით შეაღწიეს და პასუხისმგებელი იყო ისრაელის თავდაცვის პუნქტებზე დრონებით თავდასხმაზე“, – დასძინეს სამხედროებმა.

  • გაერომ ისრაელს და ჰამასს ზავისკენ რეზოლუციით მოუწოდა

    გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია ისრაელისა და ჰამასის მიმართ დაუყონებლივ ჰუმანიტარული ზავის მოწოდებით. რეზოლუცია არ შეიცავს ჰამასის ქმედებების დაგმობას. რეზოლუცია მოითხოვს ყველა დატყვევებულის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მათ მიმართ ჰუმანურ მოპყრობას. რეზოლუცია მოითხოვს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას.  რეზოლუცია არ არის სავალდებულო, მაგრამ ასახავს იმ ქვეყნების პოზიციას, რომლებმაც მას ხმა მისცეს და აჩვენებს, რომ ისინი უმრავლესობაში არიან. ისრაელის ელჩმა გაეროში რეზოლუციას უწოდა მტკიცებულება იმისა, რომ გაერო მხარს უჭერს სისასტიკეს.

    არაბული ქვეყნების მიერ შემუშავებული რეზოლუცია 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღეს (ისრაელმა და აშშ-მა წინააღმდეგი მისცეს ხმას). 45-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა, მაგრამ რეზოლუცია მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმა კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რაოდენობის ორმა მესამედმა დაუჭირამხარი. მათი ხმები, ვინც თავი შეიკავა არ ითვლება.

    გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, მაგრამ ისინი ასახავს მსოფლიო საზოგადოების განწყობებს. სავალდებულო იქნებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, მაგრამ მისი მიღების ოთხი მცდელობა ჩაიშალა ამა თუ იმ ქვეყნის ვეტოს გამო.

    როგორც Reuters აღნიშნავს, კანადა ცდილობდა რეზოლუციაში შეეტანა პუნქტი, რომელიც გმობდა „ჰამასის ტერორისტულ თავდასხმას… და მძევლების აყვანას“, მაგრამ ეს ცვლილება არ დაკმაყოფილდა – მას მხარი დაუჭირა 88 ქვეყანამ, 55 წინააღმდეგი წავიდა.

    “სირცხვილი”–ასეთი იყო ისრაელის რეაქცია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე.
    ისრაელის ელჩის გაეროში გილად ერდანის რეაქცია განრისხება იყო.

    “დღევანდელი დღე ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო დღე. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ, რომ გაერო აღარ შეიცავს ლეგიტიმურობას ან აქტუალურობას. ეს ორგანიზაცია დაარსდა ჰოლოკოსტის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს სისასტიკე და ის, რაც ჩვენ ახლა ვნახეთ, ეჭვს არ ტოვებს, რომ გაერო, სამწუხაროდ და ტრაგიკულად, მოწოდებულია არა სისასტიკის აღკსაკვეთად, არამედ უზრუნველყოფს, რომ ისინი გაგრძელდება. ისრაელმა ახლახან განიცადა ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ, მაგრამ ე.წ. ერების ოჯახის უმრავლესობის აზრით, ისრაელს არ აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.“– თქვა გილად ერდანმა.

  • ტეილორ სვიფტმა პირველი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა მასიური Eras ტურნეს წყალობით

    ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა მილიარდერის სტატუსი მიიღო Eras-ის მასშტაბური მსოფლიო ტურნეს წყალობით, რომელიც 140-ზე მეტ კონცერტს მოიცავდა, იუწყება Bloomberg. მომღერალმა ასევე გამოუშვა ალბომის ახალი ვერსია 1989, რომელიც მის კარიერაში ყველაზე წარმატებული გახდა .

    Eras 33 წლის პოპ მომღერლის ყველაზე ვრცელი ტურნეა, რომელიც მოიცავს 140-ზე მეტ კონცერტს ხუთ კონტინენტზე (ტურნე დაიწყო 2023 წლის მარტში და გაგრძელდება 2024 წლის ნოემბრამდე).

    სვიფტის ქონება 1 მილიარდ დოლარზე მეტია,   მუსიკალური რელიზებიდან  2019 წლიდან მიღებული 400 მილიონი დოლარისა და  ბილეთების გაყიდვიდან 370 მილიონი დოლარის ჩათვლით.

    ტეილორ სვიფტმა  პირველი ალბომი 2006 წელს ჩაწერა. ამ ალბომის სიმღერებმა მომღერალი ცნობილი გახადა მთელ მსოფლიოში და მოუტანა მას გრემის მუსიკალური ჯილდო კატეგორიაში “წლის საუკეთესო ალბომი”. ალბომის ხელახლა ჩაწერილი ვერსია, რომელსაც Telegraph-მა უწოდა “მისი საუკეთესო ალბომის უნაკლო რიმეიკი”, შეიცავდა ხუთ ახალ სინგლს, მათ შორის Slut და Is it Over Now?

    ტეილორ სვიფტი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ხელოვანთაგან, ვინც ამ სტატუსს მხოლოდ მისი მუსიკის, სპექტაკლების და ხარისხიანი მარკეტინგის წყალობით მიაღწია, წერს Bloomberg.

    მომღერალმა გადაწყვიტა ხელახლა ჩაეწერა პირველი ექვსი ალბომი, რათა დაებრუნებინა უფლებები სინგლებზე. 2019 წელს მუსიკალურმა მენეჯერმა სკუტერ ბრაუნმა იყიდა სვიფტის ყოფილი ლეიბლი Big Machine 300 მილიონ დოლარად, მოიპოვა უფლებები მომღერლის ალბომებზე.

    ტეილორ სვიფტმა ბრაუნი დაშინებაში დაადანაშაულა. სვიფტმა თქვა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა მისი ჩანაწერების გაყიდვას, მაგრამ ყველაზე უარეს კოშმარებში ვერ წარმოიდგენდა, რომ მყიდველი სკუტერ ბრაუნი იქნებოდა.

    ბრაუნი ასევე არის კანიე უესტის (მომღერლის დიდი ხნის მეტოქე), ჯასტინ ბიბერისა და არიანა გრანდეს მენეჯერი. სვიფტმა ვერასოდეს შეძლო დაებრუნებინა თავისი ძველი სიმღერები, რომლებიც ახლა ბრაუნს ეკუთვნის, ამიტომ მან გადაწყვიტა ხელახლა ჩაეწერა ძველი ალბომები. ახალი ჩანაწერები გამოდის Taylor’s Versions-ის სახელით.

    Bloomberg Economics-ის შეფასებით, მომღერლის 50-ზე მეტმა კონცერტმა წელს აშშ-ის მშპ-ს 4,3 მილიარდი დოლარი მოუტანა.

  • ჰამასის სამხედრო სამეთაურო ცენტრები საავადმყოფოს ქვეშაა განლაგებული – ისრაელი

    ისრაელის თავდაცვის ძალები სატელიტურ ფოტოებს ავრცელებენ სადაც ჩანს, რომ ღაზის სექტორში მდებარე შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის მთავარი სამხედრო სამეთაურო ცენტრებია განლაგებული.

    “ჰამასი” ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს განცხადება პრელუდიაა პალესტინელ ხალხზე შემდგომი თავდასხმებისთვის.

    “ჰამასის” წევრმა,  იზათ ალ-რიშქმა აღნიშნული ბრალდება 17 ოქტომბერს ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებას დაუკავშირა, რასაც ჰამასი ისრაელს აბრალებდა, თუმცა IDF-მა მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩამოვარდნილი რაკეტა, ღაზის სექტორიდან გაშვებული მწყობრიდან გამოსული რაკეტა აღმოჩნდა.

  • ვითომ ძალისხმევას ეწევიან, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს – ჯაფარიძე “ოცნებაზე

    ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ქვეყანას უკვე ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი, რომ მიეღო საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რომ ჩვენ ვიყოთ ამ ტრიოს ნაწილი – ეს არის ჩვენი სურვილი. ლელოს ამოცანა არის ის, რომ დაუბრუნდეს საქართველო ტრიოს, იმიტომ, რომ რაც ქართულმა ოცნებამ მოახერხა, არამარტო გამოგვთიშა ამ ტრიოდან, არამედ ჩვენი ქვეყანა ჩამოწია უკან და გამოთიშა ამ უმნიშვნელოვანესი ტრიოდან.

    ქართულმა ოცნებამ მოახერხა ის, რომ დღეისათვის არ შეასრულა რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი და თვალთმაქცობით ცდილობს, რომ ფონს გავიდეს იმით, რომ ხალხს მოაჩვენოს თავი, რომ ვითომ რაიმე ძალისხმევას ეწევა იმისათვის, რომ ქვეყანამ გარდაუვალად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ამოცანა იყო, არის და დარჩება, რომ ქვეყანამ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და დღეს ამ გზაზე ჩვენი შეფერხება არის რუსული ინტერესების გამტარებელი ქართული ოცნება.

    განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ფორმულასთან საუბრისას.