Blog

  • მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს, მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა – ნინო წილოსანი

    ”დღეს პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა.”

    წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი.

  • როცა ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებენ, მშვიდად როგორ სხედხართ? – მელია ენმ-ის დეპუტატებს

    ”მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან. როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?! 12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში”.

    წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

  • ქოცების ლიდერშიფში რომ ვიყო, ბერაიას ენას ამოვაძრობდი – იაგო ხვიჩია

    ქოცების ლიდერშიფში რომ ვიყო, ბერაიას ენას ამოვაძრობდი – იაგო ხვიჩია

    ”მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე”.

    დაწერა ამის შესახებ, გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში და ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას.

  • ”რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია” -აქუბარდია ბერაიას

    ”რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია” – ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია, სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას პასუხობს.

    “ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.

    ცოტა ხნის წინ, ირაკლი ბერაია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას“ უწოდებს.

    „იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას – ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

    ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

  • გონს უნდა მოეგოთ, სცადოთ კომუნიკაცია სხვა პარტიებთან, რათა თქვენი მდგომარეობა არჩევნების შემდეგ იგივე არ დარჩეს – ხვიჩია სააკაშვილს

    „საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ გუშინ მე რომ ვთქვი, რაღაცნაირად იმედი მქონდა, მიხეილ სააკაშვილის გუნდის შიგნით მაინც ექნებოდა ამ პროცესს გამოხმაურება. ფაქტობრივად, ირღვევა როგორც პატიმრის, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრების უფლებები. პოლიტიკურ წელს, როცა არჩევნები უნდა ჩატარდეს, არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა, გავიგოთ, რა უნდა მას და რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“. იმიტომ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილთან რამეს არ გაარკვევ, სხვანაირად სრულყოფილად იცოდე და ადამიანებს გადასცე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, შეუძლებელია. შეუძლებელია ასევე გამოვთქვათ მოსაზრება რა გაიაზრა მიხეილ სააკაშვილმა, რასთან დაკავშირებით შეიძლება მასთან თანამშრომლობა, რასთან არ შეიძლება. ჩემი აზრით, თუ რაიმე პოლიტიკური დარღვევა ხდება საარჩევნო წელს, ხდება ის, რომ ქვეყანაში გვყავს დიდი ოპოზიციური ძალის რეალური ლიდერი, რომელიც გამოკეტილია ციხეში და მას არ ეძლევა კომუნიკაციის საშუალება როგორც თანაგუნდელებთან, ასევე არ აქვთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ამით ხდება პოლიტიკური პროცესების დაბლოკვა. ჩვენ ფიზიკურად ვერ ვიგებთ რა უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და წლის ბოლომდე შეუძლებელი ხდება ამის გაგება. მიგვაჩნია, რომ მას თქვენ, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვით მედიასაშუალებები, ახლა თქვენ აკონტროლებთ მას და სწორედ ამიტომაა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი მეათასე საკითხზეა და არავინ აპროტესტებს იმას, რომ ასე ადამიანისგან მიუწვდომლადაა გამოკეტილი. ჩემი აზრით, მას წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში. ის, რომ მისი პარტია ეგუება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, შეუძლებელი მგონია თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით. მიხეილ სააკაშვილი არის სიტუაციაში, როცა თქვენ მას წაართვით მედიასაშუალება და პოლიტიკური პარტია. ახლა კი თქვენვე აცხადებთ, რომ ის არის ოპოზიციის რეალური ლიდერი, თქვენვე აცხადებთ იმას, რომ იქიდან მართავს სიტუაციას, თქვენვე აცხადებთ, რომ ჯანმრთელია, თქვენვე აცხადებთ, რომ მონაწილეობს და არსად წასულა პოლიტიკური პროცესიდან და ის არის თქვენი მთავარი მოწინააღმდეგე. მინდა მივმართო „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის პარტიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, რომ წინასაარჩევნო წელს პოლიტიკური პროცესები თქვენ მიერ ხელოვნურად ფერხდება იმის გამო, რომ აქტიურ პოლიტიკურ მოთამაშედ აცხადებთ ადამიანს და მას არავის აკარებთ, მისი აზრი ფაქტობრივად მიუწვდომელია საზოგადოებისთვის. ჩვენც არ გვაძლევთ საშუალებას შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და საზოგადოებას ვუთხრათ, შევხვდით, ველაპარაკეთ, ამაში დავუჯერეთ, ამაში არ დავუჯერეთ. მინდა აქედან დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს, სხვა გზა რომ არ მაქვს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, მისი მედიებისა და ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ და ჩემი აზრით, გონთ უნდა მოეგოთ, სცადოთ კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობა არჩევნების შემდეგ იგივე არ დარჩეს“,

    ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

  • ფრიდის აზრი ჩვენსას ემთხვევა, ოცნების შეცვლის გარეშე სტატუსითაც ვერ წავალთ წინ – ბობოხიძე

    დენიელ ფრიდის პოზიცია ზუსტად იგივეა, რაზეც ევროპული საქართველო თავიდანვე საუბრობდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სტატუსზე აქცენტის გაკეთება არასწორია და სტატუსის მოცემის პირობებშიც კი ქართული ოცნების, პრორუსული ხელისუფლების ცვლილების გარეშე საქართველო ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება უნგრეთის მაგალითის მოყვანას, ვფიქრობ, არასწორია, რადგან უნგრეთი უკვე არის NATO-სა და ევროკავშირის წევრი, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც მსგავსი პოლიტიკის გატარებით არათუ დაუახლოვდება, არამედ დაშორდება დასავლურ ცივილიზაციას.

    ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე.

  • აბსოლუტური ისტერიაა ოპოზიციაში, სტატუსის ფუნქციის დაკნინებას ცდილობენ – მდინარაძე

    აბსოლუტური ისტერიაა ოპოზიციაში და ეს აბსოლუტური ისტერია გამოწვეულია ერთადერთი რამით. ძალიან გაზრდილია შანსები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ეს ადამიანები ლობისტებს ქირაობენ. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ იყო ეს ინფორმაცია და არ დაგვიმალავს, ვსაუბრობდით. ლობისტებსაც კი ქირაობენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსს, მათ შორის ლაპარაკობენ იმაზე, რომ სტატუსი არაფერია… ცდილობენ, რომ რაღაცნაირად დააკნინონ კანდიდატის სტატუსის ფუნქცია.

    განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

  • „ვივამედიდან“ ვისმენთ სააკაშვილის დადგმულ შოუს და ხალხიც ერთობა, არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც- კალაძე

    „სასაცილოა უბრალოდ. სააკაშვილი ჩვეულებრივი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე. ასევე, არის პროკურატურის მხრიდან გაცხადებული, რომ გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გულწრფელად ვიტყვი, პირადად ჩემთვის საინტერესო არაა სააკაშვილის განცხადება. ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებდა. ჯერ იყო და დღეში ათჯერ კვდებოდა, შემდეგ სუსტდებოდა და თუ რაიმე დაავადება არსებობს, ყველაფერი სჭირდა. შემდეგ უცებ აღდგა და ერთ დღეში განიკურნა. არ ვიცი, საოცრებაა.[…] ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა. არსებობს შოუ „პრაიმ ჰაუსი“ – იგივეა ესეც, სააკაშვილის მონაწილეობით. ოღონდ არ ვიცი, რა ჰქვია. კლინიკა „ვივამედიდან“ ვისმენთ და ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია“

    აცხადებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

  • ოკუპანტებმა სოფელ სინაგურთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპანტებმა სოფელ სინაგურთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფლის, სინაგურის მახლობლად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

    ~~

  • რუსეთი ბრძოლის ველზე სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებისთვის იბრძვის – პუტინი

    საშინელი მოვლენები, რომლებიც ახლა ხდება ღაზის სექტორში, როდესაც ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, რომლებსაც უბრალოდ გასაქცევი არსად აქვთ, ვერანაირად ვერ გამართლდება. მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, ვინ დგას რეალურად, ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების ხალხის ტრაგედიების უკან. ეს არის შეერთებული შტატების ამჟამინდელი მმართველი ელიტა და მათი სატელიტები.

    დღეს რუსეთი არამხოლოდ მონაწილეობს ახალი, უფრო სამართლიანი, მრავალპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებაში თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ყველა ქვეყნისა და ცივილიზაციისთვის, არამედ მეტსაც გეტყვით, რუსეთი ბრძოლის ველზე იბრძვის ჩვენი მომავლისთვის, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის პრინციპებისთვის, სხვა ქვეყნებისა და ერების თავისუფლებისთვის.

    აცხადებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.