Blog

  • დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა – შსს

    დაკავებულია მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა – შსს

    დააკავეს მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში მანქანით შევარდა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

    ცოტა ხნის წინ, საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი მოგლიჯა.

     

  • საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა

    საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც ჭიშკარი მოგლიჯა

    საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი მოგლიჯა.

    ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო სამსახური იმყოფება.

  • საქართველოსგან ვხედავ ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს – ფიშერი

    საქართველოსგან ვხედავ ევროკავშირის საპირისპირო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს – ფიშერი

    მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, ვხედავ საპირისპირო მიმართულებით, ევროკავშირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს გერმანიის მთავრობაში იმედგაცრუებასა და წუხილს იწვევს, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვასგან მოწყვიტა […] ჩვენ გვსურს, რომ ეს 3 ქვეყანა ერთად დაწინაურდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ეს ასე არ ხდება.

    თქვა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა TV პირველთან საუბარში.

  • დღეს ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე გამოუცხადებს პოლიტიკურ განაჩენს ლევან ხაბეიშვილს – ბეჟაშვილი

    დღეს ივანიშვილის მორჩილი მოსამართლე გამოუცხადებს პოლიტიკურ განაჩენს ლევან ხაბეიშვილს – ბეჟაშვილი

    „ეს არ არის სასამართლო, ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების მანქანა, რომელიც 2012 წლიდან მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს, გაანადგუროს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი, „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ოპოზიცია და ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსულ რეჟიმს. დღეს საქართველოში შექმნილია ვითარება, როდესაც ყველაფერს განკარგავს რუსი ოლიგარქი, ამიტომ ყველა ადამიანი, რომელიც ებრძვის რუს ოლიგარქს, არის საფრთხის წინაშე. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია და პუტინის პირადი პატიმარია. ის ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ შექმნა ახალი ქართლი სახელმწიფო, გააძლიერა ეს ქვეყანა, წაიყვანა ევროპისკენ და თავი არ დაუხარა რუსეთს. პოლიტპატიმრები არიან ირაკლი ნადირაძე და ჩვენი ათობით წევრი, რომლებიც 4 ოქტომბერს იცავდნენ თავისუფლებას, ევროპულ მომავალს და საქართველოს. ახლა რეჟიმს უნდა, გაასამართლოს ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იდგა ხალხის გვერდით და ერთადერთ რამეს მოუწოდებდა სპეცრაზმს, რომ მათ არ განეხორციელებინა ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, არ გამოეყენებინათ მხუთავი გაზი ადამიანების წინააღმდეგ, არ შეესრულებინათ დანაშაულებრივი ბრძანებები და არ გამხდარიყვნენ ბრმა იარაღი რუსული რეჟიმის ხელში ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ყველას გვმართებს განსაკუთრებული ერთობა, იმისთვის, რომ გავერთიანდეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერც ერთი მოსამართლე, ვერც ერთი განაჩენი, ვერც ერთი ციხე ვერ გააჩერებს ხალხის ბრძოლას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე, სანამ არ შეწყდება პოლიტიკური დევნა და ყველა პოლიტიკური პატიმარი თავისუფალი არ იქნება, ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს“,

    ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

  • რას ნიშნავს ევროპელობა იქით ვასწავლით – შალვა პაპუაშვილი

    რას ნიშნავს ევროპელობა იქით ვასწავლით – შალვა პაპუაშვილი

    ვისურვებდი, რომ სერიოზულად მიუდგნენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას ევროკავშირში ბრიუსელის ჩინოვნიკები, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, და არა მარტო ჩვენ, აშშ-სგანაც მიიღეს მწვავე კრიტიკა.

    ვხედავთ, რომ დღითიდღე უარესდება ადამიანების უფლებების მდგომარეობა EU-ში, რაც ეხება გამოხატვის თავისუფლებას და კოპენჰაგენი არ არის ცალკეული გამონაკლისი, იგივე სურათი ვიხილეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში მშვიდობიანი მიტინგების დარბევის დროს. კოპენჰაგენში განსაკუთრებული ბრუტალურობა იყო, რაც ვიხილეთ, როდესაც ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, მაშინ, როდესაც არანაირ საფრთხეს იქ არ წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, დანიის პოლიცია არ აპირებს, რომ გამოიძიოს ეს დარბევა და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ. დანიის შემთხვევაშიც არ არის ეს გამონაკლისი, დანიას ძალიან მძიმე ისტორია აქვს ადამიანის უფლებების დარღვევისა. 10-წლეულების განმავლობაში, 90-იანების ჩათვლით, იცით, რომ გრენლანდიის ქალი მოსახლეობის ნახევარის იძულებით და მოტყუებით სტერილიზაცია განახორციელა დანიის ხელისუფლებამ, მაშინ, როცა უკვე EU-ს წევრი იყო. […] მთელი ეს სისტემა, რომელიც შეფასებულია გენოციდად ზოგიერთი გრენლანდიელი პოლიტიკოსის მხრიდანაც, არ არის გამოძიებული, არავინ არ არის დასჯილი ამ დანაშაულისთვის. სამწუხაროა, როცა ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები სხვებს ესაუბრებიან სტანდარტებზე.

    ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლების მოხვევასაც წლები ცდილობდნენ – თითქოს ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული ერი, თითქოს დანიამ, გერმანიამ თუ სხვა ქვეყანამ უნდა გვასწავლოს როგორია სწორი ცხოვრება, სწორი ევროპელობა. იქით ვასწავლით ყველას რას ნიშნავს ევროპელობა და რას ნიშნავს ადამიანის უფლებები.

    განაცხადა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

  • თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

    თავს დაესხნენ, თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს – შსს-მ 3 პირი დააკავა

    მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს, ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით ფიზიკურად იძალადეს.

    პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის შვილი  მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის შვილი მამის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

    ჯონათან ანდიკი, ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ Mango-ს დამფუძნებლის, ისაკ ანდიკის შვილი, მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილია. ის კატალონიის პოლიციამ  დააკავა. ისაკ ანდიკი 2024 წლის დეკემბერში კლდიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. თავდაპირველად მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად შეფასდა, თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ჯონათან ანდიკი საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს.

    ესპანური La Vanguardia წერს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ჯონათან ანდიკი ბარსელონაში, საკუთარ სახლში დააკავეს. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მისი ადვოკატი, კრისტობალ მარტელი მივიდა. El País-ის ცნობით, ანდიკი იმისთვის დააკავეს, რომ მოსამართლის წინაშე წარდგეს და ეჭვმიტანილის სტატუსით ჩვენება მისცეს. სხვა დეტალები უცნობია — საქმე კვლავ გასაიდუმლოებულია.

    ჯონათან ანდიკის ოჯახის წარმომადგენელმა მისი დაკავება დაადასტურა. „ჯონათან ანდიკი ჩვენებას აძლევს იმასთან დაკავშირებით, რაც 2024 წლის 14 დეკემბერს მოხდა. ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვით, რადგან გამოძიება კვლავ გასაიდუმლოებულია. ის, როგორც აქამდეც, სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, — განაცხადეს მის ოჯახში.

    როგორ განვითარდა Mango-ს დამფუძნებლის დაღუპვის საქმე

     

    71 წლის ისაკ ანდიკი 2024 წლის 14 დეკემბერს ბარსელონასთან ახლოს, მონსერატის მთებში ლაშქრობის დროს დაიღუპა. მას თან ახლდა ჯონათანი. უფროსი ანდიკი 100 მეტრზე მეტი სიმაღლიდან გადავარდა მარშრუტზე, რომლის სირთულეც საშუალოდ ფასდება. თავდაპირველად პოლიციამ მომხდარი უბედურ შემთხვევად მიიჩნია , რადგან ჩათვალა, რომ  შესაძლოა, ისაკ ანდიკს ფეხი დაუცდა და კლდიდან გადავარდა. 2025 წლის იანვარში საქმე დაიხურა.

    თუმცა 2025 წლის ოქტომბერში საქმე ხელახლა გაიხსნა და ანდიკის სიკვდილის მიზეზი მკვლელობად გადაკვალიფიცირდა. ესპანური მედიის ცნობით, საქმის გადახედვის საფუძველი გახდა შეუსაბამობები ჯონათან ანდიკის ჩვენებებში, რომლებიც მან მამის გარდაცვალების დღეს მისცა. თავდაპირველად ეს წინააღმდეგობები შოკს მიაწერეს.

    El País-ის ინფორმაციით, ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე ჯონათან ანდიკი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით მისი მამა დაიღუპა. მამაკაცის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უბრალოდ მოგზაურობისთვის ემზადებოდა.

    გარდა ამისა, ესპანელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა მამასა და შვილს შორის უთანხმოების შესახებ ჯონათანის როლთან დაკავშირებით კომპანიაში. მათ რთულ ურთიერთობაზე საუბრობდა ისაკ ანდიკის პარტნიორიც, პროფესიონალი გოლფის მოთამაშე ესტეფანია კნუტი.

    ჯონათან ანდიკი თავიდანვე ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.

    45 წლის ჯონათან ანდიკი ისაკ ანდიკის სამი შვილიდან უფროსია. ისაკ ანდიკი სტამბოლში იყო დაბადებული და 1984 წელს ბარსელონაში Mango-ს პირველი მაღაზია გახსნა. მისი გარდაცვალების მომენტისთვის მისი ქონება დაახლოებით 4.5 მილიარდ აშშ დოლარად ფასდებოდა, ხოლო მის კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 2 850 მაღაზია ჰქონდა.

    ჯონათან ანდიკი Mango-ში 2005 წლიდან მუშაობდა. მამის გარდაცვალების დროისთვის ის კომპანიის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი იყო. El País-ის წყაროები, რომლებიც ჯონათანთან მუშაობდნენ, მას მომთხოვნ და პირდაპირ ადამიანად ახასიათებენ, თუმცა ამავე დროს — გაგებით სავსე პიროვნებად, რომელსაც მოდის სამყაროსი ძალიან კარგად ესმის.

    2012 წელს ისაკ ანდიკი პენსიაზე გასვლას და კომპანიის მართვის ჯონათანისთვის გადაცემას გეგმავდა. ის ეტაპობრივად სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა შვილს. 2014 წელს Mango-ს დამფუძნებელი ამბობდა, რომ ჯონათანი უკვე ორი წელია ფაქტობრივად აღმასრულებელი დირექტორის როლს ასრულებს.

    მაგრამ 2015 წელს, როცა კომპანიის ფინანსურმა მაჩვენებლებმა კლება დაიწყო, ისაკ ანდიკმა ახალი ფინანსური დირექტორი, ტონი რუისი დაიქირავა. 2020 წელს რუისმა ჯონათანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე შეცვალა.

    ჯონათან ანდიკმა Mango Man-ის მიმართულება ჩაიბარა — სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა მანამ, სანამ მამამისი საქმიანობიდან ჩამოშორებას გადაწყვეტდა.

    2025 წლის ივნისში კომპანიამ ის ამ თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. ჯონათანს მხოლოდ დირექტორთა საბჭოში როლი დარჩა.

  • რუსეთმა მასშტაბურ წვრთნებში სტრატეგიული ბირთვული ძალები ჩართო. რას ნიშნავს ეს

    რუსეთმა მასშტაბურ წვრთნებში სტრატეგიული ბირთვული ძალები ჩართო. რას ნიშნავს ეს

    რუსეთმა სამშაბათს დაიწყო სტრატეგიული ბირთვული ძალების მასშტაბური წვრთნები „ბირთვული ძალების მომზადებისა და გამოყენების მიმართულებით აგრესიის საფრთხის პირობებში“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ერთი დღით ადრე ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღით მანევრები გაიმართა.

    ასეთ მასშტაბურ ბირთვულ წვრთნებს რუსეთი ტრადიციულად ოქტომბერში ატარებს. ჩვეულებრივ, მათ „გრომი“ ეწოდება. წესიდან გადახვევა იყო 2022 წლის თებერვალში ჩატარებული წვრთნა — უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის წინ.

    წვრთნებში, რომლებიც 19 მაისს დაიწყო, ჩართული იქნება მთელი ბირთვული ტრიადა — კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ატომური წყალქვეშა ნავები და სტრატეგიული ბომბდამშენები.

    „სულ წვრთნაში ჩართული იქნება 64 ათასზე მეტი პირადი შემადგენლობა, 7800-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეციალური ტექნიკა, მათ შორის 200-ზე მეტი სარაკეტო გამშვები დანადგარი, 140-ზე მეტი საფრენი აპარატი, 73 ზედაპირული ხომალდი და 13 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან 8 სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო წყალქვეშა ნავია“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    ეს სტრატეგიული ბირთვული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილია. „ატომური მეცნიერების ბიულეტენის“ მონაცემებით, 2026 წელს რუსეთს, დაახლოებით, 320-ზე მეტი გამშვები დანადგარი ჰქონდა, მათ შორის შახტური და მობილური. შესაბამისად, წვრთნებში მათი უმრავლესობა მონაწილეობს.

    13 სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ნავიდან წვრთნებში რვაა ჩართული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივ წყალქვეშა ნავების გარკვეული ნაწილი რემონტში ან სამხედრო ბაზაზე ტექნიკურ მომსახურებაზე შეიძლება იმყოფებოდეს, რვა სუბმარინი შესაძლოა სტრატეგიული წყალქვეშა ფლოტის თითქმის მთელ ბრძოლისუნარიან ნაწილს წარმოადგენდეს.

    თავდასხმის შემდეგ

    წვრთნები იმ ფონზე ტარდება, როცა უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შორი მანძილის უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული დარტყმები გახშირდა. მანამდე, ორი დღით ადრე, მოსკოვმა დრონების ყველაზე დიდი შეტევა გადაიტანა.

    შეტევის შედეგად მოსკოვის ოლქის სამი მცხოვრები დაიღუპა, რეგიონში 17 ადამიანი დაშავდა.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის თავდასხმას „სამართლიანი პასუხი“ უწოდა უკრაინაზე რუსეთის ბოლო დარტყმებზე, მათ შორის კიევზე შეტევაზე, სადაც 14 მაისს ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის დარტყმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

    ოფიციალურ წყაროებში ამ თავდასხმასა და წვრთნებს შორის კავშირი არ აღნიშნულა.

    თუმცა ტექნიკურად სტრატეგიული ბირთვული ძალები მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან და მათი პოზიციებზე გასაყვანად, სავარაუდოდ, ბევრად ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე სხვა ჯარების შემთხვევაში.

    ბელარუსის წვრთნები

    სტრატეგიული ბირთვული ძალების დიდი წვრთნების წინა დღეს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღით მანევრები დაიწყო. რუსეთმა იქ ტაქტიკური ბირთვული ქობინები 2023 წელს განათავსა.

    ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ წვრთნებზე შეამოწმებდნენ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ნაწილების მზადყოფნას, განახორციელონ გაშვებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოუმზადებელი რაიონებიდან.

    ტაქტიკური იარაღით ბირთვული წვრთნები ბელარუსში პირველად არ ტარდება. მაგალითად, 2024 წელს ჩატარდა ბირთვული იარაღის მატარებლების — ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის „ისკანდერის“ დივიზიონისა და Су-25 ტიპის თვითმფრინავების ესკადრილიის — საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება.

    ამავე დროს, ბელარუსის ტერიტორიაზე ჩატარებულ წვრთნებს დასავლეთში ტრადიციულად შეშფოთებით უყურებენ — 2022 წელს უკრაინაში შეჭრა, მათ შორის, სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო.

    უკვე ამ შეჭრამდეც ნატოში განიხილავდნენ რუსეთთან ომის დაწყების შესაძლო სცენარებს, რომლებშიც თავდასხმა სწორედ ბელარუსში დიდი მანევრებით იწყებოდა. ასეთი შიშები ჯერ კიდევ 2017 წელს გამოითქმებოდა.

    „სარმატის“ გაშვება

    12 მაისს რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის — „სარმატის“ — გამოცდა ჩაატარა.

    ეს მძიმე კლასის რაკეტა რუსეთის ბირთვულ ძალებში Р-36М „ვოევოდას“ ტიპის რაკეტებს უნდა ჩაენაცვლოს, რომლებიც უკრაინულ საწარმო „იუჟმაშში“ იყო აგებული და მათ მომსახურებას მისი სპეციალისტები უკვე აღარ ახორციელებენ.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, „სარმატის“ გაშვების შესახებ მოხსენების მიღებისას, განაცხადა, რომ მისი მოქმედების მანძილი 35 ათას კილომეტრს აღემატება, რაც „ვოევოდას“ მაჩვენებელზე ორჯერ მეტზე მეტია.

    35 ათასი კილომეტრის დიაპაზონი საშუალებას იძლევა, რაკეტა სამიზნისკენ ნებისმიერი ტრაექტორიით გაემართოს და არა უმოკლესი გზით. ეს მის გადაჭერას მნიშვნელოვნად ართულებს.

    სხვა მახასიათებლები, რომლებიც პუტინმა ჩამოთვალა — სუბორბიტალური ფრენის ტრაექტორია და გადატანილი ტვირთის წონა — ასევე აღემატება სხვა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ანალოგიურ მაჩვენებლებს.

    თუმცა ყველა ამ მაჩვენებლის ერთობლიობა პრაქტიკული გამოცდების დროს არასოდეს დადასტურებულა. სულ ორი წარმატებული გაშვებისას რაკეტამ არაუმეტეს ექვსი ათასი კილომეტრი გაიფრინა.

    პუტინი თავის გამოსვლებში საკმაოდ ხშირად საუბრობს სტრატეგიულ შეიარაღებაზე, პირველ რიგში — ბირთვულზე.

    „სარმატის“ გაშვების კომენტირებისას მან ბირთვული ძალების სფეროში სხვა პროექტებიც ახსენა. მან ისაუბრა საშუალო მანძილის რაკეტა „ორეშნიკზე“, რომელიც, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეიარაღებაში 2025 წლიდან დგას.

    მან ასევე ახსენა ბირთვული ძრავების მქონე კომპლექსები: წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ და ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. ამ ორი აპარატის წარმატებული გამოცდების შესახებ 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია.

    თუმცა იმ შემთხვევებში ასეთი გამოცდების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამოუკიდებელი წყაროებიდან არ გავრცელებულა.

  • საპროტესტო აქციების წარმართვის აუცილებლობა არ არის – სარჯველაძე დიუშენზე

    საპროტესტო აქციების წარმართვის აუცილებლობა არ არის – სარჯველაძე დიუშენზე

    “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “მსოფლიოში არავის არ აქვს რეალური პასუხები” დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით. სარჯველაძე ამბობს ასევე, რომ დიუშენთან დაკავშირებით ამბობს, რომ “აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვის აუცილებლობა უბრალოდ არ არის.”

    “გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხები. აბსოლუტურად უკლებლივ ყველა ამ ძიების პროცესშია. ჩვენც, ბუნებრივია, ჩართული ვართ ამ პროცესში და მაქსიმალური იმედით ველოდებით იმ მომენტს, როდესაც გვექნება კონკრეტული პასუხები კონკრეტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

    ეს არ არის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები. აუცილებელია, ნებისმიერი გადაწყვეტილება პასუხისმგებლობით იყოს განმსჭვალული. აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების შეკრება და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის საფუძველზე მიღება. მეცნიერული მტკიცებულებებისა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვეძლება საუბარი იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი.

    ყველა ეს საკითხი მერწმუნეთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოსთვის არის შესწავლის და დაკვირვევის საგანი და არავის არ აქვს დღეს შესაძლებლობა, რაიმე სწრაფი, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული, ვინაიდან ეს დაკავშირებული პაციენტების უსაფრთხოებასთან და ეს დაკავშირებულია ამ კონკრეტული მედიკამენტების სარგებელთან, რა სარგებლის მოტანა შეუძლია რეალურად.

    სხვაგვარად, ძალიან დიდია შეცდომის დაშვების რისკი. ამიტომ, ის რაც თქვა პრემიერმინისტრმა, არა მხოლოდ მან, არამედ ბევრმა თქვა, რომ აუცილებელია რეალურად პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო ფორმატს და უბრალოდ არ არის აუცილებლობა იგივე აქციის ფორმატში გარკვეული პროცესების წარმართვისა, ეს ვფიქრობ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ყველა ის ფაქტორი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ.

    ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დღეს ერთადერთი მხარე, ვისთვისაც შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს საპროტესტო პროცესის შენარჩუნება, ერთადერთი მხარე ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები, კომერციული სექტორი, მაგრამ ეს არაფრით არ ეხმარება არც პაციენტის ინტერესს, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოებრივ ინტერესს.

    შესაბამისად, ჩვენი თხოვნაც, მოწოდებაც ეს არის, რომ აბსოლუტურად არ არის აუცილებლობა დღევანდელ დღეს რაიმე სახის რადიკალური ქმედებებისთვის, როგორიც არის საპროტესტო აქციების წარმართვა, რეალურად ყველა მზად არის იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი წარიმართოს და რაც შეიძლება სწრაფად იქნებს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება პირველ რიგში იმ ხალხის სამსახურში, ვისაც ეს მედიკამენტი ყველაზე მეტად სჭირდება.” – ამბობს სარჯველაძე.

  • პატრიარქმა გვითხრა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია – შიო III-სა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა გაიმართა

    პატრიარქმა გვითხრა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია – შიო III-სა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა გაიმართა

    საპატრიარქოში შიო III-სა და დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც,  მშობლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

    “საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, სადაც წარმოდგენილები ვიქნებით მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. იქ შემდგომ ნაბიჯებზე შევჯერდებით და მერე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია მოხდება. საპატრიარქო შეგვპირდა, რომ ხელისუფლებასთან პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ, რომ ეს ჩატეხილი ხიდი, რაც არის მშობლებსა და ხელისუფლებას შორის, აღდგეს”. – თქვა ერთ-ერთმა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა.

    კომენტარი გააკეთა ორგანიზაცია ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას თავმჯდომარემ, ზაქარია გვიშიანმაც.

    “პატრიარქს და მეუფეებს ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ. ყველა მიმართულებით გეგმები დაისახა, რომ ისინი ამ პროცესში ჩართულები იქნებიან […] მათ მოისმინეს, გაიგეს ამ დაავადების შესახებ. გაიგეს ის, რომ ამ დაავადებასთან მიმართებაში არაერთი მედიკამენტია, რომელიც უსაფრთხოა და ასევე ის, რომ ინფორმაცია, რაც, სამწუხაროდ, ცალკეული პირების მხრიდან ხშირად ვრცელდება, არასრულყოფილ ინფორმაციას წარმოადგენს. ეს აუცილებელი იყო, რადგან საპატრიარქოს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საპატრიარქოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა. პატრიარქმა მოგვისმინა და თქვა, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა საჭირო ადამიანთან ექნება კომუნიკაცია”. – განაცხადა გვიშიანმა.