Blog

  • მარგველაშვილი: ბიძინა ივანიშვილი პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ისურვებდა. 
    მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, როცა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ჰკითხეს, რამდენად დადებითი მოვლენა იქნება ქვეყნისთვის პრემიერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.

    “როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, მაშინვე ვთქვი რომ სწორი და ადეკვატური იქნებოდა, რომ პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიაჩნიათ ლიდერად საკუთარ პარტიაში, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ რაც ახლა ხდება და რაც წლების განმავლობაში კითხვის ნიშანს ბადებდა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ელემენტარულად გახდებოდა ბევრად უფრო გასაგები. ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა, რომ რა სახელმწიფო მოწყობა გაქვთ. იციან მონარქიები, იციან საკონსტიტუციო მონარქიები, იციან საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკები, იციან ფედერალური მოწყობა. ეს მოწყობა ჯერჯერობით ასე ნათლად არცერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოს მიმართ. გავიგეთ, რომ ყველა უნდა შევარყიოთ, პრემიერ-მინისტრები უნდა მიდიოდნენ ისე, რომ გაუგებარი იყოს, ვისთან მოუვიდათ კონფლიქტები, პრეზიდენტს უნდა ვებრძოდეთ იმიტომ, რომ მისი ხასიათი არ მოგვწონს და ასე შემდეგ. მაგრამ, რა ჰქვია ამ სახელმწიფო მოწყობას? ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    მარგველაშვილის თქმით, არასდროს გაუკეთებია განცხადებები იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, რადგან სურს ილაპარაკოს პოლიტიკაზე, პოლიტიკოსების განცხადებებზე, პარტიების ხედვებზე და პოლიტიკური დებატების თემებზე და არა ჭორებზე.

    გიორგი მარველაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, დასრულდება “უხერხული ღიმილიც,” რომლითაც პოლიტიკოსები პასუხობდნენ ივანიშვილის როლზე დასმულ შეკითხვებს.

    “ამის გარდა, მე მიმაჩნია, რომ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია. ნამდვილად მომწონდა მასთან ერთად მუშაობა ოპოზიციაშიც და მინისტრადაც”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში, მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი იყო ხელისუფლების გადაბარების ნაწილში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლეში მიწვევა. შემდგომი ნაბიჯი კი ინაუგურაციაზე დასწრება იქნება, რაც ერთი პრეზიდენტისგან მეორეზე ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაგრძელების ცივილური ფორმაა. 

    შეგახსენებთ, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

  • საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზოციის წარმომადგენლებმა ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. მომავალი წლის ბიუჯეტი 12 მილიარდ ლარს აჭარბებს. მომავალი წვლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი გუშინ უნდა დაემტკიცებინა პარლამენტს, თუმცა პროცესი კვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან ძალაში შედის ახალი რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ასეთ შემთხვევბზე, როდესაც დეპუტატები არასაპატიო მიზეზის გამო სხდომებს არ ესწრებიან და კენჭისყრები ვერ იმართება სანქციები მკაცრდება.

  • სახალხო დამცველი: არის მცდელობა, რომ კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება., აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

    მისი თქმით, ინიციატივა არაკონსტიტუციურია და ახალი კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

    “მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად კონსტიტუციის საწინააღმდეგო და საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ ინიცირებული კანონპროექტია. საჯარო სამსახურის რეფორმა განხორციელდა და მიღებულ იქნა ახალი კანონი იმის გამო, რომ სწორედ პოლიტიკურ ცვლილებებს და პოლიტიკური თანამდებობის პირების ცვლილებებს არ მოჰყოლოდა პროფესიული საჯარო მოხელეების ცვლილება საჯარო სამსახურში. ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილება არის მცდელობა იმისა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება, რაც არის არაკონსტიტუციური”, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან.

  • სარკინიგზო კატასტროფა ანკარაში

    {{AUDIO}}
    9 ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი დაშავდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ანკარიდან კონიაში, დასავლეთ თურქეთში მიმავალი მატარებლის ავარიის შედეგად.

    ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. წინასწარი ინფორმაციით, მატარებელი სხვა შემადგენლობას დაეჯახა.

    BBc წერს,  რომ არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

    მატარებელში ავარიის დროს 206 მგზავრი იყო.

  • რუსეთი აშშ-ს და NATO-ს საქართველოს “წაქეზებაში” ადანაშაულებს და პარალელს აგვისტოს ომთან ავლებს

    {{ARTICLEIMAGE}}


    NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე ალიანსის გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს რუსეთი პროვოკაციად აღიქვამს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ (გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა) მთლიანობაში, აღიარებული იყო როგორც სტაბილური. საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არის. ამიერკავკასიაში, რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა აშშ-ს და NATO-ს სამხედრო აქტიურობაა საქართველოს ტერიტორიაზე.

    პროვოკაციულად მივიჩნევთ NATO-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. ზუსტად ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა, დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა”,წერია განცხადებაში.

  • ოფიციალური თბილისი რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ ქმედებებზე მიუთითებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    11-12 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი გაიმართა. მის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე, ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.  

    “საქართველოს დელეგაციამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე. ქართველმა მონაწილეებმა ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრებაზე და დაგმეს სოფელ ატოცთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

    საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის აუცილებლობა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გაძლიერების ფონზე, ქართულმა დელეგაციამ კვლავ დააყენა მოსკოვის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების საჭიროება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსების აუცილებლობა. აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულება, ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა წარმოადგენს ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებელ და განუყოფელ კომპონენტებს.

    მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარული მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს აღნიშნულ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროება.

    ვრცლად იქნა განხილული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. საუბარი შეეხო თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, საკუთრებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საკითხს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის მძიმე შედეგები და ამ გამოწვევის დაუყოვნებლივ გადაჭრის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ არსებული დისკრიმინაციული შეზღუდვები და შედეგად ადგილზე შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ქმნის ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის საფრთხეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას.

    ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კვლავ ხაზგასმით აღინიშნა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დროულად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენის აუცილებლობა.

    რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, ვერ მოხერხდა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემის – ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის განხილვა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები.

    ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეები და თანამოდერატორები ისევე, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები ერთიანი იყვნენ ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით ვითარების გამოსწორების აუცილებლობის საკითხში.

    მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება”, რომლის დროსაც განხილულ იქნა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა აქტიური ჩართულობისა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემებზე ფოკუსირების აუცილებლობა ინკლუზიური და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

    მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 აპრილს.

    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით”,-წერია საგარეო უწყების განცხადებაში.

  • ზურაბიშვილი საჯარე მოხელეებთან დაკავშირებულ ინიციატივაზე: კანონმდებლობა მე არ მეხება

    {{ARTICLEIMAGE}}
    აქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობა მას არ ეხება და ეს საკითხი საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია.

    “ეს კანონმდებლობა მე არ მეხება. მე არ მაქვს მიღებული კანონი. კანონმდებელ ორგანოს ეხება ეს და იქ უნდა მიმართოთ თქვენი კითხვებით. მე არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ამის შესახებ”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას მისცემს ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების და კონპენსაციის გარეშე გაათავისუფლოს, არასამთავრობოების კრიტიკა და მოქმედი ადმინისტრაციის მწვავე განცხადებები მოჰყვა. 

    პროექტის ინიციატორების განმარტებით, გადაწყვეტილება კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერებულია. ეს გადაწყვეტილება კი არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. რა ვადით შეჩერდება განხილვები, ჯერ უცნობია.

    “ჩვენთვის მთავარი პრინციპი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს მიღებული ფართო ჩართულობისა და არგუმენტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და არა გარკვეული ვადებით შემოვისაზღვროთ ჩვენი თავი. ამიტომ, ჩვენ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ და არგუმენტებისა და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას”,განაცხადა მმართველი გუნდიდან რატი იონათამიშვილმა.

  • საქართველოს პარლამენტი ბიუჯეტის მიღებას დღესაც ეცდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უყრის კენჭს. მისი განხილვა 12 დეკემბერს გაიმართა, თუმცა, კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.

    სახელმწიფო ბიუჯეტის მისაღებად სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, რეგისტრაცია კი მხოლოდ 67-მა გაიარა.

    “კოლეგების უპასუხისმგებლობის გამო დღეს ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ შედგა”, ამ სიტყვებით დაასრულა 12 დეკემბრის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანამდე კი პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ჩაერთო “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნიკა მელია დარბაზს გარეთ გაიხმო და “თავ-ყბის დალეწვით” დაემუქრა. მისი ეს მუქარა ნიკა მელიას განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობას მოძალადეები და კრიმინალები უწოდა, მმართველი გუნდი კი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.  

    დღევანდელი პლენარული სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

  • როგორ მუშაობს vali.ge

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვებგვერდ vali.ge-ზე საკუთარი მონაცემების შემოწმება უკვე იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, ვისაც ე.წ. უიმედო სესხი “ვითიბი ბანკში“ აქვს. ამის გარდა, საიტზე ატვირთულია სხვა ბანკების მონაცემები: “საქართველოს ბანკი“, “თიბისი ბანკი“, “ლიბერთი ბანკი“, “სილქ როუდ ბანკი“, “ხალიკ ბანკი საქართველო“, “იშბანკი საქართველო“. სიას უახლოეს პერიოდში სხვა საფინანსო ორგანიზაციები დაემატება.

    ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის, მსესხებელთა ჯამურმა რაოდენობამ 412 ათასს გადააჭარბა, სესხების რაოდენობა 695 644-ს შეადგენს, დავალიანების ჯამური თანხა კი (ჯარიმებით და საურავებით) 3,148 მილიარდ ლარს შეადგენს.