Blog

  • ევროპარლამენტი რუსული გაზსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროპარლამენტი რუსული გაზსადენის “ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ეს შეფასება ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების შეთანხმების შესრულების პირველ ანგარიშშია ასახული, დოკუმენტს კენჭი გუშინ უყარეს და მას მხარი 433 ევროპარლამენტარმა დაუჭირა.

    მათი შეფასებით, “ჩრდილოეთის ნაკადი 2” პოლიტიკური პროექტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას, ევროპარლამენტარებისთვის ასევე მიუღებელია ახალი გაზსადენის მშენებლობა- უკრაინის გვერდის ავლით.

    “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მილსადენები რუსეთს გერმანიასთან უკრაინის გვერდით ავლით, ბალტიის ზღვით დააკავშირებს. გაზსადენს “გაზპრომის” კუთვნილი კომპანია აშენებს, რომლის პარტნიორებიც გერმანული კომპანიები არიან. გაზსადენის მშენებლობას სასტიკად ეწინააღმდეგება აშშ-ის ხელისუფლება და პროექტის მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

  • კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

     

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „ახალი ქართული პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

     

     

     

    ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე უძღვებოდნენ. სამ გამარჯვებულს, რომელიც 22 პიესიდან შეირჩა, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

     

     

     

    პირველი პრემია გადაეცა დავით ნაცვლიშვილს პიესისთვის “MShT-15” (მტვერსასრუტის მისტერიული დრამა); მეორე პრემია ალექს ჩიღვინაძეს – „თქვენთანაც აბრახუნებენ?“ მესამე პრემია კი პიესისთვის „ხუთშაბათი“ თამარ ბართაიას ჯგუფს.

     

     

     

    კონკურსი „ახალი ქართული პიესა“ წელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონკურსის მიზანი თანამედროვე ორიგინალი და ნათარგმნი პიესების გამოვლენა, ავტორების წახალისება და ამავდროულად, თეატრების რეპერტუარის გამდიდრებაა.

     

  • კობახიძე:მარგველაშვილი ცდილობს, კუდი მოიქნიოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    უფლებამოსილების ამოწურვამდე გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი კვლავ ხდება. კობახიძის შეფასება ამჯერად გიორგი მარგველაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომ არსებობენ პორტირებული “ნაციონალები”, ექსპორტირებული “ნაციონალები” და ჭეშმარიტი “ნაციონალები”. 

    “არ ვიცი პორტირებულში რა იგულისხმება. თუ საუბარია “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რას გულისხმობს პრეზიდენტი არ ვიცი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას ეწურება უფლებამოსილების ვადა და ამის ამოწურვის ბოლო დღეებში ცდილობს, რაღაცნაირად თავისი შეხედულებით “კუდი მოიქნიოს”. ეს არ არის ღირსეული საქციელი”,განაცახდა კობახიძემ.

  • მარგველაშვილი: არსებობენ პორტირებული, ექსპორტირებული და ჭეშმარიტი “ნაციონალები”

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისთვის საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოლო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა აიღო და ეს არის რეალობა. მარგველაშვილის პასუხი სტუდენტის შეკითხვას მოჰყვა იმის შესახებ, თუ რატომ არის პოლიტიკური ველი გადანაწილებული ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

    “მე პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირისპირებას ნაკლებად ვხედავ. ვხედავ ინდივიდებს, რომლებიც არიან პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ჭეშმარიტები “ნაციონალური მოძრაობის” წევრები გახდნენ უკვე “ნაციონალური მოძრაობის” წაგების შემდეგ. ასე რომ, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ჰქვია პოლიტიკური დაპირისპირება, ამას ჰქვია პიროვნული თამაშები”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.

    “ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული “ნაციონალები”, ვინც არიან “ქართულ ოცნებაში”; ექსპორტირებული “ნაციონალები”, რომლებიც არიან “ევროპულ საქართველოში” და ჭეშმარიტი “ნაციონალები”, ვინც არიან “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთი და იგივე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას”, აღნიშნა მარგველაშვილმა.

  • გიორგი მარგველაშვილი – საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ცუდად, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის სტუდენტებს შეხვდა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.

    სტუდენტები დაინტერესდნენ, როგორც შეაფასებდა საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს და ამ დარღვევებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის საკითხს, პოლიტიკურ პროცესებში მესამე ძალის გაჩენის შესაძლებლობას, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობას, ბიძინა ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების შესაძლო საკითხებსა და საზოგადოების ორად გაყოფისა და პოლარიზაციის შედეგებს.

    “ცოტა ხანში საქართველოს ეყოლება მე -5 პრეზიდენტი და მე ქალბატონ სალომეს ვუსურვებ გამარჯვებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ნათელია, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, ამ დარღვევების მენიუში ჩვენ გვაქვს ყველა ის უარყოფითი გამოცდილება, რომელიც თაობების განმავლობაში საქართველოში ხორციელდებოდა. ეს არის საქართველოში არჩევნების დარღვევების სრული კრებული. მაგრამ ამავე დროს ფაქტია, რომ ასე ჩატარებული არჩევნების შედეგად, ჩვენ გვყავს 20 % -ით უფრო მეტი ხმით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ფაქტიურად კითხვები არ ისმება. თუმცა, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, როგორ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას ხვალ და ზეგ- როგორც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე იმის შესახებ, როგორი იქნება ზოგადად, საქართველოს როლი: -ის პრიორიტეტი, რითიც ჩვენ ჩვენს დღის წესრიგს ვქმნიდით ევროკავშირში, ნატოში, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან; ამ როლის მიმართ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშნები. კითხვის ნიშნები დაისვა არა აბსტრაქტულად, არამედ რეგიონალურად”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მივედით ამ წერტილამდე, ჩვენ უნდა გავიაზროთ ამ წერტილის შედეგები ამ რეალობაში და ვიყოთ ადეკვატურები, რადგან ჩვენი პრიორიტეტი – დემოკრატიაა, რითიც თავს ვაწონებდით ჩვენი მხარდამჭერების გასამრავლებლად.

    “სამწუხაროდ, იმ შეცდომებს რაც დავუშვით, ვეღარ გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია დიალოგში შესვლა და მე საქართველოში ისეთ საარჩევნო სისტემას შევქმნი, რომელიც ცოტა მაინც დამაბრუნებს დემოკრატიული სტანდარტების ლიდერის რანგში. სამწუხაროდ, მე ამ ტენდენციას ვერ ვხედავ. სამწუხაროა, რადგან ეს არის სრული გაუაზრებლობა იმისა, რა პოლიტიკურ ვითარებაში ვართ და საქართველოში როგორ იქმნება პოლიტიკური პროცესი და როგორ იქმნება პოლიტიკური დინამიკა. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ არის შემდეგი. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ და ვთქვი, რომ მზად ვარ დავიწყო ცივილიზებულად უფლებამოსილების გადაბარების პროცესი, მაგრამ თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამდენი დარღვევა მოუტანა ქართულ საზოგადოებას, არა “ნაციონალურ მოძრაობას”, პორტირებულებს , ან ექპორტირებულებს, არამედ ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვართ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, ვისაც ამ სტანდარტით აფასებენ. იმედია, როდესაც ინაუგურაცია ჩატარდება და ეს რაღაც ციებ -ცხელება დამთავრდება გაიაზრებენ რა ქვეყანაში, საზოგადოებაში და რეგიონში ცხოვრობენ, რა გამოწვევები აქვს ამ სახელმწიფოს და რომ ნაბიჯებია გადასადგმელი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • კობახიძე მოქმედ პრეზიდენტს მოუწოდებს, მისთვის მინიჭებულ მანდატს არ გასცდეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გადასაწყვეტია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

    ირაკლი კობახიძემ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უპასუხა. მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომკარგი იქნება თუ პრემიერ–მინისტრად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

    “დღეს გამარჯვებულია “ქართული ოცნება” და პოლიტიკურმა გუნდა გადაწყვიტა, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა, რომ მეორე ვადით დაბრუნებულიყო პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია. მას მოვუწოდებ, რომ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც მას აქვს მინიჭებული”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


     

  • თბილისში ირანელ ინვესტორთა კონფერენცია ჩაიშალა, ბიზნესმენები საქართველოში არ შემოუშვეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    14 დეკემბერს თბილისში, სასატუმრო “ბილტმორში” დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენცია – “ირანელ ინვესტორთა გამოწვევები საქართველოში” ჩაიშალა. ღონისძიების ორგანიზატორი “ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში”იყო.

    ორგანიზაციის პრეზიდენტმა მოჰამმად ხალეყიმ განაცხადა, რომ “14 დეკემბრის კონფერენციისთვის ირანიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ ირანელი ინვესტორები კონკრეტული საინვესტიციო გეგმებით და მიზნებით. მათგან ორი ბიზნესმენი გუშინ, 11 დეკემბერს ჩამოვიდა, მაგრამ საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.

    კონფერენციის ჩაშლას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – თეირანმა ოფიციალურად მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან, ვიდრე არსებული გაუგებრობა არ გაირკვევა.

    “ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩემი ინფორმაციით, კონფერენციას ვერ დაესწრებოდა საქართველოში ირანის ელჩი ბატონი აბას თალები-ფარი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ კონფერენცია და დაველოდოთ, ორი ქვეყნის ოფიციალურ უწყებებს”. ამ საკითხზე შსს-ს პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის. 

    ირანის მოქალაქეების არშემოშვების საკითხზე 10 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც გააკეთა კომენტარი. მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში საკითხი მოგვარდება.

    “დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არსებულ გაუგებრობაზე ჩვენ გვქონდეს შესაბამისი პასუხები”. 

     

     

  • კობახიძე:პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს და თითოეული თანამშრომლის სტატუსი განისაზღვროს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

    მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ დეპუტატს ეთხოვა, კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ.

    “გუნდში აზრთასხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით, ეს ნათლად ჩანდა”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მისი თქმით, ნაცვლად არსებული 140 შტატისა, 2019 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციაში 60 შტატი იქნება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ წარდგენილი კანონპროექტის მიზანი რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვა იყო.

    “კანონპროექტი რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ამ სტატუსით უნდა დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    მისი შეფასებით, საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, “როგორც ეს ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩვევია”.

    პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კრიტიკას მიესალმება, რადგან ამ დროს სწორი აზრი ყალიბდება.

    “რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეული თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაც ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორციელება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გაწვევას არ გამორიცხავს.

    კახიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს. საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. როგორც აცხადებდნენ, პროექტის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩენილიყო. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან. დღესვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.

  • მარგველაშვილი: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი არის შეურაცხყოფა, რომელიც არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. 

    გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაახლოებით 10-მდე ადამიანია, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, ასევე არის დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომლებიც საჯარო სამსახურის პროფესიული სტანდარტებიდან გამომდინარე მუშაობენ.

    “მიუხედავად პოლიტიკური კატაკლიზმებისა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გარკვეული მიმართულებით მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც მუშაობა ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყეს. ასეთი ადამიანები ჩვენი საჯარო სამსახურის სიამაყეები არიან. ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციაში ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს მუშაობდნენ, ჩვენთვის საამაყოები არიან. ისინი პროფესიონალები არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ისინი ჩვენგან ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტის შექმნისთვის მადლობას იმსახურებენ. ეს შეურაცხყოფა თავში არ მოსვლია არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, მეც არ მიფიქრია, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა ადამიანებისთვის. ამ მოტივაციის ახსნა ჩემთვის ძნელია, სახელმწიფოსთვის კი შეურაცხმყოფელი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გაწვევას არ გამორიცხავს.

    კახიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე გადაყვანის საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ პირადად მისი პოზიცია უარყოფითია და მხარს არ უჭერს. საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან. დღესვე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მცდელობაა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გვერდის ავლით მოხდეს ადამიანების დასაქმება და თანამშრომლების გათავისუფლება.