Blog

  • კირკიტაძის პროცესი: ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილი აქციის ორგანიზატორები გაკვირვებულნი არიან სამართალდამცავთა ასეთი მობილიზებით, მათ შორის ქალი პოლიციელების მობილიზებით. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “პირველი პრეცედენტია, რომ ქალი პოლიციელები დააყენებს წინა რიგებში.

    “ეს რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცით, მაგრამ პირველი, რაც უნდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებს, არის ის, რომ მათ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. ჩვენ ჩვენი თანაგუნდელის ყველა უფლებას ბოლომდე დავიცავთ და დავით კირკიტაძესთან ერთად ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავამხნევოთ დავით კირკიტაძე ტაშით. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენი ტაში ესმის”. ქალ პოლიციელებს აქციის ორგანიზატორებმა მიხაკები მიუტანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა”,ამბობს გიორგი ვაშაძე. 

  • “აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – გახარიას შეკითხვა ოპოზიციას”: ბაია პატარაია შსს-ს “სექსისტურ ჟესტზე”

    {{ARTICLEIMAGE}}
    უფლებადამცველი ბაია პატარაია გურჯაანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციელთა კორდონის წინა ხაზზე ქალი პოლიციელების ჩაყენების გადაწყვეტილებას სექსისტურ ჟესტად აფასებს. გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. სასამართლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. შენობასთან იმართება გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია.

    “შერეული რომ ყოფილიყო კორდონი, როგორიც თავდაპირველად მეგონა, არც კი გამოვეხმაურებოდი ამ ამბავს. მაგრამ “აბა, ქალს თუ დაეჭიდები?” – ეს შეკითხვა, რომელიც დღეს გახარიამ ოპოზიციას დაუსვა, არის ძალიან სექსისტური და პრობლემატური. იმას არ ვიტყვი, ქალს რატო აძლევთ ასეთ დავალებას-მეთქი. ცხადია, ყველანაირი საქმე უნდა აკეთოს ქალმა პოლიციელმა, მათ შორის კორდონი. მაგრამ უკლებლივ ყველა ქალი რომაა ამ “ცოცხალ ფარში”, ეს უკვე პერფორმანსს ჰგავს. ჰოდა, არ მომწონს გახარია რომ პერფორმანსს გვიწყობს ქალი პოლიციელებით – ძალიან არ მომწონს”.

    “შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”,წერია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში”.

  • ელონ მასკის პირველი ჩქაროსნული გვირაბი გაიხსნა

    ელონ მასკიმ ლოს ანჟელესში პირველი მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბი საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის მიზანი გზებზე საავტომობილო საცობების შემცირებაა სპეციალური მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის შედეგად, რომლებიც სატრანსპორტო სისტემას შექმნიან.

    {{ARTICLEIMAGE}}

    საცდელი მიწისქვეშა გვირაბის სიგრძე სამი კილომეტრია. მისი მშენებლობა 10 მილიონი დოლარი დაჯდა და 18 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ეს თანხა არ შეიცავს კვლევებზე, პროექტის დამუშავებაზე და აღჭურვილობაზე გაწეულ ხარჯებს. გვირაბში პირველი სრულიად ეკოლოგიური ავტომობილიც ჩაუშვეს, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ავტომობილებს სამომავლოდ გვირაბში240 კილომეტრ საათი სიჩქარით მოძრაობა შეეძლებათ. პროექტი შეუზღუდავი რაოდენობის წყალგაუმტარი გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. ძალიან დიდი ინტერესის გამო გასაცნობ ტურში მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური მიწვევით არის შესაძლებელი.

    “შესაძლებელია 240 კილომეტრი საათით მგზავრობა. ამ სიჩქარით მოძრაობისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ქალაქში ტელეპორტირებას ახდენ“– წერს მასკი ტვიტერის გვერდზე.

    გვირაბი მიწის ქვეშ 6–12 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ლოს ანჟელესის ოლქის ქალაქ ჰორტონის შოსედან აეროპორტამდე მიდის. პროექტის პრეზენტაციის ტრანსლირება მასკის კომპანიის – The Boring Company –ს გვერდზე მიმდინარეობდა.

    დათქმულ დროს გვირაბის შესასვლელთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.

    გვირაბით პირველი მგზავრობა არც ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ავტომობილ ტესლას X მოდელის საჭესთან კომპანიის თანამშრომელი იჯდა. მან გვირაბი ორ წუთში გაიარა მაქსიმალური სიჩქარე – 85 კმ. საათით. გზა უსწორმასწორო იყო და ავტომობილი ისე ვიბრირებდა, როგორც უასფალტო გზაზე. მასკიმ თავი იმით გაიმართლა, რომ მათ დრო არ ეყოთ და საბოლოოდ გზის ზედაპირი სრულიად მოსწორდება და სრიალა გახდება.

    სირთულეების მიუხედავად მასკიმ გვირაბში ავტომობილის პირველ გავლას ეპიკური უწოდა.

    მასკის მიერ დემონსტრირებული პირველი გვირაბი კვლევებისთვის და ცდებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ეს გვირაბიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ნაწილი გახდება. მასკის იდეით გვირაბები ლოს ანჟელესის მსხვილი მუზეუმების, სტადიონების, სადგურების და აეროპორტების სიახლოვეს უნდა განთავსდეს. გვირაბებით ნებისმიერ ელექტრომობილს შეეძლება სარგებლობა. ასევე ივლის ტრანსპორტი, რომლითაც ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედისტები ისარგებლებენ. მასკი ამ პროექტის დასრულებას 2028 წლისთვის აპირებს.

    თუმცა ინჟინრები და ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტები მასკის პროექტს კრიტიკით ხვდებიან. მათი განცხადებით მისი სისტემა არ ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის შემაფერხებელ მთავარ მიზეზებს – შოსეებზე ვიწრო შესასვლელებს და გამოსასვლელებს. სწორედ ასეთებად შეიძლება იქცეს გვირაბების შესასვლელები და გამოსასვლელები, რაც მის გამტარუნარიანობას შეზღუდავს.

    თუმცა მასკის დიდი გეგმები აქვს და გვირაბების გათხრას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.

    უკვე დაიწყო გვირაბების თხრა ჩიკაგოში და ვაშინგტონში, თუმცა ეს პროექტები ამ ეტაპზე სხვადასხვა მიზეზების გამო პრაქტიკულად შეჩერებულია.


  • “არ მსურს ექსცესები” – სააკაშვილი აღარ ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნდება

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ექს-პრეზიდენტრმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მისი ჩამოსვლის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. “ტვპირველის” ეთერში ჩართვისას სააკაშვილმა თქვა, რომ არ სურს ექსცესები, რაც მისი აზრით, ქართველ ხალხს მიუბრუნდება.

    “რა თქმა უნდა, მე მენატრება და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, საქართველოსი და მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედიც მენატრება, სიმართლე გითხრათ. მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი. მე მეშინია ექსცესების. მე მეშინია ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, რომ თავისთავად ამას არ მოყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არა მხოლოდ ივანიშვილს”, ამბობს სააკაშვილი.

    2 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა, რომ როგორც კი მისი ისინი დაუძახებენ, “იმ წამს გაჩნდება მათ გვერდით”. 

  • ყინულის სასტუმრომ ახალი სეზონი გახსნა

    შვედეთში, იუკასავრიში 29 წლის წინ შექმნილმა ყინულის სასტუმრომ 2018–19 წლის სეზონი გახსნა. წელსაც მისი ახალი ყინულის ნომრები ულამაზესი და განსაკუთრებულია როგორც ყოველთვის. ცნობილი სასტუმრო ყოველწლიურად ნომრებს ანახლებს და მოგზაურებს სრულიად ახალ ყინულის დიზაინს სთავაზობს. წელს სტუმრებს 15 ახალი ნომერი ხვდებათ, რომლებიც 34 მა მხატვარმა და დიზაინერმა შექმნა 13 ქვეყნიდან.

    სასტუმრო უკვე მესამე წელია სტუმრებს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში იღებს. 2016 წლიდან სასტუმროს ნაწილის დიზაინი მუდმივად ნარჩუნდება და სასტუმრო აქ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იღებს. იმისათვის, რომ ყინულის სასტუმრომ ზაფხულობითაც იფუნქციონიროს, ინჟინრების და ტექნიკოსების დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. სპეციალური მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარების მეშვეობით შენობაში ტემპერატურა –5 გრადუსზე ნარჩუნდება.

    {{ARTICLEIMAGE}}

    თუმცა მუდმივი ნომრების გარდა სასტუმრო ცვალებად ნომრებს კვლავ ინარჩუნებს და მისი უნიკალურობაც ეს არის.

    ყოველწლიურად ნომრების გაფორმების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან სკულპტორები, მხატვრები და ყინულმჭრელები მთელი მსოფლიოდან. სასტუმრო მათ შორის საუკეთესოებს არჩევს. ამგვარად იქმნება ნომრები, რომლებიც ფაქტიურად ხელოვნების ნიმუშებია.

    წლევანდელი დიზაინი ნატურალური ბუნებით არის შთაგონებული. კამკამა გაყინული წყალი და ორიგინალური განათება წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. ახალი დიზაინის ნომრები 2019 წლის აპრილამდე შენარჩუნდება. შემდეგი სეზონისთვის კი ახალი ნომრები შეიქმნება.

    ყოველწლიურად სასტუმროს დაახლოებით 70 000 სტუმარი ყავს. მათ სასტუმროში ცხოვრების წესებს დეტალურად აცნობენ და ატრენინგებენ, თუ როგორ უნდა ადაპტირდნენ გაყინულ გარემოსთან. ნომრებში სტუმრებს თბილი საძილე ტომრები ხვდებათ. გარდა ამისა მათ განკარგულებაშია ყინულის ბარი და ყინულის სკულპტურების გალერეა, სადაც მასტერკლასები ტარდება მათთვის, ვისაც უნდა გაყინული წყლისგან ხელოვნების ნიმუში შექმნას. სტუმრებს არჩევანსაც სთავაზობენ. მათ შეუძლიათ ცივ ოთახში დარჩნენ ან დასაძინებლად თბილი ოთახები აირჩიონ.

    Icehotel 365 მომავალ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი სასტუმროა ყინულის სასტუმროებს შორის.
    იუკასავრი შვედეთის ყველაზე ჩრდილეთით მდებარე აეროპორტიდან – კირუნადან 17 კილომეტრში და ჩრდილოეთ პოლარული წრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.

    {{PHOTOGALLERY}}

  • კირკიტაძის პროცესის პარალელურად, გურჯაანის სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

    {{ARTICLEIMAGE}}
    გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. სასამართლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. შენობასთან დაგეგმილია გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია.

    “შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”,წერია შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში”.

  • უდუმაშვილი: კირკიტაძე პოლიტპატიმარია

    {{ARTICLEIMAGE}}
    გურჯაანის სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის წევრის დავით კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დავით კირკიტაძე არის “კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილის და პირადად გიორგი გახარიასი.”

    “ჩვენ ვუყურებთ,რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში, შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ. არ ვიცი, ამათ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. მე მაქვს ერთი კითხვა? ვინ იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას კახეთის რეგიონში? დარჩა თუ არა პოლიციელი, რომელიც პასუხისგებელია დღეს კახეთში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შეხედეთ ხალხო, რა ხდება ასე ეშინიათ საკუთარი ხალხის? მაგრამ უნდა ეშინოდეთ. უნდა ეშინოდეთ, რადგან რაც უფრო მეტ ასეთ ქმედებას ჩაიდენენ სამართალდამცველების ხელით ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მით უფრო აახლოვებენ თავიანთ დასასრულს. ეს დასასრული ძალიან მალე დადგება”,-განაცხადა გურჯაანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა ზაალ უდუმაშვილმა.

  • ბოკუჩავა: კირკიტაძის პროცესს უცნობი “გულშემატკივრები” ესწრებიან

    {{ARTICLEIMAGE}}
    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე მას შემდეგ შეუშვეს, რაც ოპოზიციონერმა შენობაში შესვლა ჟურნალისტების თანდასწრებით მოითხოვა. ბოკუჩავა ახსნა-განმარტებას მოითხოვდა, თუ რატომ არ უშვებენ პროცესზე, როდესაც დარბაზში იმყოფებიან უცნობი ადამიანები, რომლებიც თითქოს გულმხურვალე გულშემატკივრები იყვნენ, სინამდვილეში კი ისინი, ოპოზიციონერის ინფორმაციით, სუს-ის აგენტები არიან. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერს განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო, თუმცა მოგვიანებით ბოკუჩავას პროცესზე დასწრების უფლება მაინც მისცეს. 

    როგორც ცნობილი გახდა, ოპოზიციონერისთვის ადგილი მანდატურმა ერთი ადამიანის ჩანაცვლების შედეგად გაათავისუფლა. სწორედ ამ ერთი პირის ნაცვლად შევიდა ბოკუჩავა პროცესზე. ბოკუჩავას თქმით, ის ერთ-ერთი დეპუტატია უმცირესობის სხვა წევრთა შორის, ვინც დავით კირკიტაძეს თავდებში უდგება. 

    “შს მინისტრმა გახარიამ დარბაზი სუს-ის აგენტებით გადაავსო”. ოპოზიციონერის თქმით, 8 ადამიანი ზის წინა რიგებში და მათ არავინ იცნობს. “ეს ხალხი ცხოვრებაში არ გვინახავს არც ოპოზიციის წარმომადგენლებს და არც დავით კირკიტაძის ოჯახის წევრები იცნობენ მათ”,განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • შსს-მ ინაუგურაციის დღეს მომხდარი “ცნობილი” ინციდენტის მონაწილე ქალი დააკავა

    {{ARTICLEIMAGE}}

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა”,წერია შსს-ს ინფორმაციაში. 

    საუბარია ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე, რაც თელავში აქციის ჩასატარებლად განწყობილი ოპოზიციისთვის პოლიციის მიერ გზის ჩაკეტვას და ალტერნატიული მარშუტის შეთავაზებას მოჰყვა – სწორედ ამ დროს ერთ-ერთი პირი სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლისას პოლიციის მანქანაზე აძვრა.

  • შეერთებულმა შტატებბა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}


    აშშ-მ სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო.

    ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” “ტერიტორიული სახალიფო” დამარცხებულია. სანდერსის გამოსვლამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სირიიდან ჯარების მთლიანად გასაყვნად ემზადებოდა.


    “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში გამარჯვებები “არ ნიშნავს გლობალური კოალიციის, ან მისი კამპანიის დასრულებას. დავიწყეთ შეერთებული შტატების ჯარისკაცების შინ ჩამოყვანა – გადავდივართ რა ამ კამპანიის შემდეგ ეტაპზე”, განაცხადა სანდერსმა.


    მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ სირიაში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია და სწორედ ეს იყო სირიაში ამერიკის ჯარების ყოფნის “ერთადერთი მიზეზი”.


    ამჟამად სირიაში განთავსებულია 2000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელთა დიდი ნაწილი  “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლ ქურთ და არაბ მეომრებს ეხმარება.