Blog

  • ტაილანდში 2 წლის ბავშვის ძებნის ოპერაციას სპილოები შეუერთდნენ

    {{ARTICLEIMAGE}}ტაილანდში 2 წლის ბავშვის ძებნის ოპერაციაში 4 სპილო ჩაერთო. ორი წლის ბავშვი 27 დეკემბერს დაიკარგა, როდესაც მიგრანტი მშობლების სამუშაო ადგილის სიახლოვეს სათამაშოდ გავიდა.

    ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამძებრო ოპერაციაში ჩასართავად ყველა რესურსს გამოიყენებს.”ყოველი მომდევნო დღე ჩვენთვის ძალიან კრიტიკულია”,აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.

    2 წლის სულუის ძებნა გასული ოთხშაბათიდან დაიწყო. ძებნის ოპერაციაში ასობით მოხალისე, პოლიციის ოფიცერი და ჯარისკაცი ჩაერთო. მყვინთავებმა ასევე მოინახულეს ახლომდებარე გუბეები, სადაც შესაძლოა, 2 წლის ბიჭი შესულიყო.

  • ერდოღანმა ტრამპი თურქეთში მიიწვია

    {{ARTICLEIMAGE}}
    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში მიიწვია. თეთრი სახლის ინფორმაციით, კონკრეტულად ჯერ არაფერია დაგეგმილი, თუმცა პრეზიდეტი მზად არის პოტენციური შეხვედრისთვის.

    თურქეთში მიწვევის გადაწყვეტილებას პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი უძღოდა წინ. 23 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თურქ კოლეგასთან სირიის საკითხში თანამშრომლობის, ამ ქვეყნიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის და სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილა.

    აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა ვაშინგტონის მიერ სირიაში ქურთი მეამბოხეების მხარდაჭერის და აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, ფეტულა გიულენის გამო დაიძაბა. ანკარა, რომელიც გიულენს ადანაშაულებს 2016 წლის ივლისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში, ვაშინგტონისგან მის ექსტრადიციას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

  • გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ბათუმში 53 წლის ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.

    დავით სერგენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.

    “სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა”.

    ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.

  • იტალიური მედია: ვეფხვის მიერ დაგლეჯილი ქართველი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

    {{ARTICLEIMAGE}}]
    იტალიის ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში საქართველოს მოქალაქე ცირკში, ვეფხვის გალიაში შეიპარა. შემთხვევის დროს მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო, თუმცა ის სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, მოქალაქეს მკლავზე სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული.

  • იტალიის ცირკში შეპარულ საქართველოს მოქალაქეს ვეფხვი დაესხა თავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    იტალიის ქალაქ რეჯიო-დი-კალაბრიაში საქართველოს მოქალაქე ცირკში, ვეფხვის გალიაში შეიპარა. შემთხვევის დროს მოქალაქემ მძიმე დაზიანება მიიღო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

    ამავე წყაროს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცირკის შოკირებული თანამშრომლების მიერ სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ, დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მძიმე დაზიანებები აქვს მარცხენა ხელზე. თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, ახალი თავგადასავალი დაეწყო – მოქალაქემ ამჯერად საავადმყოფოდან გაქცევა სცადა, თუმცა საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციის დახმარებით ამის საშუალება არ მისცა.

    სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული პირი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მოქალაქე საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს.

  • ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დამტკიცდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება მიიღო. ბანკის ცნობით, დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.

    “რეგულაციის ძირითადი პრინციპის თანახმად, ფინანსურმა ინსტიტუტმა ფიზიკურ პირს არ უნდა დააკისროს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) პირის გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ევროდირექტივების ერთ-ერთი მოთხოვნაა და ასევე წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. რეგულირება გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციაზე. სესხის გამცემი ვალდებული იქნება, სესხის გაცემისას შეაფასოს მომხმარებლის შემოსავალი, უზრუნველყოფის ღირებულება და გასცეს სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახდელი (PთI) და უზრუნველყოფის ღირებულება (LთV) ამ დებულებით დადგენილ ზღვრებს არ აღემატება. აღნიშნული კოეფიციენტები განსხვავებული იქნება ადგილობრივი და უცხოური ვალუტის სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლების და ფინანსური სისტემის დაცვას უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული რისკებისგან”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ბანკის ცნობით, დებულების პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივლისიდან ღია რეჟიმში მიმდინარეობდა.

    “პროექტი გამოქვეყნდა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქტიური შეხვედრები გაიმართა როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კონსულტაციების პროცესში გამოთქმული მოსაზრებები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში”, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

    დებულება სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ერთდროულად, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

    დებულება და დებულებასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტზე.

  • “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეს ფულის სანაცვლოდ დასაქმებას დაპირდა, დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა “საქართველოს რკინიგზის” თანამშრომელი დააკავა.

    საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადახდის შემთხვევაში “საქართველოს რკინიგზაში” მის დასაქმებას უზრუნველყოფდა. ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც 750 ლარი გამოართვა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სროლა თბილისში

    თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, კაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძება 117-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. პირველი მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა კი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

  • წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამ თემაზე ბრიფინგი შსს-ში გაიმართა: 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 3 პირი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა. – დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასევე, 1972 წელს დაბადებული ნ.ა. – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. გარდა ამისა, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ყ., რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.

    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.

    ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს. შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან – გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

    სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნულ ფაქტზე ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ეცნობება”.

  • ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა – შემთხვევის დეტალები

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე უწყების ცნობით, ზ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით სასჯელი ემუქრებათ.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”.