Blog

  • მოზარდების მკვლელობის საქმე:რატომ დაიბარეს მიხეილ კალანდია პროკურატურაში

    {{ARTICLEIMAGE}}
    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია გუშინ საღამოს მთავარ პროკურატურაში იყო.

    მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

    ადვოკატ ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში მისი მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით გამოცხადდა. 

    “ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი”, განაცხადა ადვოკატმა.

    როდის მოხდება მიხეილ კალანდიას დაკითხვა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 11 არასრულწლოვანია გამოკითხული.

    როგორც ცნობილია, მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანის ნათესავია. სწორედ მის დასჯას მოითხოვს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე. 

    “მოვითხოვ არამხოლოდ კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას, თქვა სარალიძემ ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის წინ.

    ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება, ჟურნალისტების ამ კითხვას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა  უპასუხა, რომ ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია.

    “წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია“, განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    მიხეილ კალანდიამ სასამართლოში პირველი დაკითხვისას პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე ისაუბრა და განცხადა, რომ მისი დაკითხვის მსვლელობისას მამამისს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ამის შემდეგ მიხეილ კალანდიამ ეს ინფორმაცია კვლავ სასამართლოზე დაკითხვისას უარყო და აღნიშნა, რომ მეგობრების გადარჩენის მიზნით სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციების გაჟღერების შემდეგ პროკურატურამ მოწმეზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიხეილ კალანდიაც არის პასუხისგებაში მიცემული.

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

  • 41 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

    {{ARTICLEIMAGE}}
    25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

    პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისათვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარია, მათგან 2 ტიტულარული. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.

  • თბილისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისში ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ცეცხლს 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ამავე სამსახურის ცნობით, დაიწვა 60 კვ.მ. ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოსამართლე წევრების მიერ გუნდურად მოხდა, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    მიქაუტაძე აცხადებს, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურებზე მას შემდეგ იმსჯელეს, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან გამოთქმულ პროტესტს, რომელიც წარდგენილ კანდიდატურას უკავშირდება, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ყველა კანდიდატი სასამართლო სისტემაში მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიჩალაძე.

    “ჩვენ დავასახელეთ სააპელაციო სასამართლოს ორივე თავმჯდომარე. რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, მას უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია”, განაცხადა მიქაუტაძემ.

    რამ განაპირობა განახლებული კონსტიტუცის ძალაში შესვლიდან უმოკლეს ვადაში პარლამენტისთვის წარედგინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა 10 კანდიდატი, საბჭოს მდივნის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში წლებია, რაც მოსამართლეთა სიმცირის პრობლემაა, რის გამოც დიდი რაოდენობით საქმე დაგროვდა, რამაც თავისთავად, მოქალაქეთა უკმაყოფილება წარმოშვა. მისივე თქმით, ყველა წარდგენილი კანდიდატი შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

    “უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების დასახელება განპირობებულია იმ სიტუაციით, რომელიც შექმნილია უზენაეს სასამართლოში. არის 11 მოსამართლე, სისხლის პალატაში ერთი შემადგენლობაც კი არ არის, რომ საქმეები განიხილონ. ეს არის შეფერხებული პროცესი, ან შეიძლება ითქვას, უფრო უარესი, უზენაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, თუ ჩვენ გადაწყვეტილებას არ მოვიღებთ და არ იქნებიან მოსამართლეები წარდგენილები. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს პასუხისმგებლობა გადმოვიდა იუსტიციის უმაღლს საბჭოზე. ვფიქრობ, რომ სწორად მოქმედების და იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის დროა, რომელიც უნდა გადაიდგას, ვინაიდან უზენას სასამართლოში არ შეფერხდეს სამართალწარმოების პროცესი. ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გადადგას. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება”, განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.

  • წულუკიანის ყოფილი მოადგილე მთავრობას უკვე ოპოზიციონერის სტატუსით აკრიტიკებს: როგორ იმართებოდა საქმეები “ქართულ ოცნებაში”

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, სანდრო ბარამიძის თქმით, რომელიც დღეს “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა, იუსტიციის სამინისტროში თანამდებობის დატოვების კატალიზატორი სარალიძის საქმე გახდა. მისი თქმით, უთანხმოება ჰქონდა არა ცალკეულ პირებთან, არამედ იმასთან, თუ როგორ იმართებოდა საქმეები “ქართულ ოცნებაში”. მისივე თქმით, უწინდელის მსგავსად, ახლაც ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებებს ყველაფრის თაობაზე.

    “მაგრამ კატალიზატორის როლი, ცხადია, შეასრულა სარალიძის საქმემ, იმიტომ, რომ სარალიძის საქმემ ყველაფერი ამოაყირავა და თავდაყირა დააყენა და სრულიად თვალსაჩნო გახადა ის ამბავი, რომ სისტემური პრობლემები არსებობს ქართულ სამართალდამცავ სისტემაში”, განუცხადა ბარამიძემ “ლიბერალს”.

    მისი თქმით, მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა იმის მოთმენა, რომ პროკურატურის საშუალო დონის ჩინოვნიკის სურვილისამებრ წარიმართება საქმეები და არა ისე, როგორც საჭიროა.

    “[…] ხელი დააფარონ ვიღაცას, ან დანაშაული გადააბრალონ სხვას, ის ამას აღწევს და ფაქტობრივად მთელი სისტემა არის ჩარეული ამაში. ამის მოთმენა იყო აბსოლუტურად შეუძლებელი”, თქვა ბარამიძემ.

    იგი განმარტავს, რომ ცალკე იუსტიციის მინისტრთან პრობლემა არ ჰქონია, არამედ სისტემურ პრობლემებს ვერ შეეგუა და აპირებს, “ყველანაირი სამართლებრივი საშუალება” გამოიყენოს, რათა ეს შეიცვალოს.

    “საქართველოში აღარ შეიძლება მოთმენა იმისი, რომ იყოს ვიღაცის ავტოკრატული რეჟიმი. უკვე გამოვიარეთ შევარდნაძის ეპოქა, გამოვიარეთ სააკაშვილის ეპოქა, ვხედავთ, რომ “ქართულ ოცნებას” ამ კუთხით არაფერი შეუცვლია – როგორც ერთი ადამაიანი ღებულობდა გადაწყვეტილებებს ყველაფრის თაობაზე უწინდელ რეჟიმებში, ახლაც ასეა და არ შემიძლია, ამას შევეგუო. საქართველოში ოდესმე უნდა დამყარდეს ჭეშმარიტი ინსტიტუციური დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და სამართალი პოლიტიკას კი არ უნდა დაექვემდებაროს, ყველაფერი უნდა დაექვემდებაროს სამართალს. ქვეყანა უნდა მართოს კანონებმა და არა ცალკე აღებულმა ინდივიდებმა”, – თქვა ბარამიძემ.

    შეკითხვაზე, როგორ აფასებს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობას, ბარამიძე პასუხობს, რომ მის საქმიანობას არ შეაფასებს, თუმცა მათი გზები რადიკალურად გაიყო.

  • H1N1 და H3N2: რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი საქართველოში

    {{ARTICLEIMAGE}}
    “საქართველოში გრიპით დაავადებულთა მაქსიმალურ უმრავლესობას, 95 პროცენტს H1N1-ი აქვს, ხოლო მცირე რაოდენობას H3N2”, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გრიპით დაავადების დინამიკა მზარდია, თუმცა ეპიდემიური ვითარება არ არის.

    “ამ დროისათვის 221 დაავადებულია 100 000 მცხოვრებზე, საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი კი არის 450 -500 დაავადებული 100 000 მცხოვრებზე.”-აღნიშნა პაატა იმნაძემ, რომლის თანახმადაც გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 185 ადამიანი იყო.

    მისივე თქმით, H1N1-ით გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა 24 დეკემბერს აჭარაში დაფიქსირდა. პაატა იმნაძემ პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვის გათვალისწინებით არ დაასახელა, რა ტიპის გართულებამ გამოიწვია გრიპით დაავადებული ქალის გარდაცვალება.

    53 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშო გარდაიცვალა. წინასწარი ლაბორატორიული კვლევით, მას H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის გართულებული ფორმა ჰქონდა. საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 17 დეკემბერს მიიყვანეს გრიპის უკვე გართულებული ფორმით და მას შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა. ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ექიმს მიმართონ.

  • ოკუპაცია:სოფელ ხურვალეთთან დაკავებული გაათავისუფლეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს. რუსმა ოკუპანტებმა იგი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო 23 დეკემბერს დააკავეს. იგი შშმ პირია. მომხდართან დაკავშირებით მუშაობდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.

  • ზურაბიშვილმა გუნდის სხვა წევრებთან ერთად, 1 სტაჟიორი და შშმ პირების საკითხებში მრჩეველი წარადგინა

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი გუნდის წევრების ნაწილი წარადგინა. ქეთევან მახარაშვილი-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იქნება, იგი ეთნიკურ უცირესობებთან და გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს, დროებით შეითავსებს პრეს-სპიკერის ფუნქციებსაც.

    სიმონ პეტრიცი – მრჩეველი შშმ პირების საკითხებში; ნათია სულავა – მრჩეველი დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში; აკია ბარბაქაძე – მრჩეველი სამხედრო საკითხებში; ირინა შენგელია-მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და კოტე ნაცვლიშვილი-მრჩეველი კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში.

    სალომე ზურაბიშვილმა დღესვე წარადგინა ემიგრაციაში დაბადებული ქართველი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების შემდეგ გახდება გუნდის წევრი. 

    გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია

  • ქართველმა მოცურავეებმა საერთაშორისო ტურნირზე 10 ოქროს მედალი მოიპოვეს

    {{ARTICLEIMAGE}}

    სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში 21-22 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ცურვაში , სადაც ქართულმა დელეგაციამ წამრატებით იასპარეზა. ქართველმამოცურავეებმა 10 ოქროს, 8 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თემო კობახიძე მონაწილეთაგან ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და მოახერხა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლის მოპოვება.3 ოქროს მედალი მოიპოვა საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ნოე ფანცხავამაც.ტურნირში საქართველოს გარდა სლოვაკეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის 21 კლუბი მონაწილეობდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება 4 სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით მოხდა.ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.

  • მაღალჩინოსნების დაჭრის საქმეზე ბრალდებული დააკავეს

    {{ARTICLEIMAGE}}
    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ყ., დამამძიმებელ გარემოებაში 3 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


    ამავე წყაროს ინფორმაციაში აღნიშნულია:”გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.ყ. თბილისში, კრწანისში დააკავეს. პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”.