Blog

  • ჩინეთში სკოლის დირექტორი ბავშვებთან ერთად ცეკვავს

    ჩინეთის ჩრდილოეთით ერთ ერთი სკოლის დირექტორმა უარი თქვა დილის ვარჯიშების დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაზე და ამის ნაცვლად მოსწავლეებთან ერთად ცეკვა ამჯობინა. ჩინური მედია წერს, რომ არ არის გამორიცხული ამის გამო მამაკაცმა სამსახური დაკარგოს.

    გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შანსის პროვინციის ერთ ერთი სკოლის დირექტორი 40 წლის ჩჟან პენფეი პირადად ცეკვავს ბავშვებთან ერთად. მასთან ერთად მოძრაობებს კოლეგებიც იმეორებენ. დირექტორი განმარტავს, რომ ცვლილებების გატარება ნოემბერში გადაწყვიტა, რადგან არც ბავშვებს და არც მასწავლებლებს ჩვეულებრივი ვარჯიშები არ აინტერესებდათ და ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ გაუნძრევლად. დირექტორმა თვითონ შეისწავლა ცეკვა და შემდეგ ბავშვებსაც შეასწავლა.
    თავიდან მასწავლებლების ნახევარი წინააღმდეგ იყო, თუმცა საბოლოოდ აზრი შეიცვალეს, რადგან მხნე და ენერგიული მუსიკა ბავშვებზე კარგად მოქმედებდა. ჩვეულებრივ ვარჯიშებზე სკოლაში დეკემბერში საბოლოოდ თქვეს უარი.
    ჩინეთის სკოლებში 1951 წლიდან დილის ვარჯიში სავალდებულო გახდა. გარკვეული პერიოდის მანძილზე მსგავსი ვარჯიში სახელმწიფო დაწესებულებებშიც სავალდებულო იყო, თუმცა ამჟამად ეს პრაქტიკა შეიცვალა. ჩინური მდიის ცნობით ინსპექტორები პერიოდულად ამოწმებენ სკოლებს, იცავენ თუ არა ამ წესს.

    ჩინურ საზოგადოებაში აზრები ორად არის გაყოფილი ერთ კონკრეტულ სკოლაში დანერგილ სიახლესთან დაკავშირებით. ნაწილი თვლის, რომ მთავარია ბავშვებმა იმოძრაონ და არ აქვს მნიშვნელობა, ცეკვა იქნება ეს თუ ტრადიციული ვარჯიშები. მეორე ნაწილი თვლის, რომ სავარჯიშო პროგრამა არ დაინერგებოდა, სასარგებლო და ეფექტური რომ არ ყოფილიყო. თავად ბავშვების დიდი ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის ცეკვა უფრო სახალისოა, ვიდრე მოსაწყენი ვარჯიშები.

  • ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი:განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოსთან ურთიერთობებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ვილნიუსში ლიეტუვის და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, საულიუს სკვერნელისის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებასა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.


    პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს და ლიეტუვის მთავრობების და პარლამენტების წევრები. განხილვის მთავარი თემები იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი ფორმატები, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ქართულმა მხარემ ლიეტუვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.


    პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად ვილნისუში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის წევრი, ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია.


    ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი: ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ლიეტუვა მრავალი წელია, განსკათრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს და ამ კურსის გაგრძელებას გეგმავს მომავალშიც. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ურთიერთობებში დაუშვებელია ძალის გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა. მხარს ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს საქართველოს მტკიცე მისწრაფებას ევროკავშირსა და NAtO-ში სრული ინტეგრაციისადმი, ლიეტუვას მაგალითის მსგავსად. ასევე მხარს ვუჭერდით და მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისადმი, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ და განვახორციელებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.


    ვიზიტის პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებები მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს არაერთი საკითხი, რომელიც მოიცავს როგორც სიმბოლურ თემატიკას, ასევე ძალზე პრაქტიკურ მიმართულებებსაც. მიმდინარე წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი დიპლომატიური ისტორია 550 წელზე მეტს ითვლის. ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის კონტექსტში გამორჩეულ აქცენტს წარმოადგენდა მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმად, ჩვენ საქართველოს ვუწოდებთ მის ავთენტურ დასახელებას, ხოლო ჩვენი მეგობრები ჩვენს ქვეყანას ლიტვის ნაცვლად ლიეტუვას უწოდებენ.


    ასევე კარგი სიახლეა ის, რომ აპრილიდან ამოქმედდება პირდაპირი ავიარეისები ვილნიუსი-თბილისის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის და ბიზნესკავშირების განვითარებას.

    ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა. ამასთან, ვფიქრობთ, შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ვისაუბრეთ, რომ ლიეტუვას შეუძლია, იამაყოს შესანიშნავი “სტარტაპებით”, რომელთა მოცულობა უკანასკნელ წლებში 5-ჯერ გაიზარდა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე მოვიზიდეთ 183 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია და იმედი მაქვს, ამ სფეროშიც გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისთვის.


    უაღრესად იმედისმომცემია თანამშრომლობა მუნიციპალიტეტების დონეზე. ჩვენს ქვეყანაში არსებული 60 მუნიციპალიტეტიდან ნახევარს საქართველოში ჰყავს პარტნიორები.

    ჩვენ მხარს ვუჭეთ საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას, როგორც კონკრეტული ნაბიჯებით, ასევე საქმით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც დეკემბრიდან შევიდა ძალაში, დაფიქსირებულია ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფება. ამასთან, მხარს ვუჭერთ საქართველოს, განაგრძოს რეფორმები და შეიარჩუნოს ლიდერობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ დიდ წარმატებებს.

  • ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

    “TVპირველის” გადაცემა  “დღის ამბების” წამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. 

    ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.

    solostudio.agency/ თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

  • ამერიკული ნაღმოსანი ხომალდი საქართველოშია

    {{ARTICLEIMAGE}}
    დღეს დილით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი “დონალდ კუკი” შემოვიდა. ის ამჟამად ბათუმის პორტში იმყოფება. ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 იანვრამდე დარჩება და სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად სხვადასხვა წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას.

    საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდის შემოსვლა მიზნად ისახავს სტაბილურობის განმტკიცებას შავ ზღვასა და მთლიანად რეგიონში. “დონალდ კუკი” საესკადრო ნაღმოსანი ხომალდია, რომელიც აღჭურვილია “არლი ბიორკის” ტიპის სამართავი რაკეტებით.

  • კარბამიდის ტერმინალის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბათუმის მერიისა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის ინიციატივით, ქალაქის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა.


    ცნობილია, რომ ბათუმში საზოგადოების ნაწილი პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგია. მათი განცხადებით, ქიმიური ტერმინალი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს – შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, მოქალაქეებს მიაწოდოს ვრცელი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, ასევე კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სარგებელზე.


    საკრებულოს შენობაში დაგეგმილ პროექტის საინფორმაციო განხილვაზე მოწვეულნი იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები და ყველა ის მოქალაქე, ვისაც სურვილი ჰქონდა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო.

    განხილვისას ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტის კარბამიდის ტერმინალის ეკოლოგიურ უსაფრთხობასა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებასთან მის თავსებადობაზე

    ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ხელშეკრულება კომპანია Wondernet Exspress Investment Group-სა და ამერიკულ კორპორაცია Trammo-s შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.


    აღსანიშნავია, რომ კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ი უმსხვილეს ამერიკულ კორპორაცია Trammo-სთან ერთად ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. 

    პროექტის თანახმად, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღის ნავსადგურებში აზეირბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფანი შეიქმნება.

    ტერმინალი აღიჭურვება მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით. ტერმინალი წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებასაც შეძლებს.

  • მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად. აქცია იუსტიციის საბჭოსთან

    იუსტიციის უმაღლე საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა,სამოქალაქო აქტივისტებმა, ადვოკატებმა, ყოფილმა მოსამართლეებმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და საპროტესტო აქცია გამართეს.

    გაათავისუფლე სასამართლო; თვალში ნაცარს ნუ გვაყრით; ხალხი შეურაცხყოფილია. დაიშალეთ; მართლმსაჯულება გადასარჩენია – ამ პლაკატებით გამართული აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებმაც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირეს.

    აქციის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს “მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად“ და ყველა მსურველს ხელმოწერისკენ მოუწოდებენ.

    „საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმთავრესი მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

    მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანგარიშვალდებული და სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე. ამ სისტემის მთავარი საყრდენი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური.

    დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. ქართული საზოგადოება ამ რეალობას და მისი მოგვარების აუცილებლობას კარგად იაზრებს, რისი უდავო დასტურია ის ფაქტი, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ საკითხს ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნა წარმოადგენს.

    2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.

    2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პირობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.

    სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა – „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. 2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას.

    ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ „კლანი“ სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია „კლანის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს. შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ „კლანის“ არსებობის პირობებში, თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება.

    2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე – სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.
    ამ ჯგუფმა თავისი ზრახვებისა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა საზოგადოებისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებებით, მათ შორის უსამართლო და მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს – ლევან მურუსიძის საჩქარო უვადო გამწესებით და პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენით, რომელიც შეიქმნა ფარულად, სათანადო კრიტერიუმების გარეშე და სამართლიანი პროცედურების დაუცველად.

    შესაბამისად, შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;
    დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან „კლანის“ ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო – ლევან მურუსიძე.

    საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ”,

    მანიფესტს ხელს აწერენ ორგანიზაციები: 

    1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
    2. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის;
    3. ცენტრი ემპათია;
    4. ღია საზოგადოების ფონდი;
    5. თეთრი ხმაურის მოძრაობა;
    6. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
    7. ევროპის ფონდი;
    8. ადამიანის უფლებათა ცენტრი;
    9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
    10. საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი;
    11. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
    12. ციხის საერთაშორისო რეფორმა
    13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის 
    14. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    15. დემოკრატ მესხთა კავშირი

    ხელმომწერთა შორის არიან ასევე იურისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი კერძო პირები