Blog

  • ლინდსი ვონი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

    {{ARTICLEIMAGE}}ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მოთხილამურე ლინდსი ვონი კარიერის ნაადრევად დასრულებაზე ალაპარაკდა. როგორც მოგეხსენებათ, მას დაანონსებული ჰქონდა, რომ 2018-2019 წლის სეზონი მისთვის საბოლოო იქნებოდა, თუმცა ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სერიოზულად ფიქრობს მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე კარიერის დასრულებას. ამის მიზეზად კი ხშირ ტრავმიანობას ასახელებს.

    ამერიკელ მოთხილამურეს პროფესიონალურ კარიერაში 82 გამარჯვება მოუგროვდა და მხოლოდ 5 გამარჯვება აშორებს ინგემარ სტენმარკის რეკორდის მოხსნამდე. შეგახსენებთ ამ უკანასკნელის ანგარიშზე 86 გამარჯვებაა, რაც აბსოლუტური რეკორდია სპორტის ამ სახეობაში.

    ლინდსი ვონის თქმით, სწორედ ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად ასპარეზობს ამ სეზონში და კარიერის დასრულებასაც ამის შემდეგ გეგმავდა, თუმცა ყველაფერი ისე  არ წარიმართა როგორც მას სურდა. მიმდინარე სეზონში იგი პოდიუმზეც ვერ ხვდება და საუკეთესო შედეგი მეცხრე ადგილი იყო.

  • გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი უახლოეს დღეებში შემოვა

    წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხდებით წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ.

    ამ დრომდე ვაქცინაცია 4 300-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება. კვლავ ნარჩუნდება გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებებიც. უახლოეს დღეებში კი, ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა.

  • “ჭიდაობაც ძალადობაა, რომ ვეჭიდავები, ვძალადობ” – მოჭიდავე ძალადობის მუხლით დაკავებული გეგეშიძის მხარდასაჭერად

    {{ARTICLEIMAGE}}
    ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოჭიდავეთა ნაწილი მოითხოვს. ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ფედერაციაში შესვლამდე კომენტარი გააკეთა ლუკა კურტანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ მეგობრების შესარიგებლად ყველაფერს გააკეთებს.

    “მე ვარ ის ადამიანი, რომელიც არავის მისცემს უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს, ან ფედერაციას მუშაობის საშუალებას არ მიეცეს, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო ფედერაციასთანაც. ზურა და გიორგი ჩემი მეგობრები არიან – ნეიტრალური ადამიანი, რომელსაც ძმებს შორის ურთიერთობების დარეგულირება სურს, ასეთ ადამიანად მიგულეთ. ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ მოხდეს შერიგება და ეს იყოს ერთიანი ოჯახი”,განაცხადა კურტანიძემ. 

    აღსანიშნავია, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. ამავე საღამოს მისი დაკავება სპორტსმენთა ნაწილმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან შეკრებით გააპროტესტა. კომენტარი გააკეთა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც.

    “ჭიდაობაც ძალადობაა. რომ ვეჭიდავები, მეც ვძალადობ. ძალის გამოყენების გარეშე, მე ქულას ვერ ავუღებ. ყველაფერი ხდება. ხშირად მომხდარა ასეთი სიტუაციები. ასეთი ფორმა არასდროს მიუღია. დღეს რომ აქ ვდგავართ, ძალიან საწყენი და სამარცხვინოა. ფედერაციაც მოჭიდავეა და მოჭიდავეც მოჭიდავეა. მამასა და შვილს შორის ხდება კონფლიქტი. შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქამდე არ უნდა მივიდეს”, განაცხადა საქართველოს ჩემპიონმა 65 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

    გეგა გეგეშიძის გათავისუფლება ასევე მოითხოვა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელმაც დუშეთში მიმდინარე საწვრთნელი შეკრება შეწყვიტა.

    “წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის. 2019 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გათამაშება იწყება და მაქსიმალურად კარგად მომზადებულები და კონცენტრირებულები უნდა შევხვდეთ. უკვე დავიწყეთ ერთობლივი ვარჯიშები, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ თბილისში დავბრუნებულიყავით და ქართული საჭიდაო ოჯახის ხელმძღვანელის გვერდით დავმდგარიყავით. ნაკრების წევრები მოვითხოვთ, სასწრაფოდ გამოუშვან დაკავებული გეგა გეგეშიძე და მოგვცენ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების საშუალება”, განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონმა ზვიად პატარიძემ.

  • მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა. ქართველი მეზღვაურის ოჯახის ეჭვები

    ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ეჭვობს, რომ დავით რაზმაძე მოკლულია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რის გამოც რაზმაძე მოკლეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.

    23 წლის ქართველი მეზღვაური, რომელიც თურქულ გემზე მსახურობდა ლიბიის ერთ–ერთ პორტში ნაოსნობისას გაუჩინარდა. მას ორ კვირის მანძილზე ეძებდნენ და ბოლოს პორტის ტერიტორიაზევე გარდაცვლილი იპოვნეს.

    დავით რაზმაძე ზაზა რაზმაძის შვილი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებულ ცნობილ ფოტოზე დაღუპულ ძმას გლოვობს.

  • ბათუმში დაჭრილი ჯარისკაცი საავადმყოფოში რჩება

    {{ARTICLEIMAGE}}ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგოზე დაჭრილი ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით ჯარისკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი პალატაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    23 წლის მარად გივრაძე, რომელიც 8 თვეა ჯარში მსახურობს, გუშინ დაჭრეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ის სხვა სამხედრო მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული უნებლიე გასროლის შედეგად, მარჯვენა იდაყვის არეში დაიჭრა. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.

  • ყოფილი “თავისუფალი დემოკრატი” ჩიქოვანი პრემიერის მრჩევლის რანგში განცხადებას ავრცელებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის მიერ დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების და პროექტების ეფექტურობას ცხადყოფს.

    “გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რაც წარმოადგენს მორიგ უსაფუძვლო მცდელობას, დისკრედიტებულ იქნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე. 

    2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს. ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გათვალისწინება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნით. დამტკიცებული საინვესტიციო პორტფელის მოცულობა ცხადყოფს ჩვენი რეფორმების და პროექტების ეფექტურობას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. 2019 წლის 18 იანვარს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე მიესალმა ამ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რაც არის ნოემბერში ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფი დელეგაციის მიერ ევროკომისრებთან გამართული შეხვედრების შედეგი”, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

    როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნა კომუნიკაციის ახალი ფორმატი.

    “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე. რაც შეეხება დეტალებს, დამტკიცებულ საინვესტიციო პორტფელში გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობის და დაფინანსების წყაროების შესახებ, აღნიშნული განმარტებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში”, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • “კორუმპირებული უგულავა მიამიტი სახით და კალაძე წინამორბედის ჩრდილში”: კალაძე-უგულავას დაპირისპირება

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი, კახა კალაძე მის წინამორბედს, გიგი უგულავას ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის თემასთან დაკავშირებით დაუპირისპირდა. მთავრობის დღევანდელი სხდომა კალაძემ ამ თემით დაიწყო:   

    “მინდა, დავიწყო თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემით. ეს არის ვაკის პარკში, გიგი უგულავას მიერ, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი – უვადო სპეცნებართვა და ამ კომპანიას მიეცა უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა ააშენოს, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულია.

    ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან მძიმეა. ამ მშენებლობას აქტივისტების ჯგუფი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია – ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული.

    რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი, მინაბული სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა, რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი”,განაცხადა კახა კალაძემ.

    რაც შეეხება ინვესტორს, კალაძის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა შეხვედრა: “ეს ცალკე ისტორიაა – ის პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში – ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ”.

    თბილისის მერის საპასუხოდ, გიგი უგულავამ პრესკონფერენცია გამართა და კახა კალაძეს ურჩია, მისი ჩრდილიდან გამოვიდეს: ნუ მეზომება, ნუ მეტოლება, თუ რაიმეს კარგად გააკეთებს, მხოლოდ გამიხარდება – როგორც ის იქცევა, თბილისის მერისთვის შეუფერებელია.

    რაც შეეხება სასტუმროს აშენების თემას, დედაქალაქის ყოფილი მერი ასეთ განმარტებას აკეთებს: 2013 წლამდე “ბუდაპეშტის” ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნოდა და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია იყო. ახალი გენგეგმის პირობებში, აღნიშნული ტერიტორია უკვე მოქცეულია რეკრეაციულ ზონაში და ის ვაკის პარკს ეკუთვნის. შესაბამისად, ახალ რეალობაში მერიას აქვს უფლება, აპელირება ახალ გენგეგმაზე გააკეთოს, სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა აღარ გააგრძელოს და ინვესტორს გარკვეული ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. ამ კონტექსტში უგულავა ფონდის ჩამოყალიბებისა და თანხების შეგროვების მიზანშეწონილობაზეც საუბრობს.

    დღეს რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. არა იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად და კანონის შესაბამისად არ არის სწორი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოვლინდა კიდეც, რომ მერიის გადაწყვეტილბა სამართლებრივად სწორი იყო. აქ დგას საკითხი მიზანშეწონილობის შესახებ. დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია. იმას, რასაც ერთი კვირის განმავლობაში თბილისის მერისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ვხედავთ, არის ჩვეულებრივი ფარისევლობა და ხალხის მოტყუება. კალაძე ხალხს ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვა გზა არა აქვს. კალაძე გვეუბნება, რომ ის სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს, მაშინ როდესაც თუნდაც ატენის ქუჩასთან დაკავშირებით ამბობდა: რა ვქნა, არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მშენებლობაზე ნებართვა უნდა მივცე. საზოგადოებამ სრული სურათი უნდა იცოდეს. ეს ისტორია 2013 წელს არ დაწყებულა. ისტორია 90-იან წლებში იწყება. როცა 90-იან წლებში რესტორანი “ბუდაპეშტი” დაიწვა, მაშინვე შევარდნაძის ახლო ნათესავმა მამუკა შევარდნაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა, კარგად ცნობილმა რიჟამ – გიორგი კაპანაძემ შეისყიდეს. მთელი საგა, ზღაპრები და სისულელეები, რომ მე რაიმე ინტერესი მქონდა, აქვე მთავრდება. ყველაფერი შეიძლება დამაბრალოთ, მაგრამ ვერ დამბრალდება რაიმე კავშირი რიჟასთან, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ოცნება აუსრულა და ჩემი დაკავების სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ნახევრად სიმართლეა იმის თქმა, რომ “ბუდაპეშტის” პროექტში ზაქაიძეა, რადგან მის მიღმა კვლავ არის შევარდნაძე და კაპანაძე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”. კალაძე და რიჟა არიან ერთი თავის ორი ფეხი.

  • რუსეთმა Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა

    {{ARTICLEIMAGE}}რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ”როსკომნადზორი” მათ ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNBC წერს.

    როგორც ცნობილია, ვერც Facebook-მა და ვერც Twitter-მა ვერ განმარტა რამდენად აკმაყოფილებენ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი მომხმარებლების შესახებ პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსეთში განთავსებულ სერვერებზე უნდა ინახებოდეს.

    ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი კანონმდებლობა გამკაცრდა. დაწესდა ცენზურა საძიებო სისტემაზე, კონკრეტულად კი ძიების შედეგებზე. ასევე სოციალურ მედიებს მოსთხოვეს, რომ რუსი მომხმარებლების პირადი მონაცემები მხოლოდ რუსეთში მდებარე სერვერებზე განეთავსებინათ.