Blog

  • ევროპის ჩემპიონი მოჭიდავეებს:არ მწამს ისეთი ოჯახის, სადაც ძალაუფლების მქონე წევრს გვერდით უდგებიან და არა მას, ვისაც უჭირს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბერძნულ-რომაული სტილით საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ევროპის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი მოჭიდავეების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ ეს არ არის ერთი ოჯახი. 

    დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს თავში რაღაცას ურტყამდეს გულშემატკივრებისა და მთელი ქვეყნის წინაშე, ასეთი ფაქტი აქამდე არ მომხდარა.

    ევროპის ჩემპიონი კვლავ ითხოვს გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არ მოუთხოვია ვინმეს დაკავება.

    “არ მწამს ისეთი ოჯახის, სადაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს და მას გვერდში არ უდგებიან, ხოლო როდესაც ძალაუფლების მქონე ოჯახის წევრს გაუჭირდება, მას გვერდში უდგებიან – მე ასეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი”,-ამბობს დათუნაშვილი “რუსთავი 2” – თან.

  • რადიაცია თქვენს სახლში. საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც რადიაციას ასხივებს

    ყველამ ვიცით იმის შესახებ რა შეიძლება იყოს რადიაციის წყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რენდგენის აპარატი, ხშირად ჩვეულებრივ ულტრაბგერასაც ეჭვით უყურებენ. მაგრამ არსებობს რადიაციის სხვა წყაროებიც, მაგალითად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს და ეჭვიც არ გვიჩნდება, რომ ისინი შეიძლება რადიაციული და ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების წყარო იყოს.

    პანიკაში ნუ ჩავარდებით, უმეტეს შემთხვევაში ისინი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მაინც სასურველია იმის ცოდნა, რომელი საყოფაცხოვრებო ნივთები ან დეკორაცია შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, რათა ფრთხილად იყოთ და თავიდან აიცილოთ კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს მიღმა.


    ჭურჭელი

    გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ბროლი, რომელიც კარადებში ხშირად იწონებს თავს, რადიაციის წყაროა, თუ მასში ტყვიის შემცველობაა. ეს ნივთიერება ტოქსიკური და საშიშია. მართალია ბროლის ჭურჭლის ხანმოკლე გამოყენებით დიდი უბედურება არ მოხდება და არც მისი კარადაში, მინის მიღმა შენახვა დაგვიშავებს რამეს. მაგრამ ასეთ ჭურჭელში საკვების – მაგალითად შაქრის, კანფეტების ან ტკბილეულის შენახვა არარეკომენდირებულია.


    ცალკე ყურადღებას იმსახურებს ძველი კერამიკა, შუშის და თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით 1960 წლამდე დამზადებული, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ყვითელი ან ნარინჯისფერია, რადგან სწორედ სარკალში ურანის დამატებით ღებულობენ ასეთი ფერის მინანქარს. ის ურანის რადიოაქტიურ მარილებს შეიცავს. ადრე ასეთ ჭურჭელს ინტენსიურად ქმნიდნენ ამერიკულ ქარხნებშიც . მოგვიანებით მისი წარმოება აიკრძალა, თუმცა თავის დროზე იმდენად დიდი რაოდენობით მოხდა წარმოება და მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელებულია ამგვარი ჭურჭელი, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ურანის შემცველი შეიძლება იყოს მომწვანო შეფერილობის ძველი შუშის ანტიკვარიც. ურანის გარდა ტყვიასაც შეიძლება შეიცავდეს ძველი ფაიფურის ჭურჭელი. ასეთი ჭურჭლიდან წყლის დალევა არ ღირს.



    აბაზანა–ტუალეტი

    პერიოდული შემოწმება დოზიმეტრით ბინებში აჩვენებს, რომ რადიოაქტიური გამოსხივება მცირე რაოდენობით აბაზანა–ტუალეტშიც გვხვდება. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია აქ შეიძლება იმის ხარჯზეც იყოს მომატებული, რომ ძირითადად სახლის ეს ნაწილი უფანჯრებოა და არ ნიავდება. ფონი შესაძლოა კედლების კერამიკულმა ფილამ ან გრანიტმა შექმნას, ასევე თიხით დამუშავებულმა ადგილებმა. თუ ის არასაიმედო მადნიდან არის აღებული, მაგალითად ისეთი საბადოდან, რომელიც რადიაციით არის დაბინძურებული.


    საყოფაცხოვრებო ტექნიკა


    ძნელია ისეთი ბინის წარმოდგენა, სადაც თანამედროვე ტექნიკის რამდენიმე ნიმუში მაინც არ გვხვდება. როგორც ირკვევა, თითქმის ყოველ მათგანს ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სუსტი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაც კი საშიშია. დაღლილობა, თავის ტკივილი, თვითშეგრძნების ზოგადი გაუარესება და ძილის პრობლემები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგებისა, რასაც საყოფაცხოვრვებო ტექნიკასთან ხშირი კონტაქტი იწვევს.

    გაზომვების შედეგად დადგინდა, რომ NO FROST–ის სისტემის მაცივრები კარიდან ერთი მეტრის რადიუსში დასაშვებ ნორმაზე მეტ გამოსხივებას გამოყოფს, ასე რომ ჯობს მაცივრის წინ დიდხანს არ დადგეთ, დროზე აიღოთ რაც გსურთ და მოშორდეთ. ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა შეინიშნება ელექტროქურის სიახლოვესაც. საკვების მომზადებისას ჯობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ელექტროქურის წინა პანელისგან მინიმუმ 25 სანტიმეტრის დაშორებით იდგეთ. გაზომვები აჩვენებს, რომ მაგნიტური ველის ინტენსივობა ამაზე ახლო მანძილზე 1–3 მიკროტესლაა.

    გამოსხივების მცირე დოზას ელექტროჩაიდნებიც კი გამოყოფს. 20 სანტიმეტრის რადიუსში გამოსხივების ინტენსივობა 0.6 მკ. ტესლაა. მაგნიტური ველი აქვს უთოების დიდ ნაწილსაც. სახელურიდან 25 სანტიმეტრის რადიუსში ჩართულ უთოს 0.2 მკ. ტესლას ინტენსივობის მაგნიტური ველი აქვს.გამოსხივების წყაროა სარეცხი მანქანაც. ამიტომაც არ ღირს ჩართული სარეცხი მანქანის გვერდით დიდხანს ყოფნა.


    განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მიკროტალღური ღუმელები. მის მავნებლობაზე დიდი ხანია კამათობენ. 30 სანტიმეტრის მანძილზე ის 0.3–0.8 მიკროტესლას ინტენსივობის ველს ქმნის. ეს კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში იყოს. თუმცა, თანამედროთვე მიკროტალღურ ღუმელებს დაცვის საიმედო დონეები აქვს. ამიტომაც ელექტრომაგნიტური ველი სამუშაო მოცულობის მიღმა ძირითადად არ გადის. თუმცა, ამის გარანტიას მაინც ვერავინ მოგვცემს. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მისი ნაწილი გარეთ მაინც ხვდება . და ეს ძირითადად კარის ქვედა მარჯვენა კუთხესთან ხდება. თუ კარის გარშემო რაიმე ღრიჭო ჩნდება, დაცვის დონე საერთოდ იკლებს. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ მიკროტალღური ღუმელის ხარისხს და მდგომარეობას.

    პრიალა ჟურნალები



    საშიში გამოსხივების წყარო სახლში შესაძლოა ფერად–ფერადი პრიალა ჟურნალებიც გახდეს, რომლებიც თაროებზე და ტუალეტებში გროვდება. ბევრს მათი სუნიც მოსწონს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ტოპოგრაფიული საღებავის წარმოებაში კაოლინი გამოიყენება. ეს თეთრი თიხის ნაირსახეობაა, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ ურანის და თორიუმის რადიოაქტიური იზოტოპების შეწოვის და დაგროვების უნარი აქვს. გასაგებია, რომ ერთი ჟურნალი არ მოგკლავთ, მაგრამ თუ მუდმივად სახლში ასეთი ჟურნალების გროვა გაქვთ, უნდა დაფიქრდეთ.

    კატის ტუალეტი


    კიდევ ერთი, თითქოს უწყინარი ნივთი კატის ტუალეტის სპეციალური ქვიშაა. ის კატის მოვლას და ჰიგიენის დაცვას აადვილებს და სუნსაც იწოვს. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ბეტონიტს შეიცავს. სწორედ ამის ხარჯზე ხდება სუნის შეწოვა და განეიტრალება. ეს ნივთიერება კი თორიუმის და ურანის შემცველი შეიძლება იყოს, რომლებსაც კანალიზაციაში მოხვედრის შემთხვევაში გარშემო ყველაფრის მოწამვლა შეუძლიათ. მართალია მწარმოებელი შეფუთვაზე მიუთითებს, რომ არ შეიძლება ამ მასალის უნიტაზში გადაყრა, მაგრამ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს.

    და ბოლოს: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა მაიონიზირებელი და არამაიონიზირებელი გამოსხივებით. ეს გამოსხივება ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს. რაღაც ზღვრამდე ჩვენი იმუნური სისტემა ამ ზემოქმედებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, აუცილებელია სახლში დაიცვათ ზღვარი, რომ მავნე გამოსხივებამ დასაშვებ ნორმას არ გადააჭარბოს.
    ამიტომაც უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი გამოსხივებისგან:

    * დისტანციით (მაგალითად, ელექტროჩაიდანი 20 სანტიმეტრის მანძილზე უკვე უსაფრთხოა)

    * ეკრანით (მაგალითად მიკროტალღურ ღუმელებში ასეთი ეკრანები უკვე ჩამონტაჟებულია)
    * დროით (თუნდაც კერამიკული ფილები აბაზანაში მომეტებულ გამა ფონს ქმნიდეს, პანიკაში ნუ ჩავარდებით. რადგან აბაზანაში ცოტა დროს ატარებთ)


    შეგიძლიათ გამოსხივების წყაროდან გამოსხივების დონე შეამციროთ ( მაგალითად დამიწება, რაც ელექტროუსაფრთხოების გარდა ბევრად ამცირებს ელექტრო და მაგნიტური ველის პარამეტრებს)

  • ევროკომისიამ ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად “აღიარა”

    {{ARTICLEIMAGE}}
    ევროკომისიის ვებგვერდის თანახმად, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა პრემიერ-მინისტრ, ზურაბიშვილს უმასპინძლა. სწორედ ამ სათაურით იკითხება ინფორმაცია ევროკომისიის ვებგვერდზე.

    როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე ევროკომისიამ შეცდომით განათავსა და ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრად მოიხსენია. 

    აღსანიშნავია, რომ ეს უზუსტობა ინფორმაციის ავტორებს ჯერ არ ჩაუსწორებიათ.

  • 4 წლის გოგონას გარდაცვალების ისტორია:შემზარავი დეტალები (ვიდეო)

    შემზარავი შემთხვევა თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული მისი დედაა. მცირეწლოვანის ცხედარს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა რეალობა მეზობლების ნაამბობი იმის შესახებ, რომ მშობლები ბავშვზე მუდმივად ძალადობდნენ.

    ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი. არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ მისი გერი ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში დღეს, გარდაცვლილი მცირეწლოვანის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ბავშვს სახეზე სილურჯეები აღენიშნება.

    კიდევ უფრო შემზარავს შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაცია ხდის, რომ ლელა ქსოვრელს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. უწყების ინფორმაციით, ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება პირველად 6 იანვარს შევიდა. პოლიციამ დედა დააკავა, მცირეწლოვანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურსაც ეცნობა. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოკითხულმა მოწმეებმა ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა უარყვეს. ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი ჰიპერაქტიური ქცევით იყო გამოწვეული.

    ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაშიც იყო. ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფენ გარდაცლილი ბავშვის ახლობლებიც, ამბობენ, რომ მეზობლებმა ეს ჭორი სპეციალურად გაავრცელეს. კონკრეტულად კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სტამბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მათ ამ ადგილის მისაკუთრება სურთ და პროვოკაციებზე მიდიან.

  • პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში: საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს

    {{ARTICLEIMAGE}}საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო – ევრკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

    სალომე ზურაბიშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს მადლობა გადაუხადა ვიზიტის ფარგლებში გაწეული უაღრესად თბილი მიღებისთვის და ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოიპატიჟა.

    “ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე როგორც ახალარჩეული პრეზიდენტისათვის. ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველო ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე. ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმის, რაც კომისიამ გააკეთა ბოლო თვეების განმავლობაში. კერძოდ, ნოემბრის თვეში აქ გამართული შეკრება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მან მისცა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის თითქმის მთელ შემადგენლობას, კომისიასთან ერთად, განეხილა ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და ის, თუ რა არის გასაკეთებელი, მოეხაზა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. ჩვენ ვიმსჯელეთ, ასევე, მიმდინარე წლის ივლისში, ბატონი თავმჯდომარის ჩამოსვლის შესაძლებლობაზე ბათუმში პარტნიორობის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი და კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია. ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის.

    ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე. მინდა, აქაც გავუსვა ხაზი, და ამაზე ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმ როლს, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე. ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია. მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ეს მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს პოლიტიკური მხარდაჭერაა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

    ზოგადად, მთლიანობაში ამ ოკუპირებულ ზონებთან დაკავშირებული ზომები, ის მშვიდობიანი ძალისხმევა, რომელსაც ატარებს საქართველო, წარმატებული იქნება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის შემთხვევაში. მარტო ჩვენი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო და ხაზი გავუსვა ამ მისიის და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახლახან იქნა მიღებული ბრიუსელში.

    და ბოლოს, ბატონო თავმჯდომარევ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ჩემი ქვეყნისა და მისი ევროპული პერსპექტივების მიმართ გამოხატული უწყვეტი მხარდაჭერისათვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

    როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს.

    “უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებთ აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა.
    ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით და მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება.

    ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს. ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე. ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია.

    2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000–მა ქართველმა იმოგზაურა. ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა “ერაზმუს +”. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად.

    მაკროფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, შენარჩუნდება იმავე დონეზე. ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდასაკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი. მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას”, განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე.
  • ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

    {{ARTICLEIMAGE}}ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელი Guangzhou Automobile Group წლის ბოლომდე საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის წენგ ცინჰონგის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

    წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია ქვეყანაში არსებულ გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.


    საქართველოს პრემიერ-მინისტრი Guangzhou Automobile Group-ი ს თავმჯდომარეს შეხვედრისას იმ ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატზე ესაუბრა, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, ასევე გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასაახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

    საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.
    Guangzhou Automobile Group ჩინეთში ავტომობილების ლიდერი მწარმოებელია, რომელსაც 84 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჯგუფი აწარმოებს სამგზავრო და კომერციულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოტოციკლებს, საავტომობილო ნაწილებს, ასევე, საქმიანობს ფინანსურ და სადაზღვევო სფეროში. კომპანიის საბაზრო კაპიტალის მოცულობა 18 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები 278 მოსამართლეს პერსონალურ წერილებს უგზავნიან

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს პერსონალურ წერილებს უგზავნიან. მათი განცახდებით, 26 იანვარს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაა დაგეგმილი და კონფერეციის ჩატარებამდე, სურთ თითოეულ მოსამართლეს ინდივიდუალურად განუმარტონ ის ვითარება, რომელშიც დღეს სასამართლო სისტემა იმყოფება. ჯანეზაშვილი და დოლიძე წერილს არ გაუგზავნიან იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს და იმ 10 მოსამართლეს, რომლებიც საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად შეარჩია. წერილს არ მიიღებს არც თბილისის სააპელაციო სასამართლოში უკვე უვადოდ დანიშნული ლევან მურუსიძე. 

  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა წყურვილის გამო სადეზინფექციო ხსნარი დალია

    ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის საბავშვო ბაღში კი მომხდარს უკვე სწავლობს სპეციალური დისციპლინური კომისია. მოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ზომებს მიიღებს საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია ძიძასთან დაკავშირებით. მოკვლევა დაწყებული აქვს შსს-საც.

    ბაღში კი განმარტავენ, რომ გრიპის სეზონთან დაკავშირებით შენობას სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებდნენ, სპეციალური ხსნარი კი სამზარეულოში იდო და წყურვილის გამო გოგონამ ბოთლი პირთან მიიტანა. შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა დღეს გახმაურდა.
    {{VIDEO}}

  • დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე შესული ხაბეიშვილი კალაძემ დარბაზიდან გააძევა (ვიდეო)

    ხმაური იყო თბილისის მთავრობის სხდომაზე. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დედაქალაქის მერთან შეკითხვებით დღესაც მივიდა. მან კახა კალაძეს საბავშვო ბაღებში არსებულ კვებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოსთხოვა და ის განკარგულებებიც წარუდგინა, რომელიც ბაღებში კვების რაციონს განსაზღვრავს და რომელიც ხაბეიშვილის თქმით, უხარისხოა. საკრებულოს დეპუტატმა კახა კალაძეს პასუხი მოსთხოვა თბილისში არსებულ უკანონო თხრილებზეც, რომელსაც, მისი თქმით, 13 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. თბილისის მერმა ხაბეიშვილი შანტაჟსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა და დარბაზიდან გააძევა.

    რაც შეხება მთვრობის სხდომას, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს 1 ლარად ფართები გადაეცემათ. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც თბილისის მერმა დღეს ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, 3000-ზე მეტი ადამიანი 90-იან წლებში დაზარალდა, დღევანდელი მთავრობა კი შეეცდება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარაებული ყველა ადამიანი ფართებით დაკმაყოფილდეს. მერიამ პირველ ეტაპზე ფართებს სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადასცემს.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისში გარეგანათებები LED-ის ტიპის გარეგანათებებით ჩანაცვლდება. კახა კალაძის განცხადებით, შემუშავდება პროექტი, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება.

    მერის ინფორმაციითვე, თბილისში კიდევ დამატებითი ქუჩები შეირჩევა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება, მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. მერი ამობს, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლა და საჭიროა დამატებითი ქუჩების განსაზღვრა. სიახლეები შეეხება ავტობუსებსაც. მერის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მძღოლები ახალი, სპეციალური ფორმებით ივლიან. 

    სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვის უბნის მიმართულებით შესაძლოა, საბაგირო ხაზები მოეწყოს.როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, “სისტრას” კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თბილისის საბაგირო ხაზების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს.

    თბილისის მერის თქმით, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავა. კახა კალაძე ამბობს, რომ შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ მერია ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს.