Blog

  • ევროპელი ლიდერების ულიტიმატუმს ვენესუელას პრეზიდენტი უარით პასუხობს

    ვენესუელას პრეზიდენტმა უარყო ევროპის წამყვანი ქვეყნების ულტიმატუმი და ისინი ქედმაღლობაში დაადანაშაულა. გუშინ ესპანეთმა, გემანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვენესუელას პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ რვა დღის განმავლობაში არჩევნები უნდა დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციურ მთავრობას.
    “ევროპა კვლავ შეცდომას უშვებს ვენესუელასთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ისინი ჩვენს ისტორიას იგნორირებას უწევენ. ვერავინ წამოგვიყენებს ულტიმატუმს“ –განაცხადა მადურომ CNN Turk– თან ინტერვიუში.
    მადურო ამბობს, რომ ვენესუელას ევროპაში ბევრი კარგი მეგობარი ყავს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა პოზიცია ხალხის აზრს არ გამოხატავს და ისინი ტრამპის ჭკუაზე დადიან.
    ვენესუელაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 იანვარს ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის აშშ–მ გუაიდოს მაშინვე მხარი დაუჭირა.
    საპასუხოდ პრეზიდენტმა მადურომ გადატრიალების მცდელობის შესახებ გამოაცხადა, აშშ–სთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.
    მადურო მეორე ვადით პრეზიდენტი იანვრის დასაწყისში გახდა. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მადურო არჩევნების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.
    ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა ტვიტერში დაწერა:“ესპანეთს აქვს პასუხისმგებლობა ლათინური ამერიკის წინაშე… ჩვენ არ ვცდილობთ მთავრობის შეცვლას ან დამხობას, ჩვენ გვინდა დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში.“

    მსგავსი განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა და გერმანიამ. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა ქვეყნებს შორის შეთანხმებული იყო.

    ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ არჩევნები ვენესუელაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა და მანაც გაიმეორა, რომ მადურო ლეგიტიმური ლიდერი არ არის.
    გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა 26 იანვარს აშშ– სინიციატივით კენჭი უყარეს ვენესუელას საკითხის განსახილველად გამოტანას. აშშ–ს იმედი აქვს რომ გაიტანს რეზოლუციას გუაიდოს მხარდასაჭერად. თუმცა რუსეთი მას სავარაუდოდ ვეტოს დაადებს.
    ეს ქვეყანა ვენესუელელი უზურპატორის მხარდამჭერად რჩება. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებეზნიამ განაცხადა: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ, ვინც ვენესუელას საზოგადოებას უფსკრულისკენ და სისხლისღვრისკენ უბიძგებს. ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მადუროს დამხობის მცდელობისას მარცხი განიცადეს და ახლა ცდილობენ მაქსიმალური კონფრონტაციის გზა აირჩიონ.“
    რუსეთის გარდა მადუროს მხარს უჭერს ჩინეთი, თურქეთი, მექსიკა, ირანი, სირია, კუბა, ნიკარაგუა,ბოლივია და სალვადორი.
    რატომ დგას ეჭვქვეშ მადუროს ლეგიტიმურობა

    მადურო მეორე ვადით გასული წლის ბოლოს აირჩიეს, თუმცა არჩევნებს მშვიდად არ ჩაუვლია. ბევრი ოპოზიციური კანდიდატი ციხეში აღმოჩნდა ან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
    ნაციონალური ასამბლეა ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტის პოსტი თავისუფალია, რადგან არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კონსტიტუციის შესაბამისად კი ეს ნიშნავს, რომ გუაიდო, როგორც ნაციონალური ასამბლეის მეთაური უფლებამოსილია პრეოზიდენტის მოვალეობის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.

    პარალელურად ვენესუელაში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და შეტაკებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. მოსახლეობა ბოლო პერიოდში ქუჩაში მუდმივმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მილიონ პროცენტიანმა ინფლაციამ გამოიყვანა. ისინი მადუროს გადადგომას მოითხოვენ.

    მადურო ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების მახრდაჭერას ინარჩუნებს, თუმცა გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა ვენესუელელი ხალხის მხარეს გადავიდნენ და მას დაუჭირონ მხარი

  • აქცია სასამართლო კლანის გადადგომის მოთხოვნით

    სასამართლო კლანის გადადგომის მოთხოვნითსაპროტესტო აქცია გაიმართა სასტუმრო რედისონთან, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს 11 წევრის გადადგომას მოითხოვდნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენასი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია თანამდებობები დატოვონ ე.წ. სასამართლოში არსებული „კლანის“ ლიდერებმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს იმის განცდა, რომ ქართული სასამართლო არის დამოუკიდებელი და ობიექტური. აქციის მონაწილეთა თქმით ეს ადამიანები აზიანებენ სასამართლო ხელისუფლებას.

    სასტუმრო „რედისონის“ წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე მისული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები და მოსამართლე მურუსიძე სასტუმროში შეძახილებით შეაცილეს.

    შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მოსამართლეთა ნაწილი ესწრება.

  • ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტა

    27 იანვარს, 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

    საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად – ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

    სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.

    ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ათი დღის წინ განაცხადა.

    “პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისის ხიდების მდგომარეობის დასადგენად. კახა კალძის განცხადებით ვახუშტის ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა.სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

  • მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

    {{ARTICLEIMAGE}}როგორც მოგეხსენებათ, 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს რუმინეთთან ჩაატარებს. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. 

    ბორჯღალოსნები რუმინელებს 9 თებერვალს კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე დაუპირისპირდებიან. ხოლო მეორე მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 17 თებერვალს 18 საათზე ავჭალაზე ჩაატარებენ.

    ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ დებიუტანტების გამოცდა სურს, აინტერესებს რა სარგებელს მოუტანენ ისინი ნაკრებს.

    წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას:

    პირველი ხაზი

    პირველ ხაზში ორი გამოცდილი მორაგბეა – კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ლევან ჩილაჩავა, დანარჩენებს კი ბორჯღალოსნების კვართით 10 და ნაკლები თამაში ჩაუტარებიათ.

    მეორე ხაზი

    მეორე ხაზში ბრუნდება გიორგი ნემსაძე, რომელსაც ნოემბერში თიბისის სერიები ტრავმების გამო გაუცდა და რომელიც თებერვლის მატჩებისთვის გამოძახებულ რაზმში ყველაზე ასაკოვანია (34 წლის). გამოძახებულთა შორისაა ნოდარ ჭეიშვილი, რომელმაც 2018 წელს ერთის გარდა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    მესამე ხაზი

    მესამე ხაზში ორი დებიუტანტის გარდა ბექა გორგაძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე გამოცდილი გიორგი თხილაიშვილი ითამაშებენ.

    ბურჯ თორნიკე მატარაძეს ნაკრების კვართით შარშანდელი რაგბი ევროპის პირველი მატჩის შემდეგ, აღარ უთამაშია. ნაკრებს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ უბრუნდება ხაზის ორი მოთამაშე – გიორგი აფციაურმა ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მირიან მოდებაძე ქვეყნის მთავარ გუნდში სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოაგროვა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.

    ყველაზე გამოცდილი ამ ნაკრებში ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 88 მატჩი აქვს ჩატარებული. ნაკრებს უბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელმაც იტალიასთან ტრავმა მიიღო. შეკრებაზე მყოფთაგან ყველაზე ახალგაზრდა თედო აბჟანდაძეა, რომელსაც დებიუტი ნოემბერში, სამოასთან ჰქონდა, ტონგას წინააღმდეგაც ითამაშა და ჯამში 22 ქულა მოაგროვა.

  • ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

    ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. აქამდე გავრცელებული მონაცემებით საუბარი იყო 364 დაკავებულზე. ვენესუელაში ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა ანტისამთავრობო აქციები იმართება. 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ. ვენესუელის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილ მმართველთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ამ წინადადებით ხუან გუაიდოს თავად ნიკოლას მადურომ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. გუაიდო ამბობს, რომ ის ყალბ დიალოგს არ დასთანხმდება.