Blog

  • მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი – შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა

    აღიარებს თუ არა საქართველო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას-მსოფლიო საპატრიარქო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და ილია მეორემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში გაიმართა. როგორც მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა.

  • პროკურატურა ჯეკ შეფერდის საქმეზე

    პროკურატურა ჯეკ შეფერდის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მის მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას სურს ამ უფლებით სარგებლობა, თანხმობა უნდა გამოხატოს სასამართლოს წინაშე.

    “ამასთან, გამარტივებული პროცედურების გამოყენებით მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოზიციის დასადგენად პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით ბრალდების მხარე ითხოვს არა პირის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ მხოლოდ შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია – ეთანხმება თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას. ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ჯ. შეფერდს მოსამართლის წინაშე გამოეხატა პოზიცია – სურდა თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში, ბრიტანული მხარისათვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება.

    კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით. დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც შესაბამის უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, “შეფერდმა აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება”.

    შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

  • თბილისის მერია ელექტრომობილის მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან უსასყიდლოდ დაუმონტაჟებს

    ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, თბილსის მერია სახლთან ელექტროდამტენებს დაუმონტაჟებს.

    დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება, დარეგისტრირდეს.

    “11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი – http://chargers.tbilisi.gov.ge, და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას”, განაცხადა კალაძემ.

  • მოგმართავთ ყველას, გთხოვთ, იყოთ კორექტულნი – საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საპატრიარქო ადასტურებს, რომ განხილვის მთავარი თემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მანამდე კი საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, “უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. 

    “ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს. ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ჩვენი მცდელობა, ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • საქართველოში პარტიებს მოსახლეობის დაბალი მხარდაჭერა აქვთ – NDI

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. უმეტესობის აზრით, პარტიები გამოხატავენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს(44%) და ლიდერის/დამფინანსებლის ინტერესებს(31%). აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევით, შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 27%-მა უპასუხა, რომ “ქართული ოცნება.” 12%-ისთვის ასეთი პარტიაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” 3-3%-მა დაასახელა “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი.” ყველაზე მეტმა – 36%-მა უპასუხა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არ არის არცერთი პარტია.

  • UFC-მ ნურმაგომედოვს სასჯელი გამოუტანა

    ხაბიბ ნურმაგომედოვი 9 თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა კონორ მაკგრეგორთან ორთაბრძოლის შემდეგ მის გუნდთან ჩხუბის ინიცირების გამო.

    დაღესტელი მებრძოლი 9 თვე ოქტაგონზე ვერ იბრძოლებს და ამასთანავე 500 000აშშ დოლარის ჯარიმის სახით გადახდაც მოუწევს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის იგი ასევე ელოდება ნევადის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა თუ რა სასჯელი შეეფარდება ხაბიბს.

    შეგახსენებთ, ხაბიბმა 6 ოქტომბერს კონორ მაკგრეგორი მგუდავი ილეთით დაამარცხა და მსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუში შეინარჩუნა, თუმცა ბრძოლის დასრულებისთანავე ოქტაგონიდან გადახტა და კონორის გუნდთან დაპირისპირება სცადა, რაც საბოლოო ჯამში მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. იხილეთ ვიდეო:
    {{VIDEO}}

  • მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების დათვლა სწორად მოხდა – NDI

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი აქტივობითა და ენთუზიაზმით ხასიათდებოდა.არჩევნების პირველ ტურში მოსახლეობის 69 პროცენტმა, მეორე ტურში კი 76 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. თუმცა ეს აქტივობა თბილისსა და ახალგაზრდების (18-34) ასაკობრივ ჯგუფში შედარებით დაბალი იყო. უმრავლესობამ განაცხადა, რომ არჩევნების ორივე ტურში კმაყოფილი იყო მის მიერ გაკეთებული არჩევანით და გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ უფრო გააკეთა (66 პროცენტი), ვიდრე ვინმეს საწინააღმდეგოდ (33 პროცენტი). რესპოდენტების შეფასებით, არჩევნების დღეს მათი საარჩევნო უბანი მოწესრიგებული იყო, არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი და სიტუაცია შემავიწროებელი არ ყოფილა.


    “მოსახლეობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა “კარგად” (41 პროცენტი) ან “საშუალოდ” (34 პროცენტი) შეაფასა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის მესამედი არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლა სწორად მოხდა. მოქალაქეთა უმრავლესობას (85 პროცენტი) კვლავ სურს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. “მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დემოკრატია ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმად მიაჩნია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა იმ ადიამიანების რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია,” – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. “აუცილებელია დროული ზომების გატარება, რათა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი ნდობა და მოქალაქეების ჩართულობა გაიზარდოს.”


    ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.


    NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

    საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

  • “პატრიოტთა ალიანსს” 3%-იანი მხარდაჭერა აქვს – NDI


    “პატრიოტთა ალიანსს”, რომელმაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა, ახალი გამოკითხვის მიხედვით, 3%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროგნოზს ასახავს. 

    უფრო კონკრეტულად, კვლევის ავტორებმა შეკითხვა ასეთი ფორმულირებით დასვეს და პასუხებიც გადაანაწილეს: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 52 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” 24 პროცენტი მისცემდა ხმას, “ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას” – 11 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი – 3 პროცენტი. თავად პარტიაში ამ მონაცემის არ სჯერათ: NDI-ს კვლევები ტყუილია. ჩვენ მილიონი კაციც რომ დავდგეთ გარეთ, NDI მაინც გვეტყვის, რომ სამი პროცენტიაო”, ამბობს დავით თარხან-მოურავი. 

    აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ოპონენტები პატრიოტთა ალიანსს მმართველი გუნდის სატელიტად მოიხსენიებენ, თავად ეს პოლიტიკური გაერთიანება ხშირად გამოირჩევა ყოფილი ხელისუფლების და ამჟამად ოპოზიციაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” მწვავე კრიტიკით. ბოლოს, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერისა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპირისპირება, როდესაც პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ინაშვილს მელიამ სიტყვა შეაწყვეტინა, საპასუხოდ კი მან მელიას დარბაზს გარეთ უხმო. ასევე საგულისხმოა, რომ ინაშვილის პარტია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მათ თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი აქციაც გამართეს და მოსახლეობას მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის.

  • ბოლოს 5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

    ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.

    მოქალაქეები ასევე მიიჩნევენ, რომ მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვთ. ასე მაგალითად: 36 პროცენტის აზრით, მათ მთავრობის გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ აქვთ გავლენა, 14 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მათ მცირე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.


    XX