Blog

  • როგორ შევაჩეროთ სიბერე. 3 ფაქტორი, რომლებიც უნდა გამორიცხოთ

    მეცნიერები სულ უფრო მეტ მკიცებულებებს პოულობენ იმის დასადასტურებლად, რომ ტვინის დაბერება მთელი ორგანიზმის დაბერების პროცესს განაპირობებს: ნეირონების აქტივობის შემცირება თანდათანაობით ჰორმონალურ პროცესებს ამუხრუჭებს, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და უჯრედების განახლების სიჩქარეზე. ამიტომაც მექანიზმი, რომელიც ანელებს, ან სულაც აჩერებს ტვინის უჯრედების “გაფუჭებას“, შეიძლება “მარადიული ახალგაზრდობის“ წყარო გახდეს. სანამ მეცნიერები მისი მოძებნისთვის თავს არ ზოგავენ, შეგვიძლია დრო მოვიგოთ და გამოვრიცხოთ, ან მინიმუმამდე შევამციროთ ის ცნობილი ფაქტორები, რომლებიც ტვინის დაბერებას იწვევს.

    მავნე ჩვევები
    ალკოჰოლი, მოწევა, მარილის გადამეტებული მოხმარება და სხვა მავნე ჩვევები თუ პროდუქტები, რომლებსაც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები და დიეტოლოგები სასტიკად ებრძვიან სულაც არ არის მათი ახირება და მართლაც აახლოებს სიბერეს .ისინი ნეგატიურ გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე და შესაბამისად ტვინის სისხლით მომარაგებაზე. ნეირონებისთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმა მარიხუანაა. ამერიკელმა მეცნიერებმა ჯონ ჰოპკინსის და კალიფორნიის უნივერსიტეტებიდან გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლებიც 9 დან 105 წლის ასაკამდე 30 000 ადამიანზე დაკვირვებას ეფუძნება და დაბერების მთავარი ფაქტორები გამოკვეთეს. როგორც გაირკვა, კანაბიოიდები ტვინზე თითქმის ისევე დამანგრევლად მოქმედებს, როგორც შიზოფრენია და მეოთხე ადგილს იკავებენ “საღი გონების და კარგი მეხსიერების მტრებს“ შორის.
    სტრესი
    ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, რომ “ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის“. თანამედროვე მეცნიერები ამ გამოთქმას ადასტურებენ. როგორც ირკვევა, სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს შეუძლია ფიზიკურად შეამციროს ტვინის მოცულობა და მისი დაბერება დააჩქაროს. კორტიზოლის მაღალი დონე ცუდად მოქმედებს ჰიპოკამპზე, რომელიც სივრცულ მეხსიერებაზე, ასევე ინფორმაციის დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი. ჰიპოკამპის დაზიანება ასუსტებს ტვინის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს კორტიზოლის მოქმედებას და დროთა განმავლობაში სტრესის გამო მისი სხვა უბნებიც ზიანდება. ეს კი ნიშნავს, რომ თავის “მთავარი კომპიუტერის“ დაბერება ჩქარდება.

    სიზარმაცე
    რა თქმა უნდა, შაბათ–კვირას მხართეძოზე წამოწოლა, სერიალების ყურება, ტკბილეულის ჭამა და უსაქმურობა არ ითვლება, მაგრამ თუ ასეთი ცხოვრების წესი სხვა დღეებშიც გააგრძელეთ ეს არა მხოლოდ ზედმეტი წონით, არამედ ნაადრევი ნაოჭებითაც გემუქრებათ. საქმე იმაშია, რომ ფიზიკური და ინტელექტუალური დატვირთვის არარსებობა ტვინის დაბერების, შესაბამისად კი მთელი ორგანიზმის დაბერების პროცესს აჩქარებს. ამის თავიდან ასაცილებლად კარგია თუ მსუბუქად მაინც ივარჯიშებთ ან მაგალითად უცხო ენის შესწავლას დაიწყებთ. სწავლა, უფრო სწორად კი ახალი უნარების შეძენა ტვინის ნეირონულ კავშირებს აძლიერებს. სპორტი და ფიზიკური დატვირთვა კი მას სისხლით და “დადებითი“ ჰორმონებით ამარაგებს.
  • ბაღის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის საჯარო ბაღის თანამშრომელი დააკავეს.

    საჯარო ბაღის ყოფილ აღმზრდელს, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, დირექტორი დადებითად ახასიათებს.

    25-ე საჯარო საჯარო ბაღის დირექტორი, თიკო ნოზაძე აღნიშნავს, რომ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილს ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან და ის ერთ-ერთ საუკეთესო აღმზრდელად ითვლებოდა.

    დაკავებული ბაღში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. სასამართლოს დასრულებამდე მას ახლა სტატუსი შეჩერებული აქვს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ბაღის აღმზრდელი, 1975 წელს დაბადებული მ.რ. ნარკოდანაშაულისთვის 4 იანვარს დააკავეს, ამოღებულია 130 აბი სუბოტექსი. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ძიძას 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

    ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

  • ეკონომიკის მინისტრი: სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფცია არ შემიმჩნევია

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, თუმცა საქართველოში კორუფცია ნამდვილად არ არის პრობლემა.  ამ კომენტარით მინისტრი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას შეეხო, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში კორუფცია სხვადასხვა ფორმით არსებობს. სასამართლოში, პოლიციაში, პარლამენტში, პროკურატურასა და საჯარო დაწესებულებებში კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი ნეპოტიზმია და ვხვდებით ქრთამის აღებას, ბიუჯეტის ფლანგვას პირადი მიზნებისთვის, ოფიციალური ინფორმაციის და ანგარიშების გაყალბებას.

    “ნახევარ წლამდე არის რაც ვმუშაობ სახელმწიფო სტრუქტურებში. მე არ შემიმჩნევია ასეთი შემთხვევა, სადაც იყო კორუფციული გარიგება და არც მსმენია არავისგან ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა მთავრობაშიც, ქვეყანაშიც. ამ პრობლემებს ჩვენ ვწყვეტთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორუფცია ნამდვილად არ არის ის პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს”,განაცხადა გიორგი ქობულიამ.

  • თბილისის ვიცე-მერი: “ყაზტრანსგაზში“ განხორციელდება გარკვეული ცვლილებები

    {{ARTICLEIMAGE}}
    მამუკა კობახიძემ დაწერა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით და მუშაობის გაგრძელებას “ყაზტრანსგაზ თბილისში” აპირებს, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ. 

    მისივე ინფორმაციით, აქამდე მამუკა კობახიძე “ყაზტრანსგაზის” დირექტორად იყო დანიშნული, თუმცა ის დირექტორის უფლებამოსილებას არ ფლობდა, ვინაიდან “ყაზტრანსგაზი” დღეს იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და დღემდე სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს.

    “თუმცა, როგორც ჩანს, სპეციალურ მმართველობასთან დაკავშირებით, “ყაზტრანსგაზში” განხორციელდება გარკვეული ცვლილებები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მამუკა კობახიძე დაიწყებს ამ კომპანიის მმართველობას. რაც შეეხება სატრანსპორტო კომპანიას, აქ ჩვენ დავნიშნეთ დროებითი დირექტორი გიორგი შარკოვი, რომელიც კომპანიას 3 თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს და ამ ვადის გასვლის შემდეგ უკვე თბილისის მერია მიიღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით”, ამბობს ირაკლი ხმალაძე.