Blog

  • იაპონიაში გეი წყვილები აღიარეს

    იაპონიის ქალაქ ტიბაში ოფიციალურად აღიარეს ერთნაირსქესიანთა კავშირები. ამის შესახებ გაზეთი Mainichi წერს. 29 იანვარს დასახლებულ პუნქტში სპეციალური სერთიფიკატების გაცემის ცერემონია გაიმართა, რომლებიც არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ადამიანების და არატრადიციული წყვილების ურთიერთობებს ადასტურებს. ღონისძიებაში ექვსმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. ტიბას მერმა ტოსიხიტო კუმაგაიმ მათ ბედნიერება უსურვა.
    ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ქალაქში შემოღებული სისტემა იაპონიაში პირველია. ის სერთიფიკატის მიმღებს რაიმე განსაკუთრებულ სტატუსს არ ანიჭებს, თუმცა უფლებას აძლევს სხვადასხვა მომსახურებებით და უპირატესობებით ისარგებლოს, რომლებიც მხოლოდ ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი.
    მაგალითად, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ სახელმწიფო საცხოვრისის მიღებაზე წყვილებისთვის. 56 წლის რიუტა იანასე, რომელიც ცერემონიაში მონაწილეობდა იმედს გამოთქვამს, რომ სერთიფიკატი დაეხმარება შეყვარებული მოინახულოს იმ შემთხვევაში, თუ ის საავადმყოფოში მოხვდება.
    ასეთი დოკუმენტის მისაღებად განმცხადებლები რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდნენ: უნდა იყვნენ არანაკლებ 20 წლის, არ უნდა იყვნენ დაქორწინებული, უნდა ცხოვრობდნენ ტიბაში ან უნდა გეგმავდნენ აქ ცხოვრებას. ქალაქი ტოკიოს ცენტრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.
    ტიბაში ამ სისტემის დანერგვამდე მსგავსი გადაწყვეტილებები სხვა ქალაქებში მიიღეს. მედიის ინფორმაციით ერთნაირსქესიანთა კავშირის აღიარებას ტოკიოს სხვა რაიონებში – სიბუიასა და სეტაგაიაშიც გეგმავენ, ასევე საპოროში, ფუკუოკესა და ოსაკაში.
    ერთნაირსქესიანთა ქორწინება იაპონიაში ოფიციალურად ნებადართული არ არის. როგორც Mainichi წერს, ამის გამო გეი წყვილები დისკრიმინაციას აწყდებიან. კერძოდ, ადამიანებს არ შეუძლიათ პარტნიორის ქონება მისი სიკვდილის შემთხვევაში მემკვიდრეობით მიიღონ, ან იმ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ, რითაც ტრადიციული ოჯახები სარგებლობენ.

  • პირველი მარტიდან ობიექტებზე თაროების დაცარიელებას და ფასების ზრდას პროგნოზირებენ

    პირველი მარტიდან შესაძლოა, სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს. ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს – ამ განცხადებას GDBA – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაცია “ფეისბუქზე” ავრცელებს და პირველი მარტიდან ახალი რეგულაციის ამოქმედებაზე მიუთითებს, რომლის თანახმად “მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე” ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს, ახალ მოთხოვნებს და ინფორმაციის წარდგენის პროცედურებს.

    აქედან გამომდინარე, ასოციაცია მოუწოდებს ყველა ადგილობრივ და იმპორტიორ კომპანიას, GDBA-ს მიაწოდონ ინფორმაცია ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც წარმოექმნებათ “მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე” ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას:

    “საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ჩატარდა საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთან, სადაც კომპანიებს საშუალება მიეცათ, უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია ეტიკეტირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე. შეხვედრამ ცხადყო, რომ სააგენტოს მიდგომა და ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია და არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები.

    ადგილობრივმა მწარმოებელებმა და იმპორტიორმა კომპანიებმა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყვეს ტიპოგრაფიული საბეჭდი ფორმების ე.წ კლიშეების შეკვეთა, რომლის თითოეულის ღირებულება ინდივიდუალურად, თითოეულ პროდუქტის სახეობაზე მერყეობს 1500 – 2000 აშშ დოლარამდე. ახალი რეგულაციის პირობებში, საბეჭდი ფორმები საჭიროებს შეცვლას, რაც კომპანიათა დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს ასეულობით ათასი ლარის ღირებულების დამატებით ხარჯს. კომპანიებმა შეუკვეთეს და დაბეჭდეს ასეულობით ათასი თერმული ეტიკეტი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დაბეჭდვამდე განვლილი კონსულტაციებისა, არის გამოუსადეგარი.

    ამ პროცესს ასევე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება N519 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ასეულობით ათასი ლარის ღირებულების კლიშეები და უკვე დაბეჭდილი ეტიკეტები.
    პრობლემური საკითხები წარმოიშვა ასევე ასაწონი პროდუქციის მიმართ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება. არ არსებობს სახელმძღაველო ინსტრუქცია ინსპექტორისათვის, გარდა
    ტექნიკური რეგლამენტისა, და ინსპექტორის მიერ ადმინისტარციული სახდელის/ჯარიმის გამოწერა მოხდება პირადი შეხედულებით/აღქმით/შეფასებით. სავალდებულო დასატანი ინფორმაციის მიმართ არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებიც საჭიროებს სააგენტოს მხრიდან ოფიციალურ განმარტებებს, რათა კომპანიებმა მიიღონ პასუხები და თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის გათვალისიწნებული მოსალოდნელი ჯარიმები.

    საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია წერილობით მიმართვას საქართველოს პრემიერ მინისტრს, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”.

  • 30 წლის მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

    {{ARTICLEIMAGE}}

    სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, თბილისში 30 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში გრიპის ვირუსისგან გამოწვეული გართულებებით მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსით 20 ადამიანია გარდაცვლილი. ამ ბოლო შემთხვევაზე კი უწყებას ჯერ ინფორმაცია არ აქვს.
  • საქართველოს საელჩოს პასუხი მედოევს

    საქართველოს საელჩომ გერმანიაში განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეჟიმის წარმომადგენლის, დიმიტრი მედოევის ინტერვიუს გამო, კომუნიკაცია ჰქონდა გერმანულ გამოცემა “ნოიეს დოიჩლანდთან,” რომელსაც მიეწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივი სტატუსის შესახებ. ამ გამოცემასთან ინტერვიუში მედოევი აცხადებს, რომ ყაზბეგი “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს, ეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობის მკაფიო პოზიციაა და ადრე თუ გვიან ეს ტერიტორიები ოს ხალხს დაუბრუნდება.”

    საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ ინტერვიუს ავტორი, ჟურნალისტი დავიდ ნოაკი სტატიებს აქვეყნებს ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის გამოცემებში და 2012 წლიდან არის ორგანიზაცია “რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების” წევრი და აქტიური მხარდამჭერი. საელჩოს ინფორმაციით, თავად გამოცემა “ნოიეს დოიჩლანდი” დაბალტირაჟიანი მედიასაშუალებაა და სხვადასხვა უწყების მიერ მიჩნეულია გამოცემად, რომელიც აშკარად ავლენს მემარცხენე-რადიკალურ მიდრეკილებას. საქართველოს საელჩოს ცნობითვე, ამ გამოცემის სტატიები გამოირჩევა რუსეთის მიმართ დადებითი განწყობით და ძირითადად, გაჟღერებულია მოსაზრებები, რომლებიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და ჰეგემონურ დამოკიდებულებას პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.

  • ბრიჯიტ მაკრონმა ჩაცმულობით ეგვიპტელები გააოცა

    საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლის ჩაცმულობამ ეგვიპტეში ვიზიტისას პუბლიკის ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ Daily Mail წერს.

    საფრანგეთის პირველი ლედი ქმართან ერთად ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, აბუ–სიმბელში კლდეში გამოკვეთილ ძველეგვიპტურ ტაძრებს ეწვია. ექსკურსიაზე 65 წლის ბრიჯიტ მაკრონს ფრანგული ბრენდის, Louis Vuitton –ის ბოტასები ეცვა კლსიკურ ნაცრისფერ პიჯაკთან და შარვალთან ერთად.

    ბრენდის ოფიციალურ საიტზე ასეთი ბოტასი ხელმიუწვდომელია, თუმცა მსგავსი ბოტასი 650 ევროდ იყიდება.

  • ემა სტოუნი ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს

    ამერიკელმა მსახიობმა, ემა სტოუნმა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის პრემიების გადაცემის ცერემონიალზე დრესკოდი დაარღვია. ამაზე ყურადღება ჟურნალმა Vogue –მ გაამახვილა. სტოუნი წითელ ხალიჩაზე ოქროსფერი ასიმეტრიული, ყელზე გაბანტული ტოპით, შავი, თავისუფალი შარვლით და შიშველი ფეხსაცმლით მივიდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთ ღონისძიებებზე ქალები როგორც წესი კაბებში ან შარვალსა და პიჯაში მიდიან.
    ცერემონიალის დროს მსახიობს თან ახლდა ბოიფრენდი – სცენარისტი დეივ მაკარი.
    2017 წლის აგვისტოში ემა სტოუნი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა ჟურნალ Forbes -ის მიხედვით. ერთი წლის მანძილზე მან ფილმ „ლა–ლა ლენდში“ მონაწილეობით 26 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ორი თვის შემდეგ მსახიობი ფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton –ის ელჩად აირჩიეს.
  • მადონამ სკოლის გამოსაშვები საღამოს კაბა საკუთარი ხელით შეკერა

    ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა, მადონამ ინსტაგრამში დადო ფოტო, რომელიც მისი სკოლის გამოსაშვები ბანკეტის დღეს არის გადაღებული. ფოტოზე მადონა თავის დასთან ერთად არის აღბეჭდილი. გოგონებს გრძელი ღია ფერის ყვავილებიანი კაბები აცვიათ.

    „ ეს კაბები ჩვენ თვითონ შევკერეთ Butterick patterns–ის თარგებით. ძალიან მრცხვენოდა, რომ კაბის მაღაზიაში ყიდვის საშუალება არ გვქონდა. თუმცა საბოლოოდ მოხარული ვარ, რომ საკერავი მანქანის ხმარება ვისწავლე. დააკვირდით, არანაირი დეკოლტე და შიშველი მუხლები!“ ასეთი კომენტარი დაურთო მადონამ ფოტოს.

    ფოტო 30 იანვარს საღამოს გამოქვეყნდა და სწრაფად აგროვებს ლაიქებს.