Blog

  • ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

    ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. ბინა, სადაც დღეს 7 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვნეს წლების განმავლობაში გაქირავებული იყო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქეთევან წამებულის გამზირზე 49 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი ალექსანდრე მურადოვს 2011 წლიდან ეკუთვნოდა და აქირავებდა. 2018 წლის 9 მარტს ამ ბინაში დამონტაჟებულ გამათბობელს ბუნებრივი აირი გადაუკეტეს. თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ალექსანდრე მურადოვმა თვითნებურად აღადგინა, რის შემდეგაც ბინა გააქირავა.

    ბინის მფლობელი, ალექსანდრე მურადოვი ისნის პოლიციის განყოფილებაში, დაკითხეს. დაკითხვისას გულის შეტევა დაემართა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს. გამოძიებას აინტერესებდა ვინ აღადგინა გაზმომარაგება ბინაში, სადაც ყაზტრანსგაზმა ბუნებრივი აირის უსაფრთხოების წესების გამო 2018 წლის 9 მარტს გადაკეტა.

    წინასწარი მონაცემებით გარდაცვალების მიზეზი CO-ს დაგროვება გახდა. შვიდი დაღუპული თბილისში მშენებლობაზე სამუშაოდ რაიონებიდან ჩამოვიდნენ. შვიდივე მათგანი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ერთოთახიანი ბინა ერთი თვის წინ იქირავეს.

    გარდაცვლილებიდან ორი მამა-შვილია, ორი ძმა, ერთი კი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში სამუშაოდ ცოტა ხნის წინ ზესტაფონის სოფელ არგვეთადანჩამოვიდა. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცებს დამსაქმებელმა სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ მივიდნენ. ადგილზე მისულს შვიდივე უგონო მდგომარეობაში დახვდა, თუმცა მათი დახმარება ვეღარ შეძლო, რადგან ყველა უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ირკვევა, გარდაცვლილთაგან ერთ–ერთი ბანაობდა და CO–ს გაჟონვა ამ დროს მოხდა.

    წინასწარი ინფორმაციით, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი შვიდივე ადამიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • ქართული ოცნება ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს

    საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს და ეკა ბესელიას სოლიდარობას უცხადებს.

    „რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

    დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.

    მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ-ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება.

    შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი.

    ჩვენ ბოლომდე სოლიდარულები ვართ, როგორც ჩვენი ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე – არსებობს საკითხები, სადაც ყველანი უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავამარცხოთ ასეთი უღირსი მოქმედებები. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

  • გრიგოლ ვაშაძე: “ნაციონალური მოძრაობის” დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სახელმწიფოს არ გაუვრცელებია

    გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სასტიკად დასაჯოს ყველა, ვინც ასეთ ჩანაწერს აკეთებს და შემდეგ ავრცელებს. 

    “რა დანაშაულიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, ერთ რამეზე ვერავინ გაბედავს შეკამათებას – “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სახელმწიფოს არ გაუვრცელებია. კატეგორიული წინააღმდეგები ვართ და მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა და გაავრცელა”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “ტვპირველის” გადაცემა “დღის ამბებში”.

  • პრემიერ-მინისტრი ბრიფინგს გამართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პირველ თებერვალს, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს. მისი დარულების შემდეგ კი, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება.

  • ეკა ბესელია: გავიღიმე, კარგად არ მიცნობთ, რაც ხდება, უფრო მაძლიერებს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ელოდა გარკვეული ტიპის შეტევებს და ამისთვის მზად არის. ბესელია ამბობს, რომ ვინც ამ “მორალური ტერორის” უკან დგას, უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მას შეაჩერებს. 

    ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. თვლის, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიაში ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც ახლა მასთან მოსამართლეების საკითხზე დაპისპირებული არიან. ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ივარაუდა, რომ შესაძლოა, კადრები თავად ბესელიამ გაავრცელა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მოსამართლის მხრიდან მდაბიო საქციელია.

    შეგახსნებთ, რომ ეკა ბესელიას ფარული ვიდეო ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამის შესახებ განცხადება კი პირველმა, “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. კადრების გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ჭიჭინაძე და მისი ოჯახის წევრები გამოკითხა.

    “ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა, ვიდრე ჭაობი – უფრო მაძლიერებს ეს ყველაფერი, რაც ხდება. ეს უბედურება რომ დამთავრდეს, ამაში მე შევიტან წვლილს, რადგან აქამდე ეს ვერ მოვახერხეთ”,განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ეს არის პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ, რაც ბესელია მივლინებიდან დაბრუნდა.

    “ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი – უბრალოდ, ფორმაა ამაზრზენი, ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში”, განაცხადა ეკა ბესელიამ. 

    “პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს,  ვინ მესაუბრა და როგორ. მაგრამ განუზომლად ბევრი უცხო ადამიანი მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, უამრავი უცხო ათასობით ადამიანი მწერს”, აღნიშნა ეკა ბესელიამ.

    რაც შეეხება თანაგუნდელების თანადგომას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას გუნდის რამდენიმე წევრი დაუკავშირდა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაკავშირების შესახებ შეკითხვას, ბესელია “ღიად ტოვებს”.

  • სუპერბაქტერიები, რომლებსაც ანტიბიოტიკები ვეღარ ამარცხებს. რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას

    კაცობრიობას სუპერბაქტერიები ემუქრება, რომლებიც წამლების მიმართ მდგრადობით გამოირჩევიან. რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი იღუპება. თუ სასწრაფოდ ზომები არ იქნა მიღებული, 2050 წლისთვის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტებრიებით შესაძლოა წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი დაღუპოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეკვეთილი კვლევის ავტორები.

    ანტიბიოტიკების უწესრიგო მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მათ გარეშეც შეიძლება დაავადების მკურნალობა, სუპერბაქტერიების გაჩენას იწვევს, რომლებსაც ვერც ერთი დღემდე არსებული ანტიბიოტიკი ვეღარ ამარცხებს. ამის გამო ისეთი დაავადებებიც კი, რომლებიც აქამდე საშიში არ იყო, რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ეს კი ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტული სუპერბაქტების მიერ გამოწვეული დაავადებებისგან.

    2017 წელს აშშ–ში გარდაიცვალა 70 წლის პაციენტი, რომელსაც სუპერბაქტერია Klebsiella pneumonia –თი გამოწვეული ინფექცია აღმოუჩინეს. პაცენტს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სუპერბაქტერიას 26 ანტიბიოტიკიდან ვერცერთი ვერ მოერია, მათ შორის ექიმების “უკანასკნელი იმედი“, ანტიბიოტიკი კოლისტინი.
    ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დავოსში გამართულ ფორუმზე ამ პრობლემასთან ბრძოლის გეგმა წარმოადგინა.

    ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ფარმაკოლოგიური კომპანიების დაფინანსების სქემა იმგვარად შეცვალოს, რომ მათ ახალი წამლების შემუშავებისკენ უბიძგოს.
    გეგმა ასევე გულისხმობს მთელი რიგი ზომების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ანტიბიოტიკების უფრო მკაცრად რეგულირებულ მიღებას ან მათზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ დაავადების განკურნება სხვა საშუალებითაც შეიძლება.

    გლობალური პასუხი

    სამთავრობო გეგმის მიზანია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტულობის კონტროლი და ზრდის შეჩერება. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა ტერმინია, რომელიც აღწერს იმ ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტების და დაავადებების სხვა მაპროვოცირებლების მიერ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის გამომუშავებას.


    გეგმა ასევე ითვალისწინებს უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ანტიბიოტიკების გამოყენების 15 %–ით შემცირებას 2016 წლის დონესთან შედარებით. მთავრობის გეგმა გულისხმობს უკვე მომავალი წლიდან ანტიბიოტიკების გამოყენების 25% –ით შემცირებას ცხოველების მკურნალობისას.ინგლისის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი და ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური ასევე გეგმავენ ფარმაცევტული კომპანიების დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვას, რათა ისინი არა დიდი რაოდენობის ანტიბიოტიკების გაყიდვაზე, არამედ ახალი ეფექტური პრეპარატების შექმნაზე გახდნენ ორიენტირებული.

    “ყოველი ჩვენგანი იღებს ბონუსს ანტიბიოტიკების არსებობისგან და მათი არსებობის გარეშე ვეღარც წარმოგვიდგენია ცხოვრება. მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება მსოფლიოში, თუ ანტიბიოტიკები ეფექტურობას დაკარგავენ. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა დიდი საფრთხეა კაცობრიობისთვის. არანაკლები, ვიდრე კლიმატის ცვლილება ან ომი. ამიტომაც სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ გლობალური პასუხი –განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 20წლიანი სტრატეგიის წარდგენისას.

    2014 წლიდან ბრიტანეთში ანტბიოტიკების მომხმარება 7% ით შემცირდა. თუმცა სისხლში ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციების რაოდენობა 2017 წლისთვის 35 %–ით გაიზარდა. ხელისუფლება ექიმებისთვის დეტალური რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს, რა შემთხვევებში შეუძლიათ დაუნიშნონ ანტიბიოტიკები თავის პაციენტებს.

    როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ბრიტანეთში ექიმები ხშირად უწერენ პაციენტს ანტიბიოტიკს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება არც ჭირდებოდეს, მაგალითად მსუბუქი გაციების დროს, ან ისეთი დაავადებების დროს, როცა ანტიბიოტიკის გამოყენება საერთოდ არაეფექტურია.

    ანტიბიოტიკების ზღვარგადასული გამოყენება მხოლოდ ბრიტანეთისთვის არ არის დამახასიათებელი. ანტიმიკრობული საშუალებების მოხმარების კონტროლის ევროპულმა ქსელმა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების გავრცელებას მსოფლიო მოსახლეობისთვის დიდი საფრთხე უწოდა. მიახლოებითი გათვლებით ყოველწლიურად ევროპაში ამ ბაქტერიებთან დაკავშირებული ინფექციებით 33 ათასი ადამიანი იღუპება.

    2015 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური გეგმა წარმოადგინა ანტიმიკრობული რეზისტეტნტობის დასაძლევად. გეგმის მიხედვით ქვეყნებმა საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაონ, რათა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა დაძლიონ.

    ექიმების თქმით ანტიბიოტიკების მეტისმეტად ხშირი გამოყენება იწვევს იმას, რომ მიკროორგანიზმები მის მოქმედებას აღარ ექვემდებარებიან და მდგრადობა გამოუმუშავდებათ. რაც უფრო ხშირად იყენებენ ადამიანები ანტიბიოტიკებს, მით ნაკლები ხდება მათი ეფექტურობა და ისეთ რთულ შემთხვევებში, როცა ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია, ისინი უკვე უძლურნი არიან.


  • სასმელ წყალში ფეკალიებზე გავრცელებულ ინფორმაციას GWP უარყოფს

    {{ARTICLEIMAGE}}30 იანვარს სოციალურ ქსელში “Presa.ge” ავრცელებს ინფორმაციას რომ თბილისის სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს. რის გამოც წყლის დალევა ონკანიდან სამი დღის განმავლობაში საშიშია.
    „Presa.ge“-ის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი დაუკავშირდა რომელმაც განაცხადა რომ წყლისგან მოწამლული პაციენტები ყოველ 5 წუტში მოჰყავთ საავადმყოფოში.

    გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს GWP და აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს. ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს 24 სათიან რეჯიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით მიმდინარეობს. 

    იხილეთ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ-ის მიერ გამოქვეყნებული ორგანოლეპტიკური და ქიუმიური კვლევის შედეგები, ასევე მათი განცხადება ფეისბუქ გვერდზე.

  • Land Rover-მა Range Rover SV Coupé-ს გამოშვება შეწყვიტა

    მანქანათმშენებლობის გიგანტმა კომპანია Land Rover-მა გადაიფიქრა, და გადაწყვიტა Range Rover SV Coupe აღარ აწარმოოს.

    შეგახსენებთ აღნიშნული მოდელი 240 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული და მას კონკურენცია ისეთი ავტომობილებისთვის უნდა გაეწია, როგორებიც არიან Rolls-Royce Cullinan და Bentley Bentayga.

    დეველოპერების თქმით, მათ გადაწყვიტეს ყურადღება გადაიტანონ სხვა მოდელების გაუმჯობესებაზე და მომხმარებლებს შესთავაზონ Discovery Sport და Defender-ის ახალი მოდელები. SV Coupé უნდა გამხდარიყო ყველაზე ძვირადღირებული Range Rover-ის მოდელი და იგი მხოლოდ 999 ეგზემპლარად გამოვიდოდა.

  • “ყაზტრანსგაზი”: ჩაჭრის მიუხედავად, მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა

    “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლის განცხადებით, ბინაში, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, 7 ადამიანი გარდაიცვალა, გეგმიური რევიზიის დროს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამათმობელი ნახეს და მოხდა მისი ჩაჭრა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების გაფრთხილების მიუხედავად, ბინის მეპატრონემ მოწყობილობა თვითნებურად შეაერთა. “ყაზტრანსგაზი” ამის დამადასტურებლად გაზის ჩაჭრის ოქმს ავრცელებს.

    შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. გარდაიცვალა შვიდი ადამიანი. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.