Blog
-
მამუკა ხაზარაძე დიალოგის რეჟიმს ირჩევს და მწვავე განცხადებებს არ აკეთებს
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფულის გათეთრების შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ამას მის ხელთ არსებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასკვნაც ადასტურებს, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, გაეცნოს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დრო გვაქვს ცოტა, რადგან ლონდონში დირექტორატის სხდომაზე დასასწრებად მივფრინავთ”, – ასე დაიწყო ხაზარაძემ ბრიფინგი, შემდეგ კი დღევანდელი შეკრების მიზეზზე ისაუბრა.“ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს ვაცნობოთ, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ერთიანი ძლიერი გუნდი და ერთად ვდგავართ ამბიციური გეგმების მისაღწევად. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, პატივს ვცემთ კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. “თიბისი ბანკის” დაარსების დღიდან მისი მთავარი ღირებულებებია გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც ცნობილია, თიბისი ბანკმა 11 წლის წინ რეგულატორის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრა – ველოდებით მართლმსაჯულებას, მიუხედავად ამისა, მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსვლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საქართველოს ეკონომიკაზე”,განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ფულის გათეთრების ბრალდებას:
“ჩვენ ყველა შესაბამის ორგანოს გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც ადასტურებს ამ საქმეში დანაშაულის არარსებობას. ასევე, ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლის თანახმად, ამ ტრანზაქციებს კავშირი არა აქვს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის ინტერესთა კონფლიქტის მაშინელი ნორმების დარღვევასთან.
“მზად ვართ ეს დასკვნაც და 2007-2008 წლების ამ კონკრეტული ტრანზაქციების დოკუმენტაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ დიპლომატიუს კორპუსს”, განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბიზნესმენი არც მის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბრობს”: საქმე ეხება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს. ამას სჭირდება სპეციალისტები – ნებისმიერ ასეთ ამოგლეჯილ პასაჟებს, რომელიც სამწუხარო, პერიოდულად ვრცელდება, აქ ჩვენ პასუხს ვერ გავცემთ. აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ სპეციალისტები გაეცნობიან დასკვნას, რომელიც არის და რომელსაც მოგაწვდით რომ ის ძალიან გთხოვთ, საქმის დეტალებში ნუ შეგვიყვანთ. ნამდვილად დაგაბნევთ და ვერ გაიგებთ”, ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძის შეხევედრა მედიის წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის ჩათვლით ზუსტად 15 წუთს გაგრძელდა.
-
კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩებში “არავარსკვლავურ“ფორმაში შენიშნეს
46 წლის მსახიობი , კამერონ დიასი ნიუ იორკის ქუჩაში სრულიად უბრალოდ ჩაცმული და მოუწესრიგებელი შენიშნეს. ცნობილი ვარსკვლავი დიდი ხანია ფილმებში აღარ მონაწილეობს. მისი ბოლო ნამუშევარი – “ენი“ 2014 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ დიასმა განაცხადა, რომ კარიერაში პაუზას იღებს. მოგვიანებით კი აღიარა, რომ კინოდან საერთოდ მიდის. დიასის თქმით ის დაიღალა დაუსრულებელი გადაღებებისგან, გადაფრენებისგან და მოგზაურობისგან.თუმცა ის უსაქმოდ არ ზის. ამ ხნის მანძილზე ჯანმრთელობის შესახებ ორი წიგნი გამოსცა, ბევრ დროს უთმობს სეირნობას, მეგობრებს და ქმარს– გიტარისტ ბენჯი მედენს, რომელიც მასზე შვიდი წლით უმცროსია. კვირას მსახიობი ნიუ იორკის ერთ–ერთ ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. მას ჯინსი, თავისუფალი სვიტრი, თავისუფალი სტილის ქურთუკი და დაბალძირიანი ჩექმა ეცვა. ყურში კი ყურსასმენები ეკეთა. ასეთ ფორმაში ის მეგაპოლისის სხვა მაცხოვრებლებისგან ნაკლებად გამოიჩეოდა და ბევრი ვერც კი ცნობდა, თუმცა ერთ–ერთმა გამვლელმა მაინც იცნო და ფოტო გადაუღო.ფოტოების ქსელში გავრცელების შემდეგ დიასის ბევრმა თაყვანისმცემელმა გულისტკივილი გამოთქვა, რომ ის თავს აღარ უვლის. მამაკაცებმა კი, რომლებსაც ის ძირითადად გამოპრანჭული ჰყავთ ნანახი და მისით აღფრთოვანებულები იყვნენ, იმედგაცრუება არ დამალეს.თავად კამერონ დიასი ამბობს, რომ ქალი ბუნებრივად უნდა ბერდებოდეს. ის აღიარებს, რომ არანაირ ინექციას არ იკეთებს და პლასტიკურ ქირურგებს არ სტუმრობს. ერთადერთი ოპერაცია იძულებით მას შემდეგ გაიკეთა, რაც ცხვირი გაიტეხა.
-
მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგის ჩატარება გადაწყვიტა
მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგის ჩატარება გადაწყვიტა. მედიასთან შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაანონსებული. თიბისი ბანკის მფლობელი ბრიფინგს სასტუმრო “რუმსში” გამართავს და ეს იქნება პირველი საჯარო განცხადება თიბისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს 2-თვიან ვადას აძლევს.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.
“ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.
ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.
თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”. -
ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მყოფ მსჯავრდებულ დეკანოზს ესაუბრა
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლევა ჩაუტარდა, რომლის პასუხების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი მკურნალობის გეგმა. დავით სერგეენკოს თქმით, დეკანოზს აქვს ნერვული სიმპტომატიკა, რომლის წარმომშობი მიზეზის დადგენაც ახლა მიმდინარეობს. ამის შესახებ სერგეენკომ ღუდუშაურის კლიკინიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
“ვიდრე ერთი კითხვაც იქნება პასუხგაუცემელი, ის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება”, ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური, ადეკვატურია და მასთან მოკლე გასაუბრებაც მოახერხა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და დღეს კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს.
როგორც ცნობილია, 15 თებერვალს, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს თავის ტვინის იშემიური შეტევის დიაგნოზით. დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სასულიერო პირი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
-
მოსამართლეების ქონება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა
ხმაურის ფონზე მინდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც რუსთავი ორის ეთერში დაახლოებით 10 მოსამართლის უძრავი ქონების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს განიხილავენ. საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამ ფაქტზე გამოძიების დაწყების მომხრეა, ანა დოლიძე კი ფიქრობს, რომ უმჯობესია ეს საკითხი პარლამნტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს.
საბჭოს მოსამართლე წევრები ფიქრობენ, რომ არამოსამართლე წევრები სასამართლოს დისკრედიტაციას ეწევიან. დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად საგანგებოდ მივიდნენ და დოლიძესა და ჯანეზაშვილს დაუპურისპირდნენ იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრები თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი, რომლებმაც საბანკო ამონაწერი მიიტანეს იმის დასტურად, რომ უძრავი ქონება არა საეჭვო ფინანსებით, არამედ ბანკის დახმარებით შეიძინეს.
-
ცენტრი რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დაანონსებული ცენტრი რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. მისი სახელწოდებაა – “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”, ემზარ კვიციანის თქმით წყვილებმა განცხადება უნდა დაწერონ.
“ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი” – თქვა კვიციანმა.
“მოგვმართავენ, რომ “დაქორწინებას ვაპირებთ, გთხოვთ დახმარებას” და დახმარება წავა მაგათზე, პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე… [დახმარების ოდენობა] იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება, აუცლებლად ეს იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის” – ამბობს ემზარ კვიციანი.