Blog

  • “დეზერტირების ბაზრის” მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

    სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო. საუბარია ობიექტებზე, რომლებიც ე.წ. გვირაბში ვაჭრობენ. ვადაგასული ხორცი, მისი შენახვა-რეალიზაციის არასათანადო პირობები, ცხენის ხორცი – ამოღებული პროდუქტი კი განადგურდა, 6 ბიზნესოპერატორს კი ჯარიმები დაეკისრა, ესენია: შპს “იბერია”, შპს “ორიონი”, ი.მ ვეფხვია სარიშვილი, შპს “დანტე”, შპს “ლეგო 2011”, ი.მ.ბაკურ ასიტაშვილი.

    სურსათის სააგენტოს ინფორმაციითვე, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ეცნობა

  • არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა

    არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც ცხინვალში ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკეს. მამუკა ბახტაძის განცახდებით, ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს და სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულების გამო შეიქმნა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელიც კიდევ გაფართოვდება და მასში შეყვანილ პირებს პასუხი საერთაშორისო სამართლით მოეთხოვებათ.

    აღსანიშანვია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობა” დღეს, სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან აქციას გამართავს სახელწოდებით “არა ოკუპაციას – Ні Окупації”.

    ორგანიზატორების თქმით, აქცია ეძღვნება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთი წლის თავს და 2013-2014 წლის უკრაინის მაიდნის დროს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

    რადიო თავისუფლების ცნობით, აქციის ორგანიზატორები საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

    მოეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია “მცოცავი ოკუპაცია და საქართველო”. 

    არჩილ ტატუნაშვილი, საოკუპაციო რეჟიმმა 2018 წლის 22 თებერვალს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის ბრალდებით დააკავა. ქართველი გმირი ცხინვალის ციხეში წამების შედეგად გარდაიცვალა. ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე – დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

  • ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

    საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალი მზადაა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა გარკვეული პირობით და ერთ-ერთი მათგანი თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერაა. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა “იზვესტიასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    კითხვაზე, არის თუ არა მზად საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისთვის, ბიბილოვი ამბობს, რომ საქართველომ ჯერ პოლიტიკა უნდა შეცვალოს სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან მიმართებაში.

    “მზად ვართ, საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, ან თუნდაც შუამავლების მეშვეობით მოხდეს ეს დიალოგი. რა თქმა უნდა, გვსურს, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმზე. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს ვალდებულება ექნება აღებული მემორანდუმით და არ გამოიყენებს სამხედრო ძალას. ვიდრე ეს არ მოხდება, სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა ბიბილოვმა.

  • მართვის მოწმობის მფლობელებისთვის შსს ინფორმაციას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის C , D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

    დამატებულ სამუშაო დღეს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს, პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ პირველ მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.

    მოქალაქეთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალური რეჟიმით მუშაობს – გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.

  • პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი გარდაიცვალა

    22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 23 წლის ლევან ბორტიშვილისთვის სიონის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. ლევანი წლების განმავლობაში მისი უწმინდესობის მთავარი სტიქაროსანი იყო.

    კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: “ლევანი, როგორც ანგელოზი, გაგვიფრინდა და გახდა ზეციური სამყაროს, ზეციური საქართველოს მკვიდრი.

    შევთხოვთ უფალს, დააწესოს მისი უკვდავი სული, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ.

    მე თანაგრძნობას ვუცხადებ მშობლებს, ახლობლებს.

    ლევანის წასვლა ეს ღვთის განგებაა. ღმერთს უფრო მეტად ჰყვარებია იგი, ვიდრე ჩვენ.

    დღეს მის ცხედარს მივაბარებთ ჩვენს მიწას და იმედია, მისი სული ლოცვებს აღავლენს საქართველოს მშვიდობისა და ეკლესიის კეთილდღეობისთვის.”

  • ვინ დაუჭირა მხარი “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას

    პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

    კენჭისყრაში მონაწილე 60 დეპუტატიდან რეზოლუციას 45–მა დაუჭირა მხარი. 16 დეპუტატმა  ხმა წინააღმდეგ მისცა. მხარდამჭერთა შორის არიან: ირაკლი აბუსერიძე; რევაზ არველაძე; ლევან ბეჟანიძე; ეკა ბესელია; გიგა ბუკია; ბიძინა გეგიძე; ლევან გოგიჩაიშვილი; გოგა გულორდავა; ალექსანდრე ერქვანია; გიორგი თოთლაძე; ირმა ინაშვილი; ზვიად კვაჭანტირაძე; პაატა კვიჟინაძე; ემზარ კვიციანი; კობა კობალაძე; ლევან კობერიძე; კარლო კოპალიანი; გიორგი კოპაძე; გიორგი ლომია; კობა ლურსმანაშვილი; იოსებ მაკრახიძე;
    ადა მარშანია; სულხან მახათაძე; გელა მიქაძე; პაატა მხეიძე;კობა ნაკაიძე; კობა ნარჩემაშვილი; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ერეკლე ტრიპოლსკი;
    გედევან ფოფხაძე; ალექსანდრე ქანთარია; მერაბ ქვარაია; ირაკლი შიოლაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; ოთარ ჩრდილელი; ზვიად ძიძიგური; მირიან წიკლაური; გივი ჭიჭინაძე; დავით ჭიჭინაძე;
    შოთა ხაბარელი; ფატი ხალვაში; თენგიზ ხუბულური.

  • მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს – პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებულის ისტორია

    31 იანვარს, ღამის 2-ის ნახევარზე, ჩემს სახლში შემოვარდა კრიმინალური პოლიციის ექვსი თანამშრომელი და საკუთარი ოჯახისა და მომაკვდავი მამის თვალწინ დამაპატიმრეს.

    მამაჩემი ამ “ოპერაციიდან” ხუთ დღეში გარდაიცვალა. მე არ ვაბრალებ მამას სიკვდილს პოლიციელებს, მაგრამ მე ბრალს ვდებ ქართულ სახელმწიფოს იმაში, რომ მამაჩემს საკუთარი შვილის მომავალზე დარდი საფლავში ჩააყოლეს.

    მე ახლაც ბრალდებული ვარ და სასამართლოს ველოდები.

    მოგიყვებით, რა გადამხდა თავს. პოლიციელები სახლში რომ შემოგვივარდნენ, სიმსივნის მეოთხე სტადიის დიაგნოზით ლოგინად ჩავარდნილი მამაჩემი უკვე სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ის მოატყუეს, უთხრეს, რომ მოწმის სტატუსით მიბარებდნენ პოლიციაში და მალევე გამომიშვებდნენ სახლში.

    ასე აღმოვჩნდი ციხეში.

    ლოგინად ჩავარდნილი მამასთვის ნარკოტიკული ინექციის გარეშე ყოფნა წამებას ნიშნავდა, მორფინის გამოტანაზე პასუხისმგებელი პირი კი მე ვიყავი. ჩემი გატაცება-დაპატიმრების შემდეგ დედას ერთი დღე დასჭირდა, რომ მორფინი ჩემ ნაცვლად გამოეტანა და ამ ხნის განმავლობაში ქართულმა სახელმწიფომ მამაჩემი წამებისთვის გაიმეტა. ამიტომაც არ მაქვს უფლება, ეს საქციელი ვინმეს ვაპატიო.

    მამაჩემის ნაცვლად ვერ ვაპატიებ.

    ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერზე გულწრფელად მოვყვე, მათ შორის, საკუთარ “დანაშაულზე”. ჩემი დანაშაული ისაა, რომ მე ვნახე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გავუგზავნე ის სამ მეგობარს არა საჯაროდ, არამედ პირად ჩატში, ისევე როგორც სხვა უამრავმა ადამიანმა გააკეთა ეს. არ მგონია, რომ ეს საქციელი მისაბაძია და ბოდიშს ვუხდი მას ჩემი ბავშვური, უაზრო გართობის გამო, მაგრამ მე კრიმინალი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ და მთელი ცხოვრება რომ დამჭირდეს ამისთვის, დავამტკიცებ, რომ სახელმწიფო დამნაშავეა ჩემი ოჯახის, მამაჩემისა და ჩემი მეგობრების წინაშე, რომლებიც ამ აბსურდის გამო ახლაც ციხეში სხედან. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პოლიცია სპეცოპერაციას ჩაატარებდა ჩემ დასაპატიმრებლად, თანაც ასეთი აბსურდული ბრალდებით. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა მომენტი, რომელიც ისე რადიკალურად შეცვლიდა ჩემს წარმოდგენას სამყაროზე, ადამიანებზე, თავისუფლებაზე, როგორც ციხეში გატარებულმა ამ რამდენიმე დღემ.

    დღემდე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს.

    ციხიდან კვირას გამომიშვეს, 1000 ლარიანი გირაოთი – ეს მაქსიმუმი იყო, რისი სესხებაც დედაჩემმა შეძლო. სამშაბათს მამა გარდაიცვალა. მინდოდა ყველაფერზე ხელი ჩამექნია და დავმალულიყავი, მაგრამ ჩემი მეგობრები ციხეში ისევ სხედან, იგივე ბრალდებით, და მე გადავწყვიტე ყველაფერი გავაკეთო მათ დასახმარებლად. გადავწყვიტე, მამაჩემს დავუმტკიცო, რომ მისი შვილი კრიმინალი არ არის.

    ამიტომ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში.

    მე არ ვარ კრიმინალი, რადგან ჩემი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, მე არ გადამიღია და საჯაროდ არ გამივრცელებია კადრები, და ვერასდროს წარმომედგინა, რომ დამიჭერდნენ იმ ვიდეოს გამო, რომელიც საჯარო სივრცეში – ინტერნეტში ვიპოვე და სამ მეგობარს ვაჩვენე. მე არ ვარ კრიმინალი და გულისხმიერ ადამიანებს გთხოვთ, დამეხმაროთ ამის დამტკიცებაში.

  • ქალბატონი ბესელიასგან მორალურ ღირებულებებზე საუბარი უხერხულია – სოფიო კილაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე თავდასხმის ობიექტი თავად გახდა, განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტში, სადაც ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართული კენჭისყრისას მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.

    “ცოტა უხერხულია ქალბატონი ბესელიასგან მორალურ და მაღალ ღირებულებებზე საუბარი”,ამბობს კილაძე.

  • გული მწყდება ყველა იმ წამსა და წუთზე, რაც ერთად გავატარეთ – ვოლკსი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის გული წყდება, რომ მისი კოლეგები მმართველ “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტში, სადაც ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართული კენჭისყრისას მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.

    “მორალურ პრობლემასაც ვხედავ – ამდენი ხანი ერთად ვართ. გული მწყდება ყველა იმ წუთსა და წამზე, რომელიც ერთად გავატარეთ-არამარტო ეკაზე მწყდება გული, სხვებზეც”,ამბობს ვოლსკი.